სპორტი

ლუკა ხვედელიანი: მსოფლიოს ჩემპიონი პირველად 11 წლის ასაკში გავხდი

№10

ავტორი: ბაია თაბაგარი 19:00 18.03, 2021 წელი

ლუკა ხვედელიანი
დაკოპირებულია

მისი სერიოზული სპორტული ბიოგრაფია 11 წლის ასაკიდან დაიწყო, მაშინ, როცა პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და ეს ბიოგრაფია დღემდე აღმასვლით გრძელდება: სულ ცოტა ხნის წინ 19 წლის ლუკა ხვედელიანმა 18-დან 34 წლამდე კარატისტთა მსოფლიო ათეულში მეორე ადგილი დაიკავა. ახალგაზრდა სპორტსმენს ჯილდოების უნიკალური კოლექცია აქვს, მაგრამ მისი ყველაზე დიდი ოცნება ოლიმპიური ჩემპიონობაა.

– ლუკა, გაეცანი ჩვენი ჟურნალის მკითხველებს!

– მე ვარ ლუკა ხვედელიანი, 19 წლის. დავამთავრე თბილისის 133-ე საჯარო სკოლა. ამჟამად ვსწავლობ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სამწვრთნელო ფაკულტეტის მეორე კურსზე. მინდა, მომავალში კარატე უფრო პოპულარული გავხადო.

– რამდენი წლის იყავი, კარატეთი რომ დაინტერესდი და ვინ იყო შენი პირველი სენსეი?

– კარატეში ვარჯიში 7 წლისამ დავიწყე. სიმართლე გითხრათ, არ იყო ჩემი ინიციატივა – მამას უნდოდა, რომ მევარჯიშა, რადგან, წლებია, თვითონ არის ამ სპორტით სერიოზულად დაკავებული.

ჩემი პირველი სენსეი იყო მიხეილ მახარაძე, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, შავი ქამრის მეშვიდე დანის მფლობელი.

– ახლა ვინ არის შენი სენსეი?

– ახლა ვვარჯიშობ ირაკლი ტყებუჩავასთან, რომელიც საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია.

– კარატეს რომელ სახეობაში ვარჯიშობ?

– ვადო რიუში.

– ახლა ყველაზე მთავარს მივადექით: ჩამომითვალე შენი სპორტული რეგალიები.

– ვარ სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი შოტოკან კარატეში: 2013 წელი (თურქეთი), 2016 წელი (პოლონეთი), 2018 წელი (თურქეთი); ორგზის ევროპის ჩემპიონი ვადო რიუ კარატეში: 2015 წელი (დანია), 2016 წელი (ჰოლანდია); შვიდგზის საქართველოს ჩემპიონი და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი. გარდა ამისა, ვარ შავი ქამრის მეორე დანის მფლობელი.

– ანუ, პირველად მსოფლიოს ჩემპიონი 11 წლისა გახდი?

– დიახ.

– სხვა ქვეყნის სახელით თუ გამოსულხარ რომელიმე ჩემპიონატზე?

– არა, არასდროს. სურვილიც კი არ მქონია, რადგან ყველაზე დიდ სიამოვნებას ჩემი ქვეყნის დროშის დანახვა და ჰიმნის მოსმენა მანიჭებს. ასეთ დროს ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ და ამ გრძნობას ვერაფერში გავცვლი. ეს ცარიელი სიტყვები არ არის. ვისაც ეს გამოუცდია, დამეთანხმება.

– როგორც ვიცი, ერთხელ იყო შემთხვევა, როცა ჩემპიონობის წართმევა დაგიპირეს შენი მოწინააღმდეგის სასარგებლოდ. მოგვიყევი, სად და როდის მოხდა და როგორ დამთავრდა ეს ამბავი.

– დიახ, იყო ასეთი შემთხვევა 2014 წელს სტამბულში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მოგებული ბრძოლა წაგებად ჩამითვალეს, რადგან თავიანთი სპორტსმენის გაყვანა უნდოდათ, მაგრამ დავაში საქართველოს კარატეს ფედერაციის წარმომადგენლები ჩაერივნენ – ვიდეომასალა გამოიტანეს და ჩემპიონობა „დამიბრუნეს“.

– შენი აზრით, რა თვისებები უნდა ახასიათებდეს კარატისტს?

– უპირველეს ყოვლისა, დისციპლინა და მოწინააღმდეგის პატივისცემა – კარატეში ვარჯიშის დაწყების პირველივე დღიდან ამას მასწავლიდნენ.

– კარატეს ფედერაციას შენი რანგის ახალგაზრდა სპორტსმენი ბევრი არ ეყოლება. სტიპენდია ან ხელფასი თუ გაქვს დანიშნული ან სწავლის საფასურს თუ გიხდის ვინმე?

– ფედერაციის მიერ ჩემი წარდგენის შემდეგ თბილისის მერიამ დამინიშნა სტიპენდია 100 ლარის ოდენობით, რასაც მხოლოდ სრულწლოვანებამდე მიხდიდნენ. რაც შეეხება სწავლის საფასურს, პირველი კურსი დამიფინანსა ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ. ასევე კახა ბასილია და კარატეს ფედერაცია მიფინანსებდნენ როგორც ყველა შეჯიბრების (რადგან საქართველოს ნაკრების წევრი ვარ), ისე ჩემი ტრავმების მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარჯებს. მეორე კურსის თანხა კი ნაძალადევის რაიონის ყოფილმა გამგებელმა, დავით გოგიძემ გადამიხადა.

– შენი წარმატებებიდან, პიროვნული თვისებებიდან და გარეგნობიდან გამომდინარე, ალბათ, ძალიან პოპულარული ბიჭი ხარ. შენი ტელეფონი აკლებული არ არის გოგონების ზარებით?

– სიმართლე გითხრათ, იმდენად იშვიათა და იმდენად ცოტა მაქვს თავისუფალი დრო, რომ, სამწუხაროდ, გოგონებისთვის ვერ ვიცლი ისე, როგორც საჭიროა (იღიმება).

– შეყვარებული გყავს?

– არა, ჯერჯერობით არავინ მიყვარს.

– ახლახან გავიგე, რომ 18-დან 34 წლამდე ასაკის კარატისტთა მსოფლიო ათეულში მოხვდი. როგორ შედგა ეს ათეული და შენ რომელი ადგილი დაიკავე?

– დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, კარატეში ჩატარდა ონლაინ ჩემპიონატები, რომლებშიც მონაწილეობა მივიღე და ქულები დავაგროვე. ამ შეჯიბრებებში გამარჯვებები ადვილი არ იყო, რადგან მრავალი ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენები მონაწილეობდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ათეულში მეორე ადგილზე გავედი.

– ასეთ ახალგაზრდა ასაკში ამდენი ტიტული რომ გაქვს, არცერთი სპონსორი არ დაინტერესებულა შენით?

– გვქონდა მოლაპარაკება რამდენიმე ბანკთან, მაგრამ ყვუელამ უარი გვითხრა. სამწუხაროდ, საქართველოში კარატეს დიდი ყურადღება არ ექცევა.

– უახლოეს მომავალში რა გეგმები გაქვს?

– მაისში ევროპის ჩემპიონატი ტარდება. ამ ჩემპიონატისთვის ნაკრების შესარჩევად ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი, რომელშიც მეც მივიღებ მონაწილეობას.

– ორიოდე სიტყვა ონლაინ ჩემპიონატებზეც გვითხარი.

– ძალიან მიხარია, რომ ახლა ონლაინ შეჯიბრებები ტარდება, რადგან თითქმის მთელი პანდემიის განმავლობაში არც შეჯიბრება გვქონია და არც საერთო ვარჯიშები. ამის გამო აბსოლუტურად უმოტივაციოდ ვიყავი. ონლაინ შეჯიბრებებმა კი მომცა მოტივაცია და გამარჯვება მომაპოვებინა.

– რაზე ოცნებობ?

– ოლიმპიურ ჩემპიონობაზე.

– მთელი რედაქციის სახელით გისურვებ წარმატებებს. კიდევ მრავალი ჩემპიონობა მომელოცოს!

– დიდი მადლობა!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი