სპორტი

ხატია ჭყონია: ვერ არჩევენ, გოგო ვარ თუ ბიჭი

№49

ავტორი: ეთო ხურციძე 19:37 07.12

ლანჩხუთის ქალთა გუნდი
დაკოპირებულია

„ლანჩხუთის“ ქალ ფეხბურთელთა კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა. „უეფას“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გოგონებმა რუმინეთის „ოლიმპია კლუჟი“ 1:0 დაამარცხეს. „ლანჩხუთი“ პირველი ქალთა საფეხბურთო კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. გოლი, რომელმაც ისტორია დაწერა, ხატია ჭყონიამ გაიტანა.
ხატია ჭყონია: ქობულეთში დავიბადე, 31 წლის ვარ. ფეხბურთით როდის დავინტერესდი, არ მახსოვს, რადგან სულ ბურთზე ვიყავი შეყვარებული – მასთან ერთად მეძინა კიდეც. ჩვენი სკოლის უკან მოედანი იყო, სადაც ბიჭებს ავარჯიშებენ და გოგოების გუნდი რომ არ არსებობდა, მათ გუნდში ვვარჯიშობდი. ყოველდღე ბურთი მეჭირა და ვცდილობდი, ამეკენწლა, თუ ერთი დღე ოთხს ავკენწლავდი, მეორე დღეს ვაუმჯობესებდი. რომ დავწვებოდი, სულ შედეგის გაუმჯობესებაზე ვფიქრობდი. მერე სხვა უბანში გადავედი, სადაც მოედანიც იყო და ბიჭებიც ხშირად თამაშობდნენ ფეხბურთს. ჩემ გარეშე არ იწყებდნენ ხოლმე და სულ მეძახდნენ. მათაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს განვითარებაში. ერთხელ სკოლებს შორის შეჯიბრება ჩატარდა, რომელსაც სპორტსკოლის დირექტორი, ზურა კახიძე ესწრებოდა. ეს ადამიანი მაშინ დაინტერესდა ჩემით და ქობულეთში ჩამოაყალიბა ქალთა გუნდი. 10-11 წლის ვიყავი, როცა ბათუმის გუნდში გადავედი, მერე თბილისსა და ბათუმს ჰქონდა შეხვედრა, რის შემდეგაც ჩამოყალიბდა საქართველოს ნაკრები და მეც გამომიძახეს. 13 წლიდან საქართველოს ნაკრების წევრი ვარ. თუმცა, საქართველოში ქალთა ფეხბურთი პროფესიონალურად არ იყო განვითარებული, არ ტარდებოდა ჩემპიონატები, ამიტომ მეგობრის დახმარებით წავედი თურქეთში და იქ ვითამაშე ათი წელი. ერთი წელია, რაც საქართველოში დავბრუნდი.
– რატომ დაბრუნდი?
– პირველი მიზეზი ოჯახური პრობლემა იყო. სექტემბერში ჩამოვედი და მერე კორონას პანდემიაც დაიწყო. როცა დავინახე, როგორი განვითარებული იყო ჩვენი სფერო 10 წლის შემდეგ, წასვლაც აღარ მიცდია და დარჩენა გადავწყვიტე. პირობები მართალია ისეთი არაა, როგორიც თურქეთში, მაგრამ ბევრი რამეა გაუმჯობესებული. ასე შემოვრჩი საქართველოს და ვფიქრობ, ეს უნდა გამეკეთებინა.
– რთული იყო უცხოეთში, ოჯახისგან შორს ცხოვრება?
– თავიდან რომ წავედი, შიშიც კი მქონდა – არ ვიცოდი რა იქნებოდა, რა გადამხდებოდა თავს. მანამდე სხვადასხვა ქვეყანაში მქონია თამაში, მაგრამ საცხოვრებლად  გადასვლა სხვა საკითხია. ამდენი წელი ვიყავი მშობლებისგან შორს და ძალიან  მიჭირდა. ხანდახან მთელი წელი ისე გადიოდა, ვერ ჩამოვდიოდი. თითქოს ახლოსაა თურქეთი, მაგრამ ოთხ დღეს გვაძლევდნენ ხოლმე დასასვენებლად და ამ ოთხ დღეში ჩამოსვლას და უკან წასვლას ვერ ვახერხებდი.
– შენმა გოლმა ისტორია დაწერა, რამდენად რთული იყო გამარჯვების მოპოვება?
– ისტორიას დავწერთ, როცა ევროპის ჩემპიონატს მოვიგებთ, მაგრამ საქართველოსთვის ესეც დიდი წარმატებაა. მოწინააღმდეგე გუნდი რადიკალურად განსხვავდებოდა ჩვენგან, საკმაოდ ძლიერი იყო, ფინანსური თუ სხვა კუთხით. ჩვენ გვქონდა ბრძოლის ჟინი, რაც, საბედნიეროდ, ქართველებს ყოველთვის გვაქვს. ბოლომდე ვიბრძოლეთ. მეორე ტაიმში სულ სხვა ემოციით გავედით და შედეგიც დავდეთ. მადლობა ჩემს გუნდს, ტრენერებს, გულშემატკივრებს, ყველანი მაქსიმალურად ჩართული იყვნენ ამ ამბავში.
– განსაკუთრებული გულშემატკივარიც გყავთ, იური ბაბუას სახით. როგორ მოგეწონათ დახვედრა?
– იური ბაბუ ჩვენთვის ანტიკვარია და ყველაზე დიდი გულშემატკივარი.ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია. როცა გოლს გავიტანდით, ფულს გვჩუქნიდა ხოლმე, რაც შეეძლო, ყველანაირად გვამხნევებდა. ერთ თამაშიზე 2 გოლი გავიტანე 20 ლარი მაჩუქა, მერე ჩემპიიონატი მოვიგეთ და 200 ლარამდე მოგვცა, რომელიც მთელმა გუნდმა გავინაწილეთ. განა რამდენი უნდა შეგვხვედროდა, მაგრამ აქ მის დამოკიდებულებაზეა საუაბრი, საოცარი ადამიანია. მთელ გუნდს გულწრფელად გვიდგას მხარში და ცდილობს, გაგვახაროს. წარმოიდგინეთ, საშუალება რომ ჰქონდეს, რას იზამდა. გულშემატკივარი ისედაც არ გვაკლია, სავსეა ხოლმე ტრიბუნები. განსაკუთრებით მოხუცები „გვბალეშჩიკობენ“. სასწაული დახვედრა მოგვიწყვეს ახლა, კი ველოდებოდით რაღაცას, მაგრამ ასეთს – არა.  წინა თამაშიდან რომ ჩამოვედით, მაშინაც იყო დახვედრა, ერთი დროშა დავინახე მგონი და ისეთი გახარებული ვიყავი... წარმოიდგინეთ, ახლა რა დამემართებოდა, ქუჩებში იყო მთელი რაიონი გამოსული. მარტო ამ ემოციისა და  სიხარულისთვის ღირდა მოგება. 

– გოლი გარდაცვლილ ხუთი წლის დის შვილს მიუძღვენი. რა დაემართა?
– კი, შარშან, სექტემბერში გარდაიცვალა. ძალიან მიყვარდა და ჩემთვის ბევრს ნიშნავდა – ჩვენს სახლში გაიზარდა და განსაკუთრებული გრძნობა მქონდა. 14 დისშვილი მყავს – შვიდი დედმამიშვილი ვართ, ყველა უზომოდ მიყვარს. ამ ამბის შემდეგ ვიძაბები ხოლმე, კი ვფიქრობ თამაშზე, მაგრამ მაინც თავისით მოდის ეს ემოცია, ბევრჯერ მიტირია კიდეც მოედანზე. ყველა მნიშვნელოვან თამაშზე მისი სურათით გავდივარ, რომელიც ფორმის ქვეშ, ტოპზე ან მაისურზე მაქვს მიმაგრებული. დაბადებიდან სისხლზე ჰქონდა პრობლემა, ჰემოგლობინი დაეწეოდა ხოლმე და სისხლს ყოველთვე ვუსხამდით. შემდეგ გერმანიაში გადავგზავნეთ ტესტი, პასუხი მოვიდა, რომ ძვლის ტვინის ნაკლებობა ჰქონდა და აუცილებელი იყო გადანერგვა. ყველაფერი მოვიპოვეთ: დაფინანსება, დონორიც უცებ ვნახეთ, დონორის შეთავსებაც მოხდა, იდეალურად მიდიოდა საქმე, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა, ექიმების შეცდომა იყო თუ რა, სისხლი მოეწამლა, ბოლოს აპარატზე შეაერთეს და ვეღარ გაუძლო.
– როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას, როცა იგებენ, რომ ფეხბურთელი ხარ? ოჯახში რას გეუბნებოდნენ თავიდან?
– პატარა, რომ ვიყავი დედისგან მქონდა წინააღმდეგობა: გოგო ხარ, შვილო, გეტკინება, რაღაც დაგიშავდება, დაგიზიანდება. მამა ყოველთვის მხარს მიჭერდა. მერე დედაც შეეგუა და ფინანსურადაც ყველანაირად გვერდში მედგნენ. დღემდე ასეა. რაც შეეხება საზოგადოებას, ჯერ იმას ვერ არჩევენ, ბიჭი ვარ თუ გოგო. ბოლოს, რომ გაიგებენ, გოგო ვარ, ამბობენ: სპორტსმენიაო. ფეხბურთელი ვარ-მეთქი, როცა ვამბობ, ვერ წარმოუდგენიათ და კითხვას მიბრუნებენ: აა, ფრენბურთელი? ახლა ორმაგად ბედნიერი ვარ, რადგან მთელმა საქართველომ გაიგო ქალთა ფეხბურთის შესახებ და აღარ დამღლიან კითხვით – „ბიჭები ვერაფერს აკეთებენ და თქვენ რა უნდა ქნათ?“
– ერთ თამაშში 15 გოლი გაიტანე, როგორ მოახერხე?
– საქართველოს გუნდთან გვქონდა თამაში, დამწყები ბავშვები არიან – 15-17 წლის. მაშინ ბომბარდირობისთვის მჭირდებოდა ბევრი გოლი. მოწინააღმდეგე ბავშვებსაც ვამხნევებდი, ზოგმა იტირა კიდეც, ამდენი გოლი რომ გაუვიდათ. ამას ძალიან განვიცდიდი, მაგრამ გვინდა, არ გვინდა ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

რა გავლენას ახდენს ადამიანის დაბადების თვე ინტიმურ...