სპორტი

გაგამარუ: იაპონიაში თვითონ იაპონელებიც კი ვერ ძლებენ სუმოს სამყაროში და უცხოელისთვის ეს განსაკუთრებით რთულია

№49

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:16 07.12

გაგა მარუ სპორტიდან
წავიდა
დაკოპირებულია

გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) 15-წლიანი ბრწყინვალე კარიერა დაასრულა. ურთულესი გადაწყვეტილების მიღება ქართველ სუმოისტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოუწია. 

გაგამარუ: ტრავმის გამო საკუთარ პროფესიაზე უარის თქმა, სპორტსმენისთვის ალბათ, ყველაზე რთული მომენტია. 15 წელი ისე ვიჭიდავე, რომ ტრავმა არ მიმიღია, მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორივე მუხლზე ძალიან დიდი პრობლემები შემექმნა. ბევრი ვეცადეთ, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, რომ მუხლი ჭიდაობის დასაწყებად საჭირო ფორმაში ჩამდგარიყო. ყველა ექიმი ერთსა და იმავეს მეუბნებოდა, თუ ამ მუხლებით აპირებ სპორტული კარიერის გაგრძელებას, შეიძლება, ორმოცი წლის შემდეგ ეტლით მოგიწიოს გადაადგილებაო.
ძალიან მძიმე რეალობის წინაშე აღმოვჩნდი, ერთი წელი დამჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად.
დადგა მომენტი, როცა ხმამაღლა უნდა გამომეცხადებინა სპორტიდან წასვლის შესახებ და მე ეს გავაკეთე. ძალიან ვნერვიულობდი. სუმოში მკაცრი წესებია, თუ ერთხელ იტყვი, რომ დამთავრდა, მერე უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილი გაქვს.
ამ გადაწყვეტილებამ ისეთი ფსიქოლოგური ტრავმა მომაყენა, რომელსაც სიტყვებით ვერც გადმოვცემ. მინდოდა, უფრო მეტად გამეხარებინა გულშემატკივარი, განსაკუთრებით ქართველები, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამომივიდა.

– 15-წლიანი დაუღალავი შრომისა და მიღწეული წარმატებების შედეგად, უამრავი გულშემატკივარი გყავთ საქართველოსა თუ იაპონიაში. გარდა იმისა, რომ გინდოდათ, თქვენი კარიერა კიდევ გაგრძელებულიყო, კიდევ რამეზე ხომ არ გწყდებათ გული?

– გული მწყდება იმაზე, რომ როცა ახალგაზრდა ვიყავი, მეტი არ მოვთხოვე საკუთარ თავს. მეტი რომ მევარჯიშა, სულ მცირე, უფრო დიდხანს ვიქნებოდი ყველაზე მაღალ დივიზიონში. შემეძლო, უფრო მეტი გამეკეთებინა.
სუმოში გატარებული წლები ჩემი ცხოვრების საუკეთესო ნაწილია. როცა საყვარელ სპორტში ხარ და თან ხალხი გაფასებს, ადამიანებს ასე უყვარხარ, ამაზე სასიამოვნო რა უნდა იყოს? სპორტსმენს გულშემატკივარი ისე სჭირდება, როგორც ადამიანს ჰაერი.

– თქვით, რომ უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. ამ გადაწყვეტილებით ბოლომდე გაწყვიტეთ სუმოსთან კონტაქტი?

– სუმოს ფედერაციასთან კონტაქტი ბოლომდე წყდება და ისტორიაში გადადიხარ. თუმცა რამდენიმე შემოთავაზება მაქვს, შესაძლოა, სუმო ვასწავლო. ბევრი ჩანაფიქრია, მაგრამ ამაზე წინასწარ საუბარი არ მინდა.

– ეს გეგმები ისევ იაპონიას უკავშირდება?

– ჩემი ქვეყანა ყველაზე ძალიან მიყვარს და საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები, მაგრამ აქაურობას იმდენად შევეჩვიე, ცოტა მიჭირს იმ აზრთან შეგუება, რომ შეიძლება, იაპონიაში მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ჩამოვიდე. ახლა უფრო მეტი დრო მექნება და შემეძლება, იაპონიასა და ჩემს ქვეყანას შორის ვიმოგზაურო. თუმცა, ზუსტი გეგმები ჯერ არ მაქვს.

– ძველ ინტერვიუებში ყვებოდით, რამდენად რთული იყო იაპონიაში ცხოვრებასთან და მით უმეტეს, სუმოს მკაცრს წესებთან შეგუება. დღეს კი უკვე ვეღარ წარმოგიდგენიათ ამ ყველაფრის გარეშე.

– იაპონია ძალიან ტრადიციული ქვეყანაა. მათ სამურაების ტრადიცია სუმოს სახით შემოინახეს. მასში სპორტზე მეტი ტრადიციებია. იაპონიაში თვითონ იაპონელებიც კი ვერ ძლებენ სუმოს სამყაროში და უცხოელისთვის ეს განსაკუთრებულად რთულია. ალბათ, ამიტომაც აფასებენ აქაურები უცხოელებს, რომლებიც სულ სხვა ტრადიციების ქვეყნებიდან ჩამოდიან და იაპონელთა წინაპრების ტრადიციებს აგრძელებენ.
ამ ცხოვრებაში ადვილი არაფერია და თავიდან ნამდვილად ძალიან მიჭირდა, თუმცა, რომ არა ის სირთულეები, ალბათ, წინ ვერ წავიდოდი. თავიდან ვერ იაზრებ, რატომ ხდება ასე, მაგრამ თითოეული დაბრკოლების გადალახვა მაძლიერებდა და სწორედ, ამიტომ, ის წლები ჩემთვის განსაკუთრებული იყო.

– წასვლის გადაწყვეტილება ფიზიკური ტრავმების გამო მიიღეთ, თუმცა პიროვნულმა ტრავმებაც იქონია გავლენა, არა?

– დიახ. იაპონიაში პირველად რომ ჩამოვედი, სამწუხაროდ, მალე მამა დამეღუპა. მყავს ძმა და უამრავი ახლობელი, მაგრამ ალბათ, დამეთანხმებით, რომ მშობელი სულ სხვა ძალაა. დედა იყო ის ადამიანი, ვინც ყველაზე მეტად მაძლიერებდა. მისი გამხნევება ჩემთვის ყველაფერი იყო. 2018 წელს დედაც გარდამეცვალა. ამ დროს მომიწია დივიზიონიდან გამოვარდნა და მაშინ გადავწყვიტე, სუმოსთვის თავი დამენებებინა. ურთულესი პერიოდი მქონდა, მაგრამ ხალხის დიდის სიყვარულისა და გულშემატკივრობის წყალობით შევძელი დაბრუნება. მაშინ ფიზიკური ტრავმები არ მქონდა, მაგრამ საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ძალიან მძიმეა.

– ძალიან მძიმე საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, თქვენი კარიერის საუკეთესო პერიოდებიც გავიხსენოთ.

– რამდენჯერმე მქონდა ასეთი პერიოდი. მეოთხე დივიზიონიდან მეხუთეში გადასვლამ ძალიან დიდი სიხარული მომიტანა. 7:0 მოვიგე და ჩემპიონი გავხდი, რის გამოც ძალიან ამაყი ვიყავი.
პირველ რიგში, ქართული ელემენტები შევიტანე ჩემს ჩაცმულობაში. ყველაზე დიდი სიხარულია, როცა 130-მილიონიან ქვეყანაში შენს პატარა საქართველოს წარმოაჩენ. თან, იაპონიის პირველ არხზე გადიოდა ორთაბრძოლა და ალბათ, ყველასთვის თვალშისაცემი იყო ჩვენი ლამაზი, ხუთჯვრიანი დროშა.
თავიდან აქ რომ ჩამოვედი და ჯორჯიას ვახსენებდი, ყველას ეგონა, რომ ამერიკის შტატს ვგულისხმობდი. ტოჩინოშინმა საუკეთესოდ გააცნო აქაურებს საქართველო და მეც რომ შემიძლია, ვთქვა, ამ საქმეში ჩემი პატარა წვლილი შევიტანე-მეთქი, ძალიან ბედნიერი ვარ.
ახლა იაპონიაში საქართველოზე თუ იკითხავთ, 50 პროცენტზე მეტი მოგიყვებათ ჩვენი ქვეყნის შესახებ. წლების წინ ასე ნამდვილად არ იყო.

– ადრე ამბობდით, რომ იაპონელ ქალზე ქორწინება თქვენთვის წარმოუდგენელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს კარიერულ წინსვლაში გარკვეულ როლს თამაშობს. თუმცა, დრომ ესეც შეცვალა...

– დრო ადამიანს ძალიან ცვლის. ყოველ შემთხვევაში, ახლა იმ აზრზე აღარ ვარ, რომ ქართველის გარდა, სხვა ეროვნების წარმომადგენელზე ვერ ვიქორწინებ. თუ კარგი ადამიანია და მასთან თავს ბედნიერად ვგრძნობ, ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს. დღესაც მყავს იაპონელი შეყვარებული და რამდენიმე წელია, მასთან ერთად ვცხოვრობ, თუმცა წინასწარ ვერ ვიტყვი, მომავალში რა იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

რა გავლენას ახდენს ადამიანის დაბადების თვე ინტიმურ...