სპორტი

ელენე ილურიძე: უცნაურ რეპლიკებს მესვრიან, ჩემი ნავარჯიშები სხეულისა და სტილის გამო, ეშლებათ, გოგო ვარ თუ ბიჭი

№39

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 05.10, 2021 წელი

ელენე ილურიძე
დაკოპირებულია

21 წლის ქართველი კალათბურთელი, ელენე ილურიძე ახლახან ამერიკის, კერძოდ ტეხასის შტატის, კოლეჯების უმაღლეს ლიგაში ჩაირიცხა და NCAA-ში ითამაშებს. მას უნივერსიტეტის გუნდმა, სრული სტიპენდია მისცა. როგორც ელენე აღნიშნავს, თავი სიზმარში ჰგონია და თვითონაც არ სჯერა, რომ ამ ასაკში ამხელა წარმატებას მიაღწია. მოკლედ, ის, სულ მალე, საქართველოდან ამერიკაში სასწავლებლად და იქაურ საკალათბურთო გუნდში სათამაშოდ მიემგზავრება. ელენეს ოცნებების ახდენასა და უნივერსიტეტთან კონტრაქტის დადებაში სპორტული აგენტი, ლაშა ფარღალავა დაეხმარა. ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს ელენეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და უსურვებს, უმაღლეს საკალათბურთო ლიგაში ამერიკული ოცნების ახდენას.

ელენე ილურიძე: ბავშვობიდან, ძალიან სპორტული ვიყავი და ბურთთან სულ მქონდა კავშირი. გოგონებთან არასოდეს მითამაშია, ქუჩაში ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი ფეხბურთს. უბანი უბანს ვეჯიბრებოდით ხოლმე. ბიჭები უხეშად თამაშობდნენ და ხან მუხლის ტრავმა მივიღე, ხან კოჭის... სულ დალურჯებული დავდიოდი, მაგრამ მომწონდა (იცინის). ზუსტად ვიცოდი, რომ მომავალში სპორტის რომელიმე სახეობაში ვიპოვიდი საკუთარ თავს. ჩემი ორი დისგან განსხვავებით, ძალიან ცელქი ვიყავი. დედა ყოფილი ხელბურთელია და ჩემზე, ალბათ, ამანაც იქონია გავლენა. ის სულ გვერდით მედგა, ყოველთვის მეხმარებოდა, რომ საკუთარი თავი მეპოვა და სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობდი, სპორტის იმ სახეობას გავყოლოდი. არასოდეს, არაფერი დაუძალებია. არჩევანის უფლებას მაძლევდა და მეუბნებოდა: სადაც მოგეწონება და მოერგები, იქ დარჩიო. სხვათა შორის, მევიოლინე ვიყავი, მუსიკალური სკოლა დავამთავრე, მუსიკალური განათლებაც მაქვს. მინდოდა, პროფესიონალი მევიოლინე გავმხდარიყავი და პროფესიული დონით გამეგრძელებინა, მაგრამ კალათბურთმა გადამძლია და სპორტს გავყევი. ეს უფრო ჩემია. თუმცა, მაგარი მევიოლინე ვიქნებოდი (იცინის). საკუთარი მუსიკაც კი მაქვს დაწერილი, თუმცა ეს არავინ იცის, ხატვაც მიყვარს, ჩანახატებსაც ვწერ... ბევრი ჰობი მაქვს.

– სერიოზულად როდის გადაწყვიტე კალათბურთის თამაში და როგორ მოხვდი ამ სპორტის სამყაროში? შენი სიმაღლის გამო ქუჩაში თუ იქცევ ყურადღებას?

– სკოლამდე არც ვიცოდი რა იყო კალათბურთი. 9 წლის ვიყავი, როცა სკოლაში კალათბურთის წრე გაიხსნა და ჩემმა დამ მირჩია: მიდი, სცადე, იქნებ მოგეწონოსო. მივედი და მას მერე არ გამიგდია ბურთი ხელიდან (იცინის). პირველივე ვარჯიშზე ვიგრძენი, რომ ჩემი ადგილი ვიპოვე. ბურთთან კავშირის დროს, სხვა სამყაროში ვხვდები. პარკეტზე რომ შევდივარ, ვერ ვხედავ ჩემს უკან, სამყაროში რა ხდება, მხოლოდ თამაშზე ვარ კონცენტრირებული. ასე რომ, ჩემი წარმატება ჩემი დის დამსახურებაა. სკოლის გუნდში ერთადერთი გოგო ვიყავი. ჩემმა ტრენერმა ქალბატონმა ნაირამ მირჩია და წერეთელზე, „მანეჟში“ გადამიყვანა. იქაც 20 ბიჭი დამხვდა და მხოლოდ მე ვიყავი გოგო. არ დამავიწყდება, სანამ არ გამომაცხადებდნენ, ვერავინ ხვდებოდა, რომ გოგო ვიყავი, ყველას ბიჭი ვეგონე (იცინის). მერე მესმოდა: უი, ეს გოგოა?! (იცინის) ბიჭები ცოტა სკეპტიკურად კი მიყურებდნენ, მაგრამ მაშინ არ არსებობდა გოგონების გუნდი. „იმედის“ გუნდში მომიწია ბიჭებთან ერთად თამაში, მერე კი, შემოგვემატა გოგონები და შემდეგ, ფედერაციამ გოგონების გუნდიც შეკრიბა. უკვე ხუთი წელია, კლუბ „ორბში“ ვთამაშობ. ბევრი ჩემპიონატი გვაქვს მოგებული და საქართველოს ქალთა კალათბურთის ნაკრების წევრი ვარ. სხვათა შორის, ბავშვობაში არ ვიყავი ძალიან მაღალი. სხვა გოგოებისგან, უბრალოდ, მანერებითა და ჩაცმის სტილით განვსხვავდებოდი. თან, ყველა გოგო თმას იზრდიდა და მე სულ მოკლე მომწონდა, ბიჭურ სტილში უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს და ახლაც ასე ვარ. ახლა 1 მეტრი და 78 სანტიმეტრი ვარ და ქუჩაში ყურადღებას სიმაღლის გამო კი არა, უფრო ათლეტური აღნაგობისა და ნავარჯიშები სხეულის გამო ვიქცევ (იცინის). უცხო ადამიანები უცნაურ რეპლიკებსაც მესვრიან; როგორი კარგი აღნაგობა გაქვს... გეტყობა, სპორტსმენი ხარ... როგორ გიხდება მოკლე თმა... უმეტესად, ეშლებათ, გოგო ვარ თუ ბიჭი (იცინის).

– შენს სპორტულ კარიერაში ძალიან მაგარი სიახლეა – სულ მალე ამერიკაში მიემგზავრები, სადაც სწავლის გაგრძელების პარალელურად, ტეხასის კალათბურთის გუნდშიც იასპარეზებ. იქ როგორ მოხვდი და ვინ გაგიწია რეკომენდაცია?

– ბავშვობაში, როცა ტელევიზორში ამერიკულ კალათბურთს ვუყურებდი, ოცნებად მქონდა, მეც იქ მეთამაშა, თუმცა წარმოუდგენელად მიმაჩნდა. ვიზრდებოდი და ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ ამ ოცნების ახდენა შესაძლებელი იყო, არაფერი იყო მიუღწეველი და ამისთვის ბევრი უნდა მეშრომა. სპორტული აგენტი, ლაშა ფარღალავა დამეხმარა, მეპოვა უნივერსიტეტი ამერიკაში, შედგა გასაუბრება, გავუგზავნე ვიდეოები, ასევე, თამაშის სტატისტიკა, რომელიც ძალიან საჭიროა და სკოლის ნიშნები და საბოლოოდ, შემომთავაზეს სრული სტიპენდია. წასვლა დეკემბრამდე მიწევს. საკმაოდ ძლიერი უნივერსიტეტია და მიხარია, რომ გარდა თამაშისა, 4 წელი ვისწავლი და აკადემიურ ცოდნასაც მივიღებ, რაც სპორტსმენისთვის უმნიშვნელოვანესია. ამ უნივერსიტეტისგან, ასევე, შევიძენ დიდ გამოცდილებას და მექნება კარიერული წინსვლაც. ეს დამეხმარება, უფრო განვავითარო საკუთარი თავი ამ საქმეში. მომცემს საშუალებას, დავიხარჯო და გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი, რისი წყალობითაც მივაღწევ სამომავლო მიზნებს. პრინციპში, ტეხასის შტატში პირველი ქართველი გოგო ვარ, ვინც კალათბურთს ითამაშებს. ოთხი წელი ვისწავლი, შევიძენ ბიზნესსპორტმენეჯმენტის ცოდნას, მივიღებ დიპლომს და პარალელურად, კალათბურთსაც ვითამაშებ. სხვათა შორის, სულ მინდოდა უცხოეთში სწავლის გაგრძელება და კარიერის აწყობა. ახლა ვხუმრობ: ოცნება სანახევროდ ამიხდა-მეთქი (იცინის). უფრო დიდი მიზნებიც მაქვს – უმაღლეს ლიგაში მინდა თამაში, რაც ყველა სპორტსმენის ოცნებაა. სხვათა შორის, ჩემი საყვარელი კალათბურთელი კობი ბრაიანტია. ორი წლის წინ საქართველოში იყვნენ ჩამოსული უმაღლესი ლიგის მოთამაშე ქალები და მათი ავტოგრაფები, როგორც შეუფასებელი განძი, სახლში მაქვს შენახული. ამ ავტოგრაფებს რომ ვუყურებდი, დიდ სტიმულს მაძლევდა.

– შეყვარებული თუ გყავს და ზოგადად, როგორი სტილის ბიჭები მოგწონს?

– ახლა სხვა გეგმები მაქვს, სიყვარულისთვის არ მცალია და ალბათ, კარგა ხანს ვერც მოვიცლი. ჯერ ამერიკულ ოცნებას ავიხდენ და მერე ვიფიქრებ პირადზე. გეფიცებით, სიზმარში მგონია თავი და როცა ვიძინებ, ვფიქრობ, რომ დილით ეს ყველაფერი რეალობა აღარ იქნება. ეს ყველაფერი მართლა შეუძლებელი მეგონა და ახლა რომ ვიღვიძებ და ისევ იმ რეალობაში ვარ, ჩემს თავს ვეუბნები: ვა, ელენე, შენ ამერიკაში უნდა წახვიდე? (იცინის) ოთხი წელი სრული დაფინანსება მაქვს და მერე შესაძლოა, კიდევ გავაგრძელო სწავლა. ბავშვობიდან კი ვარ დამოუკიდებელი, მაგრამ ოჯახის დატოვება რომ მიწევს, ცოტა გული მწყდება, ძალიან მომენატრებიან, თუმცა, სოციალური ქსელით ყოველდღიური ურთიერთობა მექნება. რაც შეეხება თაყვანისმცემლებს, მათ რაოდენობას არ ვუჩივი (იცინის). უფრო ათლეტური და სპორტული გარეგნობის ბიჭები მომწონს. სხვათა შორის, არ მიყვარს ყვავილები, აი, ბურთის ჩუქებაზე კი უარს არასოდეს ვიტყვი. ასე რომ, თუ ბიჭს უნდა, თავი მომაწონოს, ყვავილები არ უნდა დამანახვოს... ბურთი უნდა მომიტანოს (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი