საზოგადოება

თემურ კილაძე: ზედმეტი სიტყვაც რომ ეთქვათ, არავის არაფერს შევარჩენდი

№5

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:45

თემურ კილაძე
დაკოპირებულია

თემურ კილაძის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის თემურ კილაძე?

თემურ კილაძე: ადამიანი, რომელსაც უყვარს ცხოვრება, მეგობრები, ოჯახი, პროფესია, საკუთარი ქვეყანა და არ უყვარს მარტო დარჩენა.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– ბევრ რამეს წყვეტს ფინანსები, თუმცა არასდროს მიოცნებია ბევრ ფულზე. მინდა, მხოლოდ იმდენი მქონდეს, რამდენიც ადამიანს ცხოვრებისთვის სჭირდება, ბევრი ტვინის ჭყლეტა რომ არ დასჭირდეს. ზოგადად, ჩემი ოცნებაა, რაც მეკუთვნის, უფალმა ჩემთვის რაც გამოიმეტა, ის მქონდეს, ზედმეტი არაფერი მინდა.

– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?

– ძალიან გულჩვილი ვარ. მაგალითად, ცხოველთა სამყაროს მიმართ. განსაკუთრებით უპატრონო ცხოველების მიმართ. ფანჯარასთან ჯამი გვიდგას, სადაც ქუჩის კატებს ვკვებავთ. თუმცა, ამასთანავე ძალიან ბრაზიანიც ვარ. უცებ ვფეთქდები, მაგრამ ძალიან მალე გადამივლის ხოლმე და მერე ვნანობ, რადგან შეიძლებოდა, ამის გარეშეც მომეგვარებინა საკითხი.

– მამაკაცი და ცრემლი – ბევრს არ უყვარს საკუთარი ემოციის სხვისთვის დანახება...

– ეს ხომ თავისთავად და ძალიან უცბად ხდება. კი, შეიძლება, მერე თავი დახარო, გვერდზე გაიხედო, მაგრამ ემოციას შენ ხომ ვერ უბრძანებ?! ყველას დასანახად ტირილს არ მოვრთავ, ვცდილობ სხვამ არ დაინახოს, მაგრამ უკვე აღვნიშნე, ფილმის ყურებისას, მაგალითად, ჩემმა მეუღლემ უკვე იცის, რომ გარკვეულ მომენტებზე აუცილებლად მომადგება ცრემლი, მოვა და დამაშტერდება ხოლმე. ეშმაკუნები უთამაშებს თვალებში (იცინის).

ცრემლი მოდის სიხარულის დროსაც, ტკივილისა და უსუსურობის დროსაც. სიმწრისაგან შეიძლება ტუჩებიც დაიკვნიტო და ცრემლიც წამოგივიდეს – ასეთია ცხოვრება.

– რას მიიჩნევთ თქვენს მცდარ ნაბიჯად?

– იმდენი ყოფილა... მაგრამ რაც წარსულში მოხდა, მომავალში მასზე სინანულს აზრი არ აქვს. ცხოვრებაში ერთსა და იმავე გზაზე არ დადიხარ, ყველა სიტუაცია ერთმანეთისგან განსხვავდება და იგივე აღარ განმეორდება. თუ რამე საშინელება გააკეთე, კი ბატონო, ეს უნდა გამოასწორო, უნდა ეცადო მაინც, მაგრამ ჩვეულებრივ მცდარ ნაბიჯებზე ფიქრს, აზრი აღარ აქვს.

სოფელში სახლი მაქვს. 40 წლის წინ ჩემმა მშობლებმა დაიწყეს შენება და ნელ-ნელა აკეთებდნენ, როგორი საშუალებაც იყო, მეც ასე გავაგრძელე. ჩემს თავზე მეცინება ხოლმე და თავს ვიმშვიდებ, მაშინვე რომ გამეკეთებინა ერთიანად, დღეისთვის უკვე ბევრი რამის შეცვლა მომინდებოდა, მაგრამ ერთბაშად რომ ვერ გავაკეთე, ამას თავისი პლუსიც აქვს: ბევრი ფიქრის საშუალება მაქვს და კარგად ნაფიქრს ვაკეთებ, სპონტანურად არ ვიღებ გადაწყვეტილებებს და ასე უკეთესი გამოდის (იცინის). ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე და გარკვეულ მოვლენებს თუ ასე არ შეხედე, შეიძლება, გააფრინო კიდეც. საერთოდ კი მე დიდად არ მიყვარს წარსულის გახსენება. წარსული წარსულია, სხვა ემოციაა და უკან მიბრუნება სწორი არ მგონია. შეიძლება, დღეს გაგეცინოს იმაზე, რაზეც ადრე ძალიან ნერვიულობდი და ტრაგედიად გეჩვენებოდა ან პირიქით. ანუ, დღევანდელი გადმოსახედიდან ყველაფერი სხვანაირად ფასდება. ერთი კია, კარგი თუ ცუდი, რამაც განსაკუთრებულად იმოქმედა შენზე, აუცილებლად მოახდენს გავლენას და რაღაცას გასწავლის.

– სახალისო ამბავი თუ გადაგხდენიათ პაემანზე?

– ერთხელ გოგონები ამერია. აღარ მახსოვდა, რომელს დავუნიშნე პაემანი (იცინის). იმ პერიოდში ორი საინტერესო ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში და პაემანზე რომ მივედი, აღმოჩნდა, რომ მეგონა სხვასთან მივდიოდი, საჩუქარიც იმ მეორისთვის მქონდა შერჩეული და დაბნეულობისგან კინაღამ სახელიც ამერია, მაგრამ როგორღაც მოვახერხე, არ შემემჩნია. სახელი საერთოდ არ მიხსენებია, უბრალოდ, ვუთხარი, რომ გამიხარდა მისი ნახვა.

– რა გამოსცადეთ ბოლო პერიოდში ცხოვრებაში პირველად?

– ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ასეთი რამ არც თუ ისე იშვიათია. ახლახან პრემიერა გვქონდა. ისეთი გმირის განსახიერება მომიწია, როგორსაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. შესაძლოა, ვინმეს ეფიქრა, რომ ეს გმირი მე არ უნდა მეთამაშა. არადა, ყველა მსახიობს აქვს სურვილი, ზუსტად ისეთი როლი ითამაშოს, რომლისთვისაც ერთი შეხედვით, „არ გამოდგება“. მაგალითად, კომედიის მსახიობს რომ ოტელოს როლი მისცე, შეიძლება, ეს ვინმესთვის წარმოუდგენელი იყოს, მაგრამ ამ დროს, მსახიობმა საოცარი გარდასახვა აჩვენოს. ჩემს შემთხვევაში, მე თვითონაც არ მეგონა, რომ ამ როლს დავძლევდი. თითქმის პრემიერამდე მომყვა ეს განცდა, მაგრამ საბოლოოდ, ის რეზულტატი მივიღეთ, რაც უნდა მიგვეღო. რეჟისორი პროცესში მარწმუნებდა, რომ მე ამას შევძლებდი. გამოვიდა და როგორც ამბობენ, საკმაოდ საინტერესოდ. ძალიან ამაყი ვარ. ეს არის სიახლე ჩემთვის.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი და რამ შეიძლება, თქვენში ეს თვისება გამოიწვიოს?

– უსამართლობამ, ღალატმა. ძალიან ემოციური ვარ – ჯერ ერთი გურული ვარ, მერე ზოდიაქოთი – ლომი და უცებ ვფეთქდები, როგორც უკვე ვთქვი. ბევრჯერ მინანია, რომ თავი ვერ შევიკავე, მაგრამ იმ მომენტში, მიჭირს თავის გაკონტროლება. ჩემი აფეთქების მთავარი მიზეზი უსამართლობა არის ხოლმე. მაგალითად, ვიღაც ჩემთან ერთად, სულ სხვანაირად ჰყვება იმას, რაც მე ჩემი თვალით ვნახე. შეიძლება, მეც „მაწყობდეს“ მისეული ვერსია, მაგრამ ამ ტყუილის გამო იმდენად ცუდად ვგრძნობდე თავს, დაუნდობლადაც კი მოვექცე იმ ადამიანს. ასეთ დროს შინაური და გარეული არ ვიცი, ყველას პირდაპირ მივახლი ხოლმე სიმართლეს. უსამართლობის ხარისხსაც გააჩნია. ძალიან თუ ავფეთქდი, ადამიანს ხელით არ შევეხები, მაგრამ შეიძლება, საერთოდ მოვიკვეთო ცხოვრებიდან და მისკენ გახედვა აღარ მომინდება.

– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?

– ბანალურად არ გამომივიდეს, მაგრამ ქართველობით ყოველთვის ძალიან ვამაყობდი. მახსოვს, დიდი ხნის წინ, ჯარში ყოფნისას, ძალიან ბევრი კონფლიქტი მომსვლია. ზედმეტი სიტყვაც რომ ეთქვათ, არავის არაფერს შევარჩენდი. სხვა ეროვნების ადამიანი რომ მეტყოდა „ტი გრუზინ?“, მაშინვე აგრესიულად ვპასუხობდი: „კი ქართველი ვარ და მერე რა გინდა?!“. მაშინაც და დღესაც ძალიან მიხარია და ვამაყობ ჩვენი ქვეყნით, ჩვენი ისტორიით. ვამაყობ და მიხარია ყველა ქართველის წარმატება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი