საზოგადოება

როგორ განვითარდა ნიკოლოზ ბარათოვის ბრწყინვალე სამხედრო კარიერა და რით გაითქვა მან სახელი

№5

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:39

ნიკოლოზ ბარათოვი
დაკოპირებულია

თავადი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ბარათოვი (ბარატოვი) დაიბადა 1865 წელს ვლადიკავკაზში, პოლკოვნიკის ოჯახში. დაამთავრა ვლადიკავკაზის რეალური სასწავლებელი. სამხედრო სამსახურში ჩადგა 1882 წელს. კონსტანტინეს მეორე სამხედრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ დაამთავრა ნიკოლოზის საინჟინრო სასწავლებელი და ნიკოლოზის გენშტაბის აკადემია.

ნიკოლოზ ბარათოვის სამხედრო კარიერა წარმატებით განვითარდა: მსახურობდა მე-13 ქვეითთა დივიზიაში, ქართულ მე-14 გრენადერების პოლკში, 151-ე პიატიგორსკის ქვეით პოლკში.

კითხულობდა ლექციების კურსს სამხედრო მეცნიერებებში სტავროპოლის კაზაკთა სასწავლებელში.

1900 წლიდან ის უკვე პოლკოვნიკია. მეთაურობდა სუნჟენ-ვლადიკავკაზის პირველ პოლკს. მსახურობდა 65-ე ქვეითთა სარეზერვო ბრიგადაში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა და პირველ მსოფლიო ომებში.

1905 წელს დაჯილდოვდა ოქროს იარაღით. 1906 წელს „სამხედრო წარჩინებისთვის“ გენერალური შტაბის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

მეთაურობდა კავკასიის მეორე საარმიო კორპუსის შტაბს.

1912 წლიდან გენერალ–ლეიტენანტია. შემდეგ წლებში ხელმძღვანელობდა კავკასიის კაზაკთა პირველ დივიზიას და საარმიო ჯგუფს კავკასიის ფრონტზე. 1916 წლიდან კავკასიის პირველი კავალერიის კორპუსის მეთაური და სპარსეთში დისლოცირებული რუსული საიმპერიო არმიის ცალკეული საექსპედიციო კორპუსის სარდალია, 1918 წლიდან კი – კავკასიის სამხედრო ოლქის მთავარი უფროსი.

გარკვეული დროით ცხოვრობდა ინდოეთში.

1918 წელს, კავალერიის გენერლის წოდებით, დაინიშნა გენერალ დენიკინის ხელმძღვანელობით მოქმედი მოხალისეთა არმიისა და სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლად ამიერკავკასიაში.

ნიკოლოზ ბარათოვის თბილისში ცხოვრების პერიოდთან დაკავშირებულია ქალაქის ერთ-ერთი ქუჩის ისტორია.

1919 წლის 13 სექტემბერს ვერის დაღმართზე, საქართველოს სამხედრო უწყების ავტომობილ ¹20-ს, რომლითაც რუსთაველისკენ მიდიოდნენ გენერალი ბარათოვი, გენერალ-ლეიტენანტი ილია ოდიშელიძე და პოლკოვნიკი სელიმ გეორგის ძე ალხავი, ორი ყუმბარა ესროლეს, რომელიც მანქანის ქვეშ გასკდა. ცხენოსანმა მცველებმა სროლა ატეხეს და ტერორისტი ადგილზე მოკლეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოკლული თავდამსხმელი ბოლშევიკი არკადი ელბაქიძე იყო და მას საბჭოთა „ჩეკას“ მიერ დავალებული ჰქონდა საქართველოში დენიკინის პირადი წარმომდგენლის, გენერალ ბარათოვის ლიკვიდირება. ავტომობილში მსხდომთაგან ადგილზევე გარდაიცვალა პოლკოვნიკი ალხავი, მძღოლი ვასილ ჟუჟიაშვილი და გენერლის თანაშემწე შალვა სამათაძე, ოდიშელიძე მსუბუქად დაშავდა, ბარათოვი კი მძიმედ დაიჭრა. მოგვიანებით მას ფეხი მოკვეთეს. ელბაქიძის წარუმატებელი თავგანწირვა კი 8 წლის შემდეგ მამია ორახელაშვილმა გაიხსენა და 1927 წელს ვერის დაღმართს ელბაქიძის დაღმართი ეწოდა.

1920 წლის მარტ-აპრილში ნიკოლოზ ბარათოვს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა სამხრეთ რუსეთის მთავრობაში. 1920 წელს თეთრგვარდიელებს გაჰყვა ემიგრაციაში. გენერალ ვრანგელის დავალებით, დახმარებას უწევდა სამხედროებსა და ინვალიდებს. მან მიაღწია იმას, რომ ათასამდე ინვალიდმა იპოვა თავისი ადგილი სხვადასხვა ქვეყნის ინვალიდთა სახლებში.

1920-1932 წლებში ბარათოვი იყო რუსეთის სამხედრო ინვალიდების ორგანიზაციის საზღვარგარეთის კავშირის თავმჯდომარე და ყოველთვიური სამხედრო მეცნიერული და ლიტერატურული გაზეთის „რუსი ინვალიდის“ მთავარი რედაქტორი. 1931 წლიდან ის კავკასიის ჯარების ოფიცერთა საზოგადოების თავმჯდომარე გახდა.

გენერალი ბარათოვი სამხედრო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო ოქროს იარაღითა და წმიდა გიორგის მეოთხე ხარისხის, წმიდა ანას პირველი, მეორე და მესამე ხარისხის, წმიდა ვლადიმირის მესამე და მეოთხე ხარისხის, წმიდა სტანისლავის მესამე ხარისხის, სპარსეთის ლომისა და მზის მესამე ხარისხის, ბუხარის ოქროს ვარსკვლავის მესამე ხარისხის ორდენებით.

ნიკოლოზ ბარათოვი გარდაიცვალა პარიზში, 1932 წელს. დაკრძალულია სენტ ჟენევიევ და ბუას რუსულ სასაფლაოზე.

გამოყენებული მასალების წყარო: ბეჟიტაშვილი გიორგი. ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ბარატოვი (ბარათაშვილი) // ქართული ემიგრაცია ევროპაში (1921-1953); ჯავახიშვილი ნიკო. ქართველი თეთრგვარდიელები: კავალერიის გენერალი ნიკოლოზ ბარათოვი (ბარათაშვილი) // შრომები; ვიკიპედია; nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი