როგორ დაიწყო გიორგი ბოლქვაძემ მაგარი სასმელების წარმოება პირველმა და როდის გაიტანა მან საქართველოს სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ
ავტორი: ქეთი მოდებაძე 21:00 05.02
საქართველოში სპირტისა და არყის წარმოების ფუძემდებლად დავით სარაჯიშვილი მიიჩნევა და დამსახურებულადაც, მაგრამ მაგარი სასმელების მწარმოებლები ჩვენს ქვეყანაში მანამდეც იყვნენ. ერთ-ერთი მათგანია გიორგი ბოლქვაძე, რომელმაც სარაჯიშვილზე 23 წლით ადრე, 1865 წელს, დაიწყო კონიაკის წარმოება, მანამდე კი, მან 1860 წელს, ქუთაისში გახსნა ლიქიორისა და არყის ქარხანა, სადაც იმ დროისათვის უახლესი ტექნოლოგიით სხვადასხვა სახის სასმელს ამზადებდნენ.
გიორგი ბოლქვაძე დაიბადა 1835 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში, შეძლებული აზნაურის, ქაიხოსრო ბოლქვაძის ოჯახში. მისი წინაპრები სასულიერო პირები იყვნენ. ქაიხოსრო საეკლესიო ვაჭრობას ეწეოდა, ამიტომ ხშირად მოგზაურობდა უცხო მხარეებში, ეკლესია-მონასტრებში, სადაც მას წიგნებსა და საეკლესიო ინვენტართან ერთად გაჰქონდა არომატული და სამკურნალო მცენარეები, სხვადასხვაგვარი სასმელი. ის კარგად ერკვეოდა ნაყენების დამზადების ტექნოლოგიაში, ფლობდა რამდენიმე უცხო ენას.
გიორგის დედა – ანიდა, წარმოშობით ათენელი ბერძენი, შეძლებული ვაჭრის შვილი, განათლებული ქალი იყო. მან გიორგის ჯერ კიდევ ბავშვობაში შეასწავლა ბერძნული და ფრანგული ენები.
გიორგი ბოლქვაძემ საშუალო განათლება ქუთაისში მიიღო. გიმნაზიის დასრულების შემდეგ ათენში გაემგზავრა, სადაც სწავლა განაგრძო სამიწათმოქმედო აკადემიაში. აქ მან წარმატებით შეისწავლა მევენახეობა და მიწათმოქმედება. ღვინის წარმოებასა და არყის ხდის, წმენდის, გასუფთავებისა და შეზავების ტექნოლოგია კი კონსტანტინოპოლში ისწავლა. შემდეგ სწავლა საფრანგეთსა და გერმანიაში განაგრძო. ფლობდა 6 უცხო ენას.
ქუთაისის ლიქიორისა და არყის ქარხანა „ამიერ-იმიერ კავკასიაში ერთადერთ მაღალ აღჭურვილ სამრეწველო ქარხნად“ მიიჩნეოდა. აქ აბორიგენული მცენარეებისა და ღვინის მასალისგან, ბოლქვაძის მიერ შემუშავებული რეცეპტებით, მზადდებოდა მსოფლიო სტანდარტის შესაბამისი ქართული კონიაკის, ლიქიორის, რომის, სამკურნალო და მწარე არყის მრავალი სახეობა. პროდუქციის სარეალიზაციოდ ქარხნის საწყობში მას საბითუმო ვაჭრობის წერტიც ჰქონდა გახსნილი.
ქარხნის მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის „მაგარი სასმლის“ ხარისხზე მეტყველებს 1870 წლით დათარიღებული, ფრანგულ ენაზე დაბეჭდილი საექსპორტო-სარეკლამო ფურცელი: „ბოლქვაძისა და მისი კომპანიის ქარხანა”. სავაჭრო ნიშანი „არწივი“ ფირმას „ბოლქვაძე და Ko“ 1873 წლიდან ჰქონდა, ხოლო ბოლქვაძის გვარისა და სახელის რუსულენოვანი მონოგრამა „დბკ“ – 1865 წლიდან.
საფირმო და სავაჭრო ნიშნების გარდა, გიორგი ბოლქვაძეს რუსულ და ფრანგულ ენებზე დარეგისტრირებული ჰქონდა საექსპორტო ეტიკეტები, სარეკლამო ფირნიშები, სავიზიტო და სატიტულო ფურცლები, რომლებზეც გამოსახული იყო ლომისა და ცხენის ფიგურები და რუსეთის იმპერიის გვირგვინები.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ბოლქვაძეს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჰქონდა დიდი ბაღი, სადაც გაშენებული იყო სხვადასხვა სახეობის ყვავილი, ხეხილი და ვაზი. აქ წარმოებდა სელექციური მუშაობა. ხოლო, სახლში მოწყობილი ჰქონდა კვლევითი ლაბორატორია, სადაც პირადად ამზადებდა ესენციებს და ადგენდა რეცეპტებს სასმელებისთვის.
ხალხში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ბოლქვაძის მიერ გამოშვებული არაყი „ქინაქინა“, რომლის ეტიკეტს მედლების მთელი კომპლექტი ამშვენებდა.
გიორგი ბოლქვაძეს დიდი დამსახურება მიუძღვის საქართველოს სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანაში. მისი ქარხნის პროდუქციამ 1865-1900 წლებში 100-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა, აქედან 76 მედალია, მათ შორის – 49 ოქროსა და ვერცხლის.
გიორგი ბოლქვაძე მონაწილეობდა სამეცნიერო კონგრესისა და „საერთაშორისო ევროპულ სამეცნიერო საზოგადოებათა” ამპელოგრაფიისა და მეღვინეობის კონკურსებში. ასევე, იყო მუდმივი მსოფლიო გამოფენის (ბრიუსელი) და 50-მდე საერთაშორისო და სპეციალიზებული სამრეწველო გამოფენის მონაწილე: საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიაში, ბელგიაში, იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთში და სხვა.
ბოლქვაძის კონიაკებიდან გამორჩეულია:
ნატურალური კავკასიური კონიაკი – 1878 წელს პარიზში, მსოფლიო გამოფენაზე უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა. კონიაკმა სულ 23 მედალი მიიღო, აქედან 5 – უმაღლესი დონის;
„ხელოვნური კონიაკი N3“ – 1889 წელს პარიზში, მსოფლიო გამოფენაზე უმაღლესი ჯილდო მიენიჭა. აგრეთვე, 8 მედალი სხვადასხვა გამოფენაზე. სულ კონიაკმა სხვადასხვა ქვეყნის 11 ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის – 2 საფრანგეთის;
„ძველისძველი კონიაკი” – უმაღლესი ჯილდო 1876 წელს ფილადელფიაში, პირველ მსოფლიო გამოფენაზე;
მისმა პროდუქციამ ვერცხლის მედალი მიიღო საფრანგეთში, პარიზის სასმელების გამოფენაზე, მეორე დიდი ვერცხლის მედალი მიღებული აქვს რუსეთში, ყაზანის სამრეწველო გამოფენაზე.
გიორგი ბოლქვაძეს მიღებული აქვს 17 სხვადასხვა ქვეყნის ჯილდო, მათ შორის, პარიზისა და ბრიუსელის აკადემიების საპატიო ორდენები; ორი ფრანგული ორდენი – Merite agricole ვაზის რესტავრაციისათვის; ორდენი-ნიშნები – პარიზის ნაციონალური აკადემიისგან, ბრიუსელის მსოფლიო მეცნიერებისა და ინდუსტრიული ხელოვნების აკადემიისგან.
მეწარმის მიერ უხვად მოპოვებული უმაღლესი ხარისხის ბრილიანტის ქვებითა და ოქროთი შემკული ორდენები და მედლები გამოფენილი იყო მისსავე საფირმო მაღაზიაში. გახლდათ ბრიუსელის მეცნიერებისა და ინდუსტრიული ხელოვნებების მსოფლიო აკადემიის წევრი, პარიზის ეროვნული აკადემიისა და პარიზის სამიწათმოქმედო აკადემიის ნამდვილი წევრი.
გიორგი ბოლქვაძე 1870 წელს დაქორწინდა აკვირინე გიორგაძეზე. მათ სამი შვილი შეეძინათ: ქალიშვილი ნადეჟდა და ორი ვაჟი – მალაქია და მინა.
გამოყენებული მასალების წყარო: ღლონტი თეიმურაზ. კავკასიაში მაგარი სასმელების სამრეწველო წარმოების ფუძემდებელი; კალანდაძე ბონდო. რუსეთის იმპერიაში პირველი კონიაკის წარმოება გიორგი ბოლქვაძემ ქუთაისიდან დაიწყო // ღვინო / საქართველოს სომელიეთა ასოციაცია; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I; ვიკიპედია; nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





