როგორ აქცია მიშა მესხმა ფეხბურთი ხელოვნებად
ავტორი: ეკატერინე პატარაია 17:00
ზოგიერთი ფეხბურთელი გოლებით ახსოვთ, ზოგი – ტიტულებით, არიან ისეთები, ვინც ამ ცხრილში არ ეტევიან. მიხეილ მესხი სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ის არ იყო უბრალოდ მოთამაშე, ის იყო ადამიანი-მოძრაობა. თითქოს მოედანი მისთვის ბრძოლის ველი იყო, სადაც ნამდვილი ომია გაჩაღებული. თითქოს ამ მოედანზე ის საკუთარ სხეულს ავიწყდებოდა და ინსტინქტად იქცეოდა. ამბობენ, მესხი კი არ მისდევდა ბურთს, ბურთი მისდევდა მას. მის თამაშში ყველაზე უცნაური ის იყო, რომ მოწინააღმდეგე ხშირად არ მარცხდებოდა ძალისმიერად, იბნეოდა და მხოლოდ ასე ნებდებოდა. სწორედ დაბნევაა სპორტში ყველაზე უხილავი მარცხი. როცა მცველი ვერ ხვდება სად გაიქცა ფეხბრთელი, ეს უკვე ტექნიკა აღარ არის, ეს არის ფსიქოლოგიური უპირატესობა, რომელიც ვარჯიშით არ მოდის, ის ან გაქვს ან – არა. მიხეილ მესხი იყო ფეხბურთელი, რომელსაც უყურებდი და სულ გქონდა ის შეგრძნება, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო და შეიძლება, სწორედ ეს ქმნიდა მის იდუმალებას და უნიკალურობას. ფეხბურთი დისციპლინაა, მაგრამ მესხი იყო ადამიანი, ფეხბურთელი, რომელიც ამ დისციპლინასა და რაღაც ჩარჩოებში ვერასოდეს ჯდებოდა. ის ასრულებდა თამაშს, მაგრამ თამაშიც ასრულებდა მას. იყო მომენტები, როცა მისი მოძრაობები მწვრთნელის სქემას ეწინააღმდეგებოდა და სწორედ იქ ჩნდებოდა პარადოქსი – მის მთავარ იარაღად არაპროგნოზირებადობა იქცა. მის გარშემო ყველაზე ხშირად სიტყვა ტალანტი ისმოდა, მაგრამ ტალანტი მხოლოდ უნარია, მის შემთხვევაში ძირითადი მისი ხასიათი იყო. ჰქონდა ბავშური სიმტკიცე, ოღონდ არა სიჯიუტე – ჰქონდა უარის, რაღაცის მიუღებლობის თავისებური ფორმები, რათა თამაში მხოლოდ მოვალეობად ექცია. ეს ხასიათი ზოგჯერ ართულებდა მის სპორტულ გზას, თუმცა სწორედ ამ ხასიათმა შექმნა იგი ლეგენდად, რომელიც სტატისტიკაზე, რაღაც ციფრებზე არ დგას. მიშა მესხი არ იზომებოდა მხოლოდ გამარჯვებებით. წლების შემდეგაც ადამიანები მას იხსნებენ არა კონკრეტული მატჩებითა და შედეგებით, არამედ იმ შეგრძნებებით, რასაც იგი ადამიანებში თავისი განსაკუთრებული თამაშის მანერით ბადებდა. ეს არის მოძრაობების მეხსიერება, რაც თაობებს გადაეცემა, როგორც საოცარი ზღაპარი ოჯახს. მიხეილ მესხი იყო ნამდვილი ფეხბურთელი, რომელიც სწორედ თავისი თამაშის მანერით იქცა სტილად, როგორც ბრენდი, რომლითაც ყოველთვის ამაყობენ, იხსნებენ, აფასებენ და ყოველთვის ცდილობენ, მიბაძონ. სტილის გამეორება, ალბათ, შესაძლებელია, მაგრამ ხასიათის – არა. ამიტომაც დარჩა ის იმ მოთამაშეთა რიგში, ვინც უფრო ძლიერ ქარს, ქარიშხალს წააგავდა, რომელსაც ვერ დაიჭერ. მხოლოდ შეგიძლია, უყურო და იგრძნო მთელი არსებით, რომ რაღაცამ შენში მძაფრად გაიარა.
ასე სწავლობდნენ მის წინააღმდეგ თამაშს
ერთ მატჩში („დინამო“ თბილისის თამაშიდან) მცველები წინასწარ ელოდნენ მის კლასიკურ ფინტს, იმ მოძრაობას, რომელსაც უკვე სწავლობდნენ. მესხმა გააკეთა ზუსტად იგივე მატჩის პირველ ნახევარში, შემდეგ, საერთოდ ბურთი სხვა მიმართულებით გაუშვა, თავად კი, სხვა მხარეს გაიქცა. რამდენიმე წამში დანარჩენი ფეხბურთელებიც სხვადასხვა მხარეს აღმოჩდნენ. ტრიბუნიდან სიცილი გაისმა, მაგრამ არა დამცინავი, არამედ გაოცების. ამბობდნენ, მესხი ხანდახან თვითონ ბურთსაც ატყუებდაო.
ახალი ბუცები
მისი ერთ-ერთი უცნაური ჩვევა იყო – ახალ ბუცებს არ ენდობოდა. ამბობენ, ბევრჯერ უარი თქვა ახალი ბუცებით თამაშზე, ამბობდა, ფეხი არ გრძნობს მოედანსო. სხვა ფეხბურთელისთვის ეს კომფორტის საკითხი იქნებოდა, მისთვის კი – ინსტინქტის საკითხი იყო. მოედანი მისთვის არ იყო მხოლოდ მწვანე ზედაპირი, მოედანი მისთვის იყო სივრცე, სადაც სხეული უნდა დამორჩილებოდა არა წესს, არამედ შეგრძნებებს.
იყო შემთხვევებიც, როცა მწვრთნელის ტაქტიკური მითითება მოედანზე ირღვეოდა არა მესხის პროტესტის გამო, უბრალოდ, მესხი იმ მომენტში სხვანაირად ხედავდა მოედანს. ერთხელ, როდესაც მას მკაცრად დაავალეს ფლანგიდან არ გასულიყო, შუა თამაშში გადაუხვია და საგოლე მომენტი შექმნა. შემდეგ, გასახდელში რომ შენიშვნა მიიღო, უთქვამს: ბურთმა იქ წამიყვანა და რა მექნაო. ეს არ იყო დაუმორჩილებლობა, უფრო იყო შინაგანი ლოგიკა, რომელსაც ვერ ახსნიდი, მხოლოდ ხედავდი.
ბურთი მესხისთვის – ერთნაირად დიდი და მნიშვნელოვანი
მესხის მეგობრებს ახსოვდათ, რომ უბანში თამაშის დროსაც მიშა თითქმის იმავე მოძრაობებს აკეთებდა, რასაც დიდ მატჩებზე. მისთვის არ არსებობდა სერიოზული და უბრალო, გასართობი თამაში, მისთვის ბურთი ყოველთვის იყო ერთნაირად დიდი და მნიშვნელოვანი, უბნის მტვერშიც და განათებულ სტადიონზეც. ეს, დაახლოებით, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომ დიდ სცენაზე კი არ ავიდა, დიდმა სცენამ ქუჩის მოთამაშე აიყვანა თავისთან ისეთად, როგორიც ის რეალურად იყო.
მოედნის მიღმაც ძალიან ჩუმი იყო. გულშემატკივრები ელოდნენ ხოლმე სტადიონის შესასვლელთან მის კომენტარს, ახსნას, ემოციურ გამოსვლას მოედნიდან, ის კი იღიმოდა და თავს ხრიდა.
ერთ-ერთ შეხვედრაზე, როცა მას ეკითხებოდნენ როგორ ახერხებდა ასეთი ფინტების გაკეთებას, უთქვამს, მე არ ვფიქრობ, ვთამაშობო. ასე რომ, ის იყო ადამიანი, რომელიც საკუთარ უნარს თეორიად აქცევს.
ცრუ მანევრი
არსებობს მოგონება მატჩზე, როცა მან ბურთი გვერდით ხაზიდან მიიღო, ზედიზედ ორი ძალიან სწრაფი ცრუ მანევრი, თითქოს მცველს სივრცე გამოაცალა. ტრიბუნაზე წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა, ის იშვიათი სიჩუმე, როცა ხალხი ყვირილს ვეღარ ასწრებს, რადგან თვალს ვერ აცილებს ფეხბურთელის მოძრაობას, რომ გოლი კი არა, წამი დაამახსოვრდეთ.
რაღაც სხვა, უფრო დიდი
მის გარშემო სულ ლაპარაკობდნენ მის დისციპლინაზე, ხასიათის თავისებურებაზე, თავისუფლებაზე. მესხი თითქოს ბოლომდე ვერ ჩაჯდა იდეალური სპორტსმენის ჩარჩოში, მაგრამ სწორედ ამ შეუსაბამობამ შექმნა მისი განსხვავებულობა. მესხის ისტორიები ხშირად არ არის დიდ გამარჯვებებთან დაკავშირებული. ეს ისტორიები უფრო მცირე ეპიზოდებია, სადაც ადამიანი მოძრაობებით ამბობს მთავარ სათქმელს, რაღაც საოცრებებს სჩადის, ამიტომ მისი სახელი ბევრისთვის არ ნიშნავს მხოლოდ ფეხბურთელს. ის ამ დროს იყო ხელოვანი. მიხეილ მესხი ყველას აჩვენებდა, რომ შეიძლება, თამაში ზოგჯერ ხელოვნებადაც იქცეს. ერთხელ, მესხმა რამდენიმე ისეთი ცრუ მოძრაობა, გააკეთა, რომ მოტყუებული მცველი, პრაქტიკულად, ადგილზე გაშეშებული დატოვა. ეპიზოდის დასრულების შემდეგ თავად იმ მცველმა ტაში დაუკრა. ეს არ იყო დამცინავი ჟესტი, არამედ გაოცებული ადამიანის აღიარება. ფეხბურთში ხომ იშვიათია, როცა მოწინააღმდეგე ღიად აფასებს იმ წამს, როცა თავად დამარცხდა, მაგრამ აქ მოხდა სხვა რამ: იმ დღეს მეტოქემაც გაიგო, რომ ეს უკვე აღარ იყო თამაში მხოლოდ შედეგისთვის, ეს იყო რაღაც სხვა, უფრო დიდი.
როცა ყველას ეგონა, რომ კარში დაარტყამდა
ერთხელ, მატჩის შეემდეგ, როცა სტადიონის გარეთ ფეხბურთელებს პატარა გულშემატკივრები ელოდნენ, მესხი გაჩერდა და ერთ-ერთს ბურთი სთხოვა. რამდენიმე წუთით იქვე, საჩვენებლად დაიწყო ბურთის ფეხით კენწვლა და სხვა მანევრები. ბავშვები ვერ მიხვდნენ – სად მთავრდებოდა მასთან შეხვედრა და სად იწყებოდა თამაში. იმ დღის ბევრი მოგონება არსებობს, არა როგორც მესხთან ავტოგრაფის დღე, არამედ ის წამები, როცა პროფსიონალი დიდი ფეხბურთელი მათსავით და მათთვის თამაშობდა... იყო ასეთი ეპიზოდიც, როცა ყველას ეგონა, რომ კარში დაარტამდა, დაცვის ხაზიც და თავად მეკარეც მზად იყო დარტმისთვის, მესხმა ბოლო წამს ბურთი სპეციალურად გვერდზე გადაუგორა თანაგუნდელს, რასაც არავინ ელოდა. შემდგომ გოლი სხვამ გაიტანა, მაგრამ მთელი ტრიბუნა მაინც მესხზე ლაპარაკობდა, რომ გოლი არ ეკუთვნოდა მხოლოდ იმას, ვინც დაარტყა.
ოპერაციები და ქრონიკული ტკივილები
მესხის ცხოვრება მხოლოდ ლამაზი ფეხბურთი და ტაში არ ყოფილა, მას ცხოვრებაში საკმაოდ არასფეხბურთო სიმძიმეებიც ჰქონდა გამოვლილი. ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემებიც. მესხს კარიერის შემდეგ ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესება დაეწყო, ოპერაციები და ქრონიკული ტკივილები… ფეხბურთელისთვის, რომლის იდენტობაც სხეულთან და სულ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული, ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე გადასატანი იყო. კარიერის დასრულების შემდეგ მის ცხოვრებაში სიცარიელის გრძნობა გაჩნდა. ბევრი დიდი სპორტმენის მსგავსად, მანაც განიცადა ის პერიოდი, როცა სტადიონი, ტაში და აქტიური ცხოვრება, უცებ წყდება. ეს კი ხშირ შემთხვევაში თვითშეფასების ვარდნას, დეპრესიას, შინაგან სიცარიელეს იწვევს, რაც მესხს დაემართა.
საბჭოთა სისტემის წნეხი
მესხი თავისუფალი, შემოქმედი ფეხბურთელი იყო, მაგრამ საბჭოთა სისტემა დისციპლინასა და ერთგვარ „ჩარჩოებს“ ითხოვდა. მისი თამაშისა და ცხოვრების სტილს ხშირად ეჭვის თვალით უყურებდნენ – ის ზედმეტად ინდივიდუალური იყო. ნიჭი და სისტემა მასში მუდმივ შიდა დაძაბულობას ქმნიდა. ხოლო, რაც შეეხება მის ეკონომიკურ მდგომარეობას, ფინანსური და სოციალური არასტაბიულურობა ბოლო წლებში მისი თანმდევი იყო. იმ დროს სპორტსმენებს არ ჰქონდათ ის ფინანსური მდგომარეობა, რაც დღეს ფეხბურთელებს აქვთ. მიუხედავად დიდებისა, ცხოვრება მაინც არ ყოფილა მისთვის მარტივი.
მეკარე რამაზ ურუშაძე: „1963 წელია, საბჭოთა ნაკრებში არ გამომიძახეს. იტალიას ვხვდებით მოსკოვის „ლუჟნიკის“ შესანიშნავ სტადიონზე. თამაშის წინა საღამოს, ჩვენი და ნაკრების წევრები, მიშა მესხი და სლავა მეტრეველი მეუბნებიან:
– რამაზ, ხვალ შენ დაიცავ სსრკ ნაკრების კარს!
– უყურე ახლა ამათ, – ვფიქრობ გულში – კაცო, მაცალეთ ამ ტკბილი სიზმრიდან გამოსვლა.
– ხვალ შენ დაიცავ კარს! – ისევ გამიმეორეს ეს სანუკვარი და ჯადოსნური სიტყვა. მოდი და დაიჯერე! მოდი და სიზმარი ნუ გეგონება! – მე, ლანჩხუთელმა ჭაბუკმა უნდა დავიცვა საბჭოთა კავშირის ნაკრების კარი, საბჭოთა კავშირის ღირსება, თანაც როდის, როდესაც ნაკრების ძირითადი მეკარე ლეგენდა, მსოფლიოს მეკარეების ეტალონი, ლევ იაშინია.
– თქვენ რა იცით? – თითქოს გამოვედი სიზმრიდან. არა, არა და არა! არ მჯერა.
– მაშინ ასე, – ამბობს მიშა მესხი, – თუ ხვალ შენ ითამაშებ, ერთ ბოცა „ადესას“ იკისრებ სამშობლოში. თუ არა, ჩვენ „გაბანავებთ“ შამპანურში. თამაშის დღეს, 12 საათზე, ბესკოვმა კარში მართლაც მე დამაფიქსირა. კარგი ყოფილა, როცა სიზმარ-ცხადში ხარ. ის თამაში 2:0 მოვიგეთ. თუ გავითვალისწინებთ, რა მრისხანე მეტოქესთან მოვიგეთ. ლოგიკური დასკვნაც უნდა გამოვიტანოთ – „ცუდად“ არ მითამაშია, როგორც დებიუტანტს. ყოველივე ამას ამაგრებს გასახდელში დიდი ლევ იაშინის სიტყვები ხელის ჩამორთმევის შემდეგ: „მალადეც რამაზ, მალადეც რამაზ პავლოვიჩ!“
ეს სიტყვები მთელ ჩემს კარიერას წონიდა. რჩებოდა პირობა… „ადესა“, რომელიც გურიაში „იშოვება“, ოღონდ ერთი ბოცა კი არა… 11 ბოცა ჩამოვუტანე მიშა მესხს (ის ხომ 11 ნომერი იყო)“.
გიორგი შხვაცაბაია: „სწორუპოვარი ბომბარდირი და მაყურებლის „კერპი“ მიშა მესხი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახლდათ. ერთ დღეს მე და ბორია სიჭინავამ შინ მივაკითხეთ. მიშას სახლი მშენებლობის სტადიაში იყო, მაგრამ ეზოში აუზი უკვე მოუსწრიათ, ოღონდ წყალი ჯერ არ ჩაუსხამთ. მესხს სუფრა და დროსტარება ფეხბურთზე არანაკლებ უყვარდა. გაიშალა სუფრა ეზოში. დაიწყო ტრადიციული სადღეგრძელოები ტრადიციული „ჭინჭილით“. ბუნებრივია, ერთი სფეროს წარმომადგენლები სუფრაზე პროფესიულ თემაზე საუბრობენ. ბორია და მიშა მაგრად გაერთნენ. იხსენებენ განვლილი მატჩების ეპიზოდებს.
– აუზი? – ვთქვი მოულოდნელად.
– რა აუზი? – გაიკვირვა მიშამ.
– რა და შენ ხომ მაგარი ხარ? – შევუბრუნე კითხვა.
– რა უნდა ამ კაცს? – ბორისს გადახედა მესხმა. ბორიამ მხრები აიჩეჩა.
– ხომ მაგარი ხარ, ძმაო, მოედანზე? – არ ვიხევ უკან, – მოდი, ერთი ერთზე ვითამაშოთ, ოღონდ აუზში. ნაძლევი 50 მანეთზე იყოს. ვინც მოიგებს, ბიჭიც ისაა. მიზანდასახული და ჯიუტი მიშა „ანკესზე“ წამოეგო და გამოწვევა მიიღო. გავიხადეთ შარვლები და პატარა საცურაო აუზში თავით გადავეშვით. ტანით მაღალი ვარ და დაცვაში ვაჯობე. ვერაფრით ბურთი ვერ გამიტანა. მხოლოდ მე მოვახერხე მესხის „კარში“ ერთი ბურთის „შეგზავნა“ და მოწმე მსაჯმა უყოყმანოდ დააფიქსირა ჩემი მოგება. „რაც შენ მოედანზე თქვა, ჩემი აუზიც არ დაგავიწყდეს-მეთქი!“ – შევძახე და ქეიფიც გახურდა. ეგრეც ნუ მიყურებთ, მიშა მესხისთვის „აუზში“ მომიგია, მააშ!“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





