საზოგადოება

რატომ შეიძლება, გია ყანჩელის მუსიკაზე ადამიანი საავადმყოფოში მოხვდეს ან გაგიჟდეს და ყველა ფანჯარა ჩაამსხვრიოს

№37

ავტორი: ეკატერინე პატარაია 18:00 21.09, 2021 წელი

გია ყანჩელი
დაკოპირებულია

„არა, ოვაციებს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, – მითხრა გია ყანჩელმა მტკიცედ და გაჩუმდა, ხელჯოხი ოდნავ შეაქანა და რამდენიმე წამით იატაკს მიაჩერდა, – როდესაც მთავრდება შესრულება, თითქმის ყველა ჩემი ნაწარმოები სიჩუმეში გადადის, – განაგრძო მან კიდევ უფრო მშვიდი ხმით, – ეს სიჩუმე გრძელდება 5 წამი, 10, 15 წამი. მე ეს სიჩუმე მიყვარს ყველაზე მეტად. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ოვაცია. მერე უკვე აღარ მაინტერესებს, ვის მოეწონა, არ მოეწონა… იცით, რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს სიჩუმე, მით უფრო მიმაჩნია, რომ გარკვეულ მიზანს მივაღწიე. ერთხელ, ლაიფციგში სანამ მსმენელი ოვაციას გამოხატავდა, პაუზა დიდხანს გაგრძელდა – შეწყდა ჩემი მუსიკა და აღარ დამთავრდა სიჩუმე დარბაზში, სადაც 200 კაცი იჯდა. მერე ჩანაწერი მოვითხოვე და დავთვალე – 40 წამზე მეტხანს გაგრძელებულა, თურმე, ეს სიჩუმე... მიმაჩნია, რომ ადამიანის მარტოობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და რომ ეს მარტოობა სწორედ სიჩუმესთან არის დაკავშირებული. რაც უფრო ხმამაღალია ეს ჩვენი საუკუნე, მით უფრო მეტად მინდა ხოლმე, რომ გამოვხატო სიჩუმე. მუსიკაში ეს ძალიან რთულია“ („ბათუმელები“. ავტორი – ჯ.ანანიძე).

როგორ იქმნებოდა მუსიკა ფილმებისთვის

ყოველთვის მერჩივნა, ჯერ აწყობილიყო კადრები, მენახა ფილმი და თავად მეგრძნო, სად რომელი თემა იყო საჭირო, – მპასუხობს ბატონი გია, – ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ვიყავი დამხმარე ძალა რეჟისორისთვის. ვფიქრობ, ეს იყო ნორმალური და მადლობელი ვარ ამ რეჟისორების. მე ვასრულებდი მათ სურვილებს. მაგალითად, რობერტ სტურუასთან მუშაობის დროს უნდა გამომეყენებინა როგორც სიმფონიური და კამერული მუსიკა, ასევე საცირკოც. მე ამას ვაკეთებდი, რადგან მას სჭირდებოდა. ელდარ შენგელაიასთან მუშაობის დროს მუსიკა დავწერე, სულ 30-წუთიანი იყო. სამონტაჟოში ვიყავით, რომ ფილმზე მოგვერგო. ისე დადიოდა წინ და უკან, ვატყობდი, რაღაც ბოლომდე არ მოსწონდა. უფრო მარტივი რამე უნდოდა. ხელახლა დავწერე მუსიკა, ის 30 წუთი კი წავიდა ნაგავში. ეს ფილმი – „არაჩვეულებრივი გამოფენა“, ისევე როგორც დანელიას „არ დაიდარდო“, არ ბერდება, ჩაპლინის სურათებივით არიან.

სხვათა შორის, გიორგი დანელიასთან მუშაობა სასჯელივით იყო. ცხოვრებაში პატიმარი არ ვყოფილვარ, მაგრამ ეს ამას უდრიდა. „არ დაიდარდოზე“ მუშაობის დროს არაფერი არ მოსწონდა, ყველას აწვალებდა. ვუთხარი, რომ ასე ვერ ვიმუშავებდი და წამოვედი. რამდენიმე დღის მერე დამირეკა, თუ შეიძლება, შენთან ერთად ჩაი დავლიოო. გავაგრძელეთ. არაჩვეულებრივი მუსიკა ახასიათებს დანელიას, იცის, რა უნდა და სანამ არ მიაღწევს იმას, რაც უნდა, მანამდე აწვალებს ყველას: მსახიობს, მხატვარს, კომპოზიტორს, სცენარისტს… ამ ყველაფრის პარალელურად, ცალკე ჩემს შემოქმედებაზე ვმუშაობდი, სადაც რეჟისორიც მე ვიყავი, მხატვარიც, გამნათებელიც, ქორეოგრაფიც…

უარი რომელიმე ფილმის მუსიკის დაწერაზე

არცერთი რეჟისორისთვის არ მითქვამს უარი. რაც უფრო ცუდი სცენარი იყო და საშუალო დონის რეჟისორი, მით უფრო მარტივად ვეთანხმებოდი მუსიკის დაწერას. კი, ასე იყო. ვიცოდი, იმათ არ ექნებოდათ ბევრი პრეტენზია. სამი წელიწადი რომ მეწერა ერთი სიმფონია, ოჯახი უნდა მერჩინა. 50 ფილმისთვის დავწერე მუსიკა და აქედან ათით ვამაყობ, ის 40 აღარც კი მახსოვს. ასე შევძელი ეკონომიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნება საბჭოთა პერიოდში. ძალიან დიდი სიამოვნებით ვაკეთებდი ამას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა მეწერა სიმღერები პარტიაზე, დიად სამშობლოზე… რა უნდა მექნა? შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რამდენი რესტორანი იყო საბჭოთა კავშირში? ალბათ, მილიონი. ერთ დროს ყველა რესტორანში „ჩიტო-გვრიტოს“ მღეროდნენ. ამიტომ მე ამ სიმღერას დავარქვი ვენერიული სიმღერა. არ მსიამოვნებდა. ხშირად სხვადასხვა შეხვედრაც კი ამ სიმღერით იწყებოდა. მერე ინტერვიუებში ვთქვი, რომ „ჩიტო-გვრიტო“ დანელიამ დაწერა, მე, უბრალოდ, გავამუსიკე-მეთქი.

„მე მხოლოდ დადებითი რეცენზიების მომსწრე არ ვარ“

...ერთხელ ლონდონში შეასრულეს ჩემი ნაწარმოებები. რეცენზიაში დაწერეს: „მინდოდა ძაფი მქონოდა დარბაზში და ქსოვას დავიწყებდიო, თან წითელი ფერის ძაფი, რომ ყურადღება მიმექციაო…“ „და, საერთოდ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მოვკვდი მაღაზიაში, სადაც არის შამპუნები და ვეღარ შევძელი გარეთ გასვლაო…“ კიდევ ერთი შემთხვევა იყო: ესპანეთში გამოსცეს ჩემი მეექვსე და მეშვიდე სიმფონია კომპაქტდისკის სახით. გარეკანზე იყო წითელ წრეში თეთრი წარწერა – გაუფრთხილდით დინამიკურ ცვლილებას. რეცენზიაში დაწერეს, თუ ეს არ წაიკითხა ადამიანმა და პირდაპირ ჩართო მუსიკა, იწყება ყველაფერი ჩუმად, ძალიან ჩუმად და მერე შეიძლება ისე მოხდეს, ადამიანი ცუდად გახდეს და წაიყვანონ საავადმყოფოშიო. თუ გადარჩა და სახლში დაბრუნდა, აუცილებლად ყველა ფანჯარას დაამსხვრევსო. ეგ კი არა, ქართული ტრადიციების მტრადაც მაცხადებდნენ. ეს ქართულ ხალხურ სიმღერას უარყოფს და არ ცნობსო... მინდა, აღიქვან ჩემი მუსიკა, როგორც სიბნელისგან თავის დაღწევის მცდელობა. ჩემთვის სიბნელეა ფუნდამენტალიზმი, ნაციონალიზმი, ვაიპატრიოტული გამოვლინებები, რომლებსაც მხოლოდ ზიანი მოაქვთ. მე დღესაც ვერ გამიგია, ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც ტერორისტული აქტები მოაწყვეს, სად გაიზარდნენ. ეს სიბნელეა, სიბნელე, აბა, რა არის? მუსიკაც ხშირად უძლურია სიბნელის წინააღმდეგ. უძლური რომ არ იყოს, მაშინ ბახის მუსიკა იქნებოდა მხოლოდ საკმარისი, რომ ქვეყანა ყოფილიყო უფრო ლმობიერი. ბახის გარდა კიდევ რამდენი გენიალური მუსიკოსია, მხატვარი ან პროზაიკოსი. მოიტანა თუ არა ამ გენიალურმა ქმნილებებმა დადებითი შედეგი?

რატომ დატოვა საქართველო გია ყანჩელმა

...გია ყანჩელმა საქართველო 90-იან წლებში დატოვა. ქვეყნიდან წასვლის მიზეზად იმდროინდელ ხელისუფლებას ასახელებს, ნაციონალისტურ გზავნილებს, მაგალითად, „საქართველო მხოლოდ ქართველებს“. „ამის შედეგია, რომ ლეგენდარული ფარაჯანოვის მუზეუმი ახლა ერევანშია და არა – თბილისში. იმ მუზეუმში თითქმის ყველა ნივთი თბილისიდანაა წაღებული. მე არ შემეძლო ამ ყველაფრის ატანა. იმ დროს გერმანიიდან მივიღე სტიპენდია და ერთი წლით წავედი. მერე ისე მოხდა, რომ შეთავაზება მივიღე და ეს შეთავაზებები აღარ დასრულდა. ასე შემოვრჩი ევროპაში, თუმცა ანტვერპენშიც მგონია, რომ თბილისში ვარ. იქ ერთი მყუდრო სახლი შევარჩიე, გარემოც ისეთია, მრავალეთნიკური…“

„ეკლესიაში მიყვარს შესვლა მაშინ, როდესაც იქ ხალხი არაა“

მე ვარ არარელიგიური და რელიგიის მიმართ მაქვს საკმაოდ რთული დამოკიდებულება. ძალიან კარგად მესმის, რომ რელიგია იმედსაც აჩენს და სისხლისღვრასაც. სინათლესთან ერთად რელიგიას სიბნელეც მოაქვს. მე ახლა არ მოვყვები იმას, რაც ხდებოდა შუა საუკუნეებში, მაგრამ თუ გადავხედავთ იმას, რაც ხდება დღეს, რაც მიმდინარეობს ჩვენს პლანეტაზე, გამოწვეული არის რელიგიური ფანატიზმით, ფუნდამენტალიზმით. ეკლესიაში მიყვარს შესვლა მაშინ, როდესაც იქ ხალხი არაა. მაშინ ეს შესანიშნავია. საერთოდ მიმაჩნია, რომ ნებისმიერ პიროვნებას, ჩვენ, ყველას გვყავს ჩვენი ღმერთი. დედაჩემი კათოლიკე იყო. ახლა ვფიქრობ, თუ დღეს კათოლიკეებმა და მართლმადიდებლებმა ვერ მიაღწიეს ერთობას, რას უნდა მოველოდეთ სხვა რელიგიის წარმომადგენლებისგან? თქვენ, ალბათ, საქმის კურსში ხართ, რა ხდება იმ დაჯგუფებებში, რომლებსაც ჰქვია ისლამური. ჩემს ნაწარმოებებში ბიბლიიდან მაქვს გამოყენებული რაღაც ფრაზები, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური არ ვარ, არ დავდივარ ეკლესიაში, მოკლედ, აღარ გავაგრძელებ.

არარელიგიური კომპოზიტორის სტუმრობა პატრიარქთან

რელიგიის მიმართ ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, პატრიარქმა მომანიჭა ყველაზე მაღალი საეკლესიო ჯილდო – წმინდა გიორგის ორდენი. საღამოს მე და ჩემი მეუღლე მიგვიწვია ვახშამზე. მივედით. სუფრასთან დაახლოებით, 20 ადამიანი იყო. ჩვენ მოპირდაპირე მხარეს დაახლოებით 8-10 მღვდელი იყო, სუფრის თავში – პატრიარქი. ვახშმის დროს პატრიარქი უცებ ეუბნება ერთ-ერთ ქალბატონს, ჩართეთ ტელევიზორიო. სუფრის წინ უზარმაზარი მონიტორი იყო. ჩართეს მონიტორი და გამოჩნდა ჩემი მსხვილი კადრი, სადაც მე ვამბობ, რომ რელიგიის მიმართ მაქვს ძალიან რთული დამოკიდებულება. არ ვიცი, იქნებ მოწყობილი იყო ეს ამბავი. მიმაჩნია, რომ ჩვენი პატრიარქი აბსოლუტურად ნორმალური პიროვნებაა, ალბათ მისთვის ეს შეურაცხმყოფელი არ იყო, მაგრამ რომ გადავხედე მღვდლებს, მივხვდი, რომ მაინცდამაინც კმაყოფილები არ დარჩნენ ჩემი დამოკიდებულებით. პატრიარქს არაფერი აღარ უკითხავს ჩემთვის. ჩვეულებრივად გაგრძელდა ვახშამი.

და კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც გია ყანჩელს მასტერ კლასის დროს დაუსვეს: „რისთვის ქმნით მუსიკას“? „ჩემთვის,“ – უპასუხა მან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი