საზოგადოება

როგორ გახდა კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი ნიუ-იორკის ვიცე-მერი და როგორ ედგა ის გვერდში თანამემამულეებს

№18

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 08.05

კონსტანტინე
სიდამონ-ერისთავი
დაკოპირებულია

კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი არისტოკრატიული ოჯახის შთამომავალი იყო. მისი მამა, სვიმონ (სიკო) სიდამონ-ერისთავი რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი გახლდათ. 1918 წელს სამშობლოში დაბრუნდა და სამხედრო კარიერა ქართულ არმიაში პოლკოვნიკის ჩინით განაგრძო.

1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, სვიმონი ემიგრაციაში ამერიკაში წავიდა. იქ ცოლად შეირთო საფრანგეთში ამერიკის ელჩის ქალიშვილი ენ ბიგლოუ-ტრეისი. მასთან ქალ-ვაჟი – კონსტანტინე და ანა შეეძინა. პირველი ქორწინებიდან სვიმონს ერთი ქალიშვილი ჰყავდა – ირინე.

სვიმონმა ნიუ-იორკის საუკეთესო ნაწილში რესტორანი „კავკასიის არწივი“ გახსნა, სადაც ხშირად იყრიდნენ თავს ქართველები და კავკასიელები. მან, იტალიაში საქართველოს ელჩ გიორგი მაჩაბელსა და სათვისტომოს თავმჯდომარე, პიანისტ ირაკლი ორბელიანთან ერთად, ნიუ-იორკიდან 100 კილომეტრში, მდინარე ჰუძონის ნაპირას, კლოდ-სპინგის რაიონში კავკასიელთა დასასვენებელი სახლი „ალავერდი“ დააარსა. ზაფხულობით ქალაქის ხვატს გარიდებული ნიუ-იორკში მცხოვრები კავკასიელები თავს სწორედ ამ სავანეს აფარებდნენ. ეს იყო ორსართულიანი, კარგად გაწყობილი სახლი, ულამაზესი ეზოთი და ბაღით, რომელსაც „კავკასიურ წალკოტს“ უწოდებდნენ, იქვე იყო აუზი და ბოსტანი, სადაც წიწმატი, ტარხუნა და ქინძი მოჰყავდათ. „ალავერდი“ არა მარტო დასასვენებელი, არამედ კავკასიელთა სამეგობრო ცენტრი გახდა. სვიმონ სიდამონ-ერისთავის გარდაცვალების შემდეგ დასასვენებელი სახლისა და „ალავერდის საზოგადოების“ ხელმძღვანელობა მისმა ვაჟმა, კონსტანტინემ გადაიბარა, მდივნობა კი – მისმა მეუღლემ.

კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი 1930 წლის 28 ივნისს მანჰეტენზე დაიბადა. სწავლობდა მილბრუკის სკოლაში. დაამთავრა პრინსტონის უნივერსიტეტი სამთო ინჟინრის დიპლომით. მსახურობდა არმიაში. მონაწილეობდა კორეის ომში, რისთვისაც ბრინჯაოს ვარსკვლავი დაიმსახურა. სამხედრო სამსახურის შემდეგ, 1957 წელს, დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ჯერ იურიდიულ ბიუროში მუშაობდა, შემდეგ კი იურისტ დასთან, ანა სიდამონ-ერისთავთან ერთად საკუთარი ბიურო გახსნა. კენედის მკვლელობის შემდეგ აქტიურად ჩაება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. გახდა ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის წევრი და სწრაფად გაიკეთა პოლიტიკური კარიერა.

1965 წელს კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი ნიუ–იორკის მერის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ ჯონ ლინდსის წინასაარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ლინდსმა ის თანაშემწედ დანიშნა საავტომობილო მიმოსვლის დარგში. ასე გახდა კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს უდიდესი ქალაქის, ნიუ-იორკის ვიცე-მერი. ამ თანამდებობაზე კარგა ხანს იმუშავა, სამი მთავრობა გამოიცვალა და პენსიაში გასვლამდე ქალაქის მმართველობაში დიდ როლს ასრულებდა.

კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი აქტიურად იყო დაკავებული გარემოს დაცვის პრობლემებითაც. ამ საქმეში 1974 წელს გუბერნატორმა მალკოლმ უილსონმა ჩააბა. 1989 წლიდან 1993 წლამდე ნიუ-იორკის რეგიონის გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. ზედამხედველობდა პროგრამებს, რომლებიც აკონტროლებდნენ ჰაერისა და წყლის სისუფთავეს, ინდუსტრიულ ნარჩენებს, ტოქსიკურ ნივთიერებებს, პესტიციდებსა და ოკეანის დაბინძურებას.

მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი უცხოეთში დაიბადა და გაიზარდა, ქართული ადათ-ჩვევები და ტრადიციები შეინარჩუნა. ქულაჯასა და ჩოხაში გამოწყობილი ყოველთვის ესწრებოდა სათვისტომოს ღონისძიებებს. ეხმარებოდა ქართველებს იურიდიული კონსულტაციებითა თუ სამსახურში მოწყობით. 70-იან წლებში, როცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ გატანილი ქართული არქივი პარიზში წყალდიდობამ დააზიანა, მის გადასარჩენად სოლიდური თანხა გაიღო.

კონსტანტინე (კონი) ერისთავის ინიციატივითა და დიდი ძალისხმევით 1994 წელს დაარსდა ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“, რომლის დირექტორთა საბჭოს ის სიცოცხლის ბოლომდე თავმჯდომარეობდა. აღმასრულებელ დირექტორად ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალი, ამერიკელი მწერლის პავლე ჭავჭავაძის შვილიშვილი მარიამ ჭავჭავაძე დანიშნა.

„საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ მეშვეობით უამრავი ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და სამედიცინო პროგრამა დაფინანსდა. ორგანიზაცია, ძირითადად, ქართველთა შედარებით დაუცველ ფენას ეხმარება: მედიკამენტებით, მკურნალობენ ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს, ასევე, მაქსიმალურად ეხმარებიან ხანდაზმულებს. უსახლკარო ბავშვებისთვის თავშესაფარიც ააშენეს. ორგანიზაცია ხშირად საკუთარი აღზრდილების განათლების ხარჯებსაც საკუთარ თავზე იღებს, კონი ერისთავი ბოლომდე ჩართული იყო ყველა საგანმანათლებლო, სამედიცინო, თუ სოციალური დახმარების პროექტში. დღეს ორგანიზაციას კონის უფროსი ვაჟი ვაშინგტონელი ადვოკატი, ბაბუის მოსახელე სიმონ სიდამონ-ერისთავი ხელმძღვანელობს.

კონი ერისთავი 1957 წელს ენ ფილიპსზე დაქორწინდა. მათ სამი შვილი შეეძინათ: სიმონი, ელისაბედი და ანდრია (ენდრიუ). საქართველოს შვილებთან ერთად პირველად 1989 წელს ეწვია. მათ მთელი საქართველო დაათვალიერეს, მოინახულეს წინაპრების სასახლე ანანურში და ამერიკაში შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდნენ. ამის შემდეგ კონი კიდევ ხუთჯერ ესტუმრა საქართველოს. ძირითადად, იმ პროექტებს ამოწმებდა, რომელზეც ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ მუშაობდა. შვილებმა მამისგან მემკვიდრეობით პროფესია, ინტერესები, ბუნებისა და სპორტის სიყვარული მიიღეს. შვილები: სიმონი ვაშინგტონში გარემოს დაცვის ადვოკატია, ენდრიუ – პოლიტიკოსი, განათლებით, ასევე, იურისტი, საჯარო მოხელეა და სამ წელზე მეტია, ნიუ-ჯერსის შტატის ხაზინის მდივნის მოვალეობას ასრულებს. ელისაბედი მხატვარია. ის საქართველოში ხშირად აწყობს გამოფენებს. ის, ასევე, იელის უნივერსიტეტის ბიოკონსერვაციის საბჭოს წევრიცაა. საქართველოს სიყვარულით იზრდება კონსტანტინეს რვა შვილიშვილიც.

ნიუ-იორკის ყოფილი ვიცე-მერი და გარემოს დამცველი კონსტანტინე სიდამონ–ერისთავი 2011 წლის დეკემბერში ამერიკაში 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გამოყენებული მასალების წყარო: დაუშვილი რუსუდან. ცნობილი ქართველები ამერიკაში; მახარაძე ირაკლი. სიმონ და კონსტანტინე სიდამონ-ერისთავები // ქართველები ამერიკაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი