ლელი შევჩენკოს უნიკალური ხელწერა და რთული გზა წარმატებულ კარიერამდე
ავტორი: ქეთი მოდებაძე 12:31 14.02, 2024 წელი
არქიტექტორსა და დიზაინერს, ლელი შევჩენკოს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს, თუმცა საბოლოო პროფესიის ჩამოყალიბებამდე საკმაოდ დიდი და საინტერესო გზა გაიარა. საბოლოოდ ზუსტად იპოვა საკუთარი თავი იმ საქმეში, რასაც წლებია, მაღალი პროფესიონალიზმით, საკუთარი უნიკალური ხელწერითა და დიდი სიყვარულით ემსახურება. მის პორტფოლიოში ასობით ერთმანეთისგან განსხვავებული სივრცეა, ერთნაირი პასუხისმგებლობით უდგება პატარა და დიდი მასშტაბის პროექტებს, თითოეული მათგანი უნიკალურია, რომელსაც ანალოგი არ აქვს. ეს კარგად იციან მისმა დამკვეთებმა და არჩევანს ლელი შევჩენკოზე, როგორც წესი, მისი განუმეორებელი ხელწერა განაპირობებს. ჩვენმა ინტერვიუმ ვერ დაიტია მისი კარიერის ყველა მნიშვნელოვანი და საინტერესო მომენტი, თუმცა გთავაზობთ ინტერვიუს, სადაც რამდენიმე ძირითად კითხვაზე გვპასუხობს.
ლელი შევჩენკო: მამა მეცნიერი იყო, სახლში ყოველთვის იყო საექსპერიმენტო სივრცე, სადაც სამსახურის შემდეგ კვლევებს ატარებდა. სახლში, ასევე, ჰქონდა ფოტოგრაფიული ლაბორატორია. დედაც შემოქმედია, მუსიკის პედაგოგია. ეხერხებოდა ქსოვა, კერვა, ქარგვა. მამა მასშტაბური კუთხით ფიქრობდა, დედა უფრო დეკორაციებზე იყო ორიენტირებული. მამას თავიდან ბოლომდე საკუთარი ხელით აქვს აშენებული პატარა შალეს ტიპის კოტეჯი ჩვენს აგარაკზე, სოხუმში. ასევე საოჯახო სასტუმრო – ბორჯომის ხეობაში. დედა, ძირითადად, ავეჯის განლაგებაზე ფიქრობდა. მთელი ბავშვობა მათ შემოქმედებას ვუყურებდი. როდესაც პროფესიულ არჩევანს ვაკეთებდი, საკმაოდ დიდი კონკურსის პირობებში ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, უფასოზე. ვსწავლობდი თეატრისა და კინოს მხატვრობაზე.
ამ პერიოდში გადავწყვიტე, მე თვითონ შემესწავლა 3 D პროგრამები, რაც საქართველოში იმ პერიოდში ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა. შევიძინე მაღალი სიძლიერის კომპიუტერი, შესაბამისი ლიტერატურა რუსულ და ინგლისურ ენაზე და გადავწყვიტე, ის ზაფხული მთლიანად ამ პროგრამების შესწავლისთვის დამეთმო. სამსახურის რეჟიმი გამოვიმუშავე: დილის 9 საათზე შევდიოდი სპეციალურად გამოყოფილ ოთახში და საღამოს 7 საათამდე თავაუღებლად ვმეცადინეობდი. ზაფხულის ბოლოს შესწავლილი მქონდა გრაფიკული პროგრამების ძალიან ძვირფასი კომპლექტი. მჭირდებოდა ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოცდა, ამიტომ შევიტანე ჩემი რეზიუმე რამდენიმე
სასწავლო ცენტრში, მშობლების გამოცდილების დახმარებით, თავად შევადგინე სილაბუსი და ერთ-ერთ სასწავლო ცენტრში თავიდანვე გულწრფელად ვაღიარე ჩემი გამოუცდელობის შესახებ. ხელმძღვანელმა მითხრა, ყოველი ახალი მოსწავლისთვის უფასოდ ჩამეტარებინა ორი გაკვეთილი, თუ დარჩებოდნენ და იტყოდნენ, რომ მოსწონთ ჩემი სწავლება, მაშინ გაფორმდებოდა ჩემთან კონტრაქტი. ერთის გარდა, ყველა მოსწავლე დარჩა (ის ერთიც ხანდაზმული ქალბატონი იყო და გაუჭირდა ათვისება). ამის შემდეგ მყარად ჩამოვყალიბდი, რომ არქიტექტორობა მინდოდა და სამხატვრო აკადემიაში მაგისტრატურაზე ჩავაბარე. ამ პერიოდში, დაახლოებით, ათი პროექტის გაკეთება მომიწია და ძალიან საინტერესო გამოცდილება მივიღე. ისეთ პროექტებთან მქონდა შეხება, როგორიცაა „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონი, სადაც პირველი მოდის კვირეული მოეწყო და ჩემს მეგობრებთან ერთად, ამის დაგეგმარებაში მივიღე მონაწილეობა. გავაკეთეთ სიმონ ჯანაშიას მუზეუმის ექსპოზიციის კონცეფცია. ასე მოვედი ამ პროფესიამდე.
– მათ, ვისაც ერთხელ მაინც უთანამშრომლია თქვენთან, მარტივად შეუძლიათ თქვენი ნამუშევრების ამოცნობა, როგორ ფიქრობთ, რა გამოგარჩევთ?
– ჩემი დაკვირვებით, ძალიან საინტერესო კონტინგენტი მყავს, ყველა მათგანი გარკვეული კუთხითაა განათლებული, აქვს ანალიზის უნარი და ჩემთან მოსულ თითოეულ დამკვეთს აქვს ამბიცია, რომ ჩემგან უნდა მიიღონ მასზე მორგებული ექსკლუზიური პროექტი. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ძირითად შემთხვევაში ამოცანა შესრულებულია, რასაკვირველია, აბსოლუტურად ყველა ვერ იქნება ისეთი, მაგრამ უმრავლესობა – 100-დან 90
პროცენტი იღებს იმას, რისი მოლოდინიც ჰქონდა მასზე მორგებულ ექსკლუზიურ პროექტს. მე ვფიქრობ, რომ დამკვეთები ექსკლუზიურობის მოლოდინით გამომარჩევენ. ბევრი კოლეგისგან და არაერთი დამკვეთისგან მომისმენია, რომ ჩემი არც ერთი პროექტი არ ჰგავს სხვას. ამას ვიღებ, როგორც ქათინაურს, რადგან, თუ დავიშტამპე და ჩემი ყველა პროექტი ერთმანეთს დაემსგავსა, ესე იგი, ინდივიდუალიზმი დავკარგე. ჩემი ამოცანაა, ყველა პროექტში ვიყო უნიკალური, არ აქვს მნიშვნელობა, რა მასშტაბის იქნება პროექტი. როდესაც ჩემთან დამკვეთი იმუშავებს, მან უნდა მიიღოს, უნიკალური პროექტი, რომლის ანალოგსაც ვერ ნახავს.
– რა მიდგომები გაქვთ დამკვეთის გემოვნების იდენტიფიცირებისთვის და როგორ გეგმავთ მუშაობის პროცესს?
– განსხვავებული მიდგომით ვმუშაობ კერძო და კორპორატიულ სექტორთან. პირველი ნაბიჯი არის ის, რომ ვახდენ სივრცისა და დამკვეთის დიაგნოსტირებას, სივრცე დამკვეთს უნდა მოვარგო. კორპორაციის შემთხვევაში ვითვალისწინებ, რა ტიპის სივრცესთან მაქვს საქმე, რა რაოდენობისა და კატეგორიის ადამიანს მოუწევს ამ სივრცეში მოძრაობა. პირველ რიგში, ვერკვევი, როგორია სუბორდინაციის პრინციპი, კომუნიკაციის ენა და რამდენად მალე ხდება გადაწყვეტილებების მიღება, ბიუჯეტი როგორ აქვთ გათვლილი, რამდენად პრიორიტეტულია მათთვის ამა თუ იმ სივრცის გაკეთება და მომავალში როგორ წარმოუდგენიათ ამ სივრცის გარემონტება და ცვლილებები – ამ ყველაფერს ვაანალიზებ. კერძო სექტორში მაქვს ფსიქოტესტი, სადაც არის კონკრეტული კითხვები, იმისთვის, რომ გავიგო, როგორია ამ ოჯახის ცხოვრების სტილი, მნიშვნელოვანია, ჰყავთ თუ არა შინაური ცხოველი, როგორ ისვენებენ, საძინებელს რამდენად აქტიურად იყენებენ. ორივე სექტორი ძალიან საინტერესოა.
არაერთი შემთხვევა მქონია, როდესაც კერძო სექტორში მიმუშავია, დამკვეთისთვის გამიკეთებია სახლი, დავმეგობრებულვართ და შემდეგ უკვე კორპორატიული კუთხით მითანამშრომლია მასთან. ყოფილა პირიქითაც. არაერთი შემთხვევა მქონია, როდესაც თვეობით დამლოდებია ადამიანი, რადგან უნდოდა, აუცილებლად ჩემთან ეთანამშრომლა, დამკვეთების ასეთი დამოკიდებულება ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს და მაქსიმალურად ვცდილობ, მათი მოლოდინები გავამართლო, საბედნიეროდ, ძირითად შემთხვევაში ამას ვახერხებ.
– რამდენად ითვალისწინებთ თანამედროვე ტენდენციებს?
– ყოველი ახალი წლის შემდეგ საერთაშორისო არქიტექტორულ ბლოგებსა და საიტებზე იდება იმ წლის ტენდენციები, წელს ტენდენციურია ტერაკოტისფერი. რასაკვირველია, ვცდილობ, ყურადღება მივაქციო და გავითვალისწინო უახლესი ტენდენციები, მაგრამ უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებ სტილისტიკას. ტენდენცია ცვალებადია და სივრცეს ყოველ წელს ვერ გავარემონტებთ.
– და ბოლოს, რა განცდებს გიტოვებთ თითოეული პროექტი და რომელ განსხვავებული ტიპის პროექტებზე გიმუშავიათ?
– ძალიან დიდი ადრენალინია ამ პროფესიაში ის, რომ სიცარიელიდან ვქმნით ახალ ისტორიას და ადამიანები შენს შექმნილ ქმნილებაში იწყებენ ცხოვრებას და მუშაობას.
პორტფოლიოში მაქვს ასობით პროექტი, კერძო ბინები, სახლები, უნივერსიტეტები, კლინიკები, საოფისე პროექტები, სასტუმროები, კაფეტერიები, ძველი ისტორიული სტატუსის მქონე ნაგებობების კონსერვაცია და ასე შემდეგ - ყველა პროექტი ძალიან ძვირფასია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





