როგორ იპოვა გიორგი ლაფაჩიშვილმა მომავალი მეუღლე სოციალურ ქსელში და რა სირთულეები გადალახა მათმა სიყვარულმა
ავტორი: ქეთი მოდებაძე 23:00 16.02
მომღერალმა გიორგი ლაფაჩიშვილმა შეყვარებულს ხელი, არც მეტი არც ნაკლები, პროექტ „საქართველოს ხმის“ ფინალზე სთხოვა, რასაც საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა. გიორგი ამ ინტერვიუში მოგვიყვება, როგორია მისი სიყვარულის ამბავი და რა გზა გაიარა მან, როგორც მუსიკოსმა.
გიორგი ლაფაჩიშვილი: ეს ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტია და შესაბამისად, მას თან განსაკუთრებული ემოციები ახლავს. როცა სცენაზე გამოვედი, განსაკუთრებული შეგრძნებები მქონდა იმის გამო, რაც ბოლოს უნდა მომხდარიყო. სიმართლე გითხრათ, ამ ამბის დაგეგმვა კარგა ხნით ადრე დავიწყე და ფინალს დავამთხვიე. ვფიქრობდი, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ფინალში უფრო სასიამოვნო და ემოციური იქნებოდა და საბედნიეროდ, ასეც გამოვიდა.
– ასეთი პროექტის ფინალი ხომ ისედაც ძალიან სანერვიულოა და საყვარელ ადამიანს რომ ხელს სთხოვ – ორმაგად. ორივე ერთად ძალიან რთული არ იყო?
– კი, რთული იყო, მაგრამ გავუმკლავდი. სცენაზე გამოსვლის წინ ბავშვობაში უფრო ვღელავდი ხოლმე, ბოლო პერიოდში, ნერვიულობა ნაკლებადაა, ასეთ დროს მაქსიმალურად ვარ კონცენტრირებული, რომ ყველაფერი საუკეთესოდ გამოვიდეს. შეიძლება, ასე ითქვას, ნერვიულობა გვერდზე გადავდე და შესაბამისად, სიმღერის გამო არც ფინალზე მინერვიულია, მაგრამ საყვარელი ადამიანისთვის ხელის თხოვნის გამო, ნამდვილად ვნერვიულობდი. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ძალიან ლამაზი გამოვიდა.
– ეს ამბავი როგორ დაიგეგმა?
– ხელის თხოვნას ვაპირებდი და როცა გავიგე, რომ „საქართველოს ხმის“ ათეულში ვიყავი, დავგეგმე, რომ ეს ერთ-ერთ ლაივშოუზე გამეკეთებინა. ამისთვის ნელ-ნელა ვემზადებოდი. როცა ნახევარფინალში გაირკვა, რომ ფინალში უნდა ვყოფილიყავი, მეტი მოტივაცია მომეცა, მივხვდი, რომ ეს იქნებოდა საუკეთესო მომენტი და უფრო აქტიურ სამზადისს შევუდექი. დაახლოებით, ორი თვე ვგეგმავდი და უფრო გრანდიოზული რომ ყოფილიყო, ფინალის დღეს დავამთხვიე.
ბეჭდის ასარჩევად რომ მივედი, ყველა ძალიან დიდი სიყვარულით შემხვდა. ბევრმა მიცნო, იცოდნენ, რომ იმ დღეს ფინალი მქონდა. საბოლოოდ, რომელი ქალბატონისგანაც შევიძინე, ისიც ჩემსავით საგარეჯოდან აღმოჩნდა. წარმატებები მისურვეს, დიდი სიყვარულით დამეხმარნენ სასურველი ბეჭდის არჩევაში და მითხრეს, ისედაც ვაპირებდით საღამოს შენს ყურებას ფინალზე და რადგან ასეთ რამეს აპირებ, ახლა უფრო დიდი სიყვარულით დაგელოდებითო.
–კულმინაციური მომენტი რომ მოახლოვდა, რა ხდებოდა?
– ფინალზე ორი სიმღერა ვიმღერე და ორივე სიმღერისა თუ რეკლამის დროს, მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი. მთლიანად ამაზე ვიყავი კონცენტრირებული. მინდოდა, ისეთი გამოსულიყო, როგორიც წარმომედგინა. სიმართლე რომ ვთქვა, სიმღერაზე იმდენი არ მიფიქრია.
– როგორ შეხვდა თქვენი საყვარელი ადამიანი ამას?
– როგორც წარმომედგინა, ზუსტად ისეთი ემოციები ჰქონდა. დღემდე ემოციებშია და ისეთი გულის ადამიანია, დარწმუნებული ვარ, ეს ემოციები კარგა ხანს გაჰყვება. ვიცოდი, რომ ძალიან გაუხარდებოდა, მაგრამ მისმა ემოციებმა ჩემთვისაც კი მოლოდინს გადააჭარბა. საერთოდ არ ჰქონდა წარმოდგენა, რომ ჩემთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს კიდევ ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი დაემატებოდა. თუ ფინალზე ასეთი რამ მოხდებოდა და მით უმეტეს – პირდაპირ ეთერში, ამას ვერ წარმოიდგენდა. ფინალთან დაკავშირებით ნერვიულობდა, მგულშემატკივრობდა. თან, ყოველთვის წინა რიგებში იჯდა და თავისი ლამაზი გამოხედვით მამხნევებდა. ყოველთვის მაძლიერებდა. ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო იყო, რომ ეს ამბავი ასეთ დროს მოხდა.
– როგორ დაიწყო თქვენი ისტორია?
– ჩვენი ისტორია უჩვეულოდ დაიწყო. ერთმანეთი სოციალურ ქსელში გავიცანით. „ტიკ-ტოკზე“ შემხვდა ნინას ვიდეო. შემდეგ მივწერე და რამდენიმე დღე გვქონდა კომუნიკაცია. შეხვედრა, მალე დავგეგმეთ, ალბათ, 3-4 დღეში და მას შემდეგ რაც ერთმანეთი ვნახეთ, სულ ერთად ვართ. ძალიან ბევრი სირთულე შეგვხვდა. მე ჯერჯერობით საგარეჯოში ვცხოვრობ, ნინა – კასპში და ხშირად ერთმანეთს ვერ ვნახულობდით, მაგრამ ყველაფერს გავუმკლავდით, რადგან ჩვენ შორის დიდი სიყვარული გაჩნდა, რასაც ხელი ვერაფერმა შეუშალა.
– როგორი გოგოა და რა არის ის, რის გამოც შეგიყვარდათ?
– პირველ რიგში, თვალს მოსწონს ხოლმე. ნინას განსაკუთრებული ვიზუალი აქვს, მაგრამ ვიზუალზე მეტად მისმა შინაგანმა სამყარომ მომხიბლა. ის არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის გვერდით დაგიდგება, საოცრად ერთგულია, გამგები და უყვარს ადამიანები. ძალიან შრომისმოყვარეა და მუდმივად მომავალზე ფიქრობს, მხოლოდ დღევანდელი დღით არ ცხოვრობს. ჩემთვის ყველაზე მისაღებია მისი შინაგანი სამყარო. ყოველთვის ვიცოდი, რომ გვერდით მისნაირი ადამიანი უნდა მყოლოდა. ძალიან დიდი გულშემატკივარია და ყოველთვის ჩემ გვერდითაა.
– ნათქვამი გაქვთ, სიყვარული სიურპრიზებსაც მოიცავსო. აქამდე სხვა განსაკუთრებული ჟესტი თუ ყოფილა თქვენს ურთიერთობაში?
– ისეთი, როგორიც ხელის თხოვნაა, ბუნებრივია, არა, მაგრამ პატარ-პატარა ბევრი სასიამოვნო მომენტი ყოფილა. რა თქმა უნდა, ყველაფერი, რასაც მისთვის გავაკეთებ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ზოგადად, მე ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ადამიანებზე ზრუნვა და რაც ნინა გავიცანი, მაქსიმალურად ყურადღებიანი და მზრუნველი ვარ. ამას ძალით არ ვაკეთებ. როცა ადამიანი ძალიან გიყვარს, ბუნებრივად მასზე ხდები მაქსიმალურად კონცენტრირებული.
– როგორი ბავშვობა გქონდათ, მუსიკალური კარიერა როგორ აირჩიეთ?
– თავიდან სპორტით ვიყავი დაკავებული, კალათბურთს ვთამაშობდი, მაშინ სიმღერა ჩემი ცხოვრების ნაწილი არ იყო. დედა ძალიან დიდი ხანია, მღერის და მას უნდოდა, მეც მემღერა. დიდი ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდა, რომ მეც დამეწყო სიმღერა. საბოლოო ჯამში, მისი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. თავიდან არ მქონდა სურვილი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ძალიან წარმატებულად გადმოვერთე სიმღერაზე. ეს ამბავი, დაახლოებით, 10-12 წლის ასაკში დაიწყო. მალე „X-ფაქტორში“ მივიღე მონაწილეობა და მას შემდეგ კიდევ უფრო გავაქტიურდი მუსიკალური თვალსაზრისით.
– როგორ გახსენდებათ ეს პერიოდი?
– ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი ბედნიერება „X-ფაქტორს“ უკავშირდება. ხალხის სიყვარული სწორედ ამ პროექტმა მომიტანა. რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ალბათ, ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებიც ამ პროექტიდან თბილად გამიხსენებენ, მიუხედავად ვიზუალური ცვლილებისა. ეს ჩემი პირველი გამოჩენა იყო ფილარმონიის დიდ სცენაზე, ამიტომ ძალიან სასიამოვნო. მას შემდეგ არ გავჩერებულვარ, მუსიკალურად ყოველთვის აქტიური ვიყავი. ბოლო პერიოდში, როცა გავიგე, რომ „საქართველოს ხმა“ იწყებოდა, სურვილმა მძლია და გადავწყვიტე, პროექტში ჩავრთულიყავი. მანამდე კიდევ ერთ პროექტში მივიღე მონაწილეობა, ვგულისხმობ „ქავერ შოუს“, ეს რიგით მესამე და ჩემთვის ბოლო პროექტია. აღარ მაქვს ინტერესი პროექტების მიმართ. სხვა მიმართულებით ვაპირებ განვითარებას. მინდა, დამოუკიდებლად მივხედო ჩემს კარიერას. პროექტები კარგია, მაგრამ ამასაც თავისი ლიმიტი აქვს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





