შოუბიზნესი

როგორ გახდა ზურა კობიაშვილი ამერიკაში პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებლის, „ჯულიარდის“, გამორჩეული სტუდენტი

№4

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00

ზურა კობიაშვილი
დაკოპირებულია

ზურა კობიაშვილი იმ იღბლიანი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა ოცნებებიც სასწაულად ხდება. მართალია, ამისთვის ნიჭი და გარემოებებიც უწყობს ხელს, თუმცა ბედისწერის და იღბლის წყალობაც, საკმაოდ დიდია. განსხვავებული ხმის ტემბრის წყალობით, საოპერო მუსიკალურ სამყაროში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ზურა ახლახან ამერიკაში, პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებლის „ჯულიარდის“ სტუდენტი გახდა.

ზურა კობიაშვილი: ბავშვობაში ვოცნებობდი ვეტერინარობაზე. უზომოდ მიყვარს ცხოველები და კახეთში უამრავი ცხოველი მყავდა, ყველას მე თვითონ ვუვლიდი და ვზრუნავდი. ხოლო, ვეტერინარობის ინტერესი მაშინ გამიჩნდა, როცა ჩემი ოცნების ძაღლი, გერმანული ნაგაზი ვიყიდე. თბილისიდან ჩამოყვანილი ლეკვი კახეთში ვერ ადაპტირდა, ძალიან ხშირად ავადმყოფობდა, კახეთში კი არ იყვნენ ვეტერინარები, ვინც უშუალოდ ძაღლებს მკურნალობდნენ და ამიტომ 13 წლის ასაკში ავიღე ვეტერინარიის სახელმძღვანელო და დავიწყე ყველა იმ დაავადებისა თუ სიმპტომის შესწავლა, რაც ჩემს სიმბას ემართებოდა და თავადვე ვმკურნალობდი. ეს რომ არ გამეკეთებინა, სიმბას სიკვდილი გარდაუვალი იყო. დროთა განმავლობაში იმდენი პრაქტიკული ცოდნა დავაგროვე, რომ სამეზობლოშიც გავითქვი სახელი, როგორც „თვითნასწავლმა ვეტექიმმა“ და უკვე სხვა პაციენტებსაც ვიღებდი (იცინის). უამრავი ძაღლი გადამირჩენია, რომლებზეც ადგილობრივ ვეტერინარებს უთქვამთ, რომ მათი სიკვდილი გარდაუვალი იყო. მოკლედ, ეს საქმე იმდენად მომწონდა, განსაკუთრებით ის, რომ უმწეო ცხოველებზე ვზრუნავდი და სიცოცხლეს ვჩუქნიდი, რომ ეს პროფესია ნამდვილად ჩემს ოცნებად იქცა და გადაწყვეტილიც მქონდა, სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლას აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტზე გავაგრძელებდი, მაგრამ როდესაც სიმღერა დავიწყე და პირველად სცენაზე ტაში დამიკრეს, მაშინ ყველა ოცნება შეიცვალა.

– როგორი მოსწავლე იყავი სკოლაში და რა ასაკში აღმოგაჩნდა მუსიკალური ნიჭი?

– სკოლაში, ალბათ, საშუალოზე კარგი მოსწავლე ვიყავი, ყოველთვის მოწესრიგებული, მაგრამ იმავდროულად, ძალიან ცელქი და მხიარული. საგნების სწავლა იმდენად არ მიყვარდა, რამდენადაც უშუალოდ მასწავლებლებთან ურთიერთობა და საუბარი. ყველა მასწავლებელს გამორჩეულად ვუყვარდი. როგორც საკუთარ შვილსა და შვილიშვილს ისე მექცეოდნენ. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩემი თანაკლასელები „შატალოზე” წასულან, ცარიელ კლასში ვმჯდარვართ მხოლოდ მე და მასწავლელი და ზარის დარეკვამდე გვისაუბრია. 16 წლის ვიყავი, როდესაც ძალიან ნიჭიერი მუსიკოსების, ალექსანდრე ჩიხიაშვილისა და მედეა გეგეჭკორის ხელმძღვანელობით, ყვარელში ჩამოყალიბდა საესტრადი ანსამბლი „დურუჯი“. ბენდში მართლაც რომ უნიჭიერესი ახალგაზრდები უკრავდნენ და ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ეძებნენ ვოკალისტს, ვინც იმღერებდა ქართულ და ინგლისურ ესტრადას. ბავშვობიდან სულ ვმღეროდი, ალბათ, ისე, როგორც ყველა მუსიკალური ბავშვი, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, რამ მომცა ის ძალა, რომ გავმხდარიყავი ბენდის სოლისტი, რომელიც 16 წლის ასაკში იმღერებდა ჯო კოკერის, ფრედი მერკურისა და ჯექსონის რეპერტუარს. როდესაც ბენდთან ერთად პირველი კონცერტი მქონდა და პირველად ტაში დამიკრეს, მაშინ მივხვდი, რომ ეს ის საქმე იყო, რაც მთელი ცხოვრება უნდა მეკეთებინა. ვერ ვიტყვი, რომ მუსიკალური ნიჭი გენეტიკურად დამყვა, რადგანაც ჩემს გენეტიკაში არავინაა მუსიკოსი, ეს, უბრალოდ, უდიდესი საჩუქარია, რომლითაც სამყარომ დამაჯილდოვა. მოკლედ, პირველად სცენაზე 16 წლის ასაკში დავდექი და ვმღეროდი საესტრადო სიმღერებს. მანამდე, ოპერა მოსმენილიც კი არ მქონდა და მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ის ხმა, რომელიც ჯო კოკერის სიმღერებს მღეროდა, ვერდის არიებსაც იმღერებდა. გარდატეხის ასაკის დასრულებისთანავე ვგრძნობდი, რომ ჩემი ხმა შეიცვალა და ბუნებრივად საოპერო ჟღერადობა მიიღო. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საოპერო ფაკულტეტზე. მინდა აღვნიშნო, რომ კონსერვატორიაში მოწყობა ძალიან რთულია, რადგანაც ადგილები ცოტაა, სულ 8 ადგილია და ამ ადგილების მოსაპოვებლად ათობით მომღერალი იბრძვის, მათ შორის არიან ისეთები, რომლებმაც უკვე მუსიკალური შვიდწლედი და ნიჭიერთა ათწლედი დაამთავრეს და შესაბამისად, წლების გამოცდილებაც აქვთ. ამ „ბრძოლაში“ შევედი მეც 2019 წელს. გავედი კონსერვატორიის მისაღებ გამოცდაზე და კახეთიდან ჩამოსულმა ბიჭმა, რომელსაც არანაირი, ელემენტარული მუსიკალური განათლება არ მქონდა, ვოკალში უმაღლესი ქულა ავიღე, მოვხვდი საუკეთესო ხუთეულში და პირველივე ცდაზე გავხდი კონსერვატორიის სტუდენტი, სწავლების სრული დაფინანსებით. უდიდესი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს მაესტროს, თბილისის ოპერის წამყვან ბანსა და კონსერვატორიის პროფესორს, გოჩა დათუსანს, რომელმაც წარმოუდგენელი შრომა ჩადო ჩემში. მადლობა სოფო ბედიას, სოფომ გამგზავნა პირველად გოჩასთან, რომ მოვესმინე და დავეკვალიანებინე. ხოლო, როდესაც მაესტრომ მომისმინა და ჩემი ხმა „გასინჯა“, საკუთარ თავზე აიღო ეს პასუხისმგებლობა. იმდენად მოეწონა ჩემი ხმა, უანგაროდ გამიკეთა უდიდესი საქმე ცხოვრებაში – მიმიყვანა პროფესიონალურ სცენამდე და გზაზე დამაყენა. გაკვეთილები ტარდებოდა ყოველდღე, 6 წლის განმავლობაში, უანგაროდ. ასეთი სიკეთე გსმენიათ ოდესმე?

– ზურა, იღბლისა და ბედისწერის თუ გჯერა, თუ უფრო – სასწაულების?

– რა თქმა უნდა, ბედისწერის მჯერა და საოცრებაა. ტყუილად არაფერი ხდება, არც კარგი და არც ცუდი. ხშირად, საბედისწერო მოვლენები ცვლის ადამიანის ცხოვრებას.

ბედისწერა იყო ჩემი და სოფიას შემთხვევით შეხვედრა 6 წლის წინ,. ფაქტობრივად, მან 10 ათასი კილომეტრი იფრინა ამერიკიდან, რომ მოსულიყო ზუსტად იმ კლინიკაში, სადაც მე კბილებს ვიკეთებდი. როგორ შეიძლება, ამას ბედისწერა არ ვუწოდოთ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამერიკაში ვიცხოვრებდი – იმდენად შორს იყო, რომ ოცნებაც მიჭირდა. თუმცა, რაც სოფიასთან ვარ, იმდენ საოცარ ფაქტს მიყვებოდა ამერიკაზე, რომ აქ ჩამოსვლა და ცხოვრება მალევე იქცა ჩემს ოცნებად. ჯერ, ახალი ჩამოსული ვარ, სულ 4 თვეა და უკვე ნიუ-იორკის ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებლის, „ჯულიარდის“ სტუდენტი ვარ. ამერიკაში უამრავი გეგმა მაქვს, რომლის დაწყებასაც აქ ვაპირებ და შემდეგ კი – განხორციელებას მთელ მსოფლიოში. როდესაც ნიუ-იორკში ჩამოვედი, პირველივე დღეს ვუთხარი სოფიას, რომ პირველი „მეტროპოლიტენ ოპერისა“ და „ჯულიარდის“ ნახვა მინდოდა. იტალიაში ცხოვრების განმავლობაში ბევრ ოპერის თეატრში ვარ ნამყოფი, მაგრამ ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერა“ როდესაც ვნახე, ემოციებს ვერ ვმალავდი. საკუთარ თავს ჩავუთქვი, რომ მე აქ გავაგრძელებდი სწავლას, რაც შეიძლება მალე, ეს იქნებოდა ან „მეტროპოლიტენ ოპერის“ აკადემია ან „ჯულიარდი“. პირველი ქასთინგი „ჯულიარდს“ 7 იანვარს ჰქონდა გამოცხადებული და საჭირო იყო 3 არიის შესრულება. როდესაც ქასთინგზე მივედი, ძალიან აღელვებული ვიყავი, იმდენად, რომ, როდესაც ჩემი გვარი გამოაცხადეს, მაშინ გავაანალიზე, რომ ნოტები დაბლა, სოფიას ჩანთაში დამრჩა (იცინის). თუმცა, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, როგორც კი პირველი არია ვიმღერე, ჟიურის თავმჯდომარემ გამიღიმა და მითხრა, რომ ოთხშაბათიდან სწავლას ვიწყებდით. დარბაზიდან ისეთი გახარებული გამოვედი, დერეფანში კედლებს ვეჯახებოდი. სტიმულს, რა თქმა უნდა, სოფია მაძლევს, ყველანაირად მიდგას გვერდში და ყველაფერი მისი ძალისხმევით ხდება. ის შეყვარებულია ჩემს ხმაზე და უნდა რომ მსოფლიოს გააგონოს (იცინის).

– მართალია, დიდი ხანი არ არის რაც ჩახვედი, მაგრამ ფაქტობრივად, შენი ამერიკული ოცნებები ნელ-ნელა კი არა, მგონი, სასწაულად სწრაფად ხდება.

– ამერიკაში ძალიან ბევრი მიზნისა თუ ოცნების განხორციელებაა შესაძლებელი, ამ ქვეყანას აქვს ამის რესურსი. ნიუ-იორკი სავსეა ბროდვეის თეატრებით, საკონცერტო დარბაზებით. ყოველღამე ამ ქალაქში ერთდროულად, დაახლოებით, 100-მდე კონცერტი, მიუზიკლი თუ წარმოდგენა იმართება. ეს არის თეატრალური ქალაქი და ვფიქრობ, რომ ჭკუითა და სწორი მიზნებით აქ ყველა ოცნება ახდება. არ ვსაუბრობ მომავლის გეგმებზე, ჩემი კონსერვატრიასა და „ჯულიარდში“ ჩაბარებაც ისე მოხდა, რომ ამაზე არავინ არაფერი იცოდა. მირჩევნია, ჩემთვის წყნარად, მშვიდად ვაკეთო ჩემი საქმე, ზედმეტი ჩარევების გარეშე და შედეგებიც შესაბამისად მოდის. ძალიან მომწონს ამერიკა, როგორც კარიერული მასშტაბებით, ასევე ცხოვრების ხარისხით. აქ, მართლაც, სხვა დონის ცხოვრებაა, ზუსტად ისეთი, როგორიც მხიბლავდა. ამ გადმოსახედიდან, საქართველოში დაბრუნებას ამ ეტაპზე არ ვაპირებ. ჩემი ამერიკული საემიგრაციო სტატუსიდან გამომდინარე, როგორც ამერიკის მოქალაქის მეუღლე, შემიძლია, ამერიკაში მუდმივად ვიცხოვრო.

– ვფიქრობ, შენი ერთ-ერთი ოცნება ისიცაა, როცა მსოფლიოში ცნობადი ოპერის მომღერალი იქნები, შენს ქვეყანაში კონცერტი ჩაატარო და დარბაზი გადაავსო მსმენელებით, რომლებიც ოვაციას ვერ დამალავენ.

– რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიქნები, თუ ამის განხორციელების საშუალება მომეცემა.

– როგორ ფიქრობ, მამაკაცის ბედნიერებისთვის რა არის საჭირო და რა როლს თამაშობს საყვარელი ქალი?

– მამაკაცის ბედნიერებისთვის საჭიროა, გვერდით ჰყავდეს ლამაზი, ჭკვიანი და სექსუალური ქალი. აუცილებელია ხასიათის მსგავსება, გაგების უნარი, ერთმანეთის ინტელექტუალური დონე და მრავალი სხვა ფაქტორი. მე ნამდვილად გამიმართლა ცხოვრებაში, რომ შემხვდა ისეთი ქალი, რომელიც ამ ყველაფერთან ერთად, შთამაგონებს ცხოვრებისა და კარიერის განვითარებას და თვითონ მოტივირებულია იმაზე, რომ ვიმღერო საუკეთესო სცენებზე, მყავდეს საუკეთესო პედაგოგი და მივაღწიო კარიერის მაქსიმუმს. სოფია მოდუნების საშუალებასაც არ მაძლევს და თუ მოვდუნდი არც კრიტიკას მაკლებს (იცინის). დამეთანხმებით, რამდენად იშვიათია, როცა ქალი საკუთარ ინტერესებზე წინ მამაკაცს აყენებს და მზადაა, მისი წარმატებისთვის ყველაფერი გაიღოს. ეს ნამდვილად იშვიათია და ბედნიერია ის მამაკაცი, ვისაც ასეთი ქალი უდგას გვერდში. იღბლიანი რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ, აქამდე ვერ მოვიდოდი, ბედნიერი ვარ კიდევ იმ ყველაფრით, რაც გავაკეთე და რაც მაქვს. ასე რომ, ბედნიერიც ვარ და თან გამართლებულიც.

– რა ან ვინ გენატრება ყველაზე მეტად საქართველოში?

– როგორც გითხარით, ამერიკაში ოთხი თვეა, რაც ჩამოვედი. მანამდე, ერთი წელი, იტალიაში ვცხოვრობდი, იტალიამდე – ეგვიპტეში და ორი წელია, რაც საქართველოში არ ვყოფილვარ. მხოლოდ, რამდენიმე დღით მომიწია ჩამოსვლა, როდესაც ამერიკის საელჩომ გამომიძახა საემიგრაციო პროცედურებისთვის და ამ რამდენიმე დღეში მოვინახულე ოჯახი და ახლობლები. ის ემოციური მიჯაჭვულობის ფაქტორი არ მაქვს, რაც ბევრ ემიგრანტს ემართება ხოლმე და დეპრესიაში ვარდებიან. მე აქ ცხოვრებით ბედნიერი და დამოუკიდებელი ვარ. ჩემი მთავარი მიზანია, მაქსიმუმი გავაკეთო კარიერაში, რომ შემდეგ უამრავი სიკეთის კეთება და ბევრი ადამიანისთვის ცხოვრების გალამაზება შევძლო.

– განსხვავებული, აკადემიური ჩაცმით გამოირჩევი. ამერიკაში თუ გადევნებენ თვალს ქუჩაში მიმავალს და თუ ინტერესდებიან შენი ვინაობით?

– ჩემი და სოფიას ჩაცმის სტილი ჩვენი ერთად ყოფნიდან იქცევს ყურადღებას. როდესაც ჩვენ თბილისის ოპერაში დავდიოდით, ხალხი მოდიოდა და ჩვენთან ფოტოებს იღებდა. ასე იყო იტალიაშიც. ამერიკაში კი ყოველდღიურად ვიღებ კომპლიმენტებს, რადგან ამერიკელები არ ერიდებიან ქუჩაში უცხო ადამიანებს უთხრან: ლამაზად გამოიყურები, მომწონხარ, ლამაზი ქურთუკი გაცვია, ლამაზი ქუდი გახურავს, მომწონს შენი ფეხსაცმელი, რა კარგი თმა გაქვს, რა ლამაზი წყვილი ხართ...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი