რატომ დაიწყო ხათუნა ემმა ხატვა მოულოდნელად და როგორ ამოგზაურებს მისი ნახატები მნახველებს ჯადოსნურ სამყაროში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:23
ხათუნა მორჩიაშვილის მხატვრობა ჯადოსნური, დადებითი ემოციებით სავსე სამყაროა, რომელიც მნახველებს, ხშირ შემთხვევაში, სენტიმენტებითა და თბილი მოგონებებით სავსე ბედნიერ წარსულში ამოგზაურებს.
ხათუნა ემი (ხათუნა მორჩიაშვილი): გადავწყვიტე, თავი ფსევდონიმით გამეცნო საზოგადოებისთვის. როცა ხატვას ვიწყებდი, საწყის ეტაპზევე ვიფიქრე, თუ ოდესმე ჩემი სახელი ნახატების მეშვეობით საზღვრებს გასცდებოდა, მინდოდა, ყველასთვის ადვილი წარმოსათქმელი ყოფილიყო. ამიტომაც ავირჩიე სახელი და გვარის პირველი ასო – ხათუნა ემი.
ხატვა 4 წლის წინ დავიწყე და ეს ძალიან უცნაურად მოხდა: ერთ დღეს, მეუღლემ მეგობრისთვის საჩუქარად ნახატი შეიძინა. ამ ნამუშევარს რომ შევხედე, პრინტზე გადასმულ საღებავს მივამსგავსე. მანამდე მხატვრობასთან შეხება არ მქონია, მაგრამ მარტივად აღვიქვი, რომ ეს ნახატი არ იყო და მეუღლეს ვუსაყვედურე. ისიც ანერვიულდა, მგონი, მართალი ხარო და გამეხუმრა, უკეთესად შენ დახატეო (იცინის). მეც არ დამიხევია უკან, დავხატავ-მეთქი. იმდენი ვიფიქრე ამაზე, როგორც ჩანს, გულში ჩამყვა და მთელი ღამე მესიზმრებოდა, რომ ვხატავდი. დილით მეუღლეს ვუთხარი, სახატავი მასალა უნდა ვიყიდო-მეთქი. მეგობრის და მხატვარია და მასთან გავიარე კონსულტაცია. რაც მჭირდებოდა, ყველაფერი მოვიმარაგე, ინტერნეტში ვიდეოგაკვეთილები ჩავრთე და დავიწყე.
მანამდე მხატვრობასთან შეხება არასდროს მქონია. ბავშვობაშიც კი არ ვხატავდი. ფუნჯი არასდროს მჭერია ხელში, მაგრამ თავიდანვე ისე კარგად გამომივიდა, რომ დიდი სტიმული მომეცა. დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში მუდმივად ვხატავდი. რჩევებს ვიღებდი, ვსწავლობდი და ხელი ძალიან დავხვეწე, ტექნიკები დავამუშავე, პრაქტიკამ ბევრი რამ მასწავლა და რადგან კარგად გამომდიოდა, გადავწყვიტე, ტილოზე მეცადა.
ჩემი მეუღლე თავიდანვე გიჟდებოდა ჩემს ნამუშევრებზე, ძალიან მოსწონდა. მისი შექება ჩემთვის დიდი სტიმული იყო. მას ძალიან უყვარს ნახატები, სახლისთვისაც ხშირად ვიძენდით და როცა მე დავიწყე ხატვა, აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ყველაფერს დაგიფინანსებ, ოღონდ შენ ხატეო, მეუბნებოდა და მეც მეტი რა მინდოდა (იცინის). დიდი სიამოვნებით ვჩუქნიდი ჩემს ნახატებს ჩვენს ახლობლებს, მათაც ძალიან მოსწონდათ და ძალიან სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი.
რაღაც ეტაპზე უკვე გარშემო ყველა ერთსა და იმას მეუბნებოდა, ეს აღარ არის გართობა, სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი გააკეთე, რომ უცხო ადამიანებმაც ნახონ შენი ნამუშევრებიო. ეს აზრი ძალიან მაშინებდა. საქართველოში ბევრი პროფესიონალი მხატვარი გვყავს და რთულია მათ ფონზე ასეთი განაცხადის გაკეთება. სიმართლე გითხრათ, ამის ძალიან მეშინოდა, კომპლექსიც მქონდა.
საწყის ეტაპზე, როცა ინტერნეტიდან ვიხატავდი, ვნატრობდი, ოდესმე დამდგარიყო მომენტი, როცა ჩემი ფანტაზიით შევქმნიდი ნამუშევრებს. როცა შემსრულებელი ხარ, ესეც კარგია, მაგრამ ძალიან მინდოდა, შემქმნელი ვყოფილიყავი და განსხვავებული, ინდივიდუალური ნახატები შემექმნა. მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს განუხორციელებელი ფანტაზია იყო, არ მჯეროდა, თუ ამის ხორცშესხმა შესაძლებელი იქნებოდა. საბედნიეროდ, ამის დროც მოვიდა. წამოვიდა ფანტაზიები და გადახატვა უკვე აღარ მჭირდებოდა. მერე ჩემს ნახატებში ანგელოზები გაჩნდნენ, რამაც ძალიან დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა. ნელ-ნელა ჩემი გვერდიც შევქმენი და ნახატები გამოვაქვეყნე.
– როგორი გამოხმაურება მოჰყვა?
– საღამოს რომ ავტვირთე ჩემი ნამუშევრების ფოტოები და დილით გვერდი გავხსენი, მხვდება შეტყობინება ერთ-ერთ ნახატზე: მომწონს და თუ შეიძლება, შევიძენო. ფასსაც კი არ კითხულობდა. მართლაც მეორე დღესვე შეიძინა და მე სიხარულისგან გაგიჟებული ვიყავი. აქ ფინანსურ ინტერესზე არ არის საუბარი, ადამიანი რომ შენი ნამუშევრით ინტერესდება, ეს დიდი სტიმულია. ასე გაგრძელდა მეორე დღეს, მესამე დღეს. ისეთი ტემპით გაიყიდა ნახატები, რომ ძალიან მოკლე დროში უკვე აღარ მქონდა. არადა, ახალი წელი ახლოვდებოდა და მოთხოვნა დიდი იყო. ანგელოზების სოფელი დავხატე მაშინ პირველად და მასზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. მეც დაუღალავად ვხატავდი და იყიდებოდა. ძალიან ბედნიერი პერიოდი იყო. ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავდა. ნამდვილი სასწაული იყო იმის შეგრძნება, რომ ჩემი ხელით შექმნილი ნამუშევრები ადამიანებს ასე მოსწონდათ.
– ახლა რა არის თქვენი შთაგონების წყარო?
– ახლა სრულიად ჩემი ფანტაზიით ვხატავ. ხშირად მეკითხებიან, ასლი ხომ არ არისო და ამაყად ვპასუხობ, რომ „გუგლის“ მეშვეობით მარტივად შეუძლიათ შემოწმება. არც გამიბედავს, სხვა მხატვრის ასლის გაკეთება და გაყიდვა. ძალიან ბევრს ვფიქრობ იდეაზე და სიმართლე გითხრათ, ეს ფიქრიც ძალიან შრომატევადია. ჩემი ინსპირაცია ისეთ წვრილმანებშია, რასაც შეიძლება, სხვამ არც მიაქციოს ყურადღება. ხატვას რომ ვიწყებ, იმდენი აზრი და ფანტაზია ჩნდება ჩემს გონებაში, რომ შეიძლება, საერთოდ შევცვალო გეგმები და ჩანაფიქრისგან სრულიად განსხვავებული ნახატი შევქმნა.
– ახლა რა ეტაპია თქვენს შემოქმედებაში?
– ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, ეს არის ბებოს თემა. ჩემი ბებო რამდენიმე წელია, აღარ მყავს. მე მან გამზარდა და ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო. სამწუხაროდ, ის ვერ მოესწრო ამ ყველაფერს, თუმცა, დარწმუნებული ვარ ბედნიერია იქ, სადაც არის. ჩემს ძალიან ბევრ ნახატში ფიგურირებს ბებოს თემა, სოფლის სახლი, ოთახები, ბავშვობა – ბევრი ისეთი ასოციაცია, რაც ბავშვობას, სოფელს, სითბოს, სიყვარულსა და საყვარელ ადამიანებს გვახსენებს. ამ ნახატებს რომ ვხატავ, ყველაზე ამაყი ვარ. ვგრძნობ, რომ ჩემს ძვირფას მოგონებებს ვასხამ ფრთებს.
– ალბათ, ამაზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა?
– მართლაც ასეა. ვინც ამ ნახატებს იძენს, მწერენ, ჩემს სულს შეეხეო. მასში ყველა თავის მოგონებებს ხედავს, საკუთარ ბებოებს ახსენებთ.
– თქვენი ოჯახიც გაგვაცანით...
– მყავს მეუღლე და ორი შვილი. ჩვენ დიდი ხანია გვიყვარს ერთმანეთი. ჩემი მეუღლე 16 წლის იყო, მე კი 15-ის, როცა ერთმანეთი გავიცანით, სხვათა შორის, ბებოს სოფელში. 20 წლისები დავქორწინდით და მას შემდეგ დიდი სიყვარულით ვცხოვრობთ. ბედნიერი, ამაყი, შემდგარი ადამიანი ვარ. ჩემი მეუღლის მხრიდან ძლიერი ზურგი მაქვს. არ არის მარტივი, საწყის ეტაპზე ხატო ძვირფასი მასალებით, ძვირფას ტილოებზე, როცა შეიძლება, ვერ გაყიდო, მაგრამ ჩემი მეუღლისგან ყოველთვის განსაკუთრებული მხარდაჭერა მქონდა. სულ მეუბნებოდა, შენ ხატე, მე ყველაფერს ავანაზღაურებო. დასაწყისში ისიც მითხრა, ყველა შენს ნახატს მე ვიყიდიო (იცინის). ზუსტად მისი მხარდაჭერით მოვედი აქამდე. ახლა უკვე ჩემს ნახატებზე დიდი მოთხოვნაა და კარგად იყიდება.
ორი შვილი გვყავს – 20 წლის ოთო და 15 წლის მარია. ამ ეტაპზე ხატვით ვარ დაკავებული და პარალელურად, ჩემი მცირე ბიზნესი მაქვს. საწყის ეტაპზე ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ მხატვრობაც ჩემი შემოსავლის წყარო იქნებოდა, მაგრამ ახლა თამამად ვიტყვი, რომ ასეა. მაგალითად, დეკემბერში ორი მსხვილი კომპანია დამიკავშირდა და მითხრეს, ძალიან მოგვწონს თქვენი ნახატებიო და თავიანთი 150 თანამშრომლისთვის შემიკვეთეს ნამუშევრები. ეს ძალიან დიდი პროექტი იყო და ღმერთის მადლიერი ვარ, რომ ყველაფერი ასე წარმატებულად განვითარდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





