შოუბიზნესი

რამ განსაზღვრა ჯანო იზორიას ბედი და სად უნდა მას სამდღიანი დაბადების დღის გადახდა

№25

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 30.06

ჯანო იზორია
დაკოპირებულია

როგორი ემოციებით ხვდება ჯანო იზორია საკუთარ დაბადების დღეს, როგორია ეს დღე მის ყველაზე სანუკვარ ოცნებაში და როგორ ხვდება ასაკის მატებას, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ჯანო იზორია: დაბადების დღე 17 მაისს მაქვს. რაღა დაგიმალოთ და, მიყვარს ეს დღე. რამდენიმე დაბადების დღე განსაკუთრებულად დამამახსოვრდა. ერთ-ერთი აფხაზეთში, სოფელში აღვნიშნეთ. ბებო-ბაბუმ სუფრა მოამზადეს, გოჭითა და თავის ატრიბუტიკით. აფხაზეთში ორი სახლი გვქონდა. ერთი – ეზოში, რომელშიც ძირითად დროს ვატარებდით და მეორე, დიდი სახლი – სადაც სტუმრებს ვმასპინძლობდით. ამ სახლში, ზალაში გაგვიშალეს ლამაზი სუფრა. ბიძაშვილები მოვიდნენ, შედარებით უფროსები, პისტოლეტები მომიტანეს საჩუქრად. მერე მეზობლები მოვიდნენ. თითქოს, განსხვავებული არაფერი, მაგრამ თან, ძალიან განსაკუთრებული დღე იყო.

შემდეგი დაბადების დღე უკვე ფოთიდან მახსოვს. მე დეიდების გაზრდილი ვარ. პირველი შვილიშვილი ვიყავი დედის მხრიდან და განსაკუთრებულად ზრუნავდნენ ჩემზე. სხვათა შორის, მე რომ დავიბადე, დეიდას ჩემი პირველად მოჭრილი პაწაწინა ფრჩხილი სოფლის ბიბლიოთეკაში, აკაკი ხორავას წიგნში ჩაუდევს (იცინის).

– დეიდას განუსაზღვრავს მსახიობი ჯანოს მომავალი...

– ასე გამოდის, მაშინ უფრო სჯეროდათ ასეთი ცრურწმენების (იცინის). აკაკი ხორავას არ ვედრები, მაგრამ პროფესია ასეთი ავირჩიე. მოკლედ, იმ წელს დეიდები ჩემს დაბადების დღემდე ორი-სამი დღით ადრე ჩამოვიდნენ ჩვენთან. მაშინ ასე მარტივი არ იყო ტორტების შეკვეთა და მით უმეტეს, სად იყო ისეთი გაფორმებული ტორტები, როგორიც ახლაა. დეიდას ჩემთან დაკავშირებული ფიქრები ყოველთვის ხელოვნებისკენ მიდიოდა და იმ დაბადების დღეზე თვითონ გამომიცხო გიტარის ფორმის ტორტი. მახსოვს პატარა ღუმელში აცხობდა და სულ ნაწილ-ნაწილ ააწყო, ყველაფერი თავის ხელით გააკეთა. ამ ტორტმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩემს ბავშვობაში სრული სიგიჟე იყო ასეთი ტორტი და ვინც მოვიდა, ყველა გაოცებული დარჩა.

კიდევ მახსოვს ერთი დაბადების დღე, რომლის ჩანაწერიც კასეტაზე მაქვს. 90-იანი წლები იყო და მაშინ ვიდეოკამერა დაბადების დღეზე კი არა, ქორწილშიც დიდი ფუფუნება იყო. იმ დაბადების დღეზე მეორე დეიდამ ჩამომიყვანა ზუგდიდიდან ადამიანი, რომელიც კამერით იღებდა და ჩემი დაბადების დღე ჩემი ბავშვობის მეგობრებთან ერთად დაფიქსირდა.

არ მესმის, როგორ არ უნდა გიყვარდეს საკუთარი დაბადების დღე. ზოგი ხომ ამბობს, რომ არ უყვარს, მაგრამ მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ამ არსიყვარულის მიზეზი, ძირითადად მატერიალური მდგომარეობაა. შენ რომ გინდა, ისე ვერ აკეთებ და ამიტომ. ორს რომ ეტყვი, მესამეს ეწყინება, არადა ამდენის საშუალება არ გაქვს და ამიტომ საერთოდ აღარ გინდა აღნიშვნა.

მე ჩემი ოცნების დაბადების დღე ჯერ არ გადამიხდია, მაგრამ იმედია, მალე გადავიხდი. წარმომიდგენია, ჩემი სოფელი აფხაზეთში, ოტობაია, სადაც ძალიან მაგარი ეზო მაქვს. მშვიდობა, სიყვარული, იმ ეზოში პატარა სცენა, ლამაზი მაგიდები და მოკლედ რომ ვთქვა, გეთსბის საღამო მინდა გავაკეთო იქ (იცინის).

დედას ვკითხე, როდის დავიბადე-მეთქი, ბინდდებოდა, 8-ის წუთები იყოო, მითხრა. ოტობაიაში რომ გადავიხდი ჩემი ოცნების დაბადების დღეს, ზუსტად რვის 15 წუთზე დაიწყება. სახლიც დიდია და ეზოც ისეთია, გარეთ გათენებაც არ იქნება პრობლემა, მხოლოდ ციცინათელები დაფრინავენ. 17 მაისს ხომ დავიწყებდი საღამოს ქეიფს, სამი დღე გავაგრძელებდი, სამშობიაროდან ხომ მესამე დღეს გამოწერეს დედაჩემი და ჩემი დღესასწაული სამი დღე იქნება, თავის მუსიკით, გართობითა და მესამე დღეს დავემშვიდობებოდი ჩემს სტუმრებს შემდეგ წლამდე (იცინის). ეს არის ჩემი ნამდვილი ოცნება.

– საერთოდ, როგორ აღნიშნავ ხოლმე ამ დღეს?

– ძირითადად, სულ გადარბენები მაქვს. წლევანდელ დაბადების დღეზე განსაკუთრებული არაფერი. რეპეტიცია მქონდა, მერე საქმეზე გავედი და გზაში ცოტა სევდა შემომერია, თვალებიც ამიწყლიანდა. მთლად ისე როგორ დავიძინო, ორი ჭიქა ღვინო არ დავლიო-მეთქი, ვიფიქრე და ჩემს ორ მეგობარს დავურეკე. მოვიდნენ ჩემთან სახლში და ერთად აღვნიშნეთ.

სხვათა შორის, მაგარი ამბები ემთხვევა ხოლმე ჩემს დაბადების დღეს. ერთ-ერთ 17 მაისს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ სცენაზე შევხვდი და ეთერში განსაკუთრებული მოლოცვები მივიღე. ერთ დაბადების დღეს ბერლინში გადაღება დაემთხვა. ბერლინში რომ გადაღებაზე მიდიხარ და თან შენი დაბადების დღე ემთხვევა, ამას რა სჯობია. სოხუმის თეატრშიც მქონდა ამ დღეს სპექტაკლი და პექტაკლის შემდეგ იქაც გემრიელად აღვნიშნეთ. ნეტა, ყველა ის ადამიანი, ვისთან ერთადაც ეს დღე სხვადასხვა დროს აღმინიშნავს ჩემი ოცნების დაბადების დღეზე მანახა ოტობაიაში.

– ცრემლი ახსენე. ამის მიზეზი რა არის?

– ცხოვრება გასაოცარი რამეა. რომ იზრდები, რაღაცები გიგროვდება. ციფრებს არ ვაქცევ ყურადღებას, მთავარია, ჯანმრთელად ვიყო, მაგრამ ადამიანის ცხოვრებაშიც ჯერ რაღაცები გროვდება, გროვდება და მერე გამოიღებს ხოლმე ნაყოფს. სანერვიულო და სადარდებელი იმდენია, შეიძლება, მეორე დაბადების დღემდე ვერ მიაღწიო, მაგრამ ეს ყველაფერი მარტომ უნდა გადახარშო, შიგნით. რამდენ გასაჭირს ვხედავთ გარშემო, რამდენი ადამიანი გვაკლდება გვერდიდან, რამდენი სატკივარია და ასაკთან ერთად, განცდილის გამო გულჩვილობა გეპარება, რაც დაბადების დღეზე განსაკუთრებით შემომიტევს ხოლმე. მატერიალურად როგორი პროგრესიც არ უნდა მქონდეს, დაბადების დღეს სულ რომ საკუთარ იახტაში ვიხდიდე, საკუთარ თავთან მარტო რომ დავრჩები, სევდა მაინც შემომეპარება. დაბადების დღეს სევდა ახლავს, ეს ასეა. მით უმეტეს, იხსენებ, რომ შენი ცხოვრების გზა არ ყოფილა სულ ია-ვარდებით მოფენილი. როგორც ამბობენ, ტკბობის ფიალაში ოდნავ სევდაც თუ არ ჩაიღვარა, გადამლაშდება. ბავშვობაში ამას ვერ გრძნობ, მაგრამ რომ იზრდები, ნელ-ნელა შემოდის ეს განცდა.

– საუკეთესო საჩუქართან დაკავშირებით რა გახსენდება?

– სულ ვხუმრობ ხოლმე, სუნამოებით არ ვარ განებივრებული-მეთქი (იცინის). ყველა საჩუქარი საუკეთესოა, როცა მას ადამიანი სულითა და გულით გჩუქნის. ჩემს ბავშვობაში ძალიან დრამატული ამბებიც ხდებოდა, საჩუქრის საშუალება რომ არ ჰქონდათ, ამის გამო შეიძლება, არ წასულიყვნენ მეგობრის დაბადების დღეზე. უსაჩუქროდ რომ მოსულა ადამიანი, ესეც ძალიან მაგარი საჩუქარია. თუ შენიანია უნდა გესმოდეს და ამის გამო არ უნდა გაჭორო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა