რა შთაბეჭდილება მოახდინა დემი მურმა ზურა ბურჯანაძეზე და როგორ მოხვდა მის ობიექტივში უამრავი ვარსკვლავი
ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00
ზურა ბურჯანაძე ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფია, რომლის ანგარიშზეც უკვე არაერთი წარმატებაა. ის თანამშრომლობს როგორც ქართველ, ისე მსოფლიო ვარსკვლავებთან.
ზურასთან საუბარი ნეკა დოროყაშვილის მუსიკალური კლიპით დავიწყეთ, რომელიც მისი გადაღებულია.
ზურა ბურჯანაძე: ნეკა დოროყაშვილთან აქტიურად ვთანამშრომლობდი ფოტო-ვიდეო გადაღებების მიმართულებით. ერთ დღეს ნეკამ მითხრა, რომ სიმღერა ჩაწერა და ვიდეოკლიპის გადაღებას აპირებდა. ამ საქმისთვის მან აბსოლუტური ნდობა გამომიცხადა და მეც დავთანმხდი.
გადაღებების პროცესი ძალიან საინტერესო და დატვირთული იყო. დილიდან დილამდე ვმუშაობდით. ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი კადრები ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროს საპირფარეშოში გადავიღეთ, რომელიც საოცარ გადასაღებ ლოკაციად ვაქციეთ. კიდევ ერთი ლოკაცია იყო ცნობილი კლუბ-ბარის სივრცე, რომელიც გადაღებებისთვის სამი ღამით დავხურეთ.
– როგორი მეგობარია ნეკა და საქმეში რამდენად მომთხოვნი და პრეტენზიულია?
– გარდა საქმიანი ურთიერთობისა, ჩვენ უკვე ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ორივე ძალიან მომთხოვნი ვართ ჩვენი საქმისადმი და ეს ჩვენს საერთო ნამუშევარზეც აისახება. ორივე დეტალებზე ვართ ორიენტირებული და ეს გვეხმარება, რომ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის შედეგი მივიღოთ. რაც შეეხება ნეკას ხასიათს, ხშირ შემთხვევაში, ცნობად სახეებზე, განსაკუთრებით ნეკაზე, საერთოდ სხვაგვარი წარმოდგენა აქვთ. აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანია იმ ტიპაჟისგან, როგორადაც მას საზოგადოების გარკვეული ნაწილი ახასიათებს. რატომღაც ნეგატიურ ჭრილში განიხილავენ, როცა რეალურად, ძალიან მეგობრული, თბილი და უპრეტენზიო ადამიანია. მასთან მუშაობა ძალიან კომფორტულია.
– რას იტყვით გამოხმაურებაზე, რომელიც თქვენს საერთო ნამუშევარს მოჰყვა?
– რადგან ეს პირველი ნამუშევარი იყო, შესაბამისად, „იუთუბზე“ ნული გამომწერიდან დავიწყეთ და ასეთ მოკლე დროში ნამდვილად არ მოველოდი ამდენ ნახვებს, რამდენიც დააგროვა. რა თქმა უნდა, ეს არ არის რეკორდული ნახვები, მაგრამ დასაწყისისთვის ჩვენთვის მართლაც რეკორდულია.
– აქტიურად განიხილავდნენ...
– კი, ძალიან განხილვადი გახდა. სამწუხაროდ, ძირითადად, ნეგატიურ ჭრილში საუბრობენ და მე ვფიქრობ, რეალურად, ეს ადამიანები ნეკასადმი საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავენ და არა ნამუშევრის შეფასებას.
– ძალიან ბევრ ქართველ ვარსკვლავთან გითანამშრომლიათ, ვის გამოარჩევდით?
– ნონიკო კახაძეს, წარმატებულ მოდელს, რომელიც ძირითადად, მილანში მოღვაწეობს და როცა საქართველოში ჩამოდის, აუცილებლად ვიღებ. საოცარი ადამიანი და პროფესიონალი მოდელია.
ალექსანდრა პაიჭაძეს, რომელთანაც გარდა იმისა, რომ საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებს, ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. მას ძალიან ხშირად ვიღებ. სიმართლე გითხრათ, მასთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრ შეკითხვას მისვამენ ხოლმე. რატომღაც საზოგადოების დიდ ნაწილს, მასზეც სრულიად სხვაგვარი წარმოდგენა აქვს. რაც, ასევე, არ შეეფერება რეალობას. ალექსანდრა ძალიან უშუალო, კეთილი და თბილი ადამიანია. გასულ ზაფხულს ერთად ვიყავით ბათუმში და გარეთ რომ გამოვდიოდით, შეიძლება ითქვას, ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვაჩერებდნენ და ფოტოებს იღებდნენ. იმ პერიოდში, „ინბოქსი“ პაპარაცული ფოტოებით ამევსო (იცინის). როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ერთად გვიწევს ყოფნა, ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ვექცევით.
სხვათა შორის, მე და თამო ვაშალომიძე ძალიან დიდი ხანი ვგეგმავდით გადაღებას, მაგრამ უდროობის გამო, ვერ მოვახერხეთ გადაკვეთა და ისე მოხდა, რომ მილანში, „კავალის“ შოუზე გავიცანი და იქ შედგა ჩვენი პირველი კოლაბორაცია.
კიდევ არაერთი ქართველი ვარსკვლავი მყავს გადაღებული: რუსა ჩაჩუა, თაკო ჩხეიძე, ნანუკა გოგიჩაიშვილი, ნუკი კოშკელიშვილი, თი მაჭავარიანი, რუსკა ქარქაშაძე და სხვები.
– არა მხოლოდ ქართველი, „ჰოლივუდის“ ვარსკვლავების გადაღების ბედნიერებაც გქონდათ. მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდით მოდის კვირეულზე?
– მე ხშირად ვსტუმრობ მილანს. მოდის დედაქალაქიდან დაკვეთები ძალიან ხშირად მაქვს. ერთ-ერთი დაკვეთა მილანის მოდის კვირეულს დაემთხვა. მოთხოვნა გავგზავნე, დასტური მივიღე და სიამოვნებით წავედი მილანის მოდის კვირეულზე, სადაც „გუჩის“, „პრადას“, „კავალის“, „ფენდის“ ჩვენებებს დავესწარი.
პირველი დღე – „გუჩის“ ჩვენება. ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა იყო, მაგრამ რთული – ფოტოგრაფებისთვის. სამწუხაროდ, ზუსტად იმ დროს მივედი, როცა შოუ იწყებოდა და ფიზიკურად არ მომეცა წინა ფლანგზე გადასვლის შესაძლებლობა, თუმცა ჩემთვის რამდენიმე ფავორიტი კადრის გადაღება მაინც მოვახერხე – ეს იყო დემი მურისა და ანა ვინტურის კადრები.
– ალბათ, ძალიან შთამბეჭდავი იყო ამ ადამიანების პირადად ხილვა და გადაღება.
– ძალიან უცნაური შეგრძნებაა, როცა მსოფლიო დონის ვარსკვლავს, შენ წინ, ორი მეტრის რადიუსში ხედავ. ისეთი ემოციებია, უცებ ვერც ხვდები, რა უნდა გააკეთო. სხვათა შორის, ძალიან თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ ფანებისა და ფოტოგრაფების მიმართ. დემი მურიც საკმაოდ ახლოს მოვიდა ჩვენთან. ლაივში ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე ეკრანსა და ფოტოებში. გარდა ვიზუალური სილამაზისა, საოცარი შარმი აქვს, რომელიც შორიდანვე იგრძნობა. მისმა ხილვამ მოლოდინებს გადააჭარბა.
რაც შეეხება ანა ვინტურს, როგორც ვიცით, მას არ უყვარს ხმაურიანი შეგებება. ამიტომ, როცა ის „გუჩის“ ჩვენებიდან გამოვიდა, ვინც უკანა ფლანგზე იდგა, თითქმის ვერავინ გაიგო. საერთოდ, როცა ვარსკვლავები გამოდიან, საზოგადოება ისეთი ოვაციებითა და ხმაურით ხვდება, აუცილებლად მიხვდები, რომ კამერები უნდა მოიმარჯვო. ანა ვინტურის გამოსვლისას, ყველა გაიტრუნა და ისეთი უცნაური სიჩუმე იყო, მაინც მიხვდებოდი, რომ რაღაც ხდებოდა და საბედნიეროდ, მისი გადაღებაც მოვახერხე.
როდესაც ამ ღონისძიებაზე მიდიხარ, ზუსტად არ იცი, რომელი ვარსკვლავი მოვა და მთელი ეს დრო, ტანში ჟრუანტელი გივლის. ჩერდება მანქანა და არ იცი, ვინ გადმოვა იქიდან. ეს უზარმაზარი ემოცია იყო. როცა მსოფლიო ვარსკვლავებს ვუღებდი, ადრენალინი და სიმშვიდე ერთად მოვიდა, თითქოს, ეს ყოველთვის ჩემი ადგილი იყო.
– მატილდას გადაღებაც მოახერხეთ...
– კი, გადავიღე, მაგრამ ეს ის კადრი არ არის, როგორიც მე მინდოდა. ამიტომ არ გავასაჯაროვე. მატილდას გადაღება ბოლო წამს მოვახერხე, სრულად არ ჩანდა, მაგრამ ასეთ გარემოში რომ ქართველ ვარსკვლავს იღებ, სულ სხვა შეგრძნებაა. მინდოდა, მისი სახელი ყველაზე ხმამაღლა მეყვირა.
– თქვით, რომ მილანიდან ხშირი შეკვეთები გაქვთ. როგორ ხდება ეს?
– ორგანიზატორები, დიზაინერები, მოდელები, რომლებსაც მოსწონთ ჩემი კონტენტი, ძირითადად, „ინსტაგრამის“ მეშვეობით მიკავშირდებიან ხოლმე. ხშირად ორი დღით ადრე ვიგებ, რომ მილანში მაქვს გადაღება და სასწრაფო წესით მივფრინავ. როცა იტალიელი ვარსკვლავები ჩემს ნამუშევრებს საკუთარ სოციალურ ქსელებში ტვირთავენ, მოთხოვნა კიდევ უფრო იზრდება.
არაერთი მსოფლიო ვარსკვლავი მყავს გადაღებული. მათ შორის: Serena Williams, Ren Meguro, Davikah, Ghali, Jin, He Cong და Nini Captainmiao,Alex Consani, Lavieenbluu, Leonie Hanne, Jessica Goicoechea და Clara Soccins, Chiara Ferragni, Diletta Leotta, Devon Carlson და Ellie Thumann, myss Keta...
– როგორ გახდით ფოტოგრაფი?
– არასდროს მითქვამს, თუმცა, მე პროფესიით ფოტოგრაფი არ ვარ. სამხატვრო აკადემია დიზაინის მიმართულებით დავამთავრე, მაგრამ შემდეგ ფოტოგრაფიამ უფრო გამიტაცა და ამიტომ ეს გზა ავირჩიე. ჯერ – მოყვარულის დონეზე, შემდეგ კი უფრო პროფესიონალურად მივუდექი.
– 26 წლის ასაკში ასეთი წარმატებები რისი დამსახურებაა?
– როდესაც საქმე გიყვარს და სიამოვნებით აკეთებ, ის აუცილებლად მოგიტანს წარმატებას. ჩემს შემთხვევაშიც ზუსტად ეს მოხდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





