შოუბიზნესი

ლალი მოროშკინა: ბავშვები გადავარჩინე, საფრთხე ავიცილე, მაგრამ ბოლომდე – ვერა

№43

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 01.11, 2021 წელი

ლალი მოროშკინა
დაკოპირებულია

იღბალი და შრომისმოყვარეობა, ეს ის თვისებებია, რომელიც ლალი მოროშკინას სასურველი მიზნის მიღწევაში ყოველთვის ეხმარება.

ლალი მოროშკინა: თავს იღბლიან ადამიანად ვთვლი, მაგრამ ჩემი, როგორც იღბლიანის, გზა გადის ძალიან დიდ შრომაზე, ტკივილზე, მოთმინებასა და ხშირად კონკრეტულ სურვილებზე უარის თქმაზე. თუმცა, ყველაზე მთავარი მაინც მიზნის ქონაა. ბევრ ადამიანს რაღაც უნდა, მაგრამ რომ შეეკითხები, რა, პასუხი არ აქვს. როცა იცი, რისი მიღწევა გინდა, შემდეგ გაცილებით მარტივია დაგეგმო. გეგმის განხორციელება რთულია, მაგრამ როცა მიზანი გაქვს, შესაძლებელია.

– საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრა – ეს მომენტი ბევრჯერ გქონიათ ცხოვრებაში?

– კი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. თუ ძალიან გინდა, შემდეგ კოსმოსურ ძალებსაც იზიდავ. როცა რაღაც ძალიან გინდა, გგონია, რომ მთელი სამყარო გეხმარება. უცაბედად კი არ აღმოჩნდები საჭირო ადგილას, ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა სურვილი და მონდომებაც ერთადაა. ჩემს შემთხვევაში ასეა და ვფიქრობ, რომ სხვებიც დამეთანხმებიან. ძლიერი ნატვრა კოსმოსთან გაახლოებს. საჭირო ადგილასაც ძლიერმა მონდომებამ უნდა მიგიყვანოს. როცა რაღაც ძალიან გინდა, მის განხორციელებაში ყველაფერი გეხმარება, სახლის კედლები იქნება, მოულოდნელი ზარი, თუ ასე შემდეგ.

– კარგი ალღო გაქვთ?

– კი, წინათგრძნობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დილით რომ ვიღვიძებ, დაახლოებით ვიცი, როგორი იქნება დღე. არსებობს სიზმარი ან ზმანება, რომელიც ადამიანთან გაღვიძებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოდის ან გაღვიძებისას და ჩემთვის ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, რომელსაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ეს ერთი დიდი ნაწილია იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც გაქვს.

– როცა მიხვდით, რომ ეს მომენტი გქონდათ, ცოტა არ შეგეშინდათ? შესაძლოა, რაღაც ცუდიც იგრძნოთ და რეალობის შეცვლა ვერ შეძლოთ.

– ყოველთვის შემიცვლია მოსალოდნელი ცუდი რეალობა. თუმცა, შეიძლება, ბოლომდე ვერა. ცნობილი ფაქტია, რომ მცხეთის ხიდიდან გადავვარდი მანქანით. საშინელი კატასტროფა მომივიდა. იმ დღეს ჩემთან ერთად უნდა ყოფილიყო მეგობარი, მისი და ჩემი შვილი. გოგონებმა სიღნაღში გადავწყვიტეთ ექსკურსიაზე წასვლა. მაგრამ ისეთი სიზმარი ვნახე, ყველაფერი გადავდე და ჩემს საქმეებზე წავედი. უკანა გზაზე მომივიდა ეს ავარია, რომლის დროსაც მე საშინლად დავიმტვერი, მაგრამ არ მოხდა ის, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, გაცილებით დიდი საშინელება. ვფიქრობ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით ბავშვები გადავარჩინე. საფრთხე ავიცილე, მაგრამ ბოლომდე – ვერ. თუმცა ეს ყველაფერი ძალიან ღრმა ანალიზის შედეგია. ყველა სიზმრის გაშიფვრა რომ დაიწყო, შეიძლება, გაგიჟდე. მაგრამ არის მომენტები, როცა გრძნობ, რომ საფრთხეა მოსალოდნელი. რაღაც ისე არ მიდის, როგორც გინდა და ამ დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკუთარი თავისა და გარემოს ანალიზი.

–წინასწარმეტყველური სიზმრები ხშირად გარდაცვლილ ახლობლებს უკავშირდება. თითქოს ისინი გვაფრთხილებენ. ასეთი მომენტი გქონიათ?

– მე მგონია, რომ ჩვენგან წასული ადამიანები უბრალოდ კი არ წავიდნენ, ანგელოზებად იქცნენ და ძალიან ხშირად გარდაცვლილი მშობელი, ბებია თუ სხვა, მინიშნებას გვაძლევს. საერთოდ, ჩემთვის ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნული არასდროს ყოფილა ეს და ის რეალობა. ამ ორ სამყაროს შორის მხოლოდ თხელი ფარდაა. ჩემთვის ისიც ძალიან რეალურია. ძალიან ცუდად მყავდა ჩემი უფროსი შვილი, ხუთი დღე სიცხეები ჰქონდა, ექიმები ვერ შველიდნენ და ხელი ჩაიქნიეს. როგორ შეიძლება, მშობელს, რომელსაც შვილი ასე ცუდად ჰყავს, დაეძინოს? მაგრამ ჩამეყვინთა, გადაღლილმა უცებ ჩავთვლიმე და დავინახე ჩემი მამინაცვალი – თალეს შონია, რომელიც დგას, ხელს მიქნევს და მეუბნება, ყველაფერი კარგად იქნებაო. თვალი გავახილე და იმ წუთიდან ბავშვს სიცხე აღარ ჰქონია. ბევრი ასეთი მაგალითი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ხშირად მესიზმრება ბებია, თითქმის ყოველთვის, როცა ჩემს ცხოვრებაში რაღაც არასასიამოვნო ხდება. თუ ჩემს სიზმარში ბებია აფორიაქებულია, ვიცი, რომ იმ დღეს ფრთხილად უნდა ვიყო. მე წინაპრებისგან, ჩემგან წასული ადამიანებისგან ყოველთვის ვგრძნობ დახმარებას. თუმცა, რა სახით მოდის ეს დახმარება, ალბათ, ყველამ თვითონ უნდა ვისწავლოთ. ამისთვის ჯერ საკუთარი თავი უნდა შეისწავლოთ. თუმცა, ეს მომენტი ზოგს იმდენად აშინებს, რომ საერთოდ მიუღებლობა სჭირთ. მგონია, რომ ასეთ ადამიანებთან ზეციური კავშირი წყდება კიდეც.

– ასეთი განცდები მარტო საკუთარ თავთან მიმართებით გაქვთ თუ თქვენ გარშემო, სხვა ადამიანების შესახებაც შეგიძლიათ წინასწარ რაღაცები განსაზღვროთ?

– კი, მაგალითად, ჩემი მეგობრები რომ მშობიარობდნენ ხოლმე, მე ამას ყველაზე ადრე ვიგებდი და მათთან მივდიოდი. მერე გაკვირვებულები მეკითხებოდნენ, საიდან გაიგეო. მე ჩამესმოდა მათი ხმა, ვგრძნობდი, რომ ვჭირდებოდი. ეს თემა ჩემთვის ძალიან სათუთია. ჩემმა მეგობრებმა ყოველთვის იციან, რომ როცა რამე გასაჭირია, მე აუცილებლად ვიქნები მათ გვერდით და იმაზე ადრე, ვიდრე ისინი მელოდებიან. ჩემს გარშემო ყველამ იცის, რომ მე ეს მომენტები მაქვს.

ჩემი შვილი დაიმტვრა კვადროციკლით. ამ დროს სამსახურში ვიყავი, ავდექი და მივადექი კლინიკას, თუმცა არც კი ვიცი, რატომ წავედი იქ. მერე გავიგე, რომ იქ ჩემი შვილი იყო ხელზე უზარმაზარი ნაკერებით და მე მიმალავდნენ, რომ არ მენერვიულა. სხვათა შორის, დედაჩემია ძალიან მგრძნობიარე და მთელი ჩემი ბავშვობა ამ მოცემულობაში გავიზარდე. დედა სულ წინასწარ გვაფრთხილებდა და ვეუბნებოდით ხოლმე: კარგი რა, ამ შენი სიზმრებით რატომ წაგვიღე ტვინი?! მაგრამ რომ გავიზარდეთ, მივხვდით, თურმე, ჩვენც გვაქვს წინათგრძნობები და ბევრ რამეს ძალიან მწვავედაც ვგრძნობთ.

– რაც უფრო უღრმავდები, მერე თითქოს უკეთ გრძნობ, არა?

– რა თქმა უნდა. ეს ადამიანის ზრდაა. არ შეიძლება, ერთ ადგილას გაჩერდე. წლიდან წლამდე ჩემს თავში ძალიან ბევრ ახალ რამეს ვპოულობ. სხვანაირად რობოტი ხარ. მე მესმის ათეისტი ადამიანების, მათიც, ვინც სკეპტიკურად უყურებს ამ ამბავს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მეხმარება. რთულია, ამ სამყაროში მარტო იყო. როცა ზებუნებრივი ძალები ასე გეხმარება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველ შემთხვევაში, ჩემს ცხოვრებაში ეს ხდება. დედაჩემთან – მით უმეტეს, ძალიან ხშირად გამიგონია ჩემ გარშემო: მანანას ჰკითხე, რა მოხდება, როგორ მოხდებაო და ასე შემდეგ. მე ასეთ ოჯახში გავიზარდე და თალეს შონიას ვუმადლი. სულ ვამბობ ხოლმე, რომ კეთილ ჯადოქართან ერთად ვცხოვრობდი. შემდეგ დედაჩემმა განაგრძო მისი გზა, დღეს ჩემი ძმა აგრძელებს.

– ფულის შოვნაში ყისმათი თუ გაქვთ?

– ძალიან დიდი ფულის შოვნას კიდევ სხვა რაღაც სჭირდება, რაც მე არ მაქვს. ამისთვის, ალბათ, ამდენი მეგობარი და ახლობელი არ უნდა მყავდეს. რასაც მე „ვშოულობ“, იქიდან ძალიან ბევრი ჩემს ახლობლებზე ნაწილდება. ასე რომ არ იყოს, ალბათ, ძალიან ბევრი ფული მექნებოდა, მაგრამ მე ასე მირჩევნია. არჩევანი ყოველთვისაა – გქონდეს ძალიან ბევრი ფული თუ გააგრძელო გვერდზე მდგომი ადამიანების გახარება. ჩემთვის მეორე უფრო პრიორიტეტულია. ძალიან მაღალ თანამდებობაზე ვმუშაობდი, საიდანაც ჩემ გარდა, მგონი, ყველა დიდი ფულით მოდიოდა. მე ასეთ რამეებს ვერ ვიკადრებ, ამიტომ ჩემნაირ ადამიანებს ძალიან ბევრი ფული არასდროს ექნებათ.

– როგორ ფიქრობთ, იღბალი როგორ უნდა მოვიზიდოთ – ცუდიდან კარგ „პალასაზე“ როგორ უნდა გადავიდეთ?

– არის მომენტები, როცა არ იცი, როგორ გააგრძელო ცხოვრება ხვალინდელი დღიდან. გგონია, რომ ყველაფერი დასრულდა და აზრი აღარაფერს აქვს. რამდენჯერმე ეს რომ გავიფიქრე, ღმერთმა ისეთი მაგალითი მიჩვენა, თურმე, რა არის ნამდვილი საშინელება და რა შეიძლება, დამემართოს მე ან ჩემს შვილებს, რომ მაშინვე მივხვდი, რამდენად არასწორად ვფიქრობდი და პირობა დავდე, რომ ასე აღარ მოვიქცეოდი. ისრაელის პრემიერ-მინისტრს – გოლდა მეიერს აქვს ნათქვამი – ისრაელელი ხალხისთვის დეპრესია ძალიან დიდი ფუფუნებააო. ზუსტ პერიფრაზს გავაკეთებ, ჩემთვის დეპრესია ძალიან დიდი ფუფუნებაა. ცხოვრება უნდა გააგრძელო, ოჯახი ფეხზე დააყენო. სხვანაირად თავს დაკარგავ, ამიტომ მობილიზება სჯობს, სხვანაირად, უბრალოდ, არ გამოვა. კიდევ ერთი მომენტია – ცხოვრებაში არ უნდა იჩანჩალო – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ცხოვრობს, მაგრამ ცხოვრებასა და სიცოცხლეს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. რაც უნდა იყოს, შრომა, შრომა და შრომა – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემთვის არ არსებობს სამი სიტყვა: გუშინ, დავიღალე და მერე. ყველაფერი აქ და ახლა ხდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი