შოუბიზნესი

კოკო როინიშვილი: მე და ანი ვცდილობთ, ბოლომდე არ გავაცნოთ ჩვენი თავი ერთმანეთს

№45

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 07.11, 2022 წელი

კოკო როინიშვილი
დაკოპირებულია

რეჟისორი, მსახიობი, ტელეწამყვანი – ეს კოკო როინიშვილის პროფესიების ჩამონათვალია. შეიძლება, რთულია, მაგრამ ახერხებს სამივეს დაუთმოს დრო პარალელურ რეჟიმში და თან არც ოჯახს მოაკლოს ყურადღება. მასთან საუბარი ახალი სეზონით დავიწყეთ.

კოკო როინიშვილი: „ქალაქის თეატრში“ ახალი სეზონი თინათინ წულაძის „მარკეტით“ გაიხსნა. 29 ოქტომბერი და 4 ნოემბერი კი გიორგი კიკნაძის სპექტაკლის – „კუნძულის“ დროა. ასეთია დასაწყისი და ჩვენს მაყურებელს ნელ-ნელა ახალ სპექტაკლებსაც შემოვაშველებთ.

– „ქალაქის თეატრის“ მთავარი შემოქმედი თქვენ ხართ. როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა და რამდენად რთული იყო განხორციელება?

– აქვე ვიტყვი, რომ მთავარი შემოქმედი მე არ ვარ. ზუსტად ეს არის ამ თეატრისა და ამ სივრცის ხიბლი, რომ ერთი მთავარი შემოქმედი არ ჰყავს. ეს თეატრი მე და ჩემმა მეგობრებმა გავაკეთეთ და ყველა პასუხისმგებლობას თანაბრად ვინაწილებთ. იდეა და მიზანი ერთადერთია – მიანიჭოს მაყურებელს მხნეობა. ძალიან ბევრი ნიჭიერი მსახიობი და რეჟისორია, რომელთაც არ ეძლევათ საკუთარი ნიჭის გამოვლენის საშუალება. ჩვენ მაქსიმალურად, რამდენადაც შევძლებთ, ამ ადამიანებს მივცემთ საშუალებას, რომ საკუთარი ნიჭი ქალაქის თეატრის სცენაზე გამოავლინონ. ეს იყო ერთ-ერთი ამოსავალი იდეა. ამ პროცესში, მთავარი სირთულე ფინანსები იყო. თეატრს, ძირითადად, ჩვენი ხელით ვაშენებთ. ფინანსურად კარგი ადამიანები და კეთილი მეგობრები გვეხმარებიან, რამდენადაც შეუძლიათ, თუმცა, კიდევ ველოდებით ახალ მეგობრებს.

– მგონია, რომ ასეთი იდეის ხორცშესხმას გამბედაობა სჭირდება. 21-ე საუკუნეში არ ვართ განებივრებული ახალი თეატრებით. როგორ შეძელით ყველაფრის ორგანიზება?

– როდესაც ეს შენობა ვნახეთ, დიდხანს აღარ გვიფიქრია იმაზე, უნდა გაგვეკეთებინა თუ არა აქ თეატრი, გადაწყვეტილება მაშინვე მივიღეთ. ადამიანს გამბედაობა დიდხანს არ ჰყოფნის ხოლმე, სულ წამები გრძელდება და ნაბიჯი ზუსტად მაშინ უნდა გადადგა. ასეც მოვიქეცით. მგონია, რომ ბევრს უნდა ეყოს გამბედაობა, ბევრი თეატრი უნდა შეიქმნას, დამოუკიდებელი სივრცეები, იმიტომ, რომ ეს მნიშვნელოვან ცვლილებას შეიტანს ქართულ კულტურაში. ნაბიჯი უცებ გადავდგი, თუმცა იდეა, რომ თეატრი უნდა გაგვეკეთებინა, ჩემს სამეგობროში დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა.

– არ იყო პესიმისტური მომენტები, როცა პრობლემებს აწყდებოდით?

– კი. იყო ასეთი მომენტები. მითქვამს, რომ არ გამოდის, გამოსავლის პოვნაში ის გვეხმარებოდა, რომ ამ საქმეში ბევრნი ვიყავით ჩართული. მე თუ არსებული პრობლემების გამო პესიმისტური განწყობა გამიჩნდებოდა, სხვა არ მომცემდა უმოქმედობის უფლებას. სხვას თუ გაუჩნდებოდა ნიჰილისტური დამოკიდებულება, მესამე აიღებდა საკუთარ თავზე გამხნევებას და ბრძოლის უნარის გაღვიძებას.

– ხელოვანის გარდა, კარგი ორგანიზატორიც აღმოჩნდით.

– ისე, რა (იცინის). საჭირო თვისებებიდან ჩვენს სამეგობროში ზოგს რა აღმოაჩნდა, ზოგს – რა. ვიღაცას კომპანიებთან თანამშრომლობა გამოსდის კარგად, ვიღაც ბუღალტერიას სწავლობს, ვიღაცას ხელოსნობა გამოსდის და ასე შემდეგ. საჭირო უნარებიც გადავინაწილეთ და ფიზიკურადაც თვითონ ვუმკლავდებოდით ყველაფერს. ძალიან ბევრი ნაგავი გავიტანეთ, მერე კედელი დავშალეთ, ახალი ავაშენეთ და კუნთებიც დავიყენეთ (იცინის).

– შვილიშვილებს რომ თამამად მოუყვებით, ყველაფერი საკუთარი ხელით მაქვს გაკეთებულიო, ასეთი ამბავი გამოგივიდათ.

– ზუსტად ეგეთი ამბავია. სპექტაკლის დაწყებამდეც თვითონ ვაწყობთ დეკორაციას, დასრულების შემდეგაც ჩვენ დავშლით და შევინახავთ. ყველა დეტალი ზეპირად ვიცით და კი, შვილიშვილებთან თამამად მოვყვები ამ ამბავს (იცინის).

– რეჟისორი კოკო როინიშვილი – ეს ისტორია როდის დაიწყო?

– 2007 წელს სამსახიობოზე ჩავაბარე. მაგისტრატურაზე ბატონ გიზო ჟორდანიასთან ვისწავლე. თავიდან რომ ვაბარებდი, ორად ვიყავი გაყოფილი, არ ვიცოდი, სამსახიობო ამერჩია თუ სარეჟისორო. ისე გამოვიდა, რომ ორივე ფაკულტეტზე ვისწავლე, რაც დღეს მადგება. მსახიობიც ვარ, უკვე შედარებით ნაკლებად, მაგრამ რამდენიმე სპექტაკლში მაინც ვთამაშობ და რეჟისურაში – თავისთავად, ახლა „ილიაუნის“ თეატრში მექნება პრემიერა. საკმაოდ ბევრი ვიშრომე, ახლაც ვაგრძელებ, არ მგონია, რომ მიზნამდე მისული ვარ, წინ ძალიან გრძელი გზა მაქვს გასავლელი და დიდი შრომა მელის.

– ერთ-ერთ სპექტაკლში, როგორც რეჟისორმა, მამა – გია როინიშვილი დააკავეთ. ამ ამბავს მაყურებლისთვის განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა ჰქონდა, თქვენთვის რით იყო მნიშვნელოვანი?

– კი, თუმანიშვილის თეატრში, სპექტაკლ „კუგელმასში“. ჩემთვის ერთი დიდი სკოლა იყო გია როინიშვილთან, როგორც მსახიობთან, მუშაობა. რეპეტიციაზე ჩვენ შორის მამაშვილური ურთიერთობა იკარგებოდა – იქ ვიყავით რეჟისორი და მსახიობი.

– თუ არ ვცდები, ნათქვამი გაქვთ, ბევრად უკეთესი მუსიკოსი ვიქნებოდი, ვიდრე მსახიობი და რეჟისორიო. რა იქნება მომავალში?

– მე მგონია, რომ მუსიკის სწავლა ცოტა დავაგვიანე (იცინის). თუმცა კი – ვფიქრობ, რომ ბევრად უკეთესი მუსიკოსი ვიქნებოდი, ვიდრე რეჟისორი და მსახიობი ვარ. გიტარაზე ვუკრავ, ფორტეპიანოზე ვუკრავ, მაგრამ ორივე შემთხვევაში ძალიან დილეტანტი ვარ.

– ბოლო პერიოდში კიდევ ერთი პროფესია შეითავსეთ – ტელეწამყვანობა. მაინტერესებს, ამდენს ერთად როგორ ასწრებთ?

– მეც გაოცებული ვარ, არ ვიცი, როგორ, მაგრამ ვახერხებ (იცინის). ახალი პროფესია შევიძინე, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. „მთავარ არხზე“ კარგ ხალხში მოვხვდი და ამისთვის დიდი მადლობა ბედს და განგებას. მომწონს ეს პროფესია და მგონია, რომ რაც გსიამოვნებს, ის უნდა აკეთო. ამ საქმეში კომფორტულად რომ არ ვგრძნობდე თავს, აქ არ ვიქნებოდი. არსად ვიქნები, სადაც თავს კომფორტულად არ ვიგრძნობ.

– ხშირად ხდება ისეც, რომ ვაკეთებთ საქმეს, რომელიც არ გვეკომფორტულება, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ასეა საჭირო.

– არ ვარ ეგ ტიპაჟი, თუმცა, ყოფილა ჩემს ცხოვრებაში მომენტი, როცა გარკვეული მიზეზების გამო ჩემი თავისთვის გადამიბიჯებია. მაგრამ მაინც ვცდილობ, ისეთ ადგილას ვიყო, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. ასეთია ტელევიზიაც. მალე მეოთხე წელი დაიწყება, რაც „შენი დილა“ მიმყავს.

– ამდენი ამბის პარალელურად, ოჯახისთვის თუ იტოვებთ დროს?

– ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი შვილისა და მეუღლისთვის აუცილებლად დავიტოვო დრო. მგონი, ასე თუ ისე, გამომდის.

– რას ამბობენ ისინი?

– ორივეს ძალიან ვუყვარვარ (იცინის). მე და ჩემს მეუღლეს გადატვირთული გრაფიკი გვაქვს, მაგრამ მაინც ვახერხებთ ჩვენს შვილთან ერთად ყოფნას. უფრო ჩვენი შვილი ახერხებს ჩვენთან ერთად ყოფნას.

– ხშირად მსმენია თქვენი განსაკუთრებული ურთიერთობის, განსაკუთრებული სიყვარულის შესახებ. სიყვარულის გარდა, რა სჭირდება ასეთ ურთიერთობას?

– უბრალოდ, ვცხოვრობთ სიყვარულში. ვცდილობთ, ზედმეტი პრობლემები არ შევიქმნათ, ბედნიერები ვიყოთ. ალბათ, ეს არის პასუხი. უკვე 13 წელია, რაც შეყვარებულები ვართ. რაც დრო გადის, უფრო მეტად მიყვარს. მეც და ანისაც ჯერ ბოლომდე არ ამოგვიცნია ერთმანეთი. ვცდილობთ, ბოლომდე არ გავაცნოთ ჩვენი თავი ერთმანეთს, რაც მეტი სიურპრიზი გვხვდება, მით უფრო საინტერესოა. შეიძლება, ასე ასი წელიც გაგრძელდეს. ადამიანში სულ ინახება რაღაც საინტერესო, რასაც ნელ-ნელა, ლუკმებად მიაწვდი საყვარელ ადამიანს (იცინის).

– ალბათ, თქვენი პატარა გოგონაც თეატრალურ გარემოში იზრდება.

– ახლაც თეატრში ვართ, ანის სპექტაკლზე. მაროც ჩვენთან ერთადაა. ათვისებული აქვს „თუმანიშვილის თეატრი“, ყველას იცნობს, ყველაფერი ზეპირად იცის და აქ ძალიან კარგად გრძნობს თავს. „ქალაქის თეატრის“ მშენებლობის პროცესშიც ჩვენთან ერთად იყო. ბევრ რამეში გვეხმარებოდა, მათ შორის, დალაგებაში. მაყურებელი რომ მოდიოდა, კართან ხვდებოდა და ასე შემდეგ, ჭკვიანი გოგოა. კარგი მაყურებელია. სპექტაკლს დასრულების შემდეგ ჩვენთან ერთად განიხილავს და საკმაოდ კრიტიკულია. არაფერს იტყუება, რაც არ მოსწონს, პირდაპირ გეუბნება.

– ნათქვამი გაქვთ, ბავშვობაში მინდოდა, გმირი ან სუპერმენი გავმხდარიყავიო. გამოვიდა? დღეს რა გინდათ?

– არა, რა თქმა უნდა (იცინის). საბოლოო ჯამში, სუპერმენსა და გმირს მე ვერ დავირქმევ. არ ვიცი, რა გამომივიდა, მაგრამ ჩემი შეხედულებით, ასეთი ნამდვილად არ ვარ (იცინის).

მინდა, ქართული თეატრი უფრო და უფრო განვითარდეს, ეს მარტო მე არა, ბევრს უნდა და ჩვენი სურვილები რომ გაერთიანდება, ქართული თეატრი და კულტურა მართლა ავა უფრო მაღალ საფეხურზე. ქართველები ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ და მგონია, რომ ეს შესაძლებელია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი