შოუბიზნესი

გიორგი გრიგალაშვილი: ჩემს მეუღლეზე ვგიჟდები იმის მერე, რაც ვნახე და მოვისმინე

№5

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00

გიორგი გრიგალაშვილი
დაკოპირებულია

მუსიკალურ ჯგუფ „ურსას“ წევრი გიორგი გრიგალაშვილი მესამე შვილის მამა გახდა. მისი გოგონა სამყაროს ცოტა ხნის წინ მოევლინა და მშობლების ბავშვობის ნატვრა რეალობად აქცია.

გიორგი გრიგალაშვილი: თათა გრიგალაშვილი 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე დაიბადა, ზუსტად 23:59 წუთზე გაჩნდა. შესაბამისად, მე უკვე სამი გოგოს მამიკო ვარ.

სამივე შვილის დაბადების დროს განსხვავებული შეგრძნებები მქონდა. ამის სიტყვებით გადმოცემა მიჭირს, მაგრამ ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ ჩემს მეუღლესაც და მეც ბავშვობიდან გვქონდა სურვილი, რომ სამი გოგონა გვყოლოდა. საბედნიეროდ, აგვისრულა ღმერთმა ეს სურვილი.

პირველ და მეორე გოგონას შორის 6 წელია სხვაობა, მეორესა და მესამეს შორისაც 6 წელი გამოვიდა. მე და ჩემს მეუღლეს კიდევ ერთი განსაკუთრებული ჩანაფიქრი გვქონდა: როცა საკუთარი სახლი გვექნებოდა, მერე ვიფიქრებდით მესამე შვილზე. მადლობა ღმერთს, სახლიც შევიძინეთ და მესამე შვილიც შეგვეძინა. ბედნიერები ვართ, რომ ყველაფერი ასე კარგად მიდის.

– უფროსები როგორ შეხვდნენ პატარა დაიკოს?

– უფროსი უკვე 11 წლისაა, დიდი გოგოა და ძალიან ეხმარება დედიკოს უმცროსი დაიკოს მოვლაში. შუათანაც, მაგრამ ეს უფრო ეშმაკუნაა. მასთან ჩვილის მარტო დატოვება მთლად უსაფრთხო არ არის (იცინის). თან აქამდე ის იყო პატარა ოჯახში და ახლა მასზე უფრო პატარა რომ გაჩნდა და საჭიროებიდან გამომდინარე, მას შედარებით მეტი ყურადღება ეთმობა, ცოტა გაუჭირდა, მაგრამ მე და ჩემი მეუღლე მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყურადღება სამივეზე თანაბრად გადავანაწილოთ.

– მშობიარობას ხომ არ დაესწარით?

– ბოლომდე მის გვერდით ვიყავი, მაგრამ უშუალოდ მშობიარობის პროცესი რომ დაიწყო, გამოვედი. იქვე ვიყავი კართან, ვერ ვხედავდი, თორემ ყველაფერი გავიგე. ფიზიკურად ვერ შევძლებდი მშობიარობაზე დასწრებას. ბევრს შეუძლია ამის გაკეთება და ეს ძალიან მაგარია, მაგრამ ის, რაც მე კარს მიღმა მესმოდა და ის, რასაც ვგრძნობდი, ნამდვილად არ იყო მარტივი. ამის შემდეგ რომ შვილმა დედას რამე არ დაუჯეროს ან აწყენინოს, არ ვიცი... ვამბობდი კიდეც, ასეთ რამეს რომ შევესწრო, შვილი დედას ძალიან ცუდად გაეპასუხოს, შეიძლება, ჩავერიო-მეთქი. მშობიარობის პროცესი ჩემთვის იყო ძალიან რთული და დედებზე რაღა უნდა ვთქვა?! ქალები გმირები არიან, ყველა უნდა გავუფრთხილდეთ დედებს და საერთოდ, უნდა ვეცადოთ, რომ მშობლებს ყველაფერი საუკეთესო მივცეთ. ალბათ, ვერავინ ვერასდროს გაიგებს, მას რისი გადატანა უწევს, სანამ ამას თავის თვალით არ ნახავს. რა თქმა უნდა, როგორც ყველას, მეც მქონდა წარმოდგენა, მაგრამ ამ მომენტმა კიდევ სულ სხვანაირად დამანახვა, რამდენად დიდი ამაგი აქვს დედას.

– წინა მშობიარობებზე როგორ იყო?

– პირველ და მეორე მშობიარობებზე მეუღლესთან ერთად არ ვყოფილვარ. როგორც მამაკაცების უმეტესობა, ქვემოდან ვგულშემატკივრობდი, სამეგობროსთან ერთად აღვნიშნავდი. მესამეზე გადავწყვტე, რომ მის გვერდით ვყოფილიყავი. პირველი შვილი რომ შემეძინა, ასაკით მე თვითონაც პატარა ვიყავი – 23 წლის. მაშინ ძალიან ცუდი მამა ვიყავი. პატარაზე ისე არ ვზრუნავდი, როგორც საჭირო იყო. უფრო მეტიც, ბავშვი ოთახში ტირილს რომ დაიწყებდა, თურმე, ვამბობდი, გაიყვანეთ, დამაძინეთ-მეთქი. მე არ მახსოვს ეს, მაგრამ მახსენებენ (იცინის). მეორე შვილი რომ შეგვეძინა, მისი მოვლის პროცესში უკვე მეც ჩავერთე და ვცდილობდი, მეზრუნა. გამოცვლა იქნებოდა თუ დაბანა, მეც ვაკეთებდი. მესამე ახლახან დაიბადა, მაგრამ სულ ვცდილობ, სახლში ვიყო. იმდენად არ მინდა, მას მოვშორდე, მაღაზიაში გასვლაც კი მეზარება. ასაკთან ერთად, განწყობა სულ სხვანაირია. შენც იზრდები და ხვდები, რომ ზუსტად ასეთი მომენტებისთვის ღირს ცხოვრება. არაფერი სჯობს, როცა შვილი შენს თვალწინ იზრდება და ამ პროცესში შენც აქტიურად ხარ ჩართული.

– დაიწყეს უკვე კითხვები – მეოთხე როდის იქნებაო?

– უფრო „მამშვიდებენ“ – არა უშავს, მეოთხე ბიჭი იქნებაო (იცინის). ქართველებს გვჩვევია ასეთი მიდგომები. სინამდვილეში, დასამშვიდებელი არაფერი მაქვს. სამი გოგო მინდოდა, მყოლოდა-მეთქი, რომ ვამბობ, მეუბნებიან, არა, ახლა, გვარის გამგრძელებელიც ხომ გინდაო. გრიგალაშვილები იმდენი ვართ, სხვამ გააგრძელოს გვარი, არ არის პრობლემა (იცინის). ახლა ამას რომ წაიკითხავენ, შეიძლება, გულში გაიფიქრონ, სხვა გზა არ აქვს და ამიტომ ლაპარაკობს ასეო, მაგრამ პირველი შვილი გოგონა რომ შემეძინა, თან რვა მარტს, ჩემს დაბადების დღეზე, ეს ჩემთვის წარმოუდგენელი სიხარული და საჩუქარი იყო. წარმოუდგენლად დიდი ბედნიერება ვიგრძენი. შემდეგ მეორე რომ დაიბადა, ეს ემოციები კიდევ უფრო გაიზარდა. არ ვიცი, რა დონეზე დაღლილი უნდა მოვიდე სახლში ან ღამის რომელი საათი უნდა იყოს, რომ გაეღვიძება ხოლმე, მოვა, ჩამეხუტება და ყველაფერი მავიწყდება. მესამე შვილის მოლოდინში მეც და მეუღლეც ვამბობდით, ბიჭი თუ იქნებოდა, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ სხვა სქესის მშობლობასაც გამოვცდიდით, თორემ ამას ჩვენთვის სხვა არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა და არც დაგვიგეგმავს. დღეს ამის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი მიზანი, ჩვენ მესამე შვილი გვინდოდა და მადლობა ღმერთს, ჯანმრთელი პატარა შეგვეძინა.

– მეუღლესთან ურთიერთობა როგორ შეცვლა წლებმა და სამმა შვილმა?

– შვილი ათასმაგად აღრმავებს სიყვარულს და თან სამ შვილს სიყვარული საერთოდ სხვა განზომილებაში გადაჰყავს. ჩემს მეუღლეზე ვგიჟდები და იმის შემდეგ, რაც ვნახე და მოვისმინე, ანუ რაც მან მშობიარობისას გაიარა, არ ვიცი, ვინ შეიძლება, იყოს მასზე ძვირფასი ჩემთვის. ჩვენ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ბევრი ეტაპი გამოვიარეთ. ორ შვილთან ერთად ქირითაც ვცხოვრობდით, ფინანსური სირთულეები გვქონია, მაგრამ ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვიდექით. უფრო მეტად ლილე მედგა გვერდით და მარწმუნებდა, რომ ყველაფერი გამოგვივიდოდა. დღეს რომ ფეხზე მყარად ვდგავართ, ამაში ჩემს მეუღლეს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი