გია აბესალაშვილი: რომ ვიძინებთ, უნდა ჩავთვალოთ, რომ გარდავიცვალეთ და მეორე დღეს თავიდან დავიწყოთ ცხოვრება
ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00 19.02
გია აბესალაშვილის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის გია აბესალაშვილი?
გია აბესალაშვილი: ერთი ჩვეულებრივი, საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი, პროფესიით მსახიობი.
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– არავის გვიჭირდეს, ჯანმრთელები ვიყოთ, ერთიანი და მთლიანი იყოს ჩვენი ქვეყანა, ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი...
– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?
– გულჩვილი არ ვარ, მაინცდამაინც – არც ემოციური. არის რაღაცები, რაც მაბრაზებს, მაგრამ ემოციების მართვა შემიძლია.
– როდის გიტირიათ სიხარულისა და ტკივილიანი ცრემლით?
– ალბათ, ბავშვობისას. ზრდასრულ ასაკში არ მიტირია, მაგრამ მძიმე განცდა მქონია. სიხარულის ცრემლებით – უფრო მეტად, თუმცა კონკრეტულად ვერ ვიხსენებ.
ჩვენ მძიმე გზა გამოვიარეთ... აფხაზეთის ომიდან ბევრი ბავშვი მომყავდა, რომლებსაც ხელებზე პასტით ეწერათ საკუთარი სახელები. იმდენად პატარები იყვნენ, ზოგი ვერც ლაპარაკობდა. ჭუბერზე რომ გადმოვიყვანეთ, სადღაც ხის ფუღუროსთან ვაფარებდით თავს. მერე ერთმა არაჩვეულებრივმა სვანმა ქალბატონმა სახლი დაგვითმო. ის პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დაძაბული და სულისშემძვრელი იყო. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა ამ ბავშვებისთვის, რა გვეჭმია. წყალში ვუხსნიდი შაქარს, რომ მოძრაობა შეძლებოდათ. სხვა არაფერი გვქონდა. ამის შემდეგ რაზე უნდა აგიჩუყდეს გული?!
– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგოთ?
– ჩემს ახლობლებსა და გაჭირვებულებში დავხარჯავდი. დღეს ბევრს უჭირს და ალბათ, ბევრს გავუმართავდი ხელს ჩუმად, რომ არ გაეგოთ ვისგანაა.
– თუ გიოცნებიათ მსოფლიო მასშტაბით ყოფილიყავით ცნობილი ადამიანი?
– ამას არაფერი უდგას წინ, ხვალვე შემიძლია ცნობილი გავხდე, თუმცა რით, ეგ არის მთავარი (იცინის). ცნობადობის მოპოვება კი არა, კარგი ადამიანობა არის პრობლემა. ღირსეული და კარგი ხალხი ბევრი გვყავს ქართველებს. ალბათ, მათ უნდა ვბაძავდეთ, თორემ ცნობილი გახდე, ამაში საოცნებო არაფერია.
– წარსულიდან რას მიიჩნევთ თქვენს მცდარ ნაბიჯად?
– სულ შეცდომებზე ვსწავლობთ, მთელი ჩვენი ცხოვრება რაღაცები გვეშლება და მუდმივად შეცდომების გამოსწორებაში ვართ – ასე ვიზრდებით. ცოტა ხნის წინ ქადაგებას ვუსმენდი, მამაო ამბობდა, რომ ვიძინებთ, უნდა ჩავთვალოთ, რომ გარდავიცვალეთ და მეორე დღეს რომ გავიღვიძებთ, როგორც ახალდაბადებულებმა, თავიდან უნდა დავიწყოთ ცხოვრება და ვეცადოთ, გუშინდელზე უკეთესები ვიყოთო. თუ ამას შევძლებთ, ცხოვრებასაც უკეთესს გავხდით და ჩვენ სულსა და გულსაც გავათბობთ.
– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდათ...
– პაემანზე არა, მაგრამ ერთ-ერთ ქალბატონს ვეპრანჭებოდი და ბაკურიანში ციგით გადმოვხტი ისეთი ტრამპლინიდან, რომ გზაშივე მივხვდი, რამხელა სისულელე გავაკეთე. დიდხანს გაგრძელდა ფრენა და ბოლოს ციგა დაიშალა... კი გადავრჩი, მაგრამ მგონი, იმ ადგილიდან ციგით არავინ გადმომხტარა და ჩემზე ხელით უთითებდნენ, ეს ის სულელია, იქიდან რომ გადმოხტაო (იცინის). იმ ქალბატონმაც, ალბათ, იფიქრა, ეს სერიოზულად აფრენსო (იცინის).
– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი და რამ შეიძლება, თქვენში ეს თვისება გააღვიძოს?
– სასტიკი არა, მაგრამ მომთხოვნი და ცოტა გაბრაზებული ვყოფილვარ. ჯარში ვიყავი ასეთი, რადგან მოცემულობა იყო შესაბამისი. მერე აღსარებაშიც მითქვამს – მრცხვენოდა, რომ ისე ვიქცეოდი, მაგრამ ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან სხვანაირად იქ არაფერი შესრულდებოდა.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდი გამარჯვებად და მარცხად?
– საერთოდ, მე მთელი ცხოვრება მიმართლებდა. ბავშვობიდან მოყოლებული, ძალიან კარგ ადამიანებს ვხვდებოდი. ჩემდაუნებურად გამოდიოდა ასე. ჯერ იყო და ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა. მერე, გარკვეული პერიოდი, ვცეკვავდი და ჯერ – ფრიდონ სულაბერიძე, შემდეგ – ილიკო და ნინო სუხიშვილები – ასეთ ადამიანებთან მქონდა შეხება. შემდეგ შემთხვევით რეზო ჩხეიძე გავიცანი და ქუჩიდან ფილმში მოვხვდი. იმ დროს უნივერსიტეტში მოსამზადებელ ფაკულტეტზე ვიყავი, მაგრამ გამომიშვეს, რადგან გადაღებები გამიგრძელდა. მაშინ სტაჟი იყო საჭირო ჩასაბარებლად და რეზო ჩხეიძემ მიმიყვანა მიხეილ თუმანიშვილის თეატრში. სცენის მუშა, გამნათებელი, რეკვიზიტორი... ბევრი ამპლუა მოვირგე. იქ გავიცანი მიხეილ თუმანიშვილი. ეროსი მანჯგალაძე იყო დირექტორი. ასე შევხვდი ამ საოცარ ადამიანებს. თვითონ მირჩიეს, თეატრალურში ხომ არ ჩააბარებო. გამეცინა, ამაზე საერთოდ არ ვფიქრობდი, უნივერსიტეტში აღდგენას ვგეგმავდი. მაშინ მითხრეს, ბიჭო, მიშა თუმანიშვილი გეუბნება ამას, ვიღაც კი არა, ამიტომ აუცილებლად სცადეო. ვცადე და მოვხვდი. ასე დაიწყო ეს ისტორია. ჩემი ყველაზე დიდი წარმატება მიხეილ თუმანიშვილთან ურთიერთობა იყო.
მარცხი – რამდენიც გაგიხარდებათ. ზოგი სპექტაკლი გამოვა, ზოგი – არა... ცხოვრება ასეთია, რომ წაიქცევი, უნდა ადგე. დაბლა რომ დავარდები, ამ მდგომარეობაში ხომ არ რჩები, ფეხზე ხომ უნდა წამოდგე?!
– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?
– ადამიანი სულ შიშშია. როცა საყვარელ ადამიანზე გეტყვიან, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, დანარჩენი ღმერთის ნებააო... ასეთი დიაგნოზი ძალიან მძიმე მოსასმენია. ახლობლების სიყვარულს მოაქვს მათი დაკარგვის შიში. ეს ყველაზე მძაფრი ყოფილა, თორემ ისე, ცხოვრების განმავლობაში ბევრი რამის შეგეშინდება. შეიძლება, სროლაში მოყვე, მაგრამ იმ დროს არა, მერე უფრო მოდის შიში, როცა საფრთხეს აცნობიერებ. უამრავი მეგობარი დავკარგე. უამრავი მივასვენეთ სახლში, ეს საშინელებაა... ახლობლების დაკარგვა ძალიან მძიმეა.
– პროფესიის მიღმა, რისი კეთება გსიამოვნებთ?
– მსიამოვნებს ხატვა. ერთი-ორი ფილმის ესკიზები დავამთავრე. რამდენიმე სპექტაკლი მაქვს გაფორმებული. ახლა უფრო მეტად ჩავუჯექი და ეს საქმე ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მეგობრებმა კარგი სახატავები მომიტანეს, თუმცა ჯერ ვერ მივედი მათ გამოყენებამდე. ერთად ხუთი ნახატი მაქვს დაწყებული. მივატოვებ, მივუბრუნდები... ხასიათს გააჩნია, თორემ დღე არ ჩაივლის ისე, რომ რაღაც არ მოვჯღაბნო ფურცელზე მაინც. სკოლაში ჩემს მერხს თითქმის კვირაში ერთხელ ღებავდნენ. ხელში სულ კალმისტარი მეკავა და მელანი თუ გამითავდებოდა, ორნამენტებს ვაკეთებდი. დღესაც, თუ სადმე პასტას ან კალამს დავინახავ და იქვე ფურცელიცაა, ხატვას ვიწყებ. ვის არ აქვს ჩემი ნახატები, ძალიან ბევრს.
საფრანგეთში ვიყავით გასტროლით და ერთმა საოცარმა ქალბატონმა დაგვპატიჟა სახლში, რომელიც მარსის მოედანზე იყო და ეიფელის კოშკს გადაჰყურებდა. კედელზე ორი ნახატი შევნიშნე – ერთი პიკასოსი, მეორე კი სალვადორ დალის აღმოჩნდა. ზურა გეწაძემ ამ ქალბატონს უთხრა, გიაც ხატავსო, მას კი სახლში ძალიან კარგი სახატავი მასალა აღმოაჩნდა. დავჯექი და ხელი თავისით ხატავდა – მარსის მოედანი დავუხატე. ამ ქალბატონმა აიღო და ჩემი ნახატი დიდის ამბით, დალისა და პიკასოს ნამუშევრებს შორის ჩამოკიდა. რომ ჩამოვედი, მეგობარ მხატვრებს თავხედურად ვეუბნებოდი, პარიზში გამოფენა მქონდა, ჩემი ნახატი დალისა და პიკასოს გვერდით გამოიფინა-მეთქი (იცინის).
– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?
– ვამაყობ ჩემი წარმომავლობით, მე რას ვძენ ამ წარმომავლობას, ეს არ ვიცი, მაგრამ ვამაყობ ჩემი წინაპრებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





