რელიგია

გიყვარდეს მტერი შენი...

№5

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 13.02

რელიგია
დაკოპირებულია

მტერთან ჩვენს თავმდაბალ მოპყრობას ძალუძს მგელი ცხვრად აქციოს, მისი მრისხანების სახმილი მშვიდობის ცვრით დანამოს, ქარიშხალი დააცხროს და სრულიად დაშრიტოს გულისწყრომის ალი. ჩვენი მშვიდი სიტყვები მის სულში ჩასწვდებიან და არათუ მრისხანებას განდევნიან, კეთილგანწყობასა და თანაგრძნობასაც კი გაუღვიძებენ. ამგვარად, იმაზე ნუკი ზრუნავ, როგორ მიუზღო სამაგიერო მტერს, არამედ იმაზე იფიქრე, თუ როგორ უექიმო, როგორ მიდრიკო სიმშვიდისკენ და მანამ ნუ შეწყვეტ მცდელობას, ვიდრე შენი სიმდაბლით მის სისასტიკეს არ სძლევ.

რამეთუ არაფერია სიმდაბლეზე უფრო ძლიერი. სწორედ ამაზე მიუთითებდა მავანი, ვინც თქვა: „სულგრძელებაი გზათა მეფისათა წარმართებად, ხოლო ენამან ლბილმან შემუსრნის ძვალნი“ (იგავ. 25,15). ჭეშმარიტად, ჩვენზე და არა თვით მრისხანებით შეპყრობილებზეა დამოკიდებული მათი გულისწყრომის სახმილის უფრო მეტად აღგზნებაც და დაშრეტაც. როდესაც ხედავ შენს მტერს და გახსენდება, რამდენი რამ უთქვამს შენზე ცუდი ან რამდენი უსიამოვნება მოუყენებია, ეცადე, დაივიწყო ყოველივე; თუ მაინც ვერ ივიწყებ, ეს ეშმაკს დააბრალე, შენ თვითონ კი ეცადე, გაიხსენო ის, რაც ოდესმე კარგი უთქვამს ან გაუკეთებია შენთვის. თუ შეძლებ, ამ აზრით დააკავო შენი გონება, გულის წყრომასაც მალე მოერევი. ხოლო თუ მტრის მხილება და მისთვის რაიმეს განმარტება გაქვს განზრახული, ჯერ ვნებისგან გათავისუფლდი და მრისხანება დაიოკე, მერე კი განუმარტე და ამხილე: მაშინ ადვილად შეძლებ მის დამარცხებას. ახსნა-განმარტებისას ნუკი ადანაშაულებ მტერს, არამედ გაამართლე, რათა აიძულო, რომ თვითონვე მიხვდეს თავის შეცდომას. ამრიგად, გავალთ თუ არა აქედან, მიმოვიხედოთ გარშემო. დაე, ყოველმა ჩვენგანმა გაიხსენოს, ვინა ჰყავს მტრად მოკიდებული და ვეცადოთ, შემოვირიგოთ, გულითად მეგობრებად გავიხადოთ ისინი. თუ ბოდიშის მოხდა და პატიების თხოვნა იქნა საჭირო, ნურც ამაზე დავიხევთ უკან, თუნდაც ჩვენ თვითონ ვიყოთ შეურაცხყოფილნი. ამგვარად, დიდი ჯილდოს ღირსნი გავხდებით, დიდ კადნიერებას მოვიპოვებთ და, უეჭველია, ზეცათა სასუფეველსაც დავიმკვიდრებთ.

წმიდა იოანე ოქროპირი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი