რელიგია

მხოლოდ საიქიოში რომ გველოდეს ცხონება, ქრისტე დედამიწაზე არ მოვიდოდა

№13

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 09.04

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

მართალია, ერთ დღესაც პროექტი „კაცობრიობა“ უნდა დასრულდეს, მაგრამ მაინც არ უჩანს პირი არც დასასრულს და არც დასასრული უჩანს უსამართლობას, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამყაროში ხდება. ომები, სისხლისღვრა, ადამიანების სიკვდილი, ბავშვების ტანჯვა, ფარისევლობისა და უსამართლობის ზეიმი გრძელდება. როდემდე იქნება არსებული ქაოსი და რა წინაპირობები ჩანს საიმისოდ, რომ ადამიანი, ღმერთის ქმნილება, შეძლებს, აღასრულოს შემოქმედის ჩანაფიქრი? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი: იმან, რასაც ვიტყვი, შეიძლება, მეოცნებე ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოს ან ქართველმა თქვას, შენს პირს შაქარიო, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და მწამს სიცოცხლის ძალმოსილების. მჯერა, რომ სამყარო ღმერთს არ შეუქმნია ქაოსისთვის, განადგურებისთვის, დროებითობისთვის და იმ სიღატაკისა და განურჩევლობისთვის, რაც დღეს კაცობრიობაში ხდება. ეს ის სამყარო არ არის და შესაბამისად, არც ის საქართველო არ არის, რისთვისაც სამყარო, თუნდაც, სამოთხე და ადამიანი შექმნა ღმერთმა. მე პროტესტის გრძნობა მაქვს გედეონივით: რა, ღმერთს არ გამოუვიდა?! ეს ხომ აბსურდია! ვინმემ შეუშალა ხელი? ესეც აბსურდია – ვინ შეუშლიდა ხელს, თვითონ შექმნა ადამიანიც... მაშინ სად უნდა ვეძებოთ პასუხი?! დიახ, ღმერთის ღრმა ჩანაფიქრში: ის ადამიანს ქმნის არასრულყოფილად, რათა სრულყოფილებისკენ წავიდეს. ხოლო წუთისოფელი ამ ამოცანის ამოხსნის ასპარეზია, სადაც ყველაფერი ხდება, მაგრამ, საბოლოოდ, აღდგინებისკენ მიდის ყველაფერი. იმიტომ რომ, რასაც ჩვენს თავში ვთესავთ, მის პოტენციალში დევს ყველაფერი ის, რასაც ბოლოში მივიღებთ. მაგრამ, სანამ ბოლოში იმის ნაყოფს მიიღებ, რაც პოტენციალში, მარცვალში, ანუ პროექტში იყო, შუაში არის ცრემლი და ძალისხმევა.

პროექტი დამტკიცებულია, შამპანური გახსნილია, სიხარული დაფინანსებულია, მაგრამ, მიდი, აბა, ააშენე, განახორციელე?! შესაბამისად, კი ბატონო, მარცვალი დავთესე და მარცვალში დევს პოტენციალი, მაგრამ რას უწოდებს გლეხი მოსავალს?! დიახ, ჭირნახულს. რატომაა ჭირნახული?! ოფლითა შენითა მოიპოვე პური შენი! მე მჯერა და მწამს, რომ ის, რაც ახლა ჩანს ასეთად, რომელშიც თითქოს სიკეთის ნასახიც არ არის; რომელშიც ვხედავ ბნელი ძალების თარეშს და ეს მაგისტრალური ხაზია კაცობრიობის ცხოვრებაში; აგრეგატივით მიდის მთელი ეს პოლიტიკა, შეიარაღება, მესამე მსოფლიო ომი, ეკოლოგიური კატასტროფები და თითქოს რას ჰგავს ჩვენი ძალისხმევები და თითქოს ჩვენი ეს საუბარი რას უშველის, მაგრამ ამას გარკვეულ დრომდე უშვებს განგება. გარედან რაც ჩანს, ამის სიღრმეში ისეთი პროცესები მიდის, რომელთა გაჩერებას ვერავინ შეძლებს და მერე გამართლდება ის, რაც გარეგნულად ხდება. ფსალმუნში ასეა ნათქვამი: ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან; მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაქვს ძნები თვისი... ამიტომ მე მჯერა, რომ სამყარო ქაოსიდან არ დაწყებულა, სამყაროს ჰყავს შემოქმედი; სამყარო არის პროექტი და ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. ამდენად, მე არ ვუყურებ იმას, რაც ზედაპირზე ჩანს. მე ამ ქაოსის მიღმა ღრმად ვიხედები ჩანაფიქრში, ხოლო ღმერთის ჩანაფიქრი კეთილია ჩვენთვის: ეს დედამიწა მოგვცა სიყვარულისთვის, სიცოცხლისთვის.

მთელი ბიბლია და ახალი აღთქმაც გაჟღენთილია ბოლო ჟამით, იმ აპოკალიფსით, რომლითაც გვაშინებენ. მაგრამ რა მოჰყვება აპოკალიფსს?! მოწმენდს ღმერთი ყოველგვარ ცრემლს მათი თვალებიდან და არ იქნება სიკვდილი, სიბერე, ავადმყოფობა, ყველაფერი განახლდება. აჰა, ვქმნი ყოველივე ახალს, ახალ ცასა და ახალ მიწას და ეს არ ხდება სადღაც. გავიხსენოთ: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგერცა ქვეყანასა ზედა“, ანუ, ქრისტე აქ რომ მოდის ადამიანად, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ უნდა აღსრულდეს მისი სამართალი; მისი ცხოვრების წესი უნდა გახდეს ურთიერთობათა სისტემა ყველა დონეზე და ეს არის სამოთხე. უამრავჯერ მითქვამს და გავიმეორებ: სამოთხე არ არის გეოგრაფიული ადგილი, ეს არის მდგომარეობა, როდესაც სამყარო და ადამიანი, ღმერთი და ადამიანი ერთმანეთს ჭვრეტდნენ უშუალოდ და პირდაპირ, რაც დროებით დაიბინდა, მაგრამ ისევ აღდგება ჰარმონია ადამიანსა და ღმერთს შორის; მოხდება ის, რისთვისაც ღმერთმა ადამიანი შექმნა. აი, ეს მოგვეცა ქრისტეში პირველი მოსვლით და დრო უნდა, რათა ქრისტე, რწმენით რომ დაითესა ჩემს გულში, სიყვარულად აღმოცენდეს.

აბა, რისთვის ვეწამეთ?! რას შევეწირეთ?! რომ ქაოსად დარჩეს ყველაფერი?! მაშინ რა გამოდის – გაცუდდა თესლი?! სად არის ღმერთი? მართლა მიგვატოვა?! – ეს კითხვებიც ისმის, მაგრამ ქრისტე გარედან არ მოდის, მაცხოვარი ჩვენ მოგვყავს. მან თავისი გააკეთა: ჩვენში შემოვიდა, როგორც შესაძლებლობა და რწმენა, ხორცი კი შენ შეასხი. ირწმუნე ეს და აღმოცენდი, განახორციელე ურთიერთობაში. მე მწამს ასეთი საქართველოსი! ერთ დღეში შეიძლება, გამოამჟღავნოს თავისი თავი ვულკანივით. დაფარულია კვერცხიც, მაგრამ 21-ე დღეს მისგან სიცოცხლე გამოდის.

აპოკალიფსი, ვიცით, რომ ფარდის გადაწევას ნიშნავს. იესოც ასეა: მიუხედავად იმისა, რომ ჯვარცმულია; მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სიმპტომი არ ჩანს, რომ მისი ესმით და თითქოს ღმერთის იმედსაც ჰკარგავს და ამბობს, ღმერთო, რატომ მიმატოვეო, ანუ იქამდეც კი მიდის, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც სჯერა ღვთის სამართლის და ამბობს: ღმერთო, შენს ხელთ გადავცემ ჩემს თავს და რა ხდება ამ დროს?! კრეტსაბმელი იხევა! კრეტსაბმელი არის ჩვენი ტვინი, რომელმაც ეს წუთისოფელი შექმნა შიშებით, ხოლო გახევა ნიშნავს, რომ ახალი თვალები, ახალი საქართველო ჩნდება. სიკვდილიდან აღვდგებით და დავინახავთ სიყვარულით გაბრწყინებულ საქართველოს, რომელიც ხელის ერთ გაწვდენაზეა. ერთადერთი რამ სჭირდება: მძიმე მზერა და რწმენა. ნუ უყურებ მარტო დღევანდელობას, შენი ტვინით ხედავ ასეთად; სიღრმიდან შეხედე, რწმენით შეხედე და როდესაც ყველანი დავინახავთ, ჩვენი დანახვისა და რწმენის ძალისხმევის შედეგად, ისევე გაიხევა ეს ფარდა, როგორც მაშინ მოხდა.

ის იმიტომ მოხდა, რომ ბოლოში ამით განხორციელდეს. მე ამ საქართველოსი მჯერა. თუ ავყვებით ამ რწმენას, გავძლიერდებით; გამრავლდება ეს რწმენა, ხოლო რწმენა უკვე ენერგიაა და ძალად გადაიქცევა. შესაბამისად, ერთხელაც გათენდება და დავინახავთ ჩვენი რწმენის ნაყოფს: სიყვარულით გაბრწყინებულ საქართველოსა და სამყაროს. ეს არის, რისთვისაც ღმერთმა ჩვენ გაგვაჩინა. არ გავუჩენივართ ამ ქაოსისთვის, მაგრამ ყველაფერი მაინც ჩვენზეა დამოკიდებული, თორემ ღმერთში ყველაფერი უკვე აღსრულებულია. ასე რომ, ორი ვარიანტი გვაქვს: ან ამ პროექტით ვიცხოვრებთ, ან, თუ ამაზე უარს ვიტყვით, ჯობია, თავი მოვიკლათ. თუ აქ არ განხორციელდა პროექტი და მხოლოდ საიქიოში ვცხონდებით, მაშინ ქრისტე აქ რატომ მოვიდა?! საიქიოში დაგველოდებოდა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი