მედიცინა

ექიმის რჩევები

№47

ავტორი: „თბილისელები“ 16:03 23.11, 2020 წელი

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: ვარ 8 კვირის ორსული, 31 წლის. TSH მაქვს 5,2. დამინიშნეს 50-მილიგრამიანი ეუთიროქსი უზმოზე. ეს მეორე ორსულობაა, პირველი ორსულობის დროს ვსვამდი 25 მილიგრამ ეუთიროქსს, მანამდეც. მერე ნორმის ფარგლებში იყო. საკმარისია ეს დანიშნულება და საშიში ხომ არაა ნაყოფისთვის?
პასუხი: ორსულობის სხვადასხვა ვადაზე ხდება ჰიპოფიზისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის ცვალებადობა. საჭიროა ენდოკრინოლოგთან პერიოდული კონტროლის გავლა. წამლის დოზის შერჩევა ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე მოხდება.
კითხვა: დედაჩემს ხელისა და ფეხის ფრჩხილებზე აქვს სოკოვანი დაავადება. ჩაიტარა თვითმკურნალობა და 5 კვირის განმავლობაში მიიღო „ეფცენ-150“. შეიძლება თუ არა განმეორებითი კურსის ჩატარება?
პასუხი: პრეპარატის განმეორებითი მიღების საკითხი, პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის შეფასების მიხედვით, დერმატოლოგმა უნდა გადაწყვიტოს.
კითხვა: სოფელში დამკბინა საწოლის ბაღლინჯომ. ძალიან წააგავს კოღოს ნაკბენს. მაინტერესებს, რამდენად საშიშია? 
პასუხი: თუ არ არის შეშუპება, შეწითლება და ქავილი, მაშინ არ არის საშიში. დაიცავით ამ ადგილის ჰიგიენა.
კითხვა: მაინტერესებს, რისი ბრალია, როცა ქალს სახეზე წვერი ამოსდის? 
პასუხი: ასეთი თმიანობა, ძირითადად, ზოგიერთი ენდოკრინული დაავადების გამოვლინებაა, თუმცა ზოგჯერ შეიძლება, გენეტიკური ხასიათისაც იყოს.
კითხვა: 7 წლის ბავშვს უზმოზე შაქარი 156 აქვს, ნაჭამზე კი – 400-მდე ადის. რომელი ტიპის დიაბეტზე მიუთითებს და რას გვეტყვით მის შესახებ? 6 თვის წინ გლანდების ოპერაციისთვის აღებულ ანალიზებში არაფერი საეჭვო არ ჩანდა. რამდენად არის შესაძლებელი ასეთ მოკლე დროში შაქრის დონის ასეთი მატება? 
პასუხი: ბავშვებში და ახალგაზრდა ასაკში შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 უფრო ხშირად ვითარდება. მიზეზი არის ინსულინის აბსოლუტური ან შეფარდებითი დეფიციტი. თუმცა, დაავადების ჩამოყალიბებას ხელშემწყობი ფაქტორები სჭირდება. ესენია ვირუსული ინფექციები, სტრესი და ასე შემდეგ. პირველი ტიპის დიაბეტი ბავშვს შეიძლება, ნებისმიერ ასაკში განუვითარდეს. დიაბეტის ტიპის ლაბორატორიული დიაგნოსტიკისთვის გლუკოზის განსაზღვრის გარდა, ინსულინისა და C-პეპტიდის ანალიზი ტარდება, ასევე, შეიძლება ჩატარდეს ანალიზი სისხლში სპეციფიკური აუტოანტისხეულების აღმოსაჩენად. მათი არსებობა ტიპ 1-ზე მიუთითებს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი