პოლიტიკა

რა დადებითი და უაყოფითი მოვლენები მოჰყვება საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანებას

№14

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 10.04

ლია ელიავა
დაკოპირებულია

რაკი ევროკავშირი კარგ ცხოვრებასთან ასოცირდება, ჩვენი საზოგადოებაც ევროკავშირში გაწევრიანებისგან ელის კეთილდღეობას, ეკონომიკის განვითარებას, დასაქმებას, სოციალური ფონის მკვეთრად გაუმჯობესებას, მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ ყველაფერს აქვს მეორე მხარეც, იმისთვის, რომ ნანატრს მიაღწიო, აუცილებელია ძალიან ბევრი მოთხოვნის დაკმაყოფილება და, რაც მთავარია, ისეც ვერ იქნება, ჩვენ რომ წარმოგვიდგენია, ანუ ჩვენ რომ გაგვიხარდება, ისეთ პოლიტიკურსა და საზოგადოებრივ გადაწყვეტილებებს მივიღებთ; ჩვენ რომ გჭირდება, იმ დარგებს განვავითარებთ; მეტიც, ის დარგები, რომლებიც გვაქვს და რითაც თავს ვიწონებთ, შესაძლოა, გამოუსადეგარი აღმოჩნდეს. ევროკავშირის წევრობის (თუმცაღა ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ წევრობის კანდიდატები ვართ) ნათელსა და მუქ მხარეებზე ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავა გვესაუბრება.

– მომისმენია მოსაზრებები, რომ ევროკავშირის წევრობა გამოიწვევს, მაგალითად, სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში აღმოჩენას. ეს ასეა? და, ზოგადადაც, რას მოუტანს საქართველოს ეკონომიკას ევროკავშირის სივრცეში ინტეგრირება?

– ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ძალიან ხანგრძლივია. ჯერ კიდევ რიგში დგანან სხვა ქვეყნები, რომლებმაც 2000–ანი წლების დასაწყისში მიიღეს კანდიდატის სტატუსი, რომ აღარაფერი ვთქვათ თურქეთზე. ის, თუ არ ვცდები, 1987 წლიდან ელოდება თავის რიგს. ანუ იმედი იმისა, რომ ხვალ და ზეგ მიგვიღებენ ევროკავშირში და ყველანი გავმდიდრებით, ნაადრევია. ახალგაზრდებმა არ იციან, მაგრამ ძველმა თაობამ კარგად ვიცით, რას ნიშნავს რაღაც კავშირში გაერთიანება: ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირში და ევროკავშირის საქმიანობა და მისი უფლებამოსილების გავრცელება წევრ ქვეყნებზე დიდად არ განსხვავდება საბჭოთა კავშირის სტრუქტურისგან. ევროკავშირში რამდენიმე წამყვანი ქვეყანაა, რომლებიც ამინდს ქმნიან და დაბალგანვითარებულ ქვეყნებს იყენებენ, როგორც რესურსულ ბაზას ან გასაღების ბაზარს. ამ მხრივ, გაუმართლა პოლონეთს. ის ძალიან დიდხანს აწარმოებდა მოლაპარაკებას ევროკავშირში გაწევრიანებამდე და თავისი პრეტენზიები ჰქონდა, რომლებიც ევროკავშირმა დაუკმაყოფილა, იმიტომ რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანა იყო. ჩვენ, როგორც ვხვდები, ხმის ამოღების უფლება არ გვაქვს და ამას მოწმობს ცნობილი პროცესი, როდესაც მთავრობას უნდოდა უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღება და როგორც კი თითი დაუქნიეს ევროპიდან, მაშინვე უკან დაიხია. ამან აშკარად დაგვანახვა, რომ საქართველო ევროკავშირში შესვლამდე ვერანაირ მოლაპარაკებებს ვერ გამართავს ევროკავშირთან თავის სასარგებლოდ. და, თუ ოდესმე მიგვიღეს ევროკავშირში, ეს იქნება მექანიკური მიღება, ჩვენი პირობების გათვალისწინების გარეშე.

– რა შეიძლება, იყოს ჩვენი პირობა?

– ადგილობრივი წარმოების შენარჩუნება. ეს არის ყველაზე მთავარი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი; ასევე, გარკვეული თავისუფლების ხარისხის დონე. მაგალითად, პოლონეთმა სასამართლო სისტემის რეფორმა განახორციელა და ჩინოვნიკებს მისცა გარკვეული ძალაუფლება, ზემოქმედება მოეხდინათ სასამართლოებზე. ერთი ამბავი ატყდა ევროკავშირში, მაგრამ ვერაფერი უქნეს პოლონეთს. პოლონეთისთვის თავისი შიდა კანონები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროკავშირის, არადა ევროკავშირს აქვს ასეთი დოგმა: ევროკავშირის კანონები პრიორიტეტულია ადგილობრივ კანონებზე. ეს დიქტატი აბსოლუტურად უპირობო იქნება საქართველოსთვის.

– ჩვენთან იგულისხმება, რომ, რასაც ევროპა გვთავაზობს ან გვირჩევს, ეს აპრიორი ჩვენთვის სასიკეთოა. რა შეიძლება, იყოს მიუღებელი ამ პრიორიტეტულობაში, იმ თეზიდანაც თუ ამოვალთ, რომ სხვის ჭკუაზე სიარული კარგია?

– ევროკავშირი ფართოვდება არა იმიტომ, რომ ვიღაც გააბედნიეროს ან ეკონომიკურად ააყვავოს, არამედ იმისთვის, რომ მისთვის როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად ხელსაყრელია ამა თუ იმ ქვეყანაზე თავისი კონტროლის განხორციელება. რა შეიძლება, მიიღოს კარგი საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებით? იცით, რომ ევროკავშირი სუბსიდირებას უწევს დაბალგანვითარებულ ქვეყნებს და მათ ყოველწლიურად გამოუყოფს გარკვეული ოდენობის თანხას, ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ძალიან იშვიათად, თუ ქვეყანა მედგრად დადგა, შეიძლება, სოფლის მეურნეობისთვისაც გამოუყოს თანხა. კარგი ისაა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის არსებობს სოცუზრუნველყოფისა და ჯანდაცვის ერთიანი სტანდარტები. ეს გულისხმობს, რომ საქართველო შეიძლება, დაავალდებულონ, რომ სოცუზრუნველყოფა და ჯანდაცვა გაუთანაბროს ევროკავშირის ზოგად სტანდარტებს, მათ შორის, საპენსიო მომსახურებაც.

– თუ ფული არ ჰყოფნის სახელმწიფოს?

– აი, ეს უკვე სხვა პრობლემაა. კეთილი ინებე და, მოძებნე ბიუჯეტში ეს ფული. ამას არ აფინანსებს ევროკავშირი, მაგრამ ვალდებულებას გაკისრებს. კარგია ის, რომ აქვს განათლების სტანდარტები, შესაბამისად, განათლების მიღება შეიძლება, დაიწყო საქართველოში და უპრობლემოდ განაგრძო ევროპის სხვა ქვეყანაში, დადებითია ის, რომ საქართველოს მოსახლეობას შეეძლება ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება და სამსახურის მოძებნა უკვე კანონიერ საფუძველზე.

– ეს ხომ მოსახლეობის გასვლასაც შეუწყობს ხელს, რაც უარყოფითად აისახება ჩვენს ისედაც გაუარესებულ დემოგრაფიაზე?

– ამას უარყოფით მხარეებში ვიტყვით... მოსახლეობის მეტი წილისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდობისთვის ეს დადებითი მოვლენაა. დადებითია ის, რომ ევროკავშირის საზღვრები იქნება ღია ჩვენი საქონლისთვის, მაგრამ აქაც გარკვეული შეზღუდვები არსებობს ევროკავშირის იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებსაც ეს საქონელი ბევრი აქვთ და არ სჭირდებათ. ამდენად, შეიძლება, კვოტები დაგიწესონ. სხვა საკითხია, სჭირდება თუ არა ჩვენი პროდუქცია ევროკავშირს.

რაც შეეხება უარყოფით მომენტებს: დადებითი მოვლენა, ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, მეორე მხრივ, საქართველოსთვის ძალიან დიდი უარყოფითი მომენტია. მაგალითად, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანდნენ, ფაქტობრივად, მთელი ახალგაზრდობა ქვეყნიდან გავიდა. მოსახლეობა განახევრდა და ეს დაეტყო ქვეყანას. იმიტომ რომ ადგილობრივი წარმოება ჩაკვდა და ჩვენც იგივე პროცესი გველის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ჩვენზე ეკონომიკურად განვითარებულები იყვნენ და მაინც გაუჩნდათ ეკონომიკური პრობლემები, საქართველო, ბუნებრივია, ამას ვერ გაუძლებს. მით უმეტეს, რომ საქართველოდან ისედაც ძალიან დიდია მიგრაცია. გადის მუშახელი, თან კვალიფიციური და ეს კონომიკას ძალიან მძიმედ აწვება. ამას გარდა, დემოგრაფიაც ზარალდება. ქვეყნიდან გარბის ფერტილური ასაკის მოსახლეობა და მიჰყავთ ბავშვები. ჩვენთან ისედაც იკლებს მოსახლეობა და ამ ფაქტორის დამატებით, ერთი პატარა ევროპული ქალაქის მოსახლეობის რაოდენობამდე შემცირდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა.

– და რა თქმა უნდა, ჩვენი გასული მოსახლეობის ადგილს დაიკავებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები. შეავსებენ სიცარიელეს.

– მართალს ამბობთ. ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკა გულისხმობს, რომ ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს ღია კარი მიგრანტებისთვის და ისევე, როგორც დღეს პარიზში ფრანგს ვერ ნახავ და არაბები, ჩინელები, ვიეტნამელები გხვდებიან თვალში, საქართველოშიც იგივე მდგომარეობა იქნება. ახლა სახელმწიფო ზღუდავს მიგრაციას, ფილტრავს და იმ რაოდენობით არ უშვებს მიგრანტებს, რამდენიც მსურველია. ევროკავშირში კი იძულებული ხარ, გახსნა საზღვარი და ქართველებს ჩაანაცვლებენ სხვა ეროვნების ადამიანები. ფაქტობრივად, საქართველო ფორმალური დასახელების ქვეყნად დარჩება. რომ აღარაფერი ვთქვათ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების შესახებ კანონების მიღებაზე და ამაზე მოსახლეობის რეაქციაზე. ესეც საკმაოდ რთული პროცესია. როდესაც თქვენს შვილთან სკოლაში მივა ქალად გადაცმული ადამიანი და ბავშვებს ეტყვის, დაფიქრდით, გოგონები ხართ თუ ვაჟებიო, ეს პრობლემა მგონია ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის. ანუ ეს საკმაოდ რთული საკითხებია და საქართველოში ჯერ ბოლომდე არ არის გააზრებული. ამ საკითხის გადაუწყვეტელია კი ავტომატურად გამოიწვევს ნებისმიერი დაფინანსების შეწყვეტას ევროკავშირის მხრიდან.

– ანუ, თუ ბავშვებს არ მივცემთ სქესის არჩევის თავისუფლებას, ფულს ვერ მივიღებთ? ვერ დავბერდებით ღირსეულად?

– დაახლოებით, ასეა. რაც შეეხება სოციალური უზრუნველყოფის მოცულობის ზრდას: ევროკავშირის წევრობა ბუნებრივად გაზრდის ფასებს საქართველოში, ანუ ინფლაციის დონე აუცილებლად გაიზრდება, ფასები მიუახლოვდება ევროკავშირის ფასებს და საპენსიო დანამატები, რაც მიეცემათ ჩვენს პენსიონერებს, შეიჭმება ინფლაციით. ანუ გამორიცხეთ იმედი იმისა, რომ პენსიონერები მიიღებენ 300-400-500 ევროს და ბედნიერად იცხოვრებენ. ყველაფერი განეიტრალდება ფასების ზრდით.

– რა ბედი ელის ჩვენს ღვინოს? როგორც ტრიფონი ეუბნება მარგალიტას, ვის რად უნდა, ქალო, შენი ვაშლი ბაღდათშიო. სჭირდებათ ჩვენი ღვინო ევროპაში?

– ევროკავშირს აქვს პროდუქციის გარკვეული სტანდარტები და თუ გარკვეული პროდუქცია ამ სტანდარტებს არ შეესაბამება, თქვენ მას ევროკავშირში ვერ გაყიდით. უზარმაზარი არზაა ამ სტანდარტების ჩამონათვალი... ქართული ღვინო არის ევროკავშირში წარმოებული ღვინის კონკურენტი, მით უმეტეს, რომ იქ ღვინო დიდი რაოდენობით იწარმოება და კონკურენტის თავიდან მოცილების მიზნით, მათ ქართულ ღვინოს შეუძლიათ, კვოტები დაუწესონ. რა შეიძლება, საქართველოში წარმოებული პროდუქციიდან გავიდეს ევროკავშირში? ღვინო გვაქვს და ბოთლის წყალი. სხვა, ფაქტობრივად, არაფერი, დანარჩენი ნედლეულია. საქართველოში რაც იწარმოება, იმის მეტი წილი შიდა ბაზარზე მოიხმარება. თუ ჩვენი პროდუქცია ევროკავშირის პროდუქციის კონკურენტი გახდება, ისინი გვეტყვიან, რად გინდათ ამდენი წვალება?! ჩვენ გვაქვს გამზადებული პროდუქტები და შეიძინეთ. ლიტვაში ამზადებდნენ ძალიან კარგ რძის პროდუქტებს, მაგრამ ჩაკვდა ეს წარმოება, აღარ არის. რუმინეთში აწარმოებდნენ ძალიან კარგ ავტობუსებს, ის წარმოებაც მოისპო. ევროკავშირი, ფაქტობრივად, მოსპობს საქართველოში ადგილობრივი პროდუქციის წარმოებას და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. და როგორც დღეს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს საქართველოდან გასული ემიგრანტების ხარჯზე, მოგეხსენებათ, ფულადი გზავნილების მოცულობა ძალიან დიდია, ასევე გაგრძელდება მომავალშიც...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი