რომანი და დეტექტივი

უიმედოდ დაკარგული

№13

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 11.04, 2021 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • უილიამ ორუველი

მორიმერ ლივლენდი საკუთარ ბედს და მანქანას სწყევლიდა – ათ წუთში ბორბალში ორი ნახვრეტი, თანაც, ამ გადაკარგულში ღამით. იმედი არაფრის ჰქონდა. მოულოდნელად შუქის სუსტი ციალი შენიშნა. განმარტოებით მდგარ სახლამდე ძლივს მიაღწია. კარი თხუთმეტიოდე წლის ბიჭმა გაუღო. მრგვალი მაგიდის ირგვლივ, სანთლების შუქზე ოჯახი ვახშმობდა. მაგიდის ერთ მხარეს ჩაფსკვნილი მამაკაცი და პატარა ჭაღარათმიანი ქალი ისხდნენ. მოპირდაპირე მხარეს ორი გოგონა იჯდა. ერთი ფართოდ გახელილი თვალებით უყურებდა და ფინჯნიანი ხელი პირთან გაშეშებოდა. ულამაზესი იყო. ოქროსფერი თმა და სახის ნაზი ნაკვთები ჰქონდა. ლივლენდმა მოსვლის მიზეზი აუხსნა. ჯერ იყო გრძელი პაუზა, შემდეგ ოჯახის უფროსი წამოდგა და სტუმარი სახლში შეიპატიჟა:

– მობრძანდით. მე დინ სმიდი ვარ, ეს ჩემი ბიჭია, ჯონი. ეს ჩემი ცოლი, ხოლო ესენი ჩემი ქალიშვილები არიან – შარლოტა და მაგდალენა. ლივლენდი ბუხართან ჩამოჯდა და მეორე გოგონას სახეც დაინახა. იგი დაზე არანაკლებ ლამაზი იყო, თუმცა მას საერთოდ არ ჰგავდა. შავი თმა, მარმარილოსავით თეთრი პირისახე და თხელი ცხვირი ჰქონდა. მასპინძელმა ჩაი შესთავაზა. სტუმარი დათანხმდა. მისტერ დინ სმიდი წამოდგა, მაგიდასთან მივიდა, ხუთივე ფინჯანი წამოკრიფა და ყველა ნიჟარაში გადაასხა.

– ეს უკვე გაცივდა, – თქვა მან – დედაკაცო, თავიდან აადუღე! მისის სმიდი წამოდგა, ჩაიდანი აიტაცა და სამზარეულოში გავიდა. მორიმერს მოეჩვენა, რომ ქალს ოთახიდან გასვლა გაუხარდა. ვიდრე ჩაის სვამდნენ, მისტერ დინ სმიდი წუთითაც არ გაჩუმებულა. საკუთარ თავზე სტუმარს ყველაფერი უამბო – რომ ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ, რაც საკმარისი ქონება დააგროვა, მუშაობას თავი დაანება და გადაწყვიტა, საცხოვრებლად ქალაქგარეთ გადმოსულიყო.

– რა თქმა უნდა, გოგონებს ამ მიყრუებულში სწყინდებათ, მაგრამ ბედს მაინც არ ემდურიანო, – ბოლოს მისტერ სმიდი გაჩუმდა. სტუმარმა ამით ისარგებლა, მასპინძელს მადლობა გადაუხადა და დაძინების სურვილი გამოთქვა. მისტერ სმიდმა შარლოტასა და მაგდალენას სტუმრისთვის ოთახის მომზადება უბრძანა. მისტერ ლივლენდი დასაძინებლად გაეშურა. უკვე დაწოლას აპირებდა, რომ მისი მზერა წითელი ხის ტუალეტის მაგიდაზე შეჩერდა. ლივლენდი მოულოდნელობისგან გაშეშდა: მტვრიან ზედაპირზე გარკვევით ჩანდა თითით დაწერილი ასოები: SOS!

მორიმერი თვალებს არ უჯერებდა. ვიღაც შველას ითხოვდა, მაგრამ ვინ? მაგდალენა თუ შარლოტა? ამ ოთახში ორივე ამოვიდა. მარჩიელობას აზრი არ ჰქონდა, ამ შუაღამისას მაინც ვერაფერს გაარკვევდა, ამიტომ ხვალისთვის გადადო. დილით ადრე ადგა და ბაღში გავიდა. მშვენიერი დილა იდგა. ბაღის ბოლოს შარლოტა იდგა და დილის პეიზაჟით ტკბებოდა. ლივლენდი რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ ის სიტყვა შარლოტამ დაწერა. გოგონას მიესალმა, მერე ერთ-ერთ ხეს ტოტი მოატეხა და სველ მიწაზე ასოების ხაზვა დაიწყო. ჯერ ასო S, დახატა, შემდეგ SOS-იც დაუმატა და გოგონას დაჟინებით დააკვირდა, მაგრამ სახეზე ვერაფერი შეამჩნია.

– ვიღაცამ წუხელ ეს ჩემს საძინებელში დაწერა, – წყნარად თქვა მან, – მეგონა, ეს თქვენ იყავით.

გოგონამ გაკვირვებით შეხედა:

– მე? არა, რა თქმა უნდა! სწორედ, ამ დროს სახლიდან ჯონი გამოვიდა. სტუმარს მიუახლოვდა და უხერხულად ჩაიბურტყუნა:

– საუზმე მზადაა. წამოხვალთ? ამ დროს შეამჩნია, რომ ლივლენდი მის ხელებს აკვირდებოდა და ხმამაღლა გაიცინა, – ვერაფრით მოვიშორე, ქიმიკატებია. იცით, ვგიჟდები ქიმიაზე. გადაწყვეტილი მაქვს, მეცნიერი გამოვიდე.

ოთახში ყველანი მაგიდასთან ისხდნენ. ის მისტერ დინ სმიდისკენ შებრუნდა:

– ვხედავ, თქვენი ბიჭი ქიმიითაა გატაცებული, – თქვა მან მხოლოდ იმიტომ, რომ სიჩუმე დაერღვია. ჭურჭლის მსხვრევის ხმა გაისმა და მისის სმიდი სასწრაფოდ ფინჯნის ნამტვრევების შეგროვებას შეუდგა. საუზმის შემდეგ ლივლენდი ბაღში გავიდა. სამზარეულოს ფანჯარასთან ჩაიარა და მკაფიოდ გაიგონა, როგორ წარმოთქვა მისტერ დინ სმიდმა:

– ეს ხომ უზარმაზარი თანხაა! ადვოკატმა თქვა, თითქმის სამოცი ათასი ფუნტიაო! მალე მისტერ დინ სმიდი გარეთ გამოვიდა.

– მშვენიერი დილა გათენდა, – თქვა მან, – იმედი მაქვს, თქვენს მანქანას ყველაფერი წესრიგში ექნება. მასპინძელს ეტყობოდა, ერთი სული ჰქონდა, სტუმარს თავიდან როდის მოიშორებდა. ლივლენდმა მასპინძლობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. გარეთ გოგონებიც გამოვიდნენ, კლივლენდმა მათ შეხედა. ოქროსფერი და კუპრივით შავი თმა – საოცარი კონტრასტი იყო.

– როგორი სხვადასხვანაირები არიან! – აღმოხდა მას. მისტერ დინ სმიდი შეხტა და ხელიდან ასანთი გაუვარდა. ლივლენდს ინტუიცია იშვიათად ღალატობდა.

– სინამდვილეში, ისინი დები არ არიან, არა? – ვითომდა ისე, სხვათა შორის იკითხა. მისტერ სმიდმა წარბებს ქვემოდან გამოხედა, ცოტა შეყოყმანდა და წარმოთქვა:

– მართალია, სერ, ერთი აყვანილია. სულ პატარა ვიშვილეთ და როგორც საკუთარი, ისე გავზარდეთ. თავად ამის შესახებ არაფერი იცის. ჯერჯერობით ვუმალავთ.

– მემკვიდრეობის მიღების დრო დადგა? – მშვიდად ივარაუდა ლივლენდმა.

– სიმართლე ითქვას, გოგონა ჩვენ დედამისის თხოვნის შემდეგ ვიშვილეთ. რა თქმა უნდა, ფულის სანაცვლოდ. ხოლო რამდენიმე თვის წინ გაზეთში განცხადებას წავაწყდი. ისე ჩანდა, რომ იქ საუბარი ჩვენს მაგდალენაზე იყო. ვუპასუხე და თავზე ეგრევე ადვოკატები დამადგნენ. შემდეგ კვირაში მას ლონდონში წავიყვან. მან ჯერ არაფერი იცის. როგორც გაირკვა, მამამისი ვიღაც მდიდარი ებრაელი იყო. ქალიშვილის არსებობის შესახებ სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე შეიტყო. მთელი ფული მას დაუტოვა და მის მოსაძებნად დეტექტივები დაიქირავა.

ამბავი სარწმუნო ჩანდა. ლივლენდმა გადაწყვიტა, რომ ახლა უკვე წასვლის დრო იყო და მისტერ სმიდთან ერთად სახლში შევიდა. მისის სმიდი მათი ხმის გაგონებაზე შეხტა და სწრაფად მოტრიალდა. მას ხელიდან რაღაც გაუვარდა. მორიმერი სასწრაფოდ დაიხარა და იატაკიდან შარლოტას ფოტო აიღო. გოგონას თავზე ისეთი ქუდი ეხურა, როგორიც 25 წლის წინ იყო მოდაში. მან სურათი მისის სმიდს დაუბრუნა, მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა. ლივლენდმა ნახევარი მილის გავლაც ვერ მოასწრო, რომ გზისპირა ბუჩქებიდან მაგდალენა გამოვიდა.

– უნდა დაგელაპარაკოთ – თქვა გოგონამ.

– ამას ველოდი. ეს ხომ თქვენ დაწერეთ წუხელ SOS, ასეა?

გოგონამ თავი დააქნია.

– ოღონდ, არ ვიცი, ეს რატომ გავაკეთე – უთხრა მან. მართლა არ ვიცი. მე იმ ადამიანების რიცხვს არ მივეკუთვნები, ვინც რაღაცებს იგონებს. ჩვენს სახლში რაღაც ცუდი ხდება. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა აქ გადმოვედით. ჯონი ისევ იგივეა. ის ერთადერთია, ვისაც ეს არ შეეხო. მე კი ახლა ყველაფრის მეშინია. მამა ძალიან უცნაური გახდა. გუშინ საღამოს, ჩაის რომ ვსვამდით, მამამ სასწაულზე დაიწყო ლაპარაკი და მე ღმერთს ვევედრებოდი, რომ ეს სასწაული მომხდარიყო და ამ დროს კარზე თქვენ დააკაკუნეთ. იმედია, გიჟი არ გგონივართ. რაღაც საშიშროების მოახლოებას ვგრძნობ, მაგრამ არ ვიცი, კონკრეტულად რა საშიშროებაა.

– სახლში წადით, შევეცდები, დაგეხმაროთ.

მორიმერი დაფიქრდა. მის თვალწინ მოვლენები ნაწყვეტ–ნაწყვეტად გაცოცხლდა. ხან ერთი სახე გამოჩნდა, ხან მეორე... ჯონი! ყველაფერი ჯონიმდე მიდიოდა. ისევ გაიგონა ფინჯნის მსხვრევის ხმა. რამ შეაშინა მისის სმიდი? მაშინ მისი ქმრისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ახლა კი ნათლად წარმოუდგა თვალწინ მისტერ სმიდი, რომელსაც ტუჩებთან მიტანილი ფინჯანი ხელში გაუშეშდა. ფინჯანი. მის მეხსიერებაში სხვა მოგონებაც ამოტივტივდა: როგორ გადაღვარა მისტერ სმიდმა ჩაი და თქვა: „ეს უკვე გაცივდა“. წარმოუდგენელია, ჩაი მართლაც ასეთი ცივი ყოფილიყო, რადგან ფინჯნებს ორთქლი ასდიოდა. ყველანი ისევ მრგვალი მაგიდის ირგვლივ ისხდნენ. ოჯახის უფროსმა სამზარეულოდან საკუთარი ხელით მოიტანა მდუღარე. მისის სმიდმა ჩაი ფინჯნებში ჩამოასხა. კარზე კაკუნის ხმა გაისმა. მისი ქმარი სასწრაფოდ შემოტრიალდა და გაღიმებული მორიმერ ლივლენდი დაინახა.

– მაპატიეთ, თუ შეგაშინეთ, – მოიბოდიშა მან. – რაღაცის გამო დაბრუნება მომიხდა.

– დაბრუნება? – გაცეცხლდა მისტერ სმიდი, – საინტერესოა, რისთვის?

– ჩაისთვის – თქვა მორიმერმა. მან მაგიდიდან სწრაფად აიღო ერთი ფინჯანი და მისი შემადგენლობა პატარა სინჯარაში ჩაასხა, რომელიც ჯიბიდან ამოიღო.

– რას... რას აკეთებთ? – სულს ძლივს ითქვამდა გაფითრებული მისტერ სმიდი.

– როგორ, თქვენ ხომ კითხულობთ გაზეთებს? – აუღელვებლად უპასუხა მორიმერმა, – იქ ზოგჯერ საინტერესო რაღაცებს წერენ. მაგალითად, როგორ მოიწამლა მთელი ოჯახი. ვიღაც გამოჯანმრთელდა, ვიღაცები – ვერა და გარდაიცვალნენ. ოღონდ, ჩვენს შემთხვევაში ერთი გვამი იქნება, სწორია? საკუჭნაოში დარიშხანის პაკეტი გაქვთ მომარაგებული. ერთი თაროთი დაბლა კი, ჩაის ინახავთ. არავის გაუკვირდება, თუ შემთხვევით ის დაბლა ჩამოიყრება. ჯონიმ შემთხვევით წააქცია პაკეტი, მაგრამ, ბავშვს რა პასუხს მოსთხოვ?

– ვერ ვხვდები, რაზე საუბრობთ, – გამოსცრა დინ სმიდმა.

– ძალიანაც კარგად ხვდებით – თქვა მორიმერმა, მაგიდიდან კიდევ ერთი ფინჯანი აიღო და სხვა სინჯარაში ჩაასხა, – ერთში შარლოტასთვის განკუთვნილი ჩაია, მეორეში – მაგდალენას ფინჯნიდან გადმოვასხი. მზად ვარ, დავიფიცო, რომ პირველში დარიშხანი სამჯერ და ოთხჯერ მეტი იქნება, ვიდრე მეორეში.

– თქვენ გაგიჟდით!

– გარწმუნებთ, არა. დღეს თქვენ ამბობდით, რომ მაგდალენა როგორც საკუთარი შვილი, ისე გიყვართ. სწორედ ის არის თქვენი ნამდვილი შვილი. აყვანილი კი შარლოტაა. ის ისე ჰგავს თავის დედას, ვის ფოტოსაც დღეს თქვენი ცოლი ნახულობდა, რომ თავიდან შარლოტას ფოტო მეგონა. ყველა, ვინც დედამისს იცნობდა, მაშინვე მიხვდებოდა, ვინ ვინ არის. მაგრამ თქვენ გინდოდათ, რომ მემკვიდრეობა თქვენს ღვიძლ შვილს, მაგდალენას შეხვედროდა. რა გადაწყვიტეთ – ცოტა დარიშხანი ჩაიში. ეს თქვენ ჩემზე უკეთ იცით.

ლივლენდმა შარლოტას გაფართოებული თვალები დაინახა და ამ დროს იგრძნო ვიღაცამ ხელზე როგორ დაქაჩა. მაგდალენამ მორიმერი გვერდით გაიხმო:

– მისმინეთ, – გოგონამ სინჯარებზე მიუთითა, – თქვენ ხომ არ აპირებთ, რომ მამა პოლიციაში...

– შვილო ჩემო, – რბილად უთხრა მორიმერმა. – მე ამ სინჯარებს შევინახავ შარლოტას უსაფრთხოებისთვის. მეტს არაფერს გავაკეთებ. გასაგებია, მისტერ სმიდ? და ხშირად ვივლი თქვენთან, ჩაიზე...

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი