რომანი და დეტექტივი

ცისფერი კარბუნკული

№31

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 14.08, 2022 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

(იბეჭდება შემოკლებით)

შობა დილით, დაახლოებით, ოთხ საათზე, პოლისმენი პეტერსონი ტოტენჰემ-კორტის გზით შინ ბრუნდებოდა. გაზის ფარნის შუქზე შენიშნა, რომ აყლაყუდა მამაკაცს თეთრი ბატი მხარზე გადაეკიდებინა და მის წინ ოდნავი ბარბაცით მიდიოდა. ვიღაც ავარებმა უცნობს გაპამპულება მოუნდომეს – ერთმა მათგანმა ქუდი მოხადა და გადაუგდო. უცნობმა თავდასაცავად ჯოხი დაატრიალა, მაგრამ უცაბედად მაღაზიის ვიტრინას მოახვედრა და შუშა ერთიანად ჩალეწა. პეტერსონი სწრაფად წავიდა წინ, რომ უცნობს გამოსარჩლებოდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, შუშის ჩამსხვრევამ და ფორმაში გამოწყობილი კაცის დანახვამ ისე შეაშინა, რომ ბატი ხელიდან გააგდო და უკანმოუხედავად მოკურცხლა. ავარებიც აქეთ-იქით მიიმალნენ. ბრძოლის ველის ბატონ-პატრონი პეტერსონი შეიქნა და გამარჯვების ნაყოფი – გაცვეთილი ქუდი და შესანიშნავი მსუქანი ბატიც – მანვე მოიმკო.

მართალია, ბატის მარცხენა ფეხზე მიბმულ ქაღალდს მისტერ ჰენრი ბეიკერი ეწერა და ინიციალები „ჰ. ბ.“ ქუდის შიგნიდან იყო აღნიშნული, მაგრამ, ვინაიდან ქალაქში ათასობით ბეიკერი ცხოვრობს და ასობით მათგანს სახელად ჰენრი ჰქვია, ძნელია მათში ბატის ნამდვილი პატრონი აღმოაჩინო და დაკარგული ქონება დაუბრუნო.

როგორ მოიქცა პეტერსონი? პეტერსონმა ბატიცა და ქუდიც ქრისტესშობის დღეს, ჰოლმსთან მოარბენინა. ბატი დღევანდლამდე ჰოლმსთან იყო. მერე გადავწყვიტა, რომ მისი ხორცით ყელის ჩაკოკლოზინება უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა და პეტერსონს დაუბრუნა. ჰოლმსს კი იმ უცნობი ჯენტლმენის ქუდი შემორჩა, ვინც ქრისტესშობის დღის სადილი დაკარგა.

– დამკარგავს გაზეთში განცხადება ხომ არ მოუთავსებია?

– არა.

– აბა, რა გზითა და გასაღებით უნდა მიაკვლიოთ ბატის ყოფილ პატრონს? – ჰკითხა ჰოლმსს დოქტორმა უოტსონმა.

– მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ გონება ავამუშაოთ, ვიფიქროთ და დასკვნები ჩვენი მიხვედრილობის წყალობით ვაკეთოთ.

– თქვენ ხუმრობთ, ჰოლმს. აბა, ამ ჭუჭყიანი, გაცრეცილი და ძველი ქუდიდან რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ?

ჰოლმსმა ქუდს წამოავლო ხელი და დამახასიათებელი გულისყურითა და დაკვირვებით დააცქერდა.

– ის ამბავი, რომ ქუდის პატრონი მაღალნიჭიერი კაცია, აშკარაა. ისიც ცხადია, რომ სამი წლის წინათ ხელგაშლილად უცხოვრია, მაგრამ, ამჟამად, შავი დღე დასდგომია და გასაჭირში ჩავარდნილა. რაღაც ავი ზნე შეეყარა, რამაც მისი ბედის ჩარხი უკუღმა დაატრიალა – ალბათ, გალოთდა და ამიტომ ეკონომიურადაც დაქვეითდა. ისიც ნათელია, რომ მასზე ცოლსაც აუყრია გული. ეტყობა, ისეთ საქმიანობას ეწევა, რომ დიდხანს ჯდომა უხდება. სახლიდან იშვიათად გამოდის, საშუალო ხნისაა, სხეულის წვრთნას არ დაგიდევთ, ჭაღარით მოსილია და ამ ცოტა ხნის წინათ თმა შეუკრეჭია. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ სახლში გაზის განათება არა აქვს.

– თქვენ ნამდვილად ხუმრობთ, ჰოლმს.

– ეს ქუდი სამი წლის გახლავთ. ბრტყელი და ბოლოში აპრეხილკიდეებიანი, ასეთი ქუდი მაშინ იყო მოდაში, თანაც უმაღლესი ხარისხისაა. აბა, ლენტსა და აბრეშუმის სარჩულს დააკვირდით. თუკი ადამიანმა სამი წლის წინ ასეთი ძვირფასი ქუდი შეიძინა და მას მერე ვეღარ გამოიცვალა, ცხადია, საქმეები კარგად არ უნდა მიუდიოდეს. ამჟამად თავის თავს ნაკლებ ყურადღებას აქცევს და დაუდევარი ადამიანი გამხდარა. მეორე მხრივ, მას გულმოდგინედ უცდია ქუდზე არსებული ლაქები მელნით დაეფარა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქუდის პატრონს საკუთარი ღირსების გრძნობა ჯერ კიდევ შერჩენია. ქუდის სარჩულზე მშვენივრად მოჩანს შეკრეჭილი პატარ-პატარა თმის ღერები, რომლებსაც საღებავის სურნელი და წებოვნება კიდევ შერჩენია. ქუდი უკვე რამდენიმე კვირაა, აღარავის გაუწმენდია. უოტსონ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, თუ შევნიშნე, რომ თქვენს ქუდს ერთი კვირის მტვერი ზედ ადევს, აუცილებლად ვიფიქრებ, რომ ცოლმა თქვენზე გული აიყარა.

– პასუხები ძალიან მარჯვე და საზრიანია, – მიუგო სიცილით უოტსონმა, – მაგრამ რაც თქვენ თქვით, იმაში დანაშაულის კვალი არ მოჩანს, ბატის დაკარგვით ზარალი პატრონის გარდა არავის უნახავს და თქვენც ტყუილუბრალოდ გაისარჯეთ.

შერლოკ ჰოლმსმა პირი გააღო, რომ პასუხი გაეცა, მაგრამ სწორედ იმწამს ოთახში აღელვებული და ლოყებაღაჟღაჟებული პეტერსონი შემოვარდა.

– რა იყო, პეტერსონ? რა ნახეთ ასეთი გასაოცარი? ნუთუ ბატი გაცოცხლდა და სამზარეულოს ფანჯრიდან გაგიფრინდათ?

– აბა, შეხედეთ, სერ! შეხედეთ ერთი, ჩემმა ცოლმა ბატის ჩიჩახვში რა აღმოაჩინა! – მან წინ წამოსწია ხელი, რომლის შუაგულზე ჩვენ ლურჯად მოელვარე, ლობიოს მარცვლისოდენა ქვა შევნიშნეთ. ქვა პეტერსონის ჩაშავებულ ხელში ელექტრონის სხივივით ციმციმებდა და ბზინავდა.

შერლოკ ჰოლმსმა გაოცებისაგან დაუსტვინა.

– ალმასი, სერ! ძვირფასი ქვა! შუშას ყველივით ჭრის.

– ეს მარტო ძვირფასი ქვა კი არაა, სწორედ ის ძვირფასი ქვაა.

– ნუთუ გრაფი მორკარის მეუღლის ცისფერი კარბუნკულია?! – წამოვიძახე მე.

– სწორედ ისაა. ამ ძვირფას ქვაზე უკვე ყოველივე ვიცი, ვინაიდან „ტაიმსის“ განცხადებებს ყოველდღიურად ვკითხულობ. ეს ალმასის ძვირფასი ქვა აბსოლუტურად უნიკალურია და ის ათასი გირვანქა, რასაც მის მპოვნელს განცხადებებში ჰპირდებიან, მისი ნამდვილი ფასის მეოცედს შეადგენს. როგორც მახსოვს, კარბუნკული სასტუმრო „კოსმოპოლიტენში“ ოცდაორ დეკემბერს, ამ ხუთი დღის წინ დაიკარგა. გრაფის მეუღლის ძვირფასეულობის ყუთის გახსნა და ცისფერი კარბუნკულის მოპარვა წყალსადენის მრჩილავ ოსტატს, ჯონ ჰორნერს დაბრალდა. ჰორნერის წინააღმდეგ ისეთმა ძლიერმა მამხილებელმა საბუთებმა მოიყარა თავი, რომ იგი სამართალში მისცეს. მაგრამ ალმასის ქვა ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერსად იპოვეს. გრაფის მეუღლის მოახლე გოგომ – კატერინა კიუზაკმა ძიებას უჩვენა, რომ, როგორც კი ყვირილს მოჰკრა ყური, ოთახში შევარდა და შენიშნა, რომ ძვირფასი ქვა გამქრალიყო. სასამართლო საქმის წარმოების დროს ჰორნერი ძლიერ ღელავდა, რაც იმით დამთავრდა, რომ საბოლოოდ გული შეუწუხდა და გარეთ სულთმობრძავი გაიტანეს, – აი, ყველაფერი, რაც პოლიციის განცხადებაში წერია, – ჩაფიქრებით თქვა ჰოლმსმა, – საკითხავი ახლა ის არის, ეს ძვირფასი ქვა გრაფის მეუღლის ტარსიკონის ყუთიდან როგორ აღმოჩნდა ბატის ჩიჩახვში. ხედავთ, უოტსონ, ჩვენი მოსაზრებანი არც ისე უცოდველი ყოფილა და არცთუ ცუდუბრალოდ გავრჯილვართ. აი, აქ არის ეს ძვირფასი კარბუნკული, რომელიც ჩვენთან ბატის ჩიჩახვიდან მოხვდა, ბატი კი ჰენრი ბეიკერს ეკუთვნის. ჩემი აზრით, ყველა საღამოს გაზეთში უნდა გამოვაქვეყნოთ განცხადებები. მომეცით ფანქარი, ქაღალდი და ახლავე დავწერ: „გუჯ-სტრიტის კუთხეში ნაპოვნია ბატი და ძველი შავი ქუდი. თუ მოგვმართავს, მისტერ ჰენრი ბეიკერს, შეუძლია, დღესვე დაიბრუნოს დანაკარგი ბეიკერ-სტრიტზე ექვსის ნახევრიდან“. აბა, პეტერსონ! ახლავე გაეშურეთ განცხადებების გამომქვეყნებელ ბიუროში და ეცადეთ, რომ ჩვენ მიერ შედგენილი ტექსტი დღეს საღამოს გაზეთებში აუცილებლად მოათავსონ. ამ ძვირფას კარბუნკულს თვითონ შევინახავ. აი, კიდევ რა უნდა გითხრათ, პეტერსონ. უკან რომ დაბრუნდებით, დაკლული ბატი იყიდეთ და ჩვენთან მოიტანეთ. ეს იმ ბატის სანაცვლო იქნება, ახლა რომ თქვენები შეექცევიან.

პოლისმენი რომ გავიდა, ჰოლმსმა ალმასი აიღო, სინათლესთან მიიტანა და სინჯვა დაუწყო.

– ძალიან ლამაზი რამაა, – წამოიწყო საუბარი ჩემმა მეგობარმა, – აბა, შეხედეთ, როგორ ბრწყინავს და ელვარებს, როგორც ყველა ძვირფასი თვალი. რაღა თქმა უნდა, ასეთი ქვა დანაშაულს გაამრავლებს. ყველა დიდი და ძვირფასი ქვის უმცირეს ნაწილაკთან რაიმე სისხლიანი ამბავია დაკავშირებული. ორი მკვლელობა, თეზაფის შესხმა, თვითმკვლელობა, რამდენიმე ძარცვა – აი, რა ბნელი საქმეებია დაკავშირებული ამ ნახევრად გამჭვირვალე ქვასთან, რომლის წონა სულ რაღაც ორმოცი გრამია. ახლა კი კარბუნკულს ჩემს სეიფში ჩავკეტავ და გრაფის მეუღლეს შევატყობინებ, რომ ძვირფასი ქვა ჩვენთან ინახება.

უკვე შვიდის ნახევარს გადაცილებული იქნებოდა, შოტლანდიურქუდიანმა ვიღაც ახმახმა კაცმა ჰოლმსის კარზე ზარი დარეკა.

– თქვენ მისტერ ჰენრი უნდა იყოთ, – წარმოთქვა ჰოლმსმა, სავარძლიდან წამოიწია და სტუმარს იმ ძალდაუტანებელი თავისუფალი უშუალობით შეეგება, რომელიც ჰოლმსისათვის აგრერიგად იყო დამახასიათებელი. ოჰ, უოტსონ, სწორედ რომ, დროულად მოხვედით. ეს თქვენი ქუდია, არა, მისტერ ბეიკერ?

– დიახ, სერ, რა თქმა უნდა, ჩემი ქუდია.

მისტერ ბეიკერი ზორზოხი კაცი გახლდათ, მხრებჩამრგვალებული და დიდთავა. ფართო, ინტელიგენტური სახე ჰქონდა, რომელსაც წაბლისფერი, გაჭაღარავებული წვერი უმშვენებდა. შავი, მოძველებული, საყელოგამოცვლილი სერთუკი ნიკაპამდე შეებნია. სახელოებიდან გამხდარი, დამჭლევებული მაჯები გამოეჩარა და არათუ გახამებული მანჟეტები, შიგნით პერანგიც არ უნდა სცმოდა. დაბალი, ყრუ ხმით ლაპარაკობდა, სიტყვებს დიდი სიფრთხილით არჩევდა და განათლებული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ყველაფერზე აშკარად ეტყობოდა, რომ ცხოვრებას ბეიკერისათვის თავისი ულმობელი კლანჭი გაეკრა და ცუდ დღეში ჩაეგდო.

– ჩვენ რამდენიმე დღეს დავიტოვეთ თქვენი ქუდი და ბატი, – წამოიწყო ჰოლმსმა, – რადგან ვიმედოვნებდით, რომ თქვენ განცხადებას გამოაქვეყნებდით გაზეთში და თქვენს მისამართს იქიდან შევიტყობდით. თუმცა, ბატი რომ მაინც დაკარგეთ?

– როგორ თუ დავკარგე? – უეცრად ფეხზე წამოიჭრა გაფიცხებული ბეიკერი.

– ისე, უბრალოდ, მოვხარშეთ და შევექეცით. ასე რომ არ მოვქცეულიყავით, სულერთია, მაინც გაფუჭდებოდა, – განაგრძო ჰოლმსმა, – მე მგონი, აი, ბუფეტზე რომ ბატია, იმავე წონისა უნდა იყოს, თანაც სულ ახალი დაკლულია და თქვენი ბატის ნამდვილი ორეული იქნება.

– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, – შვებით წამოიძახა ბეიკერმა.

– იმ ბატის ჩიჩახვი, ფეხები და ბუმბული ყოველი შემთხვევისათვის მაინც შევინახეთ, თუ თქვენ გინდათ...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი