რომანი და დეტექტივი

სიცოცხლის კოდი

№47

ავტორი: ნიკა ლაშაური 16:36 23.11, 2020 წელი

სიცოცხლის კოდი-რომანი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #45-46(1037)

– სნოუდენი, სნოუდენი, – გაიმეორა ჯიმ ტეილორმა და დააყოლა, – იმ ნაბიჭვრის რუსებთან გაქცევა, ამდენი საიდუმლო ინფორმაციით, თავისუფლად შეგვიძლია მათი, რუსების აქტივში შევიტანოთ. 
– მოკლედ, ჯიმ, ფიასკო რომ არ განვიცადოთ, სასწრაფოდ უნდა მოვძებნოთ ბრეიდი და ქართველი პროფესორი. დრო არ ითმენს, საქმეში ჩვენი საიდუმლო სპეცძალები უნდა ჩავრთოთ.
– სხვა არაფერი დაგვრჩენია. თანახმა ვარ, – მიუგო ტეილორმა დარკს და ახალ სიგარას მოუკიდა.
***
ვახტანგ ლომიძემ თვალი რომ გაახილა, იგრძნო, რომ თავი საშინლად სტკიოდა. პროფესორი ოციოდე კვადრატული მეტრის თეთრ ოთახში იწვა, სადაც ძალიან დაბალი ჭერი იყო და აბსოლუტური სითეთრე საშინლად მოქმედებდა მასზე. ოთახის ერთადერთი ავეჯი თეთრი, ძალიან დაბალი საწოლი იყო, ასევე, თეთრი, ქათქათა თეთრეულით. თავბრუსთან ერთად, პროფესორს გულისრევის შეგრძნება დაეუფლა და წამოდგომა სცადა. საწოლზე წამოჯდა და ამ დროს ოთახში ორი თეთრხალათიანი მამაკაცი შემოვიდა. ერთ-ერთი მათგანი დანიელ ბრეიდი იყო, მეორე – წითური, ძალიან გამხდარი და ტანმორჩილი, შუა ხნის მამაკაცი. ბრეიდმა პროფესორს გაუღიმა და უთხრა:
– როგორ გრძნობთ თავს, ბატონო ვახტანგ?
– რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ბრეიდ. სად ვიმყოფები და სადაა ჩემი კეისი? – თქვა ლომიძემ და წამოდგომა სცადა, მაგრამ ფეხები მოეკეცა და ისევ საწოლზე დაეშვა.
წითურმა საათს დახედა და ბრეიდს უთხრა:
– ხუთიოდე წუთში პროფესორი აბსოლუტურად ქმედითუნარიანი გახდება.
წითურმა ეს სიტყვები რუსულად წარმოთქვა. ლომიძემ ყველაფერი გაიგონა და ბრეიდს ინგლისურად გამოუცრა კბილებში:
– რას ნიშნავს ეს ყველაფერი და ვინაა ეს „რიჟა“, ჩია მახინჯი?
– ბატონო ვახტანგ, არ გეკადრებათ, – ინგლისურადვე მიუგო ბრეიდმა, – ეს ხომ ბატონი პროფესორი, მელორ კერესია. თქვენ კი ნუ ნერვიულობთ, მეგობრებთან იმყოფებით და არაფერზე იღელვოთ. გარწმუნებთ, რომ ყველაფერი რიგზე იქნება, უფრო სწორად, რიგზეა.
– რა არის რიგზე. გამიტაცეთ, არ ვიცი, სად ვიმყოფები, სადაა ჩემი კეისი და ამბობთ, ყველაფერი რიგზეაო? – აყვირდა ლომიძე და საწოლიდან მარდად წამოხტა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მაპარალიზებელი გაზის მოქმედებამ გაუარა და ძალები სრულად დაუბრუნდა.
– აი, როგორც ვთქვით, ყველაფერი კარგადაა, – მხიარულად თქვა ბრეიდმა და დაამატა, – უკვე სრულ ჯანზე ხართ. თქვენი კეისი კი საწოლის ქვეშაა და საკმარისია, ხელი შეყოთ და გამოიღოთ, რომ ჩემი სიტყვების სისწორეში დარწმუნდებით.
ლომიძემ სწრაფად გამოაცურა კეისი. ყურადღებით დაათვალიერა და რომ დარწმუნდა, გაუხსნელი იყო, ბრეიდს ჰკითხა:
– სად ვიმყოფები?
– ხომ ხედავთ, პროფესორო, რომ მეგობრებს შორის ხართ. უსაფრთხო ადგილზე, თქვენს სამშობლოსა და საყვარელ ქალაქში, – მიუგო ბრეიდმა.
– თბილისში? – თქვა ლომიძემ.
– დიახ, თბილისში, – თავი დაუქნია პროფესორს ბრეიდმა.
– რატომ გამიტაცეთ, ბრეიდ? – იკითხა პროფესორმა.
– ბოდიშს გიხდით, ბატონო ვახტანგ. მართალია, ცოტა უხეშად მოგექეცით, მაგრამ ეს თქვენივე უსაფრთხოებისთვის იყო საჭირო. მერწმუნეთ, რომ მეგობრებში იმყოფებით და ხიფათი არ გემუქრებათ, – უთხრა ლომიძეს ბრეიდმა.
– უსაფრთხოდ – მეგობრებში? როდიდან გახდნენ რუსები ჩემი მეგობრები, მით უმეტეს – თქვენი, ამერიკელების? – ხმას აუწია ლომიძემ და დააყოლა, – ბრეიდ, თქვენ მოღალატე და მატყუარა ხართ! ყველაფერს მივხვდი, რუსებს მიეყიდეთ და მათზე მუშაობთ. მე უსინდისოდ გამიტაცეთ და მათ ხელში ჩამაგდეთ.
– ბატონო ვახტანგ, ცდებით. რაც თქვით, ყველაფერი ტყუილია და თუკი მომისმენთ, სიმართლეს გეტყვით, – მშვიდად თქვა ბრეიდმა, პროფესორმა კი სიტყვა გააწყვეტინა:
– ბრეიდ, თქვენ მე იდიოტი გგონივართ? მელორ კერესი რომ რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომელია და მათი დავალებით მოქმედებს, აშკარაა. მასზე ბევრი რამ მსმენია და მართალია, არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ უმაღლესი კლასის სპეციალისტია და აღწერილობითაც მივხვდი, რომ თქვენს გვერდით მდგომი, სწორედ, ისაა.
– პროფესორო, მომისმინეთ, – თქვა ბრეიდმა და დაამატა, – ბატონი მელორ კერესი ჩვენთან გამოიქცა და უარი განაცხადა რუსეთში დაბრუნებაზე. ამიტომ, ორივეს შეერთებულ შტატებში გელოდებიან.
ლომიძე შეაცბუნა ბრეიდის სიტყვებმა და პაუზა გააკეთა. დაფიქრდა და ბრეიდს უთხრა:
– ისევ მატყუებთ. როცა წამომიყვანეთ, თქვენ სულ სხვა რამ მითხარით. თუმცა აშკარაა, რომ გამიტაცეთ.
– არა, ბატონო ვახტანგ, ნამდვილად არა. თქვენი დაძინება თავიდანვე იყო დაგეგმილი. უბრალოდ, არ გითხარით ამის შესახებ, – თქვა ბრეიდმა.
– რა საჭირო იყო ამის გაკეთება? ტყუით, აშკარად ტყუით! – თავი გააქნია ლომიძემ.
– მომისმინეთ, პროფესორო და არ შემაწყვეტინოთ. როგორც გითხარით, თქვენი უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა ბოლო მომენტში გახდა საჭირო. მე, უბრალოდ, ის დაგიმალეთ, რომ ჩვენთან ერთად ამ უსაფრთხო ადგილზე ბატონი პროფესორი, თქვენი კოლეგა მელორ კერესიც უნდა წამოსულიყო და რომ ის უკვე გველოდებოდა. სწორედ, ამიტომ გახდა საჭირო თქვენი დაძინება. გასაგებია ახლა? – თქვა ბრეიდმა.
– სულაც არაა გასაგები და ძალიან ბუნდოვნად საუბრობთ, – მიუგო ლომიძემ. რა სისულელეა! დამაძინეთ იმიტომ, რომ კერესიც უნდა წამოგეყვანათ. მე რაში გიშლიდით ხელს?
– იმაში, ბატონო პროფესორო, რომ შესაძლოა, ის რეაქცია, რაც თქვენ აქ გამოავლინეთ, იქ, გზატკეცილზე გამოგეხატათ. დაეჭვებულიყავით და ასე შემდეგ. დრო კი არ ითმენდა და აუცილებელი იყო სწრაფი მოქმედება, ამიტომ საჭირო გახდა თქვენი დაძინება და ბოდიშს გიხდით ამის გამო, – თქვა ბრეიდმა.
ლომიძე ჩაფიქრდა და პაუზის მერე თქვა:
– ბოლომდე დამაჯერებელი პასუხი არაა, მაგრამ ადრინდელს სჯობს. კარგი. დავუშვათ, დაგიჯერეთ. რა ხდება შემდგომ?
– აგაშენათ ღმერთმა, ბატონო ვახტანგ, – თქვა ბრეიდმა და დაამატა, – პირველ რიგში, თქვენს კოლეგას გაგაცნობთ. შემდგომ ერთად ვივახშმოთ. ამის მერე მე წავალ და კოლეგებს მარტო დაგტოვებთ. ალბათ, ბევრი სალაპარაკო გექნებათ ერთმანეთში. მე კი, ამასობაში, ხელმძღვანელობისგან ინსტრუქციებს მივიღებ და დილით რომ დავბრუნდები, გეტყვით, თუ როგორ ვიმოქმედებთ მომავალში. რას იტყვით, ბატონო პროფესორო, თანახმა ხართ?
– რა გაეწყობა, – ხელები გაშალა ლომიძემ და გაიღიმა.
***
მას მერე, რაც ბრეიდმა პროფესორები ერთმანეთს გააცნო და ერთად ივახშმეს, ამერიკელმა ლომიძე და კერესი დატოვა. თავად კი დროებით გამოემშვიდობა და წავიდა. თუმცა, შორს არ წასულა, ერთი სართულით ზევით აიწია და ოცდაათიოდე კვადრატული მეტრის ოთახის კარი შეაღო, სადაც რუსეთის უშიშროების ფორმაში გამოწყობილი გენერალი იჯდა. მან უხმოდ ანიშნა ახალმოსულს – შემოდიო და სავარძელზე მიუთითა. შემდეგ კი უთხრა:
– დიდი გულისყურით გადევნებდით თვალს და სამწუხაროდ, თქვენ მართალი აღმოჩნდით. თითქმის როგორც ქართველების უმრავლესობა, არც პროფესორი ლომიძე ითანამშრომლებს ჩვენთან, რუსებთან. მართალია, ჩვენ შეგვიძლია, ის ვაიძულოთ ჩვენზე იმუშაოს, მაგრამ შედეგი ძალიან არაეფექტური აღმოჩნდება. ყველაფერი დროში გაიწელება. ეს კი ჩვენ ხელს არ გვაძლევს. ამიტომ, ისევ იმ ლეგენდით ვიმოქმედოთ, რომელიც თქვენ შეთხზეთ და საქმეში ბევრად უფრო წინ წავიწევით. რას იტყვით, ბრეიდ?
ამერიკელმა უშიშროების რუს გენერალს გაუღიმა და უთხრა:
– დიახ. რა თქმა უნდა, სწორედ ასე უნდა ვიმოქმედოთ და არც პროფესორმა კერესმა უნდა გაამჟღავნოს ჩვენი ოპერაცია უნებლიეთ და არც დეკორაციამ „დაგვწვას“.
– ყველაფერი რიგზე იქნება, ბრეიდ. ქართველი პროფესორი ვერც კი წარმოიდგენს, რომ ლუბიანკის მიწისქვეშეთში იმყოფება, მოსკოვში და არა თავის მშობლიურ თბილისში, ამერიკელების საიდუმლო ლაბორატორიაში. პროფესორი მელორ კერესი კი ჩვენი ძველი, ძალიან გამოცდილი თანამშრომელია და ყველაფერს საუცხოოდ შეასრულებს. მთავარია, ამ ორი პროფესორის მუშაობა აღმოჩნდეს ნაყოფიერი და ამ შესანიშნავ ლაბორატორიაში პანაცეა დროზე მიიღონ.
როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ყველა ამერიკული სპეცსამსახური მუხლჩაუხრელად გეძებთ თქვენ და პროფესორს. მართალია, მათ არ იციან, რომ მოსკოვში ხართ და ჯერ საქართველოში აბრუნებენ თავდაყირა ყველა კუთხე-კუნჭულს, მაგრამ სულ მალე ძებნის არეალს გააფართოებენ და მოსკოვშიც ჩამოვლენ. ყოფილი თქვენები გატაცების ვერსიას უფრო ემხრობიან და ფიქრობენ, ჩვენ გაგიტაცეთ. თუმცა, ალბათ, სინამდვილემდეც მივლენ და მაშინ თქვენზე ნადირობა გამოცხადდება. ეს საქმე კი ამერიკელებმა ჩვენზე ცუდად როდი იციან. ამიტომ მოგიწოდებთ სრული უსაფრთხოების დაცვისკენ და კარგი იქნება, თუკი ქუჩაში არ გახვალთ, – მიუგო ბრეიდს უშიშროების რუსმა გენერალმა ზაევმა.
დენიელ ბრეიდი ჯერ კიდევ მაშინ დაუკავშირდა რუსეთის დაზვერვას, სანამ მას თბილისში გამოაგზავნიდნენ სამუშაოდ. ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს, ამერიკის შეერთებული შტატების ამ ყველაზე საიდუმლო ორგანიზაციის თანამშრომელმა პირდაპირ რუსეთის დაზვერვის რეზიდენტს მიაკითხა სახლში. გარეთ გაიხმო, მანქანაში ჩაისვა და უთხრა:
– თქვენ რუსეთის დაზვერვის რეზიდენტი ხართ.
– ამ სიტყვებზე რუს რეზიდენტს სახე დაეღრიჯა, მანქანიდან გადასვლა დააპირა, თან მიუგო:
– თქვენ ბინძური პროვოკატორი ხართ და მე რუს დიპლომატს იმუნიტეტი მიცავს. ახლავე გამიშვით, თორემ ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებით. ყველამ იცის, რომ აქ ვარ და თუკი ჩემს გატაცებას შეეცდებით, ამ ამბავს ხუთ წუთში მთელი მსოფლიო შეიტყობს.
– დამშვიდდით, ამხანაგო რეზიდენტო, – სუფთა რუსულად, ირონიით უთხრა ბრეიდმა, – ჯერ ერთი, რომ თქვენს მოტაცებას არავინ აპირებს. მეორე ის, რომ თქვენი აქ ყოფნის შესახებ მარტო ჩვენ ორმა ვიცით და მეტი არავინ. მესამე და მთავარი კი ისაა, რომ მე დანიელ ბრეიდი ვარ, ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი და ასე კონსპირაციულად იმიტომ გხვდებით, რომ განგიცხადოთ – მე თქვენთან თანამშრომლობა მსურს. მოტივი იდეური ნიადაგია. არ მომწონს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო პოლიტიკა და ის სიბინძურე, რასაც ჩვენ, პატიოსან ადამიანებს გვაკეთებინებენ. ახლა გასაგებია?
დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი