რომანი და დეტექტივი

საზღაური

№5

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 13.02, 2021 წელი

საზღაური
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #4 (1048) 

„ფეისბუქზე“ აარონ ლეონის ძებნამ ძმადნაფიცები მის ერთადერთ ქალიშვილზე, 30 წლის ლინდაზე გაიყვანა. რასულმა ჯერ აარონს მისწერა და „შეახსენა“, რომ თითქოს თბილისში შეხვდნენ ერთმანეთს და მსხვილი გადაზიდვის პროექტის განხილვაზე შეთანხმდნენ. პასუხი მალე მოვიდა, სადაც ეწერა: „მე აარონ ლეონის ქალიშვილი ვარ, ლინდა. მამაჩემი შეუძლოდ არის და არ შეუძლია პასუხი გაგცეთ. ამიტომ მე გწერთ. როგორც ეტყობა, მისტერ, არ იცით, რომ მამა ბიზნესით აღარაა დაკავებული. ის ერთი წლის წინ გამოვიდა იქიდან. ამიტომ შეუძლებელი იქნება იმ პროექტის განხილვა, რომელზეც მწერთ. ვწუხვარ და ბოდიშს გიხდით.“
ძმადნაფიცებს არ გასჭირვებიათ იმის მიხვედრა, რომ რაღაც სერიოზული მოხდა და გადაწყვიტეს, ლინდას „მესინჯერით“ დალაპარაკებოდნენ და ამგვარად გაერკვიათ ყველაფერი. პავლე ვიდეოკამერას მოერიდა. რასული კი ვიდეოთვალის წინ მოკალათდა, დარეკა და კადრში გამოჩენილ გოგონას ინგლისურ ენაზე გაუბა ლაპარაკი.
– გამარჯობა. თქვენ, ალბათ, ლინდა ლეონი ბრძანდებით, – უთხრა გოგონას რასულ საფარბეკოვმა და გაუღიმა.
– დიახ, მისტერ. ლინდა ლეონი ვარ. თქვენ კი, ალბათ, რასულ საფარბეკოვი, – მიუგო ლინდამ.
– დიახ, დიახ, ჩემო ძვირფასო. როგორც მივხვდი, მამათქვენი ავადაა და ამიტომ ვერ მწერს. ჰოდა დაგირეკეთ, რომ გავესაუბრო მას. მოვიკითხო და ჩვენი შეხვედრა შევახსენო, – თქვა რასულმა.
– სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია, რასულ. მამა მძიმედაა ავად და ის საავადმყოფოში წევს, ვერ დაგელაპარაკებათ, – მიუგო გოგონამ.
– კარგი. გასაგებია, ჩემო ძვირფასო. მაშინ ასე მოვიქცევთ, თუ ძალიან არ შეწუხდებით, როდესაც მამის მოსანახულებლად მიხვალთ, დამირეკეთ და დაველაპარაკები, – თქვა რასულმა.
ლინდამ პაუზა გააკეთა, შემდეგ თავი გააქნია და აცრემლებული ხმით თქვა:
– შეუძლებელია, ბატონო რასულ, მამა საავადმყოფოდანაც ვერ დაგელეპარაკებათ.
– რატომ, ძვირფასო, კომაშია? – თქვა რასულმა.
ლინდამ თავი გააქნია და თვალცრემლიანმა ენის ბორძიკით მიუგო:
– არა, მისტერ რასულ, მამა შეურაცხადია და ის სიეტლის ფსიქიატრიულ კლინიკაში წევს.
– ეს რა მითხარით, ლინდა. რატომ, რა დაემართა? – იკითხა რასულმა.
– არ ვიცი, მისტერ რასულ. თბილისიდან ასეთ მდგომარეობაში წამოვიყვანე, იქაც ფსიქიატრიულ კლინიკაში იწვა ერთი თვე. იქაური ექიმების თქმით, მამას შიზოფრენია სჭირს, რაც დევნის მანიაშია გამოხატული. მან თავისი წილი წამოიღო ბიზნესიდან და სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო, რომ ეს ავადმყოფობა დაემართა. აი, სწორედ, ამიტომ მოხვდა ის ფსიქიატრიულ კლინიკაში, ჯერ – იქ, შემდგომ კი – აქ, – თქვა ლინდამ და აქვითინდა.
– ნუ ტირით, ჩემო ძვირფასო. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. მაგრამ ვერ ვხვდები, რა გახდა ყოველივე ამის მიზეზი... – თქვა რასულმა.
– ზუსტად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მამას რომ ანგარიშზე თავისი რვაასი ათასი დოლარი ჩაურიცხეს, მან ეს თანხა ჯერ ათ სხვადასხვა ბანკში გადაანაწილა, შემდეგ სათითაოდ გამოიტანა და ქეშად ჰქონდა. ბოლოს კი თავის უზარმაზარ ბუხარში დაწვა, პოლიციაში მივიდა და განაცხადა, – განგსტერებმა რვაასი ათასი დოლარი გამტაცესო. სინამდვილეში, კი, როგორც წეღან გითხარით, მამამ ეს თანხა ბუხარში დაწვა და პოლიციამაც იქ მიაგნო განადგურებულ კუპიურებს. ხოლო როდესაც მამას უთხრეს, ფული დაგიწვავსო, მან თურმე, პოლიციაც შეურაცხყო, დიდი სკანდალი აუტეხა და ისინი იძულებული გახდნენ, ფსიქიატრიულ კლინიკაში მიეყვანათ. აი, ბატონო რასულ, ასეთი ისტორია გადაიტანა მამამ და ახლა ის ძალიან ცუდადაა, – თქვა ლინდა ლეონმა და ისევ აქვითინდა.
– ღვთის გულისათვის, ლინდა, ნუ ტირით, – თქვა რასულმა და როდესაც გოგონამ ტირილი შეწყვიტა, ჰკითხა, – ექიმები რას ამბობენ, რა დიაგნოზს უსვამენ მამათქვენს?
– როგორც უკვე გითხარით, მამაჩემს შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს, რაც დევნის მანიითაა გამოხატული, – თქვა ლინდა ლეონმა და ამოიოხრა:
– ამის მიზეზად რას ასახელებენ?
– კონკრეტულს ვერაფერს. უბრალოდ, ვარაუდებს გამოთქვამენ და რამდენიმე ვერსიაზე აქვთ ეჭვი – ტვინის უკიდურეს დაძაბულობაზე, რასაც შესაძლოა, მისი, ანუ ტვინის გადაწვა მოჰყოლოდა. ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ზეწოლაზე. შესაძლოა, ეს გენეტიკურიც კი იყოსო. ერთი სიტყვით, ზუსტი პასუხი არავის აქვს.
– ლინდა, ძვირფასო, ახლო ნათესაობაში გყავდათ ფსიქიკურად დაავადებული?
– ეს კითხვა უკვე დამისვეს ექიმებმა. არა, არ გვყოლია. პირიქით, ჩვენი უახლოესი ნათესავები ძალიან გაწონასწორებული ხალხი იყო. მამა კი მათ შორისაც კი გამოირჩეოდა თავისი სიმშვიდით.
– თავად მისტერ აარონი რას ამბობს? თუ ესაუბრებით მას?
– ვცდილობ ხოლმე მასთან საუბარს, მაგრამ ერთსა და იმავეს იმეორებს, – ლინდა, ჩემო გოგონა, ფული წამართვეს, დამდევდნენ და ჩემი მოკვლაც უნდათო. რომ ვეკითხები, ვინ დაგდევს-მეთქი, კანკალი უვარდება, თავზე საბანს იფარებს და იმალება.
– ესე იგი, თქვენ გცნობთ.
– დიახ.
– წარსულის ამბები თუ ახსოვს? არ ესაუბრებით ხოლმე წარსულზე?
– ვცადე, მაგრამ რეაქცია ისევ ისეთი ჰქონდა – დაიმალა. ამიტომ აღარ ვაწუხებ ზედმეტად.
– ექიმები რას ამბობენ, გამოჯანმრთელდებაო?
– არანაირ იმედს არ მაძლევენ. ამბობენ – ვმუკრნალობთ და ჯერჯერობით დადებითი დინამიკა არ შეინიშნებაო, – თქვა ლინდა ლეონმა და ამოიოხრა.
– სამწუხაროა. ძალიან სამწუხარო. მისტერ აარონის მდგომარეობამ ძალიან შემაშფოთა და ამდენი ამიტომ გელაპარაკეთ, ლინდა. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მამათქვენს. ნახვამდის, ლინდა! – თქვა რასულ საფარბეკოვმა და სკაიპი გათიშა. მის წინ მდგომმა პავლე ლაღიძემ კი თავი გააქნია და უთხრა:
– რას იტყვი, რასულ, ამ ყველაფერზე?
– ასპროცენტიანს ვერაფერს. თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ საცოდავს მაგრად „გაუჩალიჩეს“, – თქვა რასულმა.
– სწორედაც რომ, „გაუჩალიჩეს“ და აქ სხვა აზრი არ არსებობს. საცოდავი ლეონი, ფულიც „აახიეს“ და ტვინიც გადაუწვეს, – სინანულით თქვა პავლე ლაღიძემ და დაამატა, – ის საცოდავი შორსაა და მასთან საუბარი არ მოხერხდება, თუმცა, რომც მოხერხდეს, აზრი აქვს? გიჟისგან რას შეიტყობ?
პავლეს სიტყვებმა რასული ჩააფიქრა. შემდეგ ეშმაკურად გაეცინა და თქვა:
– სიშორე ჩვენთვის დაბრკოლება არაა. გიჟისგან კი ბევრი რამის გაგება შეიძლება, თუკი სწორად იმოქმედებ.
– ამით რის თქმა გინდა, რასულ? – იკითხა ლაღიძემ. ჩეჩენმა კი მიუგო:
– იმისი, ჩემო პაშკა, რომ ამერიკაში უნდა გავემგზავროთ და აარონ ლეონი მოვინახულოთ საგიჟეში. ვფიქრობ, ეს ჩვენს საქმეს ძალიან წაადგება. საჭირო საბუთებსა და ყველა ხარჯს საკუთარ თავზე ვიღებ და აუცილებლად გაგვიმართლებს.
***
ლინდა ლეონთან საუბრიდან ერთ კვირაში ძმადნაფიცები კანადის გავლით შევიდნენ შეერთებულ შტატებში. რასული თავისი ნამდვილი საბუთებით გადაადგილდებოდა, პავლე კი – სხვა გვარითა და ოდნავ შეცვლილი გარეგნობით. სიეტლში რომ ჩავიდნენ, პირდაპირ ლინდასკენ გაემართნენ, რომელიც ქალაქის გარეუბანში მდებარე სახლში ცხოვრობდა. რასულის დანახვაზე გოგონა შეცბა და უთხრა:
– თქვენ, ალბათ, მისტერ რასული ხართ, ამ ერთი კვირის წინ „სკაიპით“ რომ მესაუბრეთ.
– დიახ. მე გახლავართ, ძვირფასო ლინდა და აქ საგანგებოდ თქვენთან სასაუბროდ ჩამოვედით, – მიუგო რასულმა.
– სახლში შემობრძანდით, – შეიპატიჟა დიასახლისმა ახალმოსულები და დაამატა, – აქ მე ახლა მარტო ვცხოვრობ და არ მოგერიდოთ. დაბრძანდით. ჯერ ყავასა და კონიაკს მოგართმევთ, შემდეგ კი ვისადილოთ.
– სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული ვარ და თავი სახლში მგონია, – ღიმილით უთხრა რასულმა ლინდას, რომელსაც ნაღვლიანად გაეღიმა და მიუგო:
– თქვენ, ალბათ ჩემს მასპინძლობას გულისხმობთ, გიკვირთ, რომ ამერიკელმა გოგონამ უცხო მამაკაცები ასე გულღიად მიგიღეთ და სადილი შემოგთავაზეთ.
– რა დაგიმალოთ და სწორედ, მასეა, – თქვა რასულმა.
– ეს მამამ მასწავლა. მეუბნებოდა – ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია. სრულიად უცხოსაც კი ახლო ნათესავივით იღებენ და შენც ასე მოიქეციო, – თქვა ლინდამ.
– მე ქართველი არ ვარ. ჩეჩენი ვარ, მაგრამ კავკასიელი. კავკასიაში კი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა სტუმართმოყვარეა. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამ საქმეში ქართველები მაინც პირველები არიან, – თქვა რასულმა.
– მამაც ამას ამბობდა, მაგრამ სწორედ, საქართველოში დაემართა ეს უბედურება, – ნაღვლიანად თქვა ლინდამ, თან მაგიდაზე ლანგარი დადო, რომელზეც ყავით სავსე ჭიქები და კონიაკის სავსე ბოთლი იდგა.
– ჰოდა, ძვირფასო ლინდა, სწორედ ამ უბედურების გამო ჩამოვედით ამ სიშორეზე, – თქვა რასულმა. დიასახლისმა კი თავი დაუქნია და უთხრა:
– დიახ. მივხვდი.
– ლინდა, ძვირფასო, უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ჩვენ აქ მამათქვენთან სასაუბროდ ვართ ჩამოსულები და თქვენი დახმარება გვჭირდება. თქვენ გარეშე შეიძლება, არც კი გვანახვონ მისტერ აარონი, – თქვა რასულმა, ლინდამ კი გაოცებით მიუგო:
– კი მაგრამ, მამა ხომ აბსოლუტურად შეურაცხადია და მის ნახვას რა აზრი აქვს?
რასულმა პავლესკენ მიანიშნა დიასახლისს და უთხრა:
– ლინდა, ძვირფასო, ამ კაცს უფრო უარესად მოექცნენ, ვიდრე მამათქვენს. ანუ, სასიკვდილოდ გაიმეტეს და ის ყველას მკვდარი ჰგონია, მათ შორის მისტერ აარონსაც. თავს ვერ დავდებ, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ პავლეს დანახვამ მამათქვენი აზრზე მოიყვანოს და ერთი მხრივ, ეს მამათქვენისთვის იქნება კარგი, მეორე მხრივ კი, საერთო საქმისთვის.
– კი, ბატონო. თუკი ეს მამას არგებს, რატომაც არა? მოდი, ვივახშმოთ და შემდეგ კი კლინიკაში წავიდეთ, – თქვა ლინდამ. რასულმა კი დიასახლისს გაუღიმა და უთხრა:
– მოდი, სადილი ცოტათი გადავდოთ. ჯერჯერობით ყავით დავკმაყოფილდეთ და შემდეგ კლინიკისკენ დავიძრათ.
– კონიაკი მაინც დააყოლეთ ყავას, – თქვა ლინდამ, რასულმა კი მიუგო:
– კონიაკით ჩვენი გამარჯვება აღვნიშნოთ, ოდნავ მოგვიანებით, ახლა კი კლინიკაში!
***
სიეტლის ფსიქიატრიული კლინიკა ქალაქის გარეუბანში მდებარეობდა. ლეონების სახლიდან სულ რაღაც სამასიოდე მეტრის მოშორებით. ამიტომ ლინდა და ძმადნაფიცები ფეხით გაემართნენ საგიჟეთისკენ. ცნობილი „ბედლამი“ (უბედურების სახლი – ასე უწოდებენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში ფსიქიატრიულ კლინიკებს) საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე მდებარეობდა და მთელი პარამეტრი ოთხი მეტრის სიმაღლის ყრუ კედლით იყო გარშემორტყმული. ტერიტორიის სამი მეოთხედი პარკს ეკავა, სადაც ასწლოვანი, უზარმაზარი ხეები ხარობნენ. ძველებურ, ოთხსართულიან შენობაში კლინიკის ადმინისტრაცია, ექიმების ცენტრალური აპარატი და მიმღები განყოფილება იყო განლაგებული. უკანა, სამსართულიანი, კოშკისებური შენობა კი სტაციონარს ჰქონდა დათმობილი. ფანჯრები ფოლადის გისოსებში იყო ჩასმული, რომ პაციენტებს გარეთ გამოსვლა არ შესძლებოდათ. მესამე და მეორე სართულზე შეურაცხადი პაციენტები იყვნენ განთავსებული, რომლებსაც მკაცრ იზოლაციაში ამყოფებდნენ. პირველ სართულზე კი ისეთი პაციენტები იწვნენ, ვინც თითქმის არანაირ აგრესიას არ ამჟღავნებდნენ. მათ კლინიკის ტერიტორიაზე გამოსვლისა და პარკში სეირნობის უფლება ჰქონდათ, მაგრამ თანმხლებ პირთან ერთად – ნათესავთან ან კლინიკის სანიტრებთან. სწორედ პირველ სართულზე იწვა აარონ ლეონი. ლინდა ყოველდღე აკითხავდა მამას და მასთან ერთად მდუმარედ სეირნობდა პარკში. კლინიკის სტაციონარს უზარმაზარი ბუნკერი ჰქონდა. იქ ოცდაათი იზოლირებული საკანი მდებარეობდა, ეგრეთ წოდებული, „ადინოჩკები“ (ერთადგილიანები) და მათში მანიაკები, სერიული მკვლელები, განსაკუთრებით საშიში ფსიქოპატები და მსგავსი ტიპის პაციენტები ისხდნენ. ბუნკერი უმაღლესი კატეგორიის დაცვის სისტემით იყო აღჭურვილი, ამასთან, კარგად გაწვრთნილი და კბილებამდე შეიარაღებული სპეციალური ქვედანაყოფი კი გაქცევის ყოველგვარ საშუალებას უსპობდა ბუნკერის ბინადართ.
ლინდა და მისი სტუმრები რომ კლინიკის ეზოში შევიდნენ, რასულმა ტერიტორია შეათვალიერა და გოგონას უთხრა:
– ძვირფასო ლონდა, მე და პავლე აი, იმ მოშორებით მდგომ სკამთან დაგელოდებით და მისტერ აარონი იქ მოიყვანეთ. ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ. აბა, გელოდებით!
ძმადნაფიცები სკამისკენ გაემართნენ, ლინდა ლეონი კი – მამამისთან. თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ ლინდა და აარონ ლეონები პარკის სიღრმეში იმ სკამს მიუახლოვდნენ, სადაც რასული და პავლე ელოდებოდნენ. ლინდას მდუმარე, თავჩაღუნული მამა ხელკავით მიჰყავდა და აარონი ძმადნაფიცებს ვერ ხედავდა. რასული ახალმოსულებისკენ იყურებოდა და იღიმებოდა. პავლე კი – ზურგშექცევით იდგა. ლინდამ აარონი სკამზე დასვა და უთხრა:
– გაიცანი, მამა, ეს ჩვენი სტუმარია.
აარონმა თავი ასწია, სახეზე აბსოლუტური გულგრილობა ეხატა, როდესაც მოღიმარმა რასულმა გასაცნობად მას ხელი გაუწოდა, აარონს არანაირი რეაქცია არ გამოუხატავს, მხოლოდ თავი ჩასწია ქვევით. ლინდამ გამომცდელი მზერა მიაპყრო რასულს, რომელმაც ერთი ნაბიჯი გადადგა უკან და პავლეს უხმოდ ანიშნა, მიდიო. პავლე ლაღიძე კი თავჩაღუნულ აარონ ლეონისკენ შეტრიალდა და მშვიდი ხმით უთხრა.
– გამარჯობა, მისტერ აარონ.
დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი