რომანი და დეტექტივი

საშინელი ამანათი

№37

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 26.09, 2021 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

(იბეჭდება შემოკლებით)

დივანზე გადაწოლილი და ფეხმორთხმული ჰოლმსი უკვე მერამდენედ კითხულობდა წერილს, რომელიც დილით მიიღო.

– ძვირფასო უოტსონ, ხელთა მაქვს ამოცანა, რომელიც შესაძლოა, უფრო ძნელი ამოსახსნელი აღმოჩნდეს, ვიდრე აზრების წაკითხვაა. ხომ არ ამოგიკითხავთ გაზეთში პატარა ცნობა ერთი პაკეტის საოცარ შინაარსზე, მის კაშინგისთვის რომ გაუგზავნიათ კროს-სტრიტზე, კროიდონში, – თქვა და გაზეთი გადმომიგდო. მეც ავიღე და წავიკითხე მითითებული ცნობა, რომლის სათაური იყო „საშინელი ამანათი“.

„მის სიუზენ კაშინგი, კროს-სტრიტზე, კროიდონში მცხოვრები მანდილოსანი, ყოვლად აღმაშფოთებელი ხუმრობის მსხვერპლი გახდა, გუშინ, დღის ორ საათზე, მას ფოსტალიონმა ქაღალდში გახვეული კოლოფი მიუტანა, რომელიც მარილით იყო სავსე. ქალმა მარილი გადმოყარა და შეძრწუნებულმა კოლოფში ადამიანის ორი ყური აღმოაჩინა. ეტყობოდა, ყურები ახალი მოჭრილი იყო. ორმოცდაათი წლის შინაბერა ქალბატონი, სრულიად წყნარ, კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა, ძალზე ცოტა ნაცნობ-მეგობარი ჰყავს და ფოსტით იშვიათად იღებს ამანათებს“.

– ახლა მოვუსმინოთ ჩვენს მეგობარ ლესტრეიდს. დილით მისგან ბარათი მივიღე, რომელშიც წერია:

„ვფიქრობ, ეს იდუმალებით აღსავსე საქმე სწორედ სათქვენოა. ჩვენი მხრივ, იმედი გვაქვს, რომ საქმეს თვალს მივადევნებთ, მაგრამ სიძნელეების წინაშე აღმოვჩნდით ზოგიერთი ფაქტის უკმარისობის გამო. ჩვენ, ცხადია, დეპეშა გავგზავნეთ ბელფასტის ფოსტამტში, მაგრამ იმ დღეს ბევრი ამანათი გაუგზავნიათ და გადაჭრით ვერაფერს გვეუბნებიან, არც გამგზავნი ახსოვთ. ჩვენ ხელთაა ბადაგით გაჟღენთილი ნახევარგირვანქიანი თამბაქოს კოლოფი და აბა, მხოლოდ ამ სამხილმა რა უნდა მოგვცეს?!

– დარეკეთ, რომ ფეხსაცმელი მოგვიტანონ და კაცი კებისთვის გაგზავნეთ. ერთ წუთში მზად ვიქნები, მხოლოდ ხალათს გავიხდი და სათუთუნეს ავავსებ.

ლესტრეიდი, როგორც ყოველთვის, გამოწკეპილი და ქრცვინის მსგავსი, სადგურზე დაგვხვდა. ხუთი წუთის შემდეგ უკვე კროს-სტრიტში ვიყავით, სადაც მის კაშინგი ცხოვრობდა.

შინაბერას მშვიდი სახე და დიდი, თვინიერი თვალები ჰქონდა, თეთრი თმა საფეთქლებს უფარავდა. იგი სავარძლის გადასაფარებელს ქარგავდა.

– ის საშინელება ფარდულშია, იქნებ სულაც გადააშენოთ აქედან, – უთხრა ლესტრეიდს, როგორც კი შევედით.

პატარა ფარდული ვიწრო ბაღის ბოლოში იყო. ლესტრეიდი ფარდულში შევიდა და ყვითელი მუყაოს კოლოფი, შესახვევი ქაღალდის ნაჭერი და ბაწარი გამოიტანა. ჰოლმსი იმ ნივთების თვალიერებას შეუდგა, რომელთაც ლესტრეიდი რიგრიგობით გადასცემდა.

– ძალზე საინტერესო ბაწარია, – თქვა ჰოლმსმა, თოკი ასწია, დაყნოსა და ერთხანს შუქზე გააჩერა, – რას იტყოდით ამაზე, მისტერ ლესტრეიდ?

– გაფისულია.

– სრულიად მართალია. გაფისული ბაწარია. ეჭვი არაა, მის კაშინგმა ის მაკრატლით გადაჭრა. ორსავე მხარეს ეტყობა, რომ ახალი გადაჭრილია და ეს ძალზე მნიშვნელოვანი ამბავია. კვანძი დარჩა, ეს თავისებური კვანძია. ახლა იმას მივხედოთ, როგორაა შეფუთული, გარედან შემოსახვევ ქაღალდს ყავის მძაფრი სუნი აქვს. ეს ვერ შენიშნეთ? ამ ამბავს წყალი არ გაუვა. მისამართი ერთობ უსწორმასწოროდ ნაბეჭდი ასოებითაა დაწერილი – ხელნაწერი აშკარად მამაკაცურია და ძალიან გაუნათლებელი ადამიანის ნაჯღაბნს მიაგავს. კოლოფი სავსე იყო მსხვილი მარილით, რაც ტყავისა და, საერთოდ, ნედლი სამრეწველო საქონლის შესანახად იხმარება. მარილში კი მეტად თავისებური რამაა ჩადებული.

ჰოლმსმა კოლოფიდან ყურები ამოიღო, მუხლებზე ფიცარი დაიდო, ისინი ზედ დაალაგა და ყურადღებით დაიწყო მათი შესწავლა. ჩვენ კი, მე და ლესტრეიდი, აქეთ-იქით ვედექით და ხან ამ საშინელ სუვენირს დავცქეროდით, ხან ჰოლმსის დაძაბულ სახეს ვაკვირდებოდით. ბოლოს ჰოლმსმა ორივე ყური კოლოფში ჩააბრუნა და ღრმა ფიქრს მიეცა.

– თქვენ, რა თქმა უნდა, შენიშნეთ, რომ ეს წყვილი ყური არ არის, – თქვა ბოლოს. – და ეს ხუმრობა არ გახლავთ. ეს ახალი მოჭრილი ყურებია, თანაც ბლაგვი იარაღით მოუჭრიათ. ჩვენ წინაშეა არა ოინი და თამაში, არამედ სერიოზული დანაშაული.

ჟრჟოლამ ამიტანა, როცა ჰოლმსმა ეს სიტყვები წარმოთქვა და მისი მოღუშული სახე ვიხილე. შემზარავი სიტყვების უკან უცნაური, ამოუხსნელი და საშინელი ამბავი იმალებოდა.

– ჩემი აზრით, ორი მკვლელობაა. რადგან ერთი ამ ყურთაგანი ქალისაა, პატარა, ლამაზი მოყვანილობის, საყურისთვის გაკეთებული ნახვრეტით. მეორე კი – მამაკაცის, მზით დამწვარი და ასევე, საყურის გასაყრელი ხვრელით. სავარაუდოდ, ორივე მკვდარია. დღეს პარასკევია. ამანათი გამოგზავნილია ხუთშაბათს, დილით. მაშასადამე, ტრაგედია მოხდა ოთხშაბათს ან სამშაბათს, იქნებ ცოტა ადრეც. თუ ის ორი ადამიანი მკვდარია, ვინ გამოუგზავნიდა მის კაშინგს დანაშაულის საბუთს, თუ არა თვითონ მკვლელი? მაშინ ამ ქალმა უთუოდ უნდა იცოდეს, ვინაა დამნაშავე. თუმცა ძალზე მეეჭვება. თუ იცოდა, მაშინ რისთვის დასჭირდა პოლიციის გამოძახება? შეეძლო ყურები დაემარხა და ყველაფერი საიდუმლოდ დარჩებოდა. რამდენიმე კითხვა უნდა დავუსვა მის კაშინგს, – თქვა ჰოლმსმა.

მის კაშინგი მშვიდად განაგრძობდა თავის ხელსაქმეს. ჩვენ რომ შევედით, ხელსაქმე მუხლებზე დაიდო და ლურჯი თვალებით გულღია, გამომცდელი მზერა მოგვაპყრო.

– დარწმუნებული ვარ, სერ, – თქვა მან, – აქ რაღაც შეცდომაა და ამანათი ჩემთვის არ ყოფილა განკუთვნილი. ქვეყანაზე ერთი მტერიც არ მყავს, მაშ, ვის რაში დასჭირდა ჩემთან ასეთი თამაში?

– მეც ამ აზრის ვარ, მის კაშინგ, – მიუგო ჰოლმსმა და გვერდით მიუჯდა. გაოცებულმა შევნიშნე, რომ ქალის პროფილს დაჟინებით აკვირდებოდა. ჰოლმსის ენერგიულ სახეზე ჯერ გაოცებამ, შემდეგ კი კმაყოფილებამ გაიელვა, მაგრამ როცა ქალმა შეხედა, რათა მისი გაჩუმების მიზეზი გაეგო, ჩემმა მეგობარმა, თითქოს აქ არაფერიაო, თავი კვლავ ღირსეულად დაიჭირა.

– მინდა, რამდენიმე კითხვა დაგისვათ. ვფიქრობ, თქვენ ორი და უნდა გყავდეთ. როგორც კი ოთახში შემოვედი, ბუხარზე სამი ქალის სურათი დავინახე, მათგან ერთი უთუოდ თქვენ ბრძანდებით, ის ორნი კი ისე გგვანან, რომ ნათესაური კავშირი უეჭველია.

– დიახ, თქვენ სავსებით მართალი ბრძანდებით. ესენი ჩემი დები არიან – სარა და მერი.

– ეს პორტრეტი კი, ჩემ გვერდით რომ კიდია, ლივერპულში უნდა იყოს გადაღებული. სურათი, ალბათ, თქვენი უმცროსი დისაა, მის გვერდით ვიღაც მამაკაცი დგას. ტანსაცმლის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გემის ოფიციანტი უნდა იყოს, თქვენი და იმ დროს გაუთხოვარი ყოფილა.

– სრულიად მართალი ხართ. ამ სურათის გადაღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩემი და მისტერ ბრაუნერს გაჰყვა ცოლად. სურათს რომ იღებდნენ, იმ პერიოდში ჩემი სასიძო იმ გემზე მსახურობდა, რომელიც სამხრეთ ამერიკულ ხაზზე მიმოდიოდა, მაგრამ ისე უყვარდა ჩემი და, რომ მასთან დიდი ხნით განშორებას ვერ იტანდა და სხვა გემზე გადავიდა, რომელიც ლივერპულსა და ლონდონს შორის მიმოდის.

– ახლა თქვენი შუათანა დის, სარას, შესახებ გვიამბეთ, – სთხოვა მის კაშინგს, – ძალიან მიკვირს, ერთად როგორ არ ცხოვრობთ, როცა ორივენი გაუთხოვრები ხართ.

– სულ რაღაც ორი თვის წინ დავშორდით ერთმანეთს. არ მინდა, ცუდი ვთქვა ღვიძლ დაზე, მაგრამ სარა ყოველთვის სხვის საქმეში ეჩრება და მიზეზიანია.

ქალს დავემშვიდობეთ და გარეთ გამოვედით. ჰოლმსმა მოკლე დეპეშა გაგზავნა.

***

ლესტრეიდი კართან გველოდა.

– თქვენს სახელზე დეპეშაა, მისტერ ჰოლმს, – გვითხრა მაშინვე.

– ჰო?! ეს პასუხია, – თქვა მან, სწრაფად გაშალა დეპეშა, გადაიკითხა და ჯიბეში ჩაიდო.

– რამე გაარკვიეთ?

– ყველაფერი!

ლესტრეიდმა გაოცებით შეხედა.

– ხუმრობთ?

– ასეთი სერიოზული ცხოვრებაში არასოდეს ვყოფილვარ. დამნაშავის სახელი და გვარი ბარათში ჩაგიწერეთ. დაპატიმრება, ყველაზე ადრე, ხვალ საღამოს იქნება შესაძლებელი.

ის ჯონ ბრაუნერია. ლივერპულის გემის ოფიციანტი. დაკვირვება მოვახდინეთ და დასკვნებიც გავაკეთეთ. რა ვნახეთ? – ძალიან მშვიდი და პატივცემული ქალი, ყველაფრიდან ჩანდა, თითქოს არავითარი საიდუმლო არ ჰქონდა, და ვნახეთ მხოლოდ ფოტოსურათი, საიდანაც გავიგეთ, რომ მის კაშინგს ორი უმცროსი და ჰყოლია. მაშინვე დამებადა აზრი, რომ კოლოფი ერთი მათგანისთვის იყო გაგზავნილი.

მამაკაცის მოჭრილ ყურს საყურის ნახვრეტი ჰქონდა, რაც მეზღვაურებისთვის უფროა დამახასიათებელი, ვიდრე ხმელეთზე მყოფი მამაკაცებისთვის. ადამიანის სხეულის არც ერთი ნაწილი არაა ისეთი ნაირსახოვანი, როგორიც ყური. ყოველი ყური, როგორც წესი, სრულიად ინდივიდუალურია და დიდად განსხვავდება მეორე ყურისაგან. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა მის კაშინგის ყურს შევხედე და იგი ზუსტად ისეთივე აღმოჩნდა, როგორიც ქალის მოჭრილი ყური. შემთხვევითობაზე ლაპარაკი ზედმეტი გახლდათ. ჩემ წინ იყო თითქმის იგივე, ოდნავ მოკლე ყურის ნიჟარა, ყველა ნიშნის მიხედვით მის კაშინგის ყური მოჭრილი ყურის ასლი გახლდათ.

რა თქმა უნდა, აღმოჩენის უზარმაზარ მნიშვნელობას მაშინვე მივხვდი. აშკარა გახდა, რომ მსხვერპლი უთუოდ მის კაშინგის ძალზე ახლობელი, ღვიძლი ნათესავი უნდა ყოფილიყო. მისი დის სახელი სარა, აგრეთვე მისი მისამართიც ბოლო დრომდე, იგივე იყო და აშკარა ხდებოდა, ვისთვისაც იყო განკუთვნილი ამანათი. შემდეგ გავიგეთ სახელი გემის იმ ოფიციანტისა, რომელიც მესამე დის ქმარი აღმოჩნდა. ახლო მეგობრებიც კი ყოფილან, რადგან სარა ერთხანს მათთან ლივერპულში გადასახლებულა, მაგრამ შემდეგ წაჩხუბებულან. ამ ჩხუბის მერე მათ შორის ურთიერთობა გაწყვეტილა. როცა ბრაუნერს მის სარასთვის ამანათის გაგზავნა გადაუწყვეტია, ძველი მისამართით გაუგზავნია.

დასასრული შემდეგ ნომერში

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი