რომანი და დეტექტივი

საბედისწერო ქალი

№15

ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 20:00 23.04, 2021 წელი

საბედისწერო ქალი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #11-14(1058)

დიმამ გრძნობიერი თვალი გააყოლა მოსხლეტით მიმავალს, შემდეგ სიგარეტს მოუკიდა და ბაღის მხარეს მაცქირალი ფანჯრის რაფას დაეყუდა. მისდაუნებურად კვლავ თამუნაზე ფიქრი აეკვიატა, გაბრაზდა საკუთარ თავზე და ეს გაიაზრა:

„რა მჭირს, რა მემართება, რატომ ვფიქრობ ამ ქალზე ამდენს? ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან მინდა მასთან დაწოლა, აბა, ხომ არ შემიყვარდებოდა ეს მეძავი?“ – დაიმშვიდა ბოლოს თავი.

უცებ ხერხემლის გასწვრივ ხელის ნაზი დასმა შეიგრძნო, ელვასავით დაუარა ვნების მუხტმა მთელს სხეულში, შემოტრიალდა მყისიერად. მის წინ ნახევრად შიშველი თამუნა იდგა და გამომწვევად უღიმოდა თავისი მაცდური ჟივჟავი თვალებით. შხაპნაპკურს, სველი თმა ჩანჩქერის ტალღებად ჩამოფრქვეოდა მოლივლივე გულ-მკერდზე, ხალათის ანაკვეთებში შიშვლად გამოჩინებულ ტანზე შეუშრობლად დარჩენილი წყლის წვეთები აფროდიტეს ცრემლებად ულიცლიცებდა. დიმამ ძლივს შეიკავა თავი, მკლავებში რომ არ მოექცია ესოდენ ნამშვენი სხეული ქალისა, ანდამატივით მიმზიდველი, თითქმის უყვირა ბრაზნარევი აღელვებით:

– რა კატასავით მომეპარე, გოგო!.. რაღას უყურებ, ჩაიცვი და წავიდეთ! – გვერდი აუქცია და სამზარეულოში გავიდა აჩქარებული ნაბიჯით.

– ჰმ! – თავი გაიქნია თამუნამ და თავადაც გაბრაზებული ბუზღუნით შეუდგა ჩაცმას.

გვიან ღამემდე ისხდნენ დიმა და თამუნა ქალაქგარეთ მდებარე ერთ-ერთი მყუდრო რესტორნის კუპეში. თითქოს შეთანხმებულნი არიანო, გვერდს უქცევდნენ წინაღამინდელ ამბავს, ათას სხვა რაღაცაზე საუბრობდნენ. თამუნა შამპანურს შეექცეოდა. დიმა – კონიაკს, საკმაოდ შემთვრალიყვნენ ორივენი. დიმას, თრობასთან ერთად, სულ უფრო მეტად უმძაფრდებოდა ცნობისწადილი, მცირე რამ მაინც შეეტყო ამ უცნაური ქალის შესახებ. შუა საუბრისას მოულოდნელად ჰკითხა:

– თამუნა, დედას გაფიცებ, მართალი მითხარი, ვინ ხარ?

თამუნამ გულიანად გადაიკისკისა, შემდეგ მიუგო, ღიმილი არ მოსცილებია, ისე:

– რა, აქამდე ვერ მიხვდი, ვინც ვარ? ერთი ძვირად ღირებული მეძავი ვარ, მეტი არაფერი, აზრზე მოდი, დიმკა!

დიმას სახე შეეფაკლა, შეეტყო, გააღიზიანა თამუნას სიტყვებმა, მაგრამ მაინც დაყვავებით უთხრა:

– ეგ მესმის, თამუნა, მართლა მთვარიდან კი არ ვარ ჩამოვარდნილი, მაგრამ, იცი, რა მაინტერესებს, რატომ, როგორ, რამ გაიძულა ასეთი ლამაზი გოგო ამ ცხოვრების გზას დადგომოდი.

თამუნამ ისე გადაიკისკისა, რომ შამპანური გადაექცა სამოსზე.

– რატომ იცინი? – ჰკითხა დიმამ სერიოზული კილოთი.

– სასაცილოა და იმიტომ! – უპასუხა თამუნამ და კაბის წმენდას შეუდგა.

– რა არის სასაცილო? – არ ცხრებოდა დიმა. თამუნამ სიცილი აისხიპა, შემდეგ სიგარეტს მოუკიდა, დიმას გაუპირდაპირა თვალები და ფიქრიანი ხმით უპასუხა:

– თითქმის ათი წელია, ამ საქმეს მივდევ, დიმკა, და ჯერ არავის უკითხავს ჩემთვის, რატომ და როგორ დაიწყე პრასტიტუტკობაო. მოდიან, ფულს იხდიან, იღებენ, რისი მიღებაც ეკუთვნით და ყოველგვარი ზედმეტი კითხვების გარეშე მიდიან, არავის აინტერესებს არც ჩემი წარსული და არც ჩემი მომავალი. შენ კი ნაღდად მაკვირვებ, რა, ძალიან უცნაური ვინმე ჩანხარ, შენნაირი ტიპი ცხოვრებაში არ შემხვედრია. – ამ სიტყვებზე კიდევ უფრო დაკვირვებით ჩააცქერდა დიმას თვალებში და მოწყვეტით ჰკითხა:

– ერთი ეს მითხარი, დიმკა, არ მოგწონვარ, როგორც ქალი თუ სხვა რამე პრობლემა გაქვს?

დიმა სახეზე წამოენთო და გაღიზიანებული ხმით მიუგო:

– არანაირი პრობლემა არ მაქვს და ძალიანაც მომწონხარ!

თამუნას ჩაეღიმა და ჩაეკითხა:

– აბა, რატომ არ დარჩი გუშინ ღამე ჩემთან, რატომ გავარდი სახლში? ნაღდად გეტყობოდა, რომ რაღაც მიზეზებს პროსტო საიდანღაც თხრიდი.

დიმამაც მოუკიდა სიგარეტს, წამიერად ფიქრს მიეცა, შემდეგ კი უთხრა:

– იცი, რა, თამუნა, გუშინ რაღაც ამბავში დაგეხმარე, მერე ღამის გასათევიც მოგეცი და არ მინდოდა ისე გამოსულიყო, თითქოს ამით ვისარგებლე. ხომ გამიგე, რასაც გეუბნები?

თამუნამ ფიქრში დასცინა დიმას – „შენ რა კეთილშობილი მაყუთა ბიჭი ყოფილხარ“, – თქმით კი ეს უთხრა:

– მაშინ როგორც ყველა, ფული გადაგეხადა და ისე დარჩენილიყავი!

დიმას სახე დაეღრიჯა:

– არც ეგრე მინდა, თამუნა, ეგ კიდევ უარესი. ქალის ალერსს მე ფულით არ ვიყიდი, ეგ ჩემამდე არ მოდის, მაგას რა ფასი აქვს! მე შეიძლება, ქალს ათასი დოლარი დავახარჯო, ვაგრიალო ჩემთან ერთად, მაგრამ ათ თეთრსაც არ მივცემ, რომ ლოგინში ჩამიწვეს, არც იმას ვაკადრებ და არც ჩემს თავს. ასე მწამს, ფულს ქალში ან მახინჯები იხდიან, ან უნახავები.

თამუნამ ხელები გაშალა გაკვირვების ნიშნად და დამცინავი კილოთი ჰკითხა:

– აბა, რა გინდა, რომ შეგიყვარო და ისე ჩაგიწვე ლოგინში?

დიმამ მისი დაცინვა სერიოზულად არ მიიღო და უპასუხა:

– არა, მთლად სიყვარული თუ არ იქნება, უბრალოდ, მოგეწონო მაინც, როგორც მამაკაცი.

თამუნა კვლავ აკისკისდა და სასმელი ახლა მაგიდაზე დააქცია. რომ დაცხრა, იმავე ირონიული ტონით მიუგო:

– რა თქვი, უნდა მომეწონო მაინც? მე მომეწონო, ბიჭო, ბავშვობიდან მეძავს, რომელსაც ათობით მამაკაცი მყავს ნანახი?! მზეჭაბუკიც რომ იყო, დიმკა, ჩემთვის მაინც კლიენტი იქნები, მუშტარი, რომელსაც ჩემი სხეულის ყიდვა უნდა, რომელთანაც, მომწონს თუ არა, მაინც უნდა დავწვე და ამაში საფასური მივიღო:

თამუნას უხამსობამ მოთმინება დააკარგვინა დიმას, გაღიზიანებულმა თითქმის უყვირა:

– თამუნა, ჭკუიდან არ გადამიყვანო ახლა, რას ლაპარაკობ, თუ ხვდები?! შენ ხომ ადამიანი ხარ, გოგო, მოაზროვნე არსება, პირუტყვი ხომ არა ხარ. როგორ შეგიძლია, შენს თავზე ასე დამამცირებლად ილაპარაკო?!

მისი აღელვება თამუნასაც გადაედო, ორივე ხელი ჩაჰკიდა მაგიდას, გამწარებული ხმით წარმოთქვა, იმედგადაწურულ ადამიანებს რომ სჩვევიათ, ისეთით:

– რა ვქნა, დიმკა, გამაპირუტყვა ამ ცხოვრებამ და სხვანაირი აზროვნება აღარ შემიძლია! პატარაობიდანვე ვიღაცის გასართობი ვიყავი ყოველთვის, რაც თავი მახსოვს და ისე ვარ უკვე დაკომპლექსებული, რომ ყველა მამაკაცში ჩემი სხეულის მყიდველს ვხედავ და ვეძებ. ამას, ალბათ, ვეღარასოდეს დავაღწევ თავს! – თამუნამ ხელებში ჩარგო თავი, მხრები უძაგძაგებდა მღელვარებისგან, თუმცა ცრემლი არ გადმოდენია. დიმას, საერთოდ ჩვილგულიანს, გული მოუწურა მისმა გულმწუხარე ნათქვამმა. რატომღაც დამნაშავედ იგრძნო მის წინაშე თავი, ხშირ კუნაპეტ დალალებზე გადაავლო ხელი, დაყვავებით უთხრა:

– კაი, დაწყნარდი, თამუნა, მაპატიე, თუ რამე გაწყენინე.

თამუნამ თავი წამოსწია და გულწრფელად უთხრა:

– ძალიან მიამიტი ვინმე ჩანხარ, დიმა, თითქოს ამქვეყნისთვის არ იყო გაჩენილი.

არ ესიამოვნა დიმას მისეული შეფასება:

– მიამიტობა რა შუაშია, უბრალოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით მე ჩემი შეხედულება მაქვს.

თამუნას შეეტყო, რომ კვლავ გააღიზიანეს დიმას სიტყვებმა, ირონიული ტონით მიუგო:

– ეგ რა შეხედულებაა, მე ვერ გავიგე! ნაღდად გამაგიჟებ რა, ვერანაირად ვერ ვხვდები, რა ტიპის კაცი ხარ. ჩემთან რომ დაწვნენ, ათასიდან ორი ათას დოლარამდე იხდიან, ხშირად ერთ იმდენსაც ზედ მახარჯავენ…

– რაო, რა თქვი, რამდენს იხდიანო? – სიტყვა შეაწყვეტინა გაკვირვებულმა დიმამ. თამუნამ თითქოსდა ნიშნისმოგებით მიუგო:

– ჰო, აბა, რა გეგონა? ათასიდან ორი ათას დოლარამდე. კლიენტის მოთხოვნილებებს გააჩნია, ყველაფერს თავისი სტავკა აქვს. ყოფილა, ზოგიერთი აზაბოჩენი ბალვანი ერთი კვირაც კი მდგარა რიგში, რომ იმენნა ჩემთან მოხვედრილიყო. შენ კი შენს სახლში გყავდი, მარტოდმარტო, სიცოცხლით სავსე ქალი, ვერსად წაგივიდოდი. ისედაც, მე თვითონაც არ ვიცი, რატომ, შენთან დაწოლა მომინდა, მთელი ჩემი სხეული გიხმობდა და შენც გქონდა სურვილი, ამას ვერ გამომაპარებ. შენ კი თავი დაადე და რაღაც იდიოტური შეხედულებების გამო დედიკოსთან გაიქეცი! – აგზნებულად დაასრულა მან.

დიმა სახეზე წამოენთო, უკმაყოფილო ხმით უთხრა:

– შენ უკვე ზედმეტებში გადადიხარ, თამუნა.

თამუნა თითქოს გონს მოეგოო, ხელი ხელზე დაადო ნაზად და შემრიგებლური კილოთი უთხრა:

– მაპატიე, რა, დიმკა, არ მინდოდა, შენი წყენინება. უბრალოდ, მართლა ვერ გავიგე, რა ტიპის კაცი ხარ და ეს მაღიზიანებს.

მყისიერად დაცხრა დიმა, თამუნას თბილი, საამო მტევანი ორივე ხელში მოიქცია, ჟივჟავ თვალებში ჩახედა ვნებით აკიაფებული სახედველნით და საოცარი სინაზით უთხრა:

– ძალიან ლამაზი ხარ, თამუნა, შენნაირი მიმზიდველი ქალი ჩემს ცხოვრებაში არ შემხვედრია. არ ვიცი, რა მემართება. მე მგონი, შემიყვარდი.

თამუნას ჩაეღიმა, თითქოსდა თავის დასაცინად და ამით გამოხატა, რომ უნდობლად მოეკიდა დიმას ნათქვამს ან, უბრალოდ, ქალით დროებით გატაცებული მამაკაცის ვნებიერად გაუცნობიერებელ პათეტიკად მიიჩნია. ხელი ფრთხილად გამოართვა და მუდარანარევი ხმით უთხრა:

– მოდი, რა, გავიდეთ, დიმკა, მაგრა დავიღალე. ამდენი არასოდეს მილაპარაკია.

ღამისპირულად შებინდებულიყო, როდესაც დიმა და თამუნა საბურთალოზე ავიდნენ. დიმამ ჭიშკარს მიუსწორა მანქანა და თამუნას მოხედა. ერთხანს მდუმარედ უცქერდა ჩაფიქრებული, თითქოს ორჭოფობსო რაღაცას. გაიკვირვა თამუნამ მისი მდუმარება, თითის დაქნევით გააფრთხილა ბოლოს ხუმრობანარევი კილოთი:

– ახლა არ მითხრა, სახლში უნდა წავიდეო, თორემ იცოდე, ნაღდად რაღაცას ვიფიქრებ!

დიმას ჩაეღიმა, პიჯაკის ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო და შინ დარეკა

– დედა, მე ვარ. ღამე შეიძლება, შინ არ დავბრუნდე.

ამ დროს თამუნას მუჯლუგუნი იგრძნო.

– შეიძლება კი არა, ვერ დავბრუნდები და არ ინერვიულო... პაციენტი შეიქმნა შეუძლოდ და კლინიკაში მომიწევს დარჩენა... კაი, დედა, ღამე მშვიდობისა.

დიმამ ძლივს მოასწრო ტელეფონის გამორთვა, თამუნამ შემოჰხვია ჩაკირულ კისერზე თავისი თლილი, ტფილი მკლავები და ვნებათნაძლევი ხმით ჩასჩურჩულა ყურში:

– მე ვიქნები შენი ამღამინდელი პაციენტი და აბა, შენ იცი, როგორც მიმკურნალებ! – ამ სიტყვებზე თავისი ლალისფრად მოხატული გრძნეული ბაგენი მიაწება დიმას მოდიდო ვნებიან ტუჩებს. ესოდენ სასურველი ქალის სხეულის სიმხურვალემ საამურ, უწველ ცეცხლად უქცია დიმას სისხლძარღვები, ნეტარების ჟამშეუცნობ უსასრულობაში გადაეშვა. რვალივით შემოაჭდო იოგნაძარღვი მკლავები თამუნას მოსალტულ წელს, ზედ აიკრა ნაზნაჯერი ტანი ქალისა, ერთსხეულობის იდილიაში დაჰკარგა ორთავემ თავი.

არ შეუგრძნია დიმას, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს გრძნობისმიერი თავდავიწყება, ჟამი და სივრცე თამუნას ფრთხილმა ხელის კვრამ აღუდგინა.

– რა მოხდა, თამუნა? – ჰკითხა ისე, სრული ცნობა არ აღდგენოდა ჯერაც.

– საკვირველია! – წარმოთქვა ფიქრიანად თამუნამ, მართლაც გაოცებული თვალებით ჩასცქეროდა დიმას, თითქოს მისთვის ესოდენ უცხო და შორეული რამ აღმოაჩინაო მასში იმჟამს.

– რა არის საკვირველი? – თავად გაუკვირდა თამუნას უცნაური პასუხი დიმას, თან ხელს არ უშვებდა, თითქოს ენანებაო მის მშვენიერ სხეულთან წამიერი განშორებაც კი.

თამუნამ თავისი მოლივლივე მაცდური თვალები არ მოუცილებია, ისე უპასუხა:

– რამდენი ხანია, კაცისთვის ტუჩებში აღარ მიკოცნია, დამავიწყდა კიდეც. ყოველთვის ვარიდებ თავს, ყელში მაქვს ამოსული ეს უაზრო პროშნაობა. ახლა კი რა მომივიდა, მე თვითონ არ ვიცი, ჩემდა უნებურად გაკოცე და ზიზღიც არ მიგრძნია.

დიმამ სავსებით ვერც კი შეიცნო თამუნას სიტყვათა აზრი, კვლავ ანდამატივით მიიზიდეს მისმა ლალით აღვივებულამ ბაგეებმა, მისკენ გადაიხარა. თამუნამ ხელით შეაჩერა ფრთხილად, თითქოს ემუდარებაო, ისე უთხრა:

– მოიცა, რა, დიმა, ჯობია, სახლში შევიდეთ!

დიმა დაჰყვა ქალის ნებას, ნელ-ნელა უშვა ხელთა სალტე მის წელს. მანქანის კარი გააღო და გადმოსვლა დააპირა. უცებ თამუნამ მუცელზე იტაცა ორივე ხელი, მოწყვეტით ჩაიკეცა და გამწარებული ხმით იყვირა:

– ვაიმე, დედა!

– რა მოგივიდა, თამუნა?! – შფოთნაძალევი ხმით შესძახა დიმამ.

– მუცელში მივლის რაღაცა, თითქოს დანით მჭრიანო, – ამოიკვნესა თამუნამ.

დიმას აღარაფერი უთქვამს, მანქანის კარი მიხურა, ძრავი ჩართო ნაჩქარევად, მკვეთრად მოატრიალა მანქანა და სწრაფად დაიძრა.

– სად მიდიხარ? – ჰკითხა თამუნამ, კვნესა არ შეუწყვეტია, ისე.

– ჩემს კლინიკაში! – მოწყვეტით მოჭრა დიმამ და სიჩქარეს უმატა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი