რომანი და დეტექტივი

პოლიციური რომანი

№41

ავტორი: ანა ბარამიძე 20:00 22.10, 2021 წელი

პოლიციური რომანი
დაკოპირებულია

ჩემი დილა ყოველთვის შუადღის მერე, უფრო საღამოობით იწყებოდა (ამას ლოგიკური ახსნა აქვს – თითქმის ყოველთვის გამთენიისას ვიძინებდი), ამიტომ ჩემ მიერ ნათქვამ „დილა მშვიდობისას“ ადამიანების, გაკვირვებული მზერა თუ არა, ტელეფონის მეორე მხარეს მოსაუბრის დაბნეული ტონი ეგებებოდა. ეს დილაც, როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაში, სტანდარტულად დაიწყო, ზლაზვნით გავახილე თვალები და ვიცოდი, რომ მომდევნო ნახევარი საათის განმავლობაში ყველა სულიერი, რომელიც ხმას გამცემდა კი არადა, ჩემ შორიახლოს გაიჭაჭანებდა, გამაღიზიანებდა, ამიტომ უაზროდ ლეიბის ქვეშ დავიწყე ხელის ფათური, იმის იმედით, რომ ჩემი თითები სადმე გადაბურდულ ყურსასმენს მისწვდებოდა. როგორც ამბობენ, ვინც ეძებს, პოულობსო, ცოტა ხნის შემდეგ ჩემმა ხელმა, გამარჯვების ნიშნად, თეთრი ყურსასმენი ააფრიალა, ახლა ჯერი მობილურ ტელეფონზე მიდგა, რომელსაც ხან სად მივაგდებდი, ხან სად და, საერთოდაც, მობილურისადმი უცნაური პირადი დამოკიდებულება მქონდა, მხოლოდ მუსიკის მოსასმენად და დასარეკად ვიყენებდი, ისიც იმ კონკრეტულ დროს, როდესაც ამის საჭიროება იდგა ან სურვილი მქონდა, სხვა შემთხვევებში არასდროს ვიცოდი, სად ეგდო გამორთული. ამიტომ გონების დაძაბვა დამჭირდა იმის გასახსენებლად, ბოლოს სად ვნახე. ფიქრმა დამღალა, მაგრამ იმის წარმოდგენის შემდეგ, თუ რა დიალოგი, უფრო მონოლოგი მელოდა საკუთარი ოთახიდან გასულს, ვარჩიე, ისევ ტელეფონის ძებნით დავღლილიყავი და რა წამსაც ჩემს საკუთარ ავტონომიას დავტოვებდი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემს საძინებელს ვგულისხმობ), თავი მუსიკის ჰანგებისათვის შემეფარებინა. ტელეფონი ვიპოვე, ყურსასმენი შევაერთე და მუსიკის ჰანგებში ისევ ძილბურანისკენ წავედი.

საერთოდ, ზღვარზე ყოფნა მიყვარს, თუნდაც ამ მარტივ მდგომარეობაში, ძილსა და ღვიძილს შორის წვრილ რძისფერ ხაზად რომ გადის: არც იქით, არც აქეთ. ის–ის იყო, ჩემი საყვარელი ტრეკის კულმინაციას მივაღწიე, მაგრამ მუხთალია წუთისოფელი, მუსიკა შეწყდა და ზარი შემოვიდა. „ტფუ შენი“, – გავიფიქრე, ისე, რომ ვინ რეკავდა, არც დამიხედავს, ყურსასმენზე პასუხის ღილაკს დავაჭირე და გავჩუმდი.

– გოგო, სად ჯანდაბაში ხარ, შენ ხომ კაცი ვერ გიპოვის, როცა სჭირდები, ან ეგ ტელეფონი რა ჯანდაბად გინდა, არასდროს რომ არ პასუხობ, სასწრაფოდ მჭირდები!

– აუ, კარგი, რ... იცი, რა მომენტი გამიფუჭე?! იცი, რა ტრეკს ვუსმენდი, თან, ან გამარჯობა მითხარი, ან როგორ ხარ? ვერ გაგზარდე რა?!

– შენ კიდევ გეძინა? საერთოდ, ძილისა და მუსიკის გარდა ცხოვრებაში რამე გაინტერესებს?! მაგრად მკიდია შენი ცინიზმი, აწიე ეგ ტრაკი, დროზე ჩაიცვი, სიკვდილ–სიცოცხლის ამბავია!

ლანამ გათიშა თუ არა, ყურსასმენებში კვლავ ნეტარი ჰანგები გაისმა. ერთ ხანს ვიფიქრე, ისევ გამოვრთავ ტელეფონს და დავიძინებ–მეთქი, მაგრამ რა წამსაც ლანას ის განრისხებული სახე წარმომიდგა თვალწინ, როდესაც უკანასკნელად მსგავსი ნომერი ჩავატარე, უმალ გადავიფიქრე ძილი და ადგომა გადავწყვიტე. ეს მხოლოდ გადავწყვიტე, თორემ ზუსტად ვიცოდი, ჩემს სხეულს კიდევ 10–15 წუთს მაინც ვერ ვაიძულებდი, ამდგარიყო, ამიტომ, დრო რომ უქმად არ დამეკარგა, გონებაში მარჩიელობა დავიწყე, რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ლანას ასე სასწრაფოდ დავჭირდი.

ნახევარი საათის შემდეგ ნახევრად მძინარე, საშინაო მაისურითა და შორტით, რომელიც ხანდაზმული ქალის საცვლის სიგრძეს უტოლდებოდა, ფეხსაცმელების გროვაში ნაპოვნი ჭუჭყიან კეტებამოცმული საკუთარი მანქანისკენ დავიძარი. ჩაჯდომისთანავე ლანას ნომერი ავკრიფე და, ჰოი, საოცრებავ – ლანა აღარ მპასუხობდა, რამდენჯერმე დარეკვა ჩემი სპორტი არასდროს ყოფილა, მაგრამ შევშფოთდი, ამიტომ პრინციპი დავარღვიე და გაბმულად დავიწყე რეკვა, თან, დავიძარი და გეზი ლანას სახლისკენ ავიღე.

სახლში იქნება, სხვაგან სად უნდა იყოს–მეთქი, ვფიქრობდი და ვცდილობდი, გამეხსენებინა, რა მითხრა, როცა დარეკა. გახსენების რა მოგახსენოთ, მაგრამ ათი უპასუხო ზარის შემდეგ საკმაოდ ავფორიაქდი, გაზს ფეხი გონივრულზე ძლიერად მივაჭირე და ზუსტად 12 წუთში ლანას სახლთან აღმოვჩნდი. მანქანა იქვე მივაგდე, როგორც ქალებს სჩვევიათ. არასდროს ვწყვეტ გულს მამრობითი სქესის წარმომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ საჭე ქალის საქმე არაა და ამიტომ არასწორი პარკირების მანერით ვჩუქნი დამატებით მტკიცებულებას, რომ ქალი საჭესთან კატასტროფაა. სადარბაზოში თითქმის სირბილით შევედი. ლიფტს არც დავლოდებივარ, პირდაპირ კიბეებს მივაშურე და 6 სართული დათვლილ წამებში ავირბინე. ერთი კი გავიფიქრე, სახლში რომ არ დამხვდეს, სად უნდა ვეძებო–მეთქი. ამასობაში მივაღწიე ლანას ბინის კარამდე და დავაკაკუნე, შემდეგ გაბმულად დავრეკე ზარი, კარს უკან მხოლოდ ჩაპის ყეფა ისმოდა. ყეფა, პრინციპში, ხმამაღალი ნათქვამია – განწირული კატის კნავილს უფრო ჰგავდა. პატარა ჯიშის ძაღლები არ მიყვარს და სიმართლე რომ ვთქვა, ჩაპის მხოლოდ და მხოლოდ ლანას სიყვარულით ვიტანდი. მოკლედ, 5–წუთიანი კაკუნის შემდეგ, პარალელურად ტელეფონზეც ვურეკავდი, არავინ გამომეხმაურა. უფრო ავღელდი, ვიგრძენი, როგორ დამასხა ცივმა ოფლმა და გულიც ამოვარდნაზე მქონდა. არ მიყვარს ასეთი მდგომარეობა, ამიტომ საკუთარ ემოციურობაზე გულმოსულმა ლანას საკმაოდ ბილწი შინაარსის მესიჯები გავუგზავნე. ისტერიულ კაკუნს მოვრჩი, რადგან მივხვდი, რომ სახლში არავინ იყო. ისტერიკები და ემოციურობა არასდროს მახასიათებდა, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობდა, ამ განცდას არასდროს მოვუტყუებივარ და სწორედ, ის მაფიქრებდა ყველაზე მეტად, რა შეიძლებოდა, მომხდარიყო... კარის წინ, ზედ მეთლახზე ჩამოვჯექი. სიგარეტის ამოღება მინდოდა, ჯიბეში ხელი ჩავყავი და არანაკლებ უხამსად შევიკურთხე, მანქანაში დამრჩენოდა. მერე იმაზე დავფიქრდი, სახლში ხომ არ დავტოვე–მეთქი. ფაქტი ის იყო, რომ მოწევა მინდოდა და სიგარეტი არ მქონდა. რაღა მნიშვნელობა აქვს, სად დამრჩა, – საკუთარ თავთან ვმსჯელობდი. სიგარეტი სახლში გექნება თუ მანქანაში, ეს მოცემულობას არ ცვლის, აუ, როგორ მინდოდა მოწევა, წამოდგომა დავაპირე და ლიფტის კარიც გაიღო. ეს თუ ლანას ბებრუხანა მეზობელია, მაგის ნოტაციებს რა გაუძლებს–მეთქი, გავიფიქრე მოწყენილმა. ჩემ მიერ ბებრუხანად მოხსენიებულ მეზობელს მაყვალა ერქვა, თუმცა მაყვლის ნაირსახეობის არაფერი ეტყობოდა: არც თვალები ჰქონდა მუქი, პირიქით, ცასავით ცისფერი, ნათელი და დიდი, ამიტომაც სულ ის მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა, მშობლებს მისთვის მაყვალა დაერქმიათ, ალბათ, თმაც ქერა ექნებოდა, ბუნებრივია, ახალგაზრდობაში, ახლა მოიისფრო, თეთრში გადასული თმით იწონებდა თავს. გვარიანი ჭორიკანაც იყო, არათუ ლანაზე, თავის მეგობრებზეც, საყვარლებზეც, ნათესავებზეც ყველაფერი იცოდა, მაგრამ ერთი ისაა, რომ გადასარევ ტარტალეტებს აცხობდა, თავი ჩავხარე, თუ ქალბატონი მაყვალა გამობრძანდებოდა ლიფტიდან, მისთვის თვალი ამერიდებინა, რადგან მასთან საუბრის გაბმა ჩემს ძალებს აღემატებოდა. კარი გაიღო მაგრამ მაყვალას მაგივრად მამაკაცის ფეხსაცმელებს მოვკარი თვალი, საკმაოდ გემოვნებიანს, თვალი ზევით ავაყოლე მუქი ჯინსის შარვალი ეცვა. საკმაოდ მაღალი უნდა იყოს, – გავიფიქრე, იმიტომ, რომ მზერით ჯერ კიდევ ფეხებს მივყვებოდი ზევით, ქამარიც კარგი უკეთია, თეთრი პერანგი, საათიც მომხვდა თვალში, მარჯვენა ხელზე (მეგონა, ჩემ გარდა საათს მარჯვენა ხელზე არავინ იკეთებდა). აი, არსებობენ ჩემნაირებიც–მეთქი და მზერა ისევ ზევით–ზევით ავაპარე. საბოლოოდ, მაყვალას ნაცვლად საკმაოდ სიმპათიური 30–35 წლის მამაკაცი შემრჩა ხელში. უცნობი მამაკაცი პირდაპირ ლანას კარისკენ დაიძრა, მე საერთოდ არ შემიმჩნია და კარზე კაკუნი დაიწყო. მართალია, მზის სათვალე ეკეთა, მაგრამ ვიგრძენი როგორ შემომხედა და დაასკვნა, რომ უსახლკარო ბომჟი ვიყავი. მის მზერას არ დავუთრგუნივარ, მართლაც უსახლკაროსავით მეცვა, ჩემს ტანსაცმელს რომ დავხედე და ამ კომპოზიციას თუ ჩემს ახალგაღვიძებულსა და ნანერვიულებ სახესაც მივუმატებდით, ნაბახუსევისგან ვერ გამომარჩევდი.

– ვინ ჯანდაბაა, ნეტავ? – არც მეცნობოდა, არც ლანას აღუწერია ვინმე მსგავსი, თან ლანას გემოვნებას ვიცნობდი, – არა, მისი კალიბრი არცაა, არც მისი მეგობარი უნდა იყოს, არც ნათესავი, მისიანს ყველას ვიცნობ, მაგრამ ვინაა? – ვეკითხებოდი საკუთარ თავს, თუმცა გადავწყვიტე, სააუბარი პირველს არ დამეწყო.

– ლანა მაჭავარიანი აქ ცხოვრობს? – მომმართა სიმპათიურმა უცნობმა, ისე, რომ კარისთვის მზერა არ მოუცილებია, მისმა ამ ქცევამ დამატებით გამაღიზიანა და უკმეხად ვუპასუხე:

– კარს თუ ეკითხები, მაგან ლაპარაკი არ იცის და მე თუ მეკითხები, შემობრუნდი და ისე მითხარი.

– უკაცრავად, ქალბატონო („ქალბატონოს“ მიღმა აშკარა ცინიზმი და ირონია გამოსჭვიოდა), ლანა აქ ცხოვრობს?

– ჰოო. აქ ცხოვრობს, მერე?

– მასთან გასაუბრება მსურს, ტელეფონის ნომერი ხომ არ გექნებათ?

– მკერდის და ფეხის ზომაც რომ არ გესიამოვნება, ჩემო ძმაო? – საკუთარი სიუხეშე მევე გამიკვირდა. მაგრამ გავბრაზდი, მართალია, ქალბატონის გარდა ყველაფერს ვგავდი იმ კონკრეტულ მომენტში, რასაც ჩემი ჯდომის მანერაც ემატებოდა, მაგრამ, ხომ, მაინც ქალი ვარ, ჰოდა, გულზე მომხვდა და ვიუხეშე.

– ამჯერად მხოლოდ ტელეფონის ნომერს დავჯერდები, – მიპასუხა აუღელვებლად.

– ვინ ჯანდაბა ხარ?

– ჯანდაბა არა, ზურა დობორჯგინიძე, პოლიციის მაიორი, მთაწმინდა–კრწანისის პოლიციის განყოფილების დეტექტივი. პასუხის გაცემის პარალელურად სათვალე მოიხსნა და ოდნავ გამიღიმა. ვერაფრით ვაკავშირებდი, რა საქმე უნდა ჰქონოდა პოლიციის თანამშრომელს ლანასთან.

ვიგრძენი, როგორ მომეწონა და არ მომწონდა, რომ მომწონდა, მაგრამ ნელ-ნელა წამოვდექი, მარჯვენა ხელი გავუწოდე, რომელზეც მეც საათი მეკეთა:

– ნუცა კეშელავა, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი.

ჩვენი მარჯვენა ხელები ერთმანეთს შეხვდა, საათი მანაც შეამჩნია ჩემს მარჯვენა ხელზე და კიდევ ერთხელ გაეღიმა, მეც გავიღიმე, თან საკუთარ თავზე გული მომდიოდა, რას ვუცინი, რომ ვუცინი, როგორც ძაღლს ისე მელაპარაკებოდა, მაიორი – ეგეც გენერალისიმუსი არ მყავდეს, რა?!

– სად მოღვაწეობთ? – მკითხა ზურამ.

კაცი რომ დობორჯგინიძე იქნება და მოგეწონება, „დობორჯგინიძე, დობორჯგინიძე“, ვიმეორებდი გულში და სულ არ გამიგია, რა მკითხა. რომ მკითხა, ვიცოდი, მაგრამ რა უნდოდა, ვერ გავიაზრე.

– უკაცრავად, რა ბრძანეთ? – დავუბრუნე კითხვა.

– რომელ რაიონში მუშაობთ–მეთქი, – წყნარად გამიმეორა შეკითხვა და ჭაობისფერი თვალებით მომაშტერდა.

– სახე მაინც დამებანა, ბლინ, – გავიფიქრე, მისი მზერა რომ ჩემს სახეზე შევამჩნიე, მაგრამ ჯანდაბას, მაინც ლამაზი ვარ.

– აღარ ვარ სტრუქტურაში, მაგრამ ხომ იცი „ბივშიხ ნე ბივაეტ“, – ეს ვთქვი და იდიოტივით გავიღიმე.

გულიანად გაეცინა.

– მოკლედ, ლანას ვეძებთ, რაღაც საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე გვყავს დაბარებული, თუ არ შეწუხდებით, იქნებ დაუკავშირდეთ ან ნომერი მომცეთ და თავად დავუკავშირდებით, უბრალოდ, გასაუბრება გვსურს, სხვა არაფერი, ხომ იცით, არა, როგორც ხდება, როგორც ყოფილმა თანამშრომელმა?

– კი, კი, აუცილებლად გადავცემ, სამწუხაროდ, ნომერი არ მაქვს. სულ ახლახან შეცვალა, მეც სტუმრად მოვედი, მაგრამ სახლში არ დამხვდა და აქ დაველოდები–მეთქი, – ვუპასუხე დამაჯერებლად. ზუსტად მაგის ჩიტი ვიყავი, ამ, მართალია, საკმაოდ სიმპათიურისთვის, მაგრამ მაინც უცხოსთვის და თან, პოლიციელისათვის, ისე, რომ საქმის ვითარება არ ვიცოდი, ლანას მობილურის ნომერი მიმეცა.

ზურამ ისევ გამიღიმა, სათვალე კვლავ სახეზე მოირგო და ლიფტი გამოიძახა, მეც ფეხზე ვიდექი და ვფიქრობდი, ამას რომ ჩავყვე, მაშინ გამოდის, რომ მოვიტყუე და ლანას აღარ ველოდები, მაგრამ ქუჩის ძაღლივით ამ ფეხის საწმედზე როდემდე ვიჯდე?! – ამ ფიქრებში გართულს ლიფტის კარის გაღების ხმა მომესმა, ზურა ლიფტში შევიდა და ხელი დამიქნია: აბა, დროებით, – მომაძახა და კარიც დაიკეტა.

– მშვიდობით, არა ნახვამდის ჯობდა–მეთქი, – მივაძახე.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი