რომანი და დეტექტივი

პაზლი

№12

ავტორი: არდაშელ თაქთირიძე 18:00 26.03

პაზლი
დაკოპირებულია

– ვალერ, მე და არდაშელი მოვდივართ, რას დაგვახვედრებ?

– რა უნდა დაგახვედროთ, ტო, კარგი კონიაკი მაქვს!

– რა კონიაკია?

– კარგია, ტო, ჩემი გაკეთებული.

– შენი გაკეთებული „ოტრავა“ რად გვინდა, „სარაჯიშვილი XO”-ს წამოვიღებთ და კიდევ რამე საჭმელს, თორემ ორივეს გვშია.

– აბა, გელოდებით. ჰო, ყავა და შოკოლადიც გამოაყოლეთ!

მოკლედ, მოვიდა კვირადღე და ვსხედვართ მე, ზაზა და ვალერა ბუხართან, ბოლნისში, ვალერას აგარაკზე. „სარაჯიშვილს“ ვწრუპავთ და ველოდებით ვალერას, რა ამბავს მოგვიყვება თავისი გამოძიების ისტორიიდან.

– ბიჭო, ვალერ, დღეს რა უნდა მოგვიყვე?

– ჰოო, დღეს პაზლებზე მოგიყვებით. მაგარი ამბავია, თავი და ბოლო ვერ გავუგე, მაგრამ ბოლოს ყველაფერი პაზლებივით აეწყო. ძალიან განვიცადე, უნდა მივმხვდარიყავი, არადა, ყველაფერი ძალიან მარტივად მისახვედრი იყო.

– მაშინ ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში ვმუშაობდი. დილით დამირეკეს, ნუცუბიძეზე, ბინაში გვამი უნახავთ. სამსახურში მისვლაზე დრო აღარ დავკარგე, მისამართი ჩავიწერე და პირდაპირ შემთხვევის ადგილზე წავედი. ნუცუბიძის დასაწყისში „ხრუშჩოვკის“ ბოლო სართულზე ოროთახიან ბინაში შევედი. გვამი სასადილო ოთახში, ბუხართან პირქვე ეგდო. თავის გარშემო სისხლის გუბე იდგა. ბინაში ახალგაზრდა ქალი მოთქვამდა და პატარა, ასე, ათი წლის ბიჭი ზლუქუნებდა. გვამი გარეგნულად დავათვალიერე: თავზე, კეფის არეში ნაჩხვლეტი შევნიშნე. თითქოს თავში სამკუთხა ქლიბი წვერით ჩაარჭვესო. ახლოს მდებარე საგნებიდან მსგავსი ფორმის ნაჩხვლეტი მხოლოდ ბუხრის გვერდით დაკიდებულ ნაკვერჩხლის საჩხრეკის წვერს შეეძლო დაეტოვებინა, მაგრამ საჩხრეკი რომ დავათვალიერე, სისხლისა და თმის კვალი ვერ შევნიშნე.

ქალი გამოვკითხე, ტყუპისცალი და აღმოჩნდა, მარიკა. მოყვა, რომ მის დას, ნუნუკას, საყვარელი ჰყოლია, ვინმე კოტე, მათთან უცხოვრია. მერე, ნანუკას სხვა შეჰყვარებია, ვიღაც შვედი ბიზნესმენი, მეღვინე. ქალს საყვარელი სახლიდან გაუგდია. ის დამუქრებია, „არ გაგახარებო!“ მკვლელობის დღეს, ორივე და და ბავშვი – დიტო, სახლში ყოფილან, შვედს მოუკითხავს და ნუნუკასთვის ნიშნობის ბეჭედი მოუტანია. შვედი რომ წასულა, კოტე მოსულა, აურზაური აუტეხია. მარიკას მოუკიდია ხელი ბავშვისთვის და მეგობართან წასულან. ორ საათში, უკან რომ მიბრუნდნენ, ნუნუკა უნახავთ ბუხართან პირდაღმა მწოლიარე. ბავშვის გამოკითხვა დავაპირე, მაგრამ ძალიან განერვიულებული და შეშინებული იყო, თან, ბავშვი ყრუ–მუნჯი აღმოჩნდა. დეიდამ მთხოვა, რომ გამოკითხვა შემდეგისთვის გადამედო და მეც დავთანხმდი. მეზობლები დავკითხე, ჭორიკანა ბებიები, მუდამ ეზოში რომ სხედან და გაუჭორავს არავის ტოვებენ. გაირკვა, მარიკა და დიტო გამოსულან სადარბაზოდან და სადღაც წასულან. ცოტა ხანში კოტე მოსულა, სადარბაზოში შესულა და მალევე გამოსულა რაღაც, ძალიან დაბნეული, ხელები სისხლში ჰქონია მოსვრილი. ჯერ ერთ მხარეს წასულა, მერე მოტრიალებულა და მეორე მხარეს გაქცეულა. ჩხუბისა და ყვირილის ხმა არ გაუგიათ, მაგრამ ამ ერთი კვირის წინ კოტე ნუნუკას, თურმე, მოკვლით ემუქრებოდა.

* * *

ნუნუკა და მარიკა ხუციშვილები ისე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, რომ მათზე შორეულ ნათესავებსაც კი არ იტყოდი, არათუ ტყუპ დებს. ნუნუკა თუ ჩაფიქრებული, მორიდებული, უღიმღამო, რომ იტყვიან, „ნაცრისფერი თაგვი“ იყო, მარიკა, პირიქით, საინტერესო, სიცოცხლით სავსე, მჭექარე, ყველა შეკრების და ქეიფის მოთავე გახლდათ. გარეგნულადაც, ერთს თუ ბეღურას შეადარებდი, მეორე ნამდვილად იმსახურებდა ფარშევანგობას. მაგრამ მიუხედავად მორიდებული ცხოვრების წესისა, ნუნუკამ გათხოვებაც მოასწრო, ბავშვის გაჩენაც და დაქვრივებაც, მაშინ, როცა სიცილ–კისკისსა და ტაშ–ფანდურს გადაყოლილმა მარიკამ ისე მიაღწია „ბალზაკის ასაკს“, რომ სერიოზულად ხელის მთხოვნელიც არა ჰყოლია.

ნუნუკას გათხოვებაში ბედი ჰქონდაო, ტყუილი იქნება, რადგან ქმარი, ლექსო, მართალია, შეძლებული და ინტელიგენტური ოჯახიდან იყო, „ჩამპალი“ ნარკომანი გამოდგა. თავიდან, თითქოს დაანება ნარკოტიკს თავი, მაგრამ ექვს თვეზე მეტი ვერ გაძლო. მისი ძმაკაცი ლადო ციხიდან რომ გამოვიდა, არ „გაუტეხა“ და ისევ „წამალზე“ „შეჯდა“. წლის თავზე ბიჭი შეეძინათ, დიტო, დაბადებიდან ყრუ-მუნჯი. გაუშვა ლექსომ მამამისის ქონება ვენებში. ბოლოს, „წამლის“ ფული რომ შემოაკლდა, „კრაკადილზე“ და „ვინტზე“ გადავიდა. ასე იღინღილა რამდენიმე წელი და ბოლოს ტუალეტში იპოვეს თავისივე ნარწყევში ჩამხრჩვალი.

ნუნუკამ, როგორც ინგლისური ენის სპეციალისტმა, თარჯიმანთა ბიუროში დაიწყო მუშაობა. აქვე გაიცნო კოტე – ერთი მაღალი, გამხდარი, უშნო, უხიაგი კაცი, რომელიც ბევრ სხვა „სიკეთესთან“ ერთად ფსიქიკურადაც გაუწონასწორებელი იყო. ეს ნაცნობობა იმით გაგრძელდა, რომ კოტემ ნუნუკა არ მოასვენა, დღედაღამ კუდში იმდენი სდია, რომ თვის თავზე ლოგინში ჩაუგორდა და ბინაშიც შეუსახლდა, ნუცუბიძეზე. თავიდან ურთიერთობა არ გასჭირვებიათ. კოტემ რემონტი თავის ხელით გააკეთა, ბუხარიც კი ააშენა. ბოლო სართული იყო და მილი პირდაპირ სახურავზე აიყვანა. ბავშვს ეთამაშებოდა, მუნჯურად ლაპარაკიც კი ისწავლა. თუმცა, შემდეგ აურია, მაგას ვინ ეკითხებოდა, რომ, თავს უფლებას აძლევდა და მარიკას სულ შენიშვნებით დასდევდა, რადგან, თურმე მისი ცხოვრების წესი არ მოსწონდა. დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ ერთხელ მარიკას სტუმარი ბიჭები დაიფრინა და გოგოს ხელიც გაარტყა. მარიკამ კოტესთან ერთად ცხოვრება ვერ აიტანა და ნუცუბიძეზევე, ცოტა მოშორებით იქირავა ბინა, თუმცა, ყოველდღე გადმოდიოდა, როცა ნუნუკა სამსახურში იყო და ბავშვის მოვლაში ეხმარებოდა. მას დაჰყავდა დიტო სმენადაქვეითებულთა სკოლაში.

ერთ დღეს მარიკამ შვედი სტუმარი მიიყვანა დასთან, ინგლისურად საუბარში სჭირდებოდა დახმარება. ნუნუკამ ითარჯიმნა, სანამ კოტე სამსახურიდან მოვიდოდა. შვედი სტუმარი ბიზნესმენი აღმოჩნდა, უცოლო, ღვინის ქარხნის მეპატრონე. მისი ღვინის ქარხანა კახური წესით, ჭაჭაზე დაყენებულ ღვინოს აწარმოებდა. თბილისში ჩამოსული იყო სადესერტო, ნახევრად ტკბილი ღვინის დამზადების რაჭული ტექნოლოგიის შესასწავლად. კიდევ უნდოდა ელაპარაკა თავის შესახებ, მაგრამ ბოლომდე საუბარი არ აცალეს, რადგან ბინაში შესვლისთანავე კოტემ ისეთი სახით შეხედა სტუმარს, რომ კაცი წამოდგა და მარიკასთან ერთად გაიპარა. თუმცა, მეორე დღეს ყვავილების თაიგულით ხელში დახვდა სახლის სადარბაზოდან გამოსულ ნუნუკას. ასე ხვდებოდა ყოველდღე, მთელი კვირის განმავლობაში. მერე კაფეში დაპატიჟა, მერე – პიკნიკზე და ასე გაიბა ურთიერთგაგების ბადე. ნუნუკამ ყველაფერი პატიოსნად მოუყვა კოტეს და უთხრა, რომ ამ ბინაში მისი ადგილი აღარ იყო. ისიც ადგა, აკრიფა თავისი გუდა-ნაბადი და ბინიდან გაიძურწა.

***

ვალერა გამომძიებელმა შვედი იეპე აპელინისა და საყვარლის – კოტე თუმანიშვილის საკონტაქტო ტელეფონების ნომრები და ადგილსამყოფელი დაადგინა და ორივე განყოფილებაში დაიბარა. კოტე არ მიბრძანდა. მის ასავალ-დასავალს ვერ მიაგნეს, თითქოს ცამ ჩაყლაპაო. ამიტომ ვალერამ თავისი „კარონნი“ მეთოდი გამოიყენა. როგორც წესი, უბნის მეეზოვეები ვალერას „დავერბოვკებულები“ იყვნენ და ხშირად ეხმარებოდნენ საქმის გახსნაში. ახლაც, რადგან იცოდა, რომ მკვლელი ყოველთვის მოკლულის სიახლოვეს ტრიალებს, ნუნუკას კორპუსის მეეზოვეს კოტეს გარეგნობა აღუწერა და გააფრთხილა, რომ მის გამოჩენისთანავე მობილურზე დაერეკა.

შვედი განყოფილებაში მივიდა, მაგრამ ისე იყო დამფრთხალი, რომ ფაქტებს ერთმანეთში ურევდა და გამოკითხვის დროს სამჯერ შეცვალა ჩვენება. გამომძიებელი იძულებული გახდა, დაეკავებინა, მაგრამ შვედმა ისეთი ამბავი ატეხა, რომ საელჩო ჩაერია და გამოაშვებინა. იმავე დღეს აიღო თვითმფრინავის ბილეთი და უკანმოუხედავად გაიქცა თავის ქვეყანაში.

***

იეპე აპელინი – ახალგაზრდა შვედი მეღვინე, შვედეთის უკიდურეს სამხრეთ რეგიონის – სკონეს ქალაქ მალმეში დაიბადა. შვედეთის ეს ნაწილი ზომიერი კლიმატითაა გამორჩეული და ამიტომ ამ რეგიონისთვის მევენახეობა და მეღვინეობა უცხო არ არის. ძირითადად მოჰყავთ ფრანგული საღვინე ჯიში „პინო“, რომლიდანაც ევროპულად აყენებენ ღვინოს – „პინო ნუარეს“. მართალია, შვედური „პინო ნუარე“ ფრანგულს ჩამოუვარდება, მაგრამ თავისებური არომატისა და დალევის შემდეგ პირში დატოვებული გემოს ხანგრძლივობის გამო სომელიეთა ინტერესს მაინც იმსახურებს.

აპელინების ოჯახში, ჯერ კიდევ იეპეს პაპას – ლუკას აპელინს უყიდია რამდენიმე ჰექტარი მიწა და მასზე ფრანგული ჯიშის ვაზი – „პინო“ გაუშენებია. საფრანგეთში უსწავლია ღვინის წარმოების ტექნოლოგია, შემოუტანია შვედეთში და დაუწყია ფრანგული ღვინის „პინო ნუარეს“ წარმოება. მისი ღვინით მარაგდებოდა შვედეთის ძირითადი რესტორნები.

ლუკასის შვილს, იეპეს მამას, ელიას აპელინს ხერხი უხმარია, რესტორნების ქსელი გაუკეთებია და მხოლოდ თავის ქსელში შეჰქონდა მამულში დაწურული ღვინო. მიუხედავად იმისა, რომ მის რესტორანს ისეთი ფასები ჰქონდა, რომ, როგორც იტყვიან, „შეხვიდოდი „ლაიკიანი“ და გამოხვიდოდი „მაიკიანი“, ხალხი მაინც მათ ეტანებოდა.

მისი შვილი, ჩვენი მოთხრობის გმირი, იეპეს აპელინი კიდევ უფრო შორს წასულა. გაუგია, რომ ღვინის დაყენების სამი ძირითადი ტექნოლოგიიდან ორი – კახური, ტანინიანი, ჭაჭაზე დაყენებული და რაჭული – ნახევრად ტკბილი, მოგუდული, ქართული წარმოშობისაა, საქართველოში ჩამოვიდა, კახეთში ისწავლა ქვევრში ღვინის დაყენება და თავის მამულში დაიწყო კახური წესით ღვინის წარმოება. გადარეულან შვედები, ერთი თვით ადრე ეწერებოდნენ, რესტორანში რომ მოხვედრილიყვნენ.

ახლა, ღვინის რაჭულად დაყენება გადაუწყვეტია იეპეს და თავის ქართველ მეგობარ მეღვინესთან ჩამოსულა თბილისში. აქედან რაჭაში, სოფელ ხვანჭკარაში აპირებდნენ ასვლას, მაგრამ თბილისში სუფრაზე გაუცნია მარიკა და მოსწონებია. მარიკას, რადგან ინგლისური არ იცოდა, თავის დასთან წაუყვანია სახლში, როგორც თარჯიმანთან. შვედს, ეტყობა, ჭრელ–ჭრელი ქალები მობეზრებული ჰყავდა, რადგან მარიკას მორიდებულ დას – ნუნუკას დაადგა თვალი. დანიშნა კიდეც, ბეჭედიც მიართვა და დღე-დღეზე, როგორც კი რაჭაში თავის საქმეს მორჩებოდა, შვედეთში აპირებდა ნუნუკას და მისი შვილის წაყვანას, თუმცა, პრობლემა იყო ნუნუკას ყოფილი საყვარელი კოტე, რომელიც თითქმის ყოველდღე მიდიოდა და დებოშს ტეხდა. ახლაც ნუნუკას საბოლოოდ უნდა ეთქვა კოტესთვის უარი. ამ უარმა რაც მოიტანა თქვენც კარგად ხვდებით.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი