რომანი და დეტექტივი

მრუდე სისწორე

№11

ავტორი: ნია დვალი 20:00 22.03

მრუდე სიწორე
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #4-11 (1211)

– დროებით. არ მინდა, დაგაღალატოთ, მართლა არ ვიცი ამ სამუშაოს სპეციფიკა.

– დროებით იყოს – დაეთანხმა დალი, – ყავა გაგიცივდა.

პაატამ სულმოუთქმელად დაცალა ჭიქა:

– თუ მეტი არაფერია, წავალ.

– ხვალ დავიბარებ ვაჟას და ყველაფერს ვეტყვი.

– მეც ამოვალ, მარტო რომ არ იყოთ, – შესთავაზა პაატამ.

– კარგი იქნება, – ელენეს დალიმ დაასწრო. ელენემაც თავი დაუქნია. პაატა წამოდგა. ქალებიც წამოდგნენ და სტუმარი გააცილეს.

– მომწონს ეს ბიჭი, – განაცხადა დალიმ, – შენ?

– რა დროს ბიჭებია, დალი?! ბიჭების დანახვაც არ მინდა. კარგი ადამიანია ნამდვილად.

დალის არაფერი უთქვამს ელენესთვის, მხოლოდ თავისთვის ჩაიღიმა.

***

ელენეს ოთახში თანაშემწე შემოვიდა და რაღაც გაუწოდა.

– ფოსტით ქორწილის მოსაწვევები მოვიდა.

– ვისგან? – გაუკვირდა ელენეს.

თანაშემწემ არაფერი უპასუხა, მოსაწვევი კი მაგიდაზე დაუდო. ელენემ დახედა და თვალებს არ დაუჯერა: ყოფილი ქმარი თავის ქორწილში ეპატიჟებოდა. ელენემ ძლივს შეიკავა ცრემლები. თავი დაუქნია თანაშემწეს და ხელით ანიშნა, გადიო. კარი მიიხურა თუ არა, ელენეს ტირილი აუვარდა. იმიტომ არა, რომ ეჭვიანობდა, ლადოს მიმართ აღარაფერს გრძნობდა, მაგრამ ეწყინა. ძალიან ეწყინა, რადგან მიხვდა, რატომაც პატიჟებდა ლადო ქორწილში, უნდოდა, ელენესთვის ეჩვენებინა, რომ ბედნიერი იყო და ლამაზ ქალს ირთავდა ცოლად. ელენეს, სავარაუდოდ, თავისი მშობლების გამო, ერთგვარი არასრულფასოვნების კომპლექსი ჰქონდა, იმიტომ რომ მამა არასდროს მიფერებია, მისი მფარველობა არ უგრძნია და მისგან არც თბილი სიტყვები მოუსმენია. ამიტომ ელენე დარწმუნებული იყო, ოღონდ ისე, თავადაც არ იცოდა, რომ მშობლების მისადმი ასეთი დამოკიდებულება ელენეს ბრალი იყო: რადგან ელენე არ იყო საკმარისად ჭკვიანი, საკმარისად ლამაზი, საკმარისად კარგი, საკმარისად საყვარელი. შეიძლება, ამიტომაც იქცა ლადოს ჩრდილად და ვერც კი ხვდებოდა, რომ ადამიანებს, უბრალოდ, თავს აჭირვებდა, რომ მის გარეშე ვერ შეძლებოდათ, რადგან ელენეს სჯეროდა, რომ ის, როგორც ელენე, ვისაც ვერაფერში გამოიყენებ, არავის აინტერესებდა. გამონაკლისი დალი იყო, მაგრამ დალის ელენე თავის მფარველ ანგელოზად აღიქვამდა და არასდროს დაფიქრებულა, თუ რატომ უყვარდა ის დალის, რა ხეირი ჰქონდა ელენესგან?! ახლაც დალის დაურეკა:

– წარმოგიდგენია, დალი, როგორ მამცირებს?! ქორწილში დამპატიჟა, – ამოისლუკუნა ელენემ.

– ვინ გპატიჟებს ქორწილში? – გაიკვირვა დალიმ.

– ლადო...

– ღმერთო, რა გარეწარია?! – აღშფოთდა დალი, – და შენ რა გატირებს?! არ იცი, რომ გარეწარია?! მაგასაც ეს უნდა, მოგიშალოს ნერვები. ესკიზები ვერ მოგპარა, ბორისი აახიე და ახლა ეს კაცუნა ვითომ შურისძიებას ცდილობს. არ იტირო, არ გადამრიო, თორემ მივალ იმ ქორწილში და დავამხობ თავზე საქორწილო ტორტს, – დალი ახარხარდა, იმიტომ რომ ნათლად წამოიდგინა ეს სცენა.

ელენესაც გაეღიმა.

– ამიტომ მიყვარხარ. ყველაფერს აკომიკურებ, – უთხრა დალის.

– აბა, სერიოზულად ლადოს ჩემმა მტერმა უყურა, – დაეთანხმა დალი, – წადი, სახისა და სხეულის პროცედურები ჩაიტარე, კარგი სამოსი იყიდე, იყიდე რამე ბრენდული, აი, ძვირიანი, შენი შეკერილი არა. ლადო ქაჯია თავისი ოჯახიანად და გულზე გასკდებიან და დაუბრმავე თვალები, გესმის?!

– მესმის... მაგრამ მარტო რომ მივალ? – მოწყენილი ხმით თქვა ელენემ.

– ჰოოო. მარტო არ უნდა მიხვიდე, ცოტა ხანს მაცალე, მოვიფიქრებ რამეს, – დაფიქრდა დალი და ცოტა ხანში წამოიყვირა, – ის ოქროსავით ბიჭი რომ გყავს, რა ჰქვია?! ნუ, რაც ჰქვია, მოჰკიდე ხელი და წაიყვანე. მასაც ვუყიდოთ კარგი კოსტიუმი და სულ გადავრიოთ ის უბედურები, – დალიმ ეს სცენაც წარმოიდგინა და უფრო ხმამაღლა ახარხარდა.

– დალი, უხერხულია ძალიან.

– უხერხული არა, კვახი. სთხოვე. შენ ხომ მეუბნები, რომ მეგობრობთ. ჰოდა, მეგობრულად დაგეხმაროს.

– არ ვიცი, არ ვიცი...

– შენ თუ არ იცი, მე ვიცი. შენ თუ არ ეტყვი მე ვეტყვი. მოვალ და ვეტყვი, – დაბეჯითებით უთხრა დალიმ ელენეს.

– კარგი, ვეტყვი, – დაეთანხმა ელენე. დალის გაუთიშა თუ არა, მისმა ტელეფონმა მაშინვე დარეკა – ბორის ბარნოვი ურეკავდა.

– შენმა ჩიტირეკია ქმარმა ქორწილში დამპატიჟა, – უთხრა ელენეს.

– მეც, – გაეღიმა ელენეს.

– ხომ მოდიხარ? მშვენიერია. იქ შევხვდეთ და ვილაპარაკოთ. ზუსტად ქორწილის დღეს ჩამოვდივარ, გადაუდებელი საქმე მაქვს და საღამოსვე მივფრინავ.

ელენეს ცოტა გულზე მოეშვა, რაკი ბორისიც იქნებოდა იმ ქორწილში, თავს უფრო მხნედ და დაცულად იგრძნობდა, შემდეგ მოიკრიბა გამბედაობა და პაატას დაურეკა...

***

ელენე ანათებდა, იმდენად მომხიბვლელად გამოიყურებოდა „ვერსაჩეს“ თეთრ, გამოყვანილ კაბაში, რომელსაც ქსოვილის ნაცვლად „ვერსაჩეს“ ემბლემებიანი მსხვილი, ოქროსფერი მეტალის ბრეტელები ჰქონდა. კაბა, ერთი შეხედვით, სადა იყო, მაგრამ ძალიან ელეგანტური და მდიდრული (ამ კაბის გამოწერა დალიმ დაიჟინა და თავადვე მოძებნა), ოქროსფერ, სადა ფეხსაცმელს ჰარმონიულად ეხამებოდა და მარჯვენა მხარეს ჭრილი სანახევროდ აჩენდა ელენეს ლამაზ ფეხს, რომელიც ორგანულად ერწყმოდა მის მაღალ კისერს, რომელსაც აწეული ვარცხნილობა კიდევ უფრო მაღალს აჩენდა. პაატაც ძალიან ელეგანტურად გამოიყურეოდა, თუმცა, ელენესა და დალის შარვალ-კოსტიუმის ყიდვა არ დაანება. საერთო ჯამში, წყვილი ძალიან ჰარმონიულსა და სრულყოფილ შთაბეჭდილებას ტოვებდა, იმდენადაც კი, რომ ლადომ ყოფილი ცოლი მაშინვე შეამჩნია, როგორც კი ელენემ დარბაზში ფეხი შეაბიჯა და ხასიათი წაუხდა, ვინაიდან ის ელენეს არც ელოდა და თუ ელოდა, არა ასე მოვლილსა და გალამაზებულს. მოულოდნელობისგან ლადო ფეხზე წამოდგა და ინსტინქტურად გაეშურა ელენესკენ. გზაშიღა შეამჩნია, რომ ელენე მარტო არ იყო. თვალები თავისდა უნებურად გაექცა ელენეს ხელებისკენ, მაგრამ საქორწინო ბეჭედი ვერ დაინახა, ვერც ნიშნობის და უფრო გაბრაზდა: ესე იგი, საყვარელია. ასეც ვიცოდი. მაშინვე მომინახა შემცვლელი. მეც არ ვიფიქრე, ასე იოლად რატომ დამითმო–მეთქი ბიზნესი. ლადო სიბრაზისგან წამოჭარხლდა და შუა გზაში გაჩერდა. გვერდით მაშინვე ამოუდგა ცოლი, რომელიც მიხვდა ლადოს აღელვების მიზეზს და ლადოს ყურში ჩაუსისინა:

– ასე თუ ვერ ელეოდი, ვერ დარჩი მასთან?!

ლადო კიდევ უფრო დაიბნა და გაბრაზდა, მისი ცოლი კი ცეცხლს ნავთზე ასხამდა:

– მშვენიერი კაცი უპოვია, იქნებ ადრეც გადგამდა რქებს.

ახალდაქორწინებულებს თითქოს ეშმაკი შეუჩნდათო, ელენესა და მის მეგზურს თვალს არ აშორებდნენ. ელენე გაღიმებული მიდიოდა მათკენ, პაატასთან ხელკავით. სინამდვილეში ელენეს გულში ქარიშხალი ბობოქრობდა: არ მოსწონდა, რომ იტყუებოდა, არც ის, რომ პაატას სთხოვა, იმ რამდენიმე საათის განმავლობაში მისი საქმრო ყოფილიყო. რცხვენოდა და არ იცოდა, სად დამალულიყო, მაგრამ, რადგან დალის ვერ გადაურჩებოდა, მისი ინსტრუქციით რომ არ ემოქმედა, თავს ძალას ატანდა.

პაატა და ელენე მიუახლოვდნენ ახალდაქორწინებულებს. ელენემ ხელი გაუწოდა ყოფილ ქმარს:

– გილოცავთ, ბედნიერად შეაბერდით ერთმანეთს!

ლადომ თავი დაუქნია და ვერ მოითმინა:

– შენს მეგობარს არ გაგვაცნობ?

– პაატა, – გაუწოდა ხელი პაატამ ლადოს. ლადომ არც კი ჩამოართვა და მისკენ ზურგით მიბრუნდა.

– ცოტა უზრდელია, – გადაუჩურჩულა პაატამ ელენეს. ელენეს გაეღიმა:

– უფრო დაბოღმილი, – ელენემ ისევ გამოსდო ხელკავი პაატას და სტუმრებს შეერივნენ. ელენე ბორის ბარნოვს ეძებდა, მაგრამ ვერსად მოჰკრა თვალი.

ლადო ცდილობდა, თავი ხელში აეყვანა, მაგრამ მაინც ვერ მოითმინა. ტელეფონი ამოიღო და დარეკა:

– ვაჟა, ჩაგიგდებ ფოტოს, ვინ ახლავს ჩემს ცოლს. ყველაფერი გამირკვიე.

ლადომ ტელეფონი შეინახა. ხასიათი საბოლოოდ გაუფუჭდა. ყველაფერს მოელოდა, იმის გარდა, რაც დაინახა: მისი აზრით, ყოფილმა ცოლმა ყველაფერი წაართვა, პარტნიორი, ესკიზები (და ლადო ვერც კი ხვდებოდა, რომ ის ესკიზები ელენეს შექმნილი იყო და ბორის ბარნოვსაც ელენეს ნამუშევრები მოსწონდა), ბიზნესი და ახლა უკვე ქორწილიც ჩაუშხამა.

– ასეთი სახით უნდა იჯდე?! რას მოათრიე ის ქალი?! – ისევ ჩაუსისინა თათიამ ლადოს.

– შენ არ მითხარი, დავპატიჟოთო?! – შეუღრინა სიძემ პატარძალს.

ამასობაში ლადოს ტელეფონმაც დარეკა: ლადო თანამოსაუბრეს უსმენდა და სახე ებადრებოდა. შემდეგ კმაყოფილი სახით ჩაიდო ტელეფონი ჯიბეში. ჭიქა აიღო და სტუმრებს მიმართა:

– ერთი წუთით ვითხოვ თქვენს ყურადღებას. სტუმრებს შორისაა ჩემი ყოფილი ცოლი, ელენე, გთხოვთ, გამოაჩინოთ. – ხალხი მიიწ-მოიწია და ელენეს გულისცემა აუჩქარდა ცუდის მოლოდინში. ლადო კი განაგრძობდა:

– ქალბატონი ელენე მეწყვილესთან ერთად გამოგვეცხადა, რომელიც ქუჩაში იპოვა, ჩააცვა, წვერი გაპარსა, სამსახურში მიიღო, საყვარლად დაისვა და აქაც მოიყვანა, – ელენეს ერჩივნა, მიწა გასკდომოდა და შიგ ჩაეტანა. ვერაფერს ხედავდა, მხოლოდ ბორის ბარნოვის გაფართოებული თვალები დაინახა, თავად კი დახუჭა. ელენე დაბარბაცდა, მაგრამ პაატამ დაიჭირა:

– თუ გინდა, ძვალ-რბილს გავუერთიანებ.

– არა, წამიყვანე აქედან, გთხოვ, – უთხრა ელენემ ისე, რომ თვალები არც გაუხელია. ხალხი აზუზუნდა. ყველანი ელენესა და პაატას უყურებდნენ. პაატა არც აღელვებულა. მშვიდი სახე ჰქონდა, ცდილობდა, ნაბიჯისთვის არ აეჩქარებინა, ელენე, ფაქტობრივად, ხელში აყვანილი მიჰყავდა. უცებ ფეხი აუსრიალდა და მაშინვე გაიაზრა, რომ კიბეზე ჯერ ელენე დაგორდებოდა, ამიტომ ისე მოახერხა, რომ თავად დაცემულიყო...

ელენე უცებ მოეგო გონს. ხელები სისხლიანი ჰქონდა. პაატას თავიდან შადრევანივით მოსჩქეფდა სისხლი. ელენეს არ ახსოვდა, როგორ მოხვდა „სასწრაფოს“ მანქანაში, ვერაფერს ხედავდა, მხოლოდ პაატას, რომელსაც სისხლი აღარ მოსდიოდა, მაგრამ ხელოვნურად ასუნთქებდნენ.

***

– როგორ არის? შენ როგორ ხარ? – დალი აქოშინებული მივარდა ელენეს, რომელიც სისხლში მოთხვრილი კლინიკის მისაღებში იჯდა.

– არ ვიცი. ოპერაციას უკეთებენ.

– ნუ გეშინია. ყველაფერი კარგად იქნება. აი, ნახავ, – ელენემ დალის თავი მიაყრდნო და ტირილი დაიწყო.

– ახლა ტირილის დრო არაა. მოდი, სახლში წავიდეთ, გამოიცვალე, ბავშვიც ნერვიულობს. დაისვენე ცოტა...

– არა, ვერსად წავალ. ჩემ გამო დაემართა ეს. ჩემი ბრალია ყველაფერი.

– მაზოხიზმს თავი დაანებე. გამომიხვედი შენც ღმერთი. რაც ეწერა, ის მოხდა. გამოძვრება. ვერ ხედავ, ხარივით ჯანმრთელია?!

– ვერ წამოვალ, დალი. შენც ხომ იცი, რომ ვერ წამოვალ. არავინ ჰყავს. საერთოდ არავინ, რამე რომ დასჭირდეს?! ფული, წამალი?! სადმე გადაყვანა?! – დალიმ არაფერი უპასუხა ელენეს, იმიტომ რომ ელენე სიმართლეს ამბობდა.

– კარგი, მე დავრჩები აქ, შენ სახლში წადი, გამოიცვალე და მოდი. გთხოვ. – ელენე დაფიქრდა და, ბოლოს, დაეთანხმა დალის.

სახლში ისე შევიდა, რომ ბექას არ დაენახა. კაბა გაიხადა, პარკში ჩადო და შხაპის ქვეშ დადგა. საბააზანოდან მხნედ გამოვიდა, რომ ბავშვი არ შეეშინებინა. ბექა დედამისს ჩაეხუტა: გირეკავდი და არ მპასუხობდი. შემეშინდა, დედიკო.

ელენემ შვილი გულში ჩაიკრა.

– შეხვედრა მქონდა. ახლაც შენ სანახავად მოვედი, ლია ძიძა დარჩება შენთან ამაღამ. მე ისევ საქმეზე უნდა წავიდე. – ბექა მოიღუშა და დედამისს კიდევ უფრო ძლიერად მიეკრო. ელენე ისევ ატირდა.

– არ იტირო, წადი და მე კარგად მოვიქცევი, – ბექას ეგონა, დედამისი მისმა გაჯიუტებამ გაანაწყენა. ელენემ შვილი ჩაკოცნა და საძინებელში შევიდა. გონებაში ყველაფერი ერეოდა, სირცხვილი, რომელიც ჭამა იმდენ ხალხში, პაატას მძიმე მდგომარეობა, თავისი ბუნდოვანი მომავალი და რეპუტაციის შელახვა.

– მთავარია, გადარჩეს, მთავარია, გადარჩეს... – იმეორებდა შეპყრობილივით. როგორც იქნა, თავი ხელში აიყვანა. კარადა გამოაღო და ტანსაცმელი გამოიღო. მოულოდნელად მის ოთახში დალი შემოვიდა:

– რა მოხდა? – ელენე დალისკენ გაიქცა.

– უცნაური რამ. ოპერაციამ კარგად ჩაიარაო, ექიმმა მითხრა, მაგრამ მისი ნათესავი მოვიდა და პაატა სხვა კლინიკაში გადაიყვანეს, – უთხრა დალიმ, რომელსაც ელენეზე არანაკლებ გაკვირვებული ხმა ჰქონდა.

– ვინ ნათესავი?! არავინ ჰყავს. მარტო ცხოვრობს. და არც კი ვიცი, სად, თუმცა მისამართი მის საქმეში იქნება მითითებული.

– მეც გამიკვირდა, არ ვიცი. არც არაფრის უფლება მქონდა. მე ვინ ვარ მისთვის ან შენ ვინ ხარ?! რას ეტყოდი? წინააღმდეგობას როგორ გაუწევდი?! – დალი სიმართლეს ამბობდა, ელენე არავინ იყო პაატასთვის და არც არანაირი უფლება ჰქონდა.

– ის მაინც თქვეს, რომელ კლინიკაში? – ჰკითხა დალის.

– კი, ექიმმა ფურცელზე დაწერილი გამომიტანა კლინიკის დასახელებაც და ყველანაირი მონაცემი. – დალიმ ელენეს ფურცელი გაუწოდა.

– მაშინ წავიდეთ, – დაფაცურდა ელენე.

– იქნებ დილამდე მოვიცადოთ. გამოსჩენია პატრონი... – მაგრამ ელენემ არ დააცადა სიტყვის დასრულება, – მე უნდა წავიდე. შენ, თუ გინდა, აქ დარჩი, თუ გინდა, სახლში წადი, ისედაც გაგაწვალე დღეს და საერთოდ, მთელი ცხოვრებაა, გაწვალებ ჩემი არსებობით.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი