რომანი და დეტექტივი

მრუდე სისწორე

№10

ავტორი: ნია დვალი 20:00 15.03

მრუდე სისწორე
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #4-9 (1209)

– არაფერი არ დევს ჩემს უჯრაში. უჯრა საერთოდ არ მაქვს. რამე რომ მომეპარა, უჯრაში რატომ შევინახავდი, იდიოტი ვარ?! – ისევ გაეღიმა პაატას, რამაც ელენეს ლამის წონასწორობა დააკარგვინა და მაშინვე თანაშემწეს დაურეკა:

– ვაჟა ამოვიდეს.

ვაჟა ზუსტად ორ წუთში ელენეს კაბინეტში იდგა ესკიზებით ხელში:

– აი, ეს ეწყო უჯრაში. ვისთვის უნდა გადაგეცა? – ახლა ვაჟამ დაიწყო პაატას დაკითხვა.

– მე არაფერი ამიღია, არც ვიცოდი, რომ აქ ესკიზები იყო. – პაატა ძალიან შვიდად იქცეოდა.

– კამერებიც გამორთე. ზუსტად მახსოვს ის დღე, ისე მოხდა, რომ მარტო იყავი. ჩუმად შემოხვედი ქალბატონი ელენეს კაბინეტში და მოიპარე.

– მე არაფერი მომიპარავს.

ელენე დაფიქრდა და ორივეს მიმართა:

– წადით, მე თვითონ გავარკვევ ყველაფერს.

– მაგრამ, ქალბატონო ელენე... – ვაჟამ რაღაცის თქმა დააპირა.

– პაატა წავიდეს სახლში, შენ გააგრძელე მუშაობა. ახლა კი დამტოვეთ, სამუშაო მაქვს.

მამაკაცები გავიდნენ. ელენემ კაბინეტის კარი ჩაკეტა და მოსასვენებელ ოთახში გავიდა.

***

– რა ლამაზი შენობაა და რა კარგი კაბინეტია, ეს ოთახი, ხომ, საერთოდ, საოცრებაა, – ტაში შემოჰკრა დალიმ, ელენეს მოსასვენებელ ოთახში რომ შევიდა.

ელენე კმაყოფილი სახით იღიმებოდა.

– მიიღებ ჩემგან რჩევას? – ჰკითხა დალიმ.

– რა თქმა უნდა! – დაბეჯითებით უთხრა ელენემ.

– შენს კაბინეტში ჩუმად დაამონტაჟე კამერა. ინტერნეტში არის სხვადასხვა მეთოდი. უბრალოდ, კამერა იყიდე. ისე დააყენე, რომ უყურებდეს სეიფს ან ისეთ რამეს, სადაც მნიშვნელოვან დოკუმენტებს ინახავ. ოღონდ არავის უთხრა. შენ თვითონ იყიდე კამერა. არა, არა, მე ვაყიდინებ ვინმეს და შენი ხელით დაამონტაჟე.

– რატომ? დაცვა ხომ მყავს?!

– დამიჯერე, ასე ჯობია. – უთხრა დალიმ.

ელენემ გაიცინა და დალის თავი დაუქნია.

***

ელენემ ტელეფონი აიღო და ვაჟას დაურეკა:

– როდის არ არის ჩანაწერი კამერებზე, რომელ დღეს? პოლიციაში უნდა დავრეკო და მინდა, ზუსტად ვუთხრა თარიღი.

ვაჟამ თარიღი დაასახელა. ელენე ჩანაწერებს გარე დისკზე ინახავდა. შეუერთა ლეპტოპს და მიჰყვა თარიღებს.

დროის იმ მონაკვეთსა და დღეს არავინ იყო შესული ელენეს კაბინეტში. უნდოდა, ვაჟასთვის დაერეკა და ეკითხა, მაგრამ გადაიფიქრა.

– მომიწევს, ბოლო ერთი თვის ჩანაწერები ვნახო. – თქვა ელენემ და ტელეფონს დასწვდა:

– ლია, საყვარელო, შეძლებ, ამაღამ ჩვენთან დარჩე? მე ძალიან დამაგვიანდება, შეიძლება, ვერც მოვიდე ამაღამ... ძალიან კარგი. გკოცნით. ბექას უთხარი, არ მოიწყინოს.

ელენე სავარძელში მოკალათდა და ჩანაწერის გადახვევა დაიწყო...

***

ელენეს ჩასძინებოდა თავის მოსასვენებელ ოთახში და რადგან თხელი ფარდები ეკიდა, მზის პირველივე სხივებმა გააღვიძა. ცხელ გულსა თუ ცხელ კვალზე გადაწყვეტილებას არ იღებდა, არც არანაირი დასკვნები გამოჰქონდა ხოლმე. ერჩივნა, დაეძინა ასეთ დროს და შემდეგ ფხიზელ გონებაზე მიეღო ის ერთადერთი მართებული გადაწყვეტილება, რომელიც სამართლიანიც იქნებოდა და მასაც წაადგებოდა.

რაც წუხელ ჩანაწერში ნახა, არ გაჰკვირვებია, იმიტომ რომ ლადოს საქციელის შემდეგ აღარაფერი უკვირდა. უფრო ზუსტად, პირველი აგური არგაკვირვების საქმეში დედამისმა ჩადო და არათუ აგური, მთელი საძირკველიც კი ააშენა, მაგრამ მაინც დედა იყო, ყოველ შემთხვევაში, სანამ ელენე პატარა იყო, ეს თეზა: მაინც დედაა, მუშაობდა და, რადგან დედა იყო, ელენეს ის უყვარდა, ვინაიდან დედაა შვილისთვის კარია სამყაროსკენ. შესაბამისად, როგორია დედაც, ისეთივე ხდება სამყარო შვილისთვის. ამიტომ ელენე სამყაროს არ ენდობოდა, ოღონდ ეს არასდროს გაუცნობიერებია, შინაგანად ყოველთვის მოელოდა ადამიანებისგან რაღაც ცუდს. და ამას თავისი დადებითი მხარეც ჰქონდა: უმეტესწილად ადამიანები არც ისე ცუდები იყვნენ, რასაც ელენე მათგან მოელოდა და, ამდენად, უმეტესწილად სასიამოვნოდ გაოცებული რჩებოდა ხოლმე.

ამჯერად არ იცოდა, ვისთვის ეკითხა რჩევა, თუმცა, იმავდროულად, იმასაც ხვდებოდა, რომ, თუ უნდოდა, ნამდვილად გაზრდილიყო და საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა, თავად უნდა მიეღო გადაწყვეტილება, სხვების ჩარევისა და დახმარების გარეშე.

ელენემ თვალები დახუჭა და ღმერთს სთხოვა:

– დამეხმარე, მაპოვნინე სწორი გზა! – მერე თვალები გაახილა და საათს დახედა. რვის წუთები იყო, ამიტომ ძიძისთვის არ დაურეკავს, რომ არ გაეღვიძებინა. შხაპი მიიღო და ცოტა გამოფხიზლდა. ფაქტია, რომ მისი ბოლო კოლექციის ესკიზები უკვე ლადოს ჰქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბორის ბარნოვს ელენემ იმედები გაუცრუა. ამის მიუხედავადაც, ელენე მშვიდად იყო, არ შფოთავდა და თავადაც უკვირდა საკუთარი სიმშვიდე.

– იქნებ, ჯერ არც აქვს?! – გაუელვა ელენეს თავში და მაშინვე დაცვის ოთახისკენ წავიდა. კამერები ჩართული იყო და დაცვის ერთი წევრი გულმოდგინედ აკვირდებოდა მათ.

– მარტო დამტოვე, – უთხრა ელენემ. დაცვის წევრს გაუკვირდა, მაგრამ არაფერი უთქვამს, ისე წამოდგა.

– და არავინ შემოუშვა. – მიაძახა ელენემ.

ელენემ შიგნიდანაც გადაკეტა კარი და უჯრების ჩხრეკა დაიწყო. ერთ-ერთში მართლაც აღმოაჩინა თავისი დოკუმენტაცია და ესკიზები. საბედნიეროდ, მხოლოდ მცირე ნაწილი:

– როგორ არ გამახსენდა, რომ მთავარი ესკიზები სახლში მაქვს? – ელენეს ხმამაღლა გაეცინა. ესკიზები და დოკუმენტები აიღო და კარიც გააღო.

– შეგიძლია, გააგრძელო მუშაობა, – უთხრა ახალგაზრდა ვაჟს, რომელსაც სახეზე ეწერა, რომ ვერაფერს ხვდებოდა.

ელენე ღიღინ-ღიღინით აუყვა თავისი კაბინეტისკენ კიბეს. ისევ საათს დახედა: უკვე დილის ცხრა საათი დაწყებულიყო. მაინც გადაწყვიტა, ცხრა საათს დალოდებოდა და მხოლოდ მაშინ დაერეკა ბორისისთვის, რომ ეცნობებინა მომხდარის შესახებ.

ასეც მოიქცა: ბორისს ზუსტად ცხრა საათზე დაურეკა:

– დილა მშვიდობის, ვიცი, რომ უკვე გღვიძავთ და ამიტომაც მივეცი თავს უფლება, დამერეკა: ჩემმა ყოფილმა ქმარმა ესკიზების მოპარვა სცადა. მცირე ნაწილი, ჩემი ვარაუდით, უკვე მას აქვს, მაგრამ ეს ის ოდენობაა, რის საშუალებითაც ვერაფერს იზამს. ჩვენ ვერ გაგვიწევს კონკურენციას.

– დარწმუნებული ხარ? – ჰკითხა ბარნოვმა.

– დიახ. – ელენემ დაბეჯითებით გასცა პასუხი.

– იცი, რაც უნდა მოიმოქმედო? – ისევ ჰკითხა ბარნოვმა.

– დიახ, – ისევ დარწმუნებით უპასუხა ელენემ.

– ძალიან კარგი. კიდევ რამეა?

– არა, მეტი არაფერი, სასიამოვნო დღეს გისურვებთ! – ელენემ ტელეფონი გათიშა და ზუზუნით მიხვდა, რომ თანამშრომლები უკვე მოსულიყვნენ.

ელენემ გადაწყვიტა, არაფერი შეემჩნია და არავისთვის არაფერი ეთქვა. აინტერესებდა, ვინ როგორ მოიქცეოდა. ბევრი ლოდინი არ დასჭირვებია, დაცვის უფროსმა ვაჟამ დარეკა:

– მიიღეთ გადაწყვეტილება, ქალბატონო ელენე?

– არა, ჯერ არა, იმიტომ რომ ესკიზები სხვა ადგილას მაქვს შენახული, სეიფში რაც მეწყო, ისინი არაფერს ნიშნავს.

– მაგრამ... – არ დაეთანხმა ვაჟა შეფს.

– მე ასე გადავწყვიტე, ახლა სამუშაო მაქვს. ესკიზები ჩემს კაბინეტშია, ოღონდ სხვაგან, ასე რომ, არაფერია საგანგაშო. შენ კი პაატას დააკვირდი, – უთხრა ელენემ და ტელეფონი გაუთიშა და თითქოს ცხადად გაიგონა, როგორ ჩაილაპარაკა ვაჟამ: სულელი ქალი.

ელენეს გაეცინა: ასე არასდროს მოსწონებია, რომ ვიღაცას სულელი ეგონა...

ტელეფონი აიღო და მესიჯი აკრიფა:

– „დღეს, საღამოს, 10 საათისთვის ჩემთან მოდი სახლში, სალაპარაკო მაქვს. არ შეიმჩნიო, რომ მე გწერ.“

პასუხმაც არ დააყოვნა: „მისამართი არ ვიცი“.

– „უკვე გამოგიგზავნე“, – მისწერა ელენემ.

ელენემ გადაწყვიტა, რომ ის დღე ცოტა მსუბუქად გაეტარებინა, ამიტომ დალის დაურეკა და შეხვედრა სთხოვა: არა, შენთან სახლში არ მინდა, არც ჩემთან, სადმე წავიდეთ, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. საქმეც მაქვს.

– როგორც იტყვი, – უთხრა დალიმ.

– მაშინ გამოგივლი ორ საათში.

– გამოვლა არ მინდა, პირდაპირ იქ მოვალ, სადაც მეტყვი.

– კარგი, მისამართს გამოგიგზავნი. – ელენემ ტელეფონი მაგიდაზე დადო და გაიზმორა.

***

ზუსტად საღამოს 10 საათზე ელენეს კარზე ზარის ხმა გაისმა. კარი დალიმ გააღო:

- თქვენ პაატა ხართ, ხომ? - ჰკითხა სტუმარს და ხელი გაუწოდა.

- დიახ, - უპასუხა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც დალიმ შეათვალიერა და უთხრა:

– ზუსტად ასეთი წარმომედგინეთ.

პაატა უხერხულად იდგა და ადგილზე იშმუშნებოდა. უხერხულობა ისევ დალიმ განმუხტა: აქეთ, მობრძანდი და სტუმარს წინ გაუძღვა.

– ელენე ბავშვს აძინებს, გაჭირვეულდა, როგორც წესი, ათის ნახევარზე უკვე სძინავს. მანამდე ერთმანეთი გავიცნოთ. ელენემ მითხრა, რომ კარგი ადამიანი ხარ, კარგი ადამიანების ნაკლებობა კი ნამდვილადაა ელენეს ცხოვრებაში, – დალიმ ისევ აათვალიერ–ჩაათვალიერა სტუმარი, თითქოს რენტგენის სხივით სინჯავსო.

– რას მიირთმევ? ჩაი, ყავა?

– არაფერი მინდა.

– ესე იგი, რამე უფრო მაგარი?! – დალიმ ეშმაკურად მოწკურა თვალები.

– არა, მე არ ვსვამ... აღარ ვსვამ... – ხმადაბლა თქვა პაატამ.

– და რატომ სვამდი? – უტიფრად ჩაეკითხა დალი.

– მიზეზებს ვპოულობდი. უფრო კი საკუთარი თავისგან გავრბოდი.

დალიმ სტუმარს თვალებში ჩახედა და იმდენი ტკივილი დაინახა, გული მოულბა.

– მძიმე ბავშვობა? – ჰკითხა და ჭიქაში ვისკი დაუსხა, – ბაბუაჩემი მასწავლიდა, კაცი გამოცადე ღვინითო. თუ ღვინო ასულელებს, სასწრაფოდ მოიშორეო. აი, შენი გამოცდის დროც მოვიდა და სტუმარს ჭიქა გაუწოდა.

პაატამ ჭიქა გამოართვა, მაგრამ მაგიდაზე დადო:

– ყავა მირჩევნია, ნალექიანი და უშაქრო.

ეს იმდენად კეთილგანწყობილად უთხრა დალის, რომ დალი ერთგვარად გახალისდა კიდეც.

– მეც უშაქრო ყავა მიყვარს, თუმცა არც კი ვიცი, ახლა დავლიო თუ არა, – დალიმ ერთხანს იჭოჭმანა, მერე კი მადუღარაში ორი კოვზი ყავა ჩაყარა.

– ჯანდაბას ჩემი თავი... ელენემ აღმოაჩინა, რომ დაცვის უფროსი მაიმუნობს. შენ გაბრალებდა ესკიზების მოპარვას. ალბათ, ელენეს ყოფილმა ქმარმა გადაიბირა. შეძლებ, რომ შენ უხელმძღვანელო დაცვას?! დასაცავი დიდი არაფერია, მაგრამ მაინც. ბიზნესის სფერო საკმაოდ დაუნდობელია.

– მე სამხედრო ვარ... ვიყავი. ამაში ვერ ვერკვევი. თუ ვინმეა საცემი, კი ბატონო, – პაატამ ესეც ისე გულღიად და კეთილგანწყობით თქვა, თითქოს ვინმეს სასეირნოდ ეპატიჟებაო.

– ყოველთვის ერევი? – დააზუსტა დალიმ.

პაატამ გაიღიმა და ამასობაში ელენეც გამოვიდა.

– უკაცრავად, ბექა ჯიუტობდა. მგონი, ეგონა, რომ მამამისი მოვიდოდა და არ იძინებდა. პაატა, რჩევა მინდა, გკითხო, როგორ მოვექცეთ ვაჟას. რომ დაგაბრალა, ერთი უბედურებაა, მაგრამ ამის ახსნა შეიძლება, კონკურენტად აღგიქვა, მაგრამ აი, ჩვენს კონკურენტებთან რომ თანამშრომლობს, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა.

– აქვს რამე ინფორმაცია, რითაც დაგაზარალებთ? – ჰკითხა პაატამ.

– რით უნდა დააზარალოს?! ესკიზებს თუ მოიპარავს, მეტი მაგას რა შეუძლია?! – ჩაერთო დიალოგში დალი, მაგრამ ელენემ მაშინვე გადახედა და დალი გაჩუმდა:

– ჩუმად ვარ, კი ბატონო, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მაგრამ, კაცი რომ საკუთარი შვილის დედას მოპარავს ბიზნესიდეას, ის... – ელენემ ისევ გადახედა დალის და დალი მართლაც გაჩუმდა.

პაატას ისე ეჭირა თავი, თითქოს არაფერი გაუგონია.

– ჩემი აზრით, პირდაპირ ჯობია ყველაფრის თქმა. ოღონდ დეტალები არ მოუყვეთ, როგორ მიხვდით და გამოთვალეთ, რომ მისი გაკეთებულია. წესების დაცვით გაუშვით სამსახურიდან.

– ახლა კიდევ ხელფასიც გადავუხადოთ, რაკი ვათავისუფლებთ?! – აღშფოთდა დალი.

– მე მგონია, რომ ასე ჯობია. საერთოდ, მე წესიერი თამაშის მომხრე ვარ. თუ დანაშაული ჩაიდინა და მტკიცებულებები გაქვთ, მაშინ პოლიციას მიმართეთ ან, ბოლოს და ბოლოს, მე ვცემ, – პაატამ გაიცინა.

– არა, ცემა საჭირო არ არის. მაგის ერთი თვის ხელფასი მე არ გამაღარიბებს, მაგრამ არ გადავუხდი, ვეტყვი, რომ მაქვს მტკიცებულებები და ამიტომ თავად დაწეროს განცხადება, რომ საკუთარი სურვილით მიდის, – თქვა ელენემ, – მაგრამ არავინ მეგულება, ვისაც ვენდობი. ვაჟას ვენდობოდი და აი, რა გამოვიდა...

– და პაატას რატომ ვერ ენდობი? – ჯიქურ ჰკითხა დალიმ.

– მე არ ვიცი კარგად ეს საქმე, – გააპროტესტა პაატამ.

– ავღანეთში თუ მოახერხე ბრძოლა, რამენაირად ტანსაცმლის ესკიზებსაც დაიცავ, – გააპროტესტა დალიმ.

– დამეხმარები? – ჰკითხა ელენემ პაატას.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი