რომანი და დეტექტივი

მოცეკვავე კაცუნები

№9

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 10.03

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #6-8 (1208)

– შემდეგ როგორ მოიქეცით, სერ? – ჰკითხა ინსპექტორმა.

– რაკი სახელი „აბ“ მხოლოდ ამერიკაში იხმარება და მთელი საქმეც იქიდან დაიწყო, რომ წერილი ამერიკიდან მოვიდა, სრული საფუძველი მქონდა, მეფიქრა, რომ აბ ლენი ამერიკელია. ამას გარდა, ეჭვი მქონდა, რომ ყოველივე ამის უკან რაღაც დანაშაული იფარება. ჩემი ეჭვი გამოწვეული იყო იმით, რომ მისის კუბიტი ასე ჯიუტად უმალავდა ქმარს თავის წარსულს. მე დეპეშა გავუგზავნე ნიუ-იორკის საპოლიციო სამმართველოში მისტერ უილსონ ჰარგრივს, რომელიც ხშირად სარგებლობდა იმით, რომ მე კარგად ვიცნობ ლონდონის დამნაშავეთა სამყაროს. ვკითხე, ვინ არის აბ ლენი-მეთქი. ასეთი პასუხი მომცა: „ყველაზე უფრო საშიში ბანდიტი ჩიკაგოში“. იმ საღამოს, როცა ეს წერილი მივიღე, ჰილტონ კუბიტმა ლენის უკანასკნელი წერილი მომაწოდა. ჩემთვის უკვე ცნობილი ასოები მივუყენე და გამოვიდა ფრაზა, რამაც ორი, ჯერ კიდევ უცნობი ასოს გამოცნობის შემდეგ ასეთი სახე მიიღო: „იცოდე, მოკვდები“. ამრიგად, არამზადა თხოვნიდან მუქარაზე გადავიდა, ჩემთვის კი ცნობილია, რომ ჩიკაგოს ბანდიტების სიტყვა და საქმე ერთია. მაშინვე გამოვეშურე ნორფოლკისკენ ჩემი მეგობრისა და თანაშემწის, დოქტორ უოტსონის თანხლებით, მაგრამ საუბედუროდ, მხოლოდ მაშინ ჩამოვედით, როცა ეს საზარელი ამბავი უკვე მომხდარი იყო.

– დიდი პატივია თქვენთან ერთად დანაშაულის გამოაშკარავება, – თავაზიანად თქვა ინსპექტორმა, – მაგრამ იმედი მაქვს, ნებას მომცემთ, მეც გითხრათ რამდენიმე გულახდილი სიტყვა. თქვენ პასუხს აგებთ მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე, მე კი პასუხს ვაგებ ჩემი უფროსების წინაშე. თუ ეს აბ ლენი, „ელრიჯში“ მცხოვრები, მართლა მკვლელია, და თუ ის გაიქცევა, ვიდრე მე აქ ვიმყოფები, მაშინ დიდი უსიამოვნება მომელის. წავიდეთ და დავაპატიმროთ.

– აქ ველოდები, სადაც არის, მოვა. მივწერე და ვთხოვე, აქ მოსულიყო.

– ნუთუ ის ბანდიტი აქ იმისათვის მოვა, რომ თქვენ სთხოვეთ? განა უფრო იოლი არ არის, ვივარაუდოთ, რომ თქვენი წერილი ეჭვებს აღუძრავს და დამალვას შეეცდება?

– ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ არის შედგენილი წერილი, – თქვა ჰოლმსმა. – თუ არ ვცდები, ის ჯენტლმენი უკვე მობრძანდება.

სახლისაკენ მომავალ გზაზე მართლაც ვიღაც უცნობი ადამიანი მოაბიჯებდა. ეს იყო მაღალი, ლამაზი, შავგვრემანი მამაკაცი. რუხი კოსტიუმი ეცვა და ფართოფარფლებიანი ქუდი ეხურა. შავი, უხეში წვერი და დიდი, არწივისებური ცხვირი ჰქონდა. გზად მომავალი ხელჯოხს აქნევდა და ისეთი სახით მოაბიჯებდა, თითქოს გარშემო ყველაფერი მისი საკუთრება ყოფილიყოს. ბოლოს გაისმა ზარის ხმამაღალი წკრიალი.

– მე ვფიქრობ, ჯენტლმენებო, – მშვიდად თქვა ჰოლმსმა, – რომ თქვენ კარს უკან დამალვა გმართებთ. როცა საქმე ასეთ ადამიანთან გვაქვს, სიფრთხილის ყველა ღონისძიება უნდა გამოვიყენოთ. ინსპექტორო, ხელბორკილი მოამზადეთ, მასთან საუბარი კი მე მომანდეთ!

კარი გაიღო და სტუმარი ოთახში შემოვიდა. ჰოლმსმა თვალის დახამხამებაში რევოლვერის ლულა შუბლში დაუმიზნა, მარტინმა კი მაჯებზე ხელბორკილი დაადო. ყველაფერი ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ ტყვე შებოჭილი აღმოჩნდა უმალ, ვიდრე თავდამსხმელებს შენიშნავდა. იგი შავი, მოციმციმე თვალებით ხან ერთს მისჩერებოდა, ხან მეორეს, მერე კი ხმამაღლა გაიცინა:

– ჰო, ჯენტლმენებო, ამჯერად თქვენ დამიჭირეთ! ახლა ვეღარსად წაგივალთ, მაგრამ მე აქ წერილით მისის ჰილტონ კუბიტმა მომიწვია... ნუ მეტყვით, რომ ის ქალიც შეთქმულთაგანია. ნუთუ ამ ხაფანგში მან შემომიტყუა?

– მისის ჰილტონ კუბიტი მძიმედ არის დაჭრილი და სულთმობრძავი წევს. დაპატიმრებულმა ხმამაღლა შეჰყვირა, მისმა ხმამ მთელი სახლი შესძრა.

– თქვენ ხომ არ შეიშალეთ? – დაიღრიალა გაცოფებულმა, – ეს კაცია დაჭრილი და არა ქალი! განა ვინმეს გამბედაობა ეყოფოდა, რომ დაეჭრა პატარა ილსი? მე ვემუქრებოდი, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს, თმის ერთ ღერსაც კი არ შევურხევდი. უკან წაიღეთ თქვენი სიტყვები, ჰეი, თქვენ! მითხარით, რომ ილსი არ არის დაჭრილი!

– ის მძიმედ დაჭრილი იპოვეს ტყვიით განგმირული ქმრის გვერდით.

კაცს გულის სიღრმიდან კვნესა აღმოხდა. დივანზე დაეშვა და სახე ხელებით დაიფარა. მთელი ხუთი წუთი დუმდა. შემდეგ ხელები ჩამოიღო და სასოწარკვეთილმა ცივი სიმშვიდით თქვა:

– არაფერი მაქვს თქვენგან დასაფარავი, ჯენტლმენებო. მე ვესროლე, მაგრამ მანაც მესროლა, – მაშასადამე, ეს არ შეიძლება, მკვლელობად ჩაითვალოს, ხოლო თუ ფიქრობთ, რომ მე შემეძლო დამეჭრა ის ქალი, მაშასადამე, არც მას იცნობთ და არც მე. არასოდეს არც ერთ მამაკაცს არ ჰყვარებია ქალი ისე ძლიერ, როგორც მე, და ყველა უფლებაც მქონდა ამ ქალზე. ის დიდი ხნის წინ იყო ჩემთვის განკუთვნილი. რა საფუძველზე ჩადგა ეს ინგლისელი ჩვენ შორის? პირველად მე მივიღე მისი ხელის თხოვნის უფლება.

– ის ჩამოგშორდათ, როცა გაიგო, ვინც იყავით, – მკაცრად თქვა ჰოლმსმა. – ქალი გამოიქცა ამერიკიდან, რომ თქვენგან თავი დაეღწია, გათხოვდა ინგლისში პატივცემულ ადამიანზე. თქვენ ემუქრებოდით, ავიწროებდით და ცდილობდით, იძულებული გაგეხადათ მიეტოვებინა ქმარი, რომელიც უყვარდა, რომელსაც პატივს სცემდა, და გაქცეულიყო თქვენთან ერთად... საქმე იმით დაამთავრეთ, რომ მოკალით ეს კეთილშობილი კაცი და თვითმკვლელობამდე მიიყვანეთ მისი ცოლი. აი, თქვენი დამსახურებანი, მისტერ აბ ლენ, რისთვისაც პასუხისმგებლობა გეკისრებათ.

– თუ ილსი მოკვდება, ჩემთვის სულ ერთია, რა მომივა, – თქვა ამერიკელმა. მუშტი გაშალა და ჩაიხედა ბარათში, ხელისგულზე რომ ედო. – მომისმინეთ, მისტერ, – შესძახა აბ ლენმა და მის თვალებში ნაპერწკალმა გაიციალა, – ხომ არ ფიქრობთ, შემაშინოთ? თუ ლედი ასე მძიმედაა დაჭრილი, მაშ, ეს წერილი ვინ დაწერა?

– მე დავწერე, რათა აქ მომეყვანეთ.

– თქვენ დაწერეთ? დედამიწის ზურგზე ჩვენი ბანდის წევრების გარდა, არ მოიპოვება ადამიანი, რომ მოცეკვავე კაცუნების საიდუმლოება იცოდეს. როგორ შეგეძლოთ ამის დაწერა?

– ის, რაც გამოიგონა ერთმა ადამიანმა, შეიძლება გაიგოს მეორემ, – მიუგო ჰოლმსმა, – აი, ახლოვდება კები, რომლითაც ნორვიჩში გაგაგზავნიან, მისტერ ლენი... მაგრამ თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ პატარა შესაძლებლობა, რამდენადმე გამოასწოროთ თქვენს მიერ ჩადენილი ბოროტება. ცნობილია თუ არა თქვენთვის, რომ მისის ჰილტონ კუბიტი ეჭვმიტანილია ქმრის მკვლელობაში და მხოლოდ ჩემმა აქ ყოფნამ, ჩემ მიერ შეკრებილმა ცნობებმა იხსნეს ამ ბრალდებისაგან? მოვალე ხართ მთელ ქვეყანას განუცხადოთ, რომ ის ამ მკვლელობაში არც ნებით და არც უნებლიეთ დამნაშავე არ არის.

– ასედაც ვიზამ, – თქვა ამერიკელმა, – ვხედავ, ჩემთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი იქნება სრული სიმართლის აღიარება. უნდა იცოდეთ, ჯენტლმენებო, რომ ლედი მე მაშინ გავიცანი, როცა ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ჩვენი ჩიკაგოს ბანდა შვიდი კაცისგან შედგებოდა. ილსის მამა ჩვენი მეთაური იყო. სწორედ მან გამოიგონა ის ასოები, რომელთაც ყველა ბავშვის ნახატებად თვლიდა, ვიდრე თქვენ არ გაგიღიმათ ბედმა და იმ შიფრს გასაღები არ მოარგეთ.

ილსი იცნობდა ჩვენს ზოგიერთ საქმიანობას, მაგრამ ჭირივით სძულდა ჩვენი პროფესია. და რაკი მას ჰქონდა პატიოსანი გზით მოპოვებული ფული, ხელიდან გაგვისხლტა და ლონდონს ჩამოვიდა. ჩემი დანიშნული იყო და ცოლადაც გამომყვებოდა, თუ პროფესიას გამოვიცვლიდი.

კვალს მივაგენი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ინგლისელს გაჰყვა. წერილი მოვწერე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. მაშინ აქ ჩამოვედი და რადგან ვშიშობდი, შესაძლოა, მან ჩემი წერილები არც კი წაიკითხოს-მეთქი, დავიწყე წერა ფანჯრის რაფაზე და ფარდულის კარზე. უკვე მთელი თვეა, რაც აქ ვცხოვრობ. ფერმაში დავსახლდი. ჩემი ოთახი იმით იყო კარგი, რომ ქვედა სართულზე გახლდათ, ღამღამობით ისე შემეძლო გამოსვლა, რომ სახლის პატრონთა ყურადღებას არ მივიქცევდი. რა არ ვიღონე, რომ ილსი ჩემს მხარეს გადმომებირებინა. ბოლოს მოთმინება დავკარგე და მუქარაზე გადავედი. მაშინ მომწერა წერილი, რომელშიაც მევედრებოდა, ამერიკაში დავბრუნებულიყავი, მარწმუნებდა, თავს მოვიკლავ, ჩემი ქმარი რაიმე სკანდალურ საქმეში რომ გაერიოსო. აღმითქვა, ღამის სამ საათზე, როცა ქმარი დაიძინებს, ფანჯრიდან დაგელაპარაკები, იმ პირობით, რომ ამის შემდეგ გაემგზავრები და მომასვენებო. მოლაპარაკების დროს ფული შემომთავაზა, რომ ჩემგან თავი დაეხსნა. ამან გამაშმაგა, ხელი ვტაცე და მინდოდა ფანჯრიდან გადამეყვანა. სწორედ იმ წამს მოირბინა მისმა ქმარმა, ხელში რევოლვერი ეჭირა. ილსი უგრძნობლად დაეშვა იატაკზე, მე და ის კაცი კი ერთიმეორეს პირისპირ შევრჩით. მეც შეიარაღებული ვიყავი და რევოლვერი შევმართე, რათა შემეშინებინა და წასვლის შესაძლებლობა მომცემოდა. მესროლა და ამაცდინა. მეც თითქმის მასთან ერთად გავისროლე და ჩემი მოწინააღმდეგე იატაკზე დაეცა. იქაურობას გავშორდი, ბაღი გადავირბინე და გავიგონე, როგორ დახურეს ფანჯარა. ყველაფერი ეს სიმართლეა, ჯენტლმენებო, და მეტი ამ საქმისა არაფერი ვიცოდი, ვიდრე ჩემთან ერთი პატარა ყმაწვილი არ გამოცხადდა და ბარათი არ გადმომცა. წერილი წავიკითხე, აქეთ გამოვიქეცი და თქვენს ხელშიც ჩავვარდი...

ინსპექტორი მარტინი წამოდგა და დაპატიმრებულს მხარზე ხელი შეახო.

– დროა წავიდეთ!

– არ შეიძლება, წასვლის წინ ილსი ვნახო?

– არა, გრძნობაზე ჯერ კიდევ არ მოსულა...

ყველა წავიდა და მაგიდაზე დარჩა ბარათი. ეს სწორედ ის ბარათი გახლდათ, ჰოლმსმა დამნაშავეს რომ გაუგზავნა.

– სცადეთ ამისი წაკითხვა, უოტსონ.

ფურცელზე დახატული იყო მოცეკვავე კაცუნები.

– აქ წერია: „მოგელი, არ მალოდინო“. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ასეთი მოპატიჟება ამერიკელს ჩვენთან მოიყვანდა, რადგანაც დარწმუნებული იყო, რომ მისის კუბიტის გარდა ასე წერა არავის შეეძლო. ერთი სიტყვით, ჩემო ძვირფასო, უოტსონ, ეს კაცუნები, რომლებიც ასე დიდხანს ემსახურებოდნენ ბოროტებას, ახლა ვაიძულეთ, სიკეთეს ემსახურონ...

ნორვიჩის სასამართლოს ზამთრის სესიამ ამერიკელ აბ ლენის სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა, მაგრამ მხედველობაში მიიღო რა დანაშაულის შემამსუბუქებელი მოტივები და რაც მთავარია, ის გარემოება, რომ ჰილტონ კუბიტმა პირველმა ესროლა, სიკვდილი საკატორღო სამუშაოებით შეუცვალა. მისის ჰილტონი სრულიად განიკურნა. ჯერ კიდევ ქვრივია და თავის სიცოცხლეს ღარიბებზე ზრუნვას ახმარს...

დასასრული

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი