რომანი და დეტექტივი

მოჭადრაკე

№10

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 16.03

მოჭადრაკე
დაკოპირებულია

ბავშვობას რომ ვახსენებ, სევდიანად მეღიმება. სევდა ჩემი ცხოვრების ამ პერიოდს ლაიტმოტივად გასდევს და კარგა ხანს ვერ მოვიცილე. ექვს წლამდე ძალიან ბედნიერი ვიყავი, დედ-მამა ცოცხალი მყავდა, თავს დაცულად ვგრძნობდი და აბა, რას ვიფიქრებდი, თუ ბედისწერის ჩარხი უკუღმა დამიტრიალდებოდა?

ჩემი მშობლები გეოლოგები იყვნენ, წელიწადში 3-4 თვე ექსპედიციაში უწევდათ ყოფნა და ბებიასთან მტოვებდნენ. ელენე ბებია მამაჩემის დედა იყო. ჩვენთან ცხოვრობდა. ძალიან ვუყვარდი და თვალის ჩინივით მიფრთხილდებოდა. განათლებული, ძალიან ენერგიული ქალი იყო და ყველაფერს ასწრებდა. ამ ცხოვრების ავანჩავანი კარგად იცოდა. ამიტომ, სხვა ბებიებივით არ მანებივრებდა და შეიძლება ითქვას, მკაცრადაც კი მზრდიდა. ასე იტყოდა ხოლმე – ისე ძალიან მიყვარხარ, რომ ვერ გაგანებივრებ, არ მინდა ზოგიერთივით თავხედი, იმბეცილი გამოხვიდეო... თავად ბებოს ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი. ქმარი ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის „ჩეკისტებმა“ დაუხვრიტეს, თავად კი, ფეხმძიმე ქალი, გააციმბირეს და მამაჩემი კომუნისტურ საკონცენტრაციო ბანაკში გააჩინა, ურალის მთებს იქით. მხოლოდ ათწლიანი პატიმრობის მერე დაბრუნდა შვილთან ერთად თბილისში. თავიდან დაიწყო ცხოვრება. გათხოვებაზე არც კი უფიქრია. მამაჩემი გაზარდა, ფეხზე დააყენა და როდესაც მე გავჩნდი, ჩემზე გადმოერთო...

ადრეული ბავშვობიდან მრავალმხრივ ნიჭს ვავლენდი. 3 წლისა ჭადრაკს კარგად ვთამაშობდი და პიონერთა სასახლეში შემიყვანეს ჭადრაკის წრეზე. ეს თამაში ისე კარგად ავითვისე, რომ 3-4 წლით უფროსებს ვუგებდი და სხვადასხვა ტურნირზე წარმატებას წარმატებაზე ვაღწევდი. სკოლაში რომ შევედი, საკმაოდ ცნობილი მოჭადრაკე ვიყავი და დიდ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ. ნათქვამია, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. მეც მასე დამემართა. შვიდი წლისაც არ ვიყავი, რომ ჩემი მშობლები დაიღუპნენ. ურალში გეოლოგიურ ექსპედიციაში იმყოფებოდნენ და ზვავში მოჰყვნენ. პირველი სერიოზული დარტყმა სწორედ მაშინ მივიღე. როდესაც გავიაზრე, თუ რა მოხდა, ჩემს ნაჭუჭში ჩავიკეტე. არც სკოლა მინდოდა, არც ჭადრაკი. ჭამა-სმაზეც უარი ვთქვი და მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მშობლები მენატრებოდა. მაგრამ მათ ვინ გამიცოცხლებდა? ერთი სიტყვით, განადგურებული ვიყავი, მაგრამ ელენე ბებიამ იყოჩაღა, უდიდესი ტრაგედიის მიუხედავად მან საკუთარ თავში ძალები გამონახა. არც ჭადრაკი მიმატოვებინა, სწავლა კიდევ უფრო მეტად გამაძლიერებინა... მეტად მკაცრად მექცეოდა და ჩემი ბავშვური ჭკუით, ზოგჯერ იმასაც კი ვფიქრობდი, ამ ქალს არც თავისი შვილისა და რძლის სიკვდილი ადარდებს და არც მე ვუყვარვარ-მეთქი. თუმცა, ერთხელ ღამით გამომეღვიძა. წამოვდექი. ფეხაკრეფით გავედი საძინებლიდან და ხატების წინ ანთებულ სანთელთან დაჩოქილი ბებია დავინახე. ის გულმხურვალედ თვალცრემლიანი შესთხოვდა ღმერთს ჩემი მშობლების სულების ცხონებასა და ჩემს გაზრდა-გახარებას და დიდხანს სიცოცხხლეს. არადა, მანამდე ბებიას თვალში ცრემლი არ მენახა. ჩუმად დავბრუნდი საძინებელში და გულაჩუყებული ავტირდი... იმ ღამის შემდეგ ბებიაზე აუგი არასდროს გამიფიქრებია და დავრწმუნდი, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ცოცხლობდა, რომ ფეხზე დავეყენებინე და კაცად გავეზარდე. ამიტომ, კიდევ უფრო მოვუმატე სწავლას და ჭადრაკში ვარჯიშს. შედეგიც არ აყოვნებდა. ხუთოსანიც ვიყავი და ძალიან პერსპექტიული მოჭადრაკეც. მაგრამ, მედალს ხომ მეორე მხარეც აქვს? და, სწორედ ეს მეორე მხარე გადამექცა აქილევსის ქუსლად.

10-11 წლის ასაკში მოზარდს გარდატეხის პერიოდი აქვს. ბევრ ახალს ეცნობა. მათ შორის ქუჩასაც. ზომიერი ყველაფერი კარგია, ქუჩაც კი, მაგრამ თუკი ბავშვი ქუჩაში „გაგექცა“, ქუჩა ისე „გაიტაცებს“, რომ შეიძლება, ვერც კი „დააბრუნო“ უკან. ასეთი „გაქცეულებით“ იყო სავსე ჩემი ბავშვობის სოლოლაკი და სიცოცხლე მქონდა გამწარებული მათგან. სკოლაში – თითქმის არა. აი, უბანში კი ნამდვილი ფრონტის წინა ხაზი მქონდა. ჯაფარიძის ქუჩაზე ვცხოვრობდი და სანამ პიონერთა სასახლიდან სახლში მივიდოდი, რამდენიმე „ბირჟა“ უნდა გამევლო. დამინახავდნენ თუ არა „გაქცეული მობირჟავეები“ იღლიაში ჭადრაკის დაფაამოდებულს, „შახმატისტი, შახმატისტის“ ძახილით მიმაცილებდნენ სახლამდე და ათასი სისულელე და უვიცობა ამოსდიოდათ პირიდან, თუმცა, ჩემ მიმართ გინება მათი მხრიდან არ გამიგონია. ძირითადი აქცენტი ჩემს მოჭადრაკეობაზე ჰქონდათ და იმის გამო დამცინოდნენ, რომ ფრიადოსანი ვიყავი, წარმატებული მოჭადრაკე და მათთან ერთად არ „ვბირჟაობდი“. თოთხმეტ წლამდე ეს ყველაფერი შედარებით უწყინარ ხასიათს ატარებდა. მათ დაცინვაზე ირონიით გავიცინებდი ხოლმე, მხრებს ავიჩეჩავდი, საჩვენებელ თითს საფეთქელზე მივიდებდი – სულელები ხართ-მეთქი და დინჯად ჩავუვლიდი „ბირჟებს“... ერთხელ ჭადრაკიდან ვბრუნდებოდი სახლში. პირველ „ბირჟას“ რომ ჩავუარე, მაჩაბლისა და კიროვის ქუჩების კუთხეში. „შახმატისტი“ მომაყოლეს. მე არც შემიხედავს მათთვის, საფეთქელზე მივიდე თითი და გზა განვაგრძე. ორმოცდაათიოდე მეტრიც არ მქონდა გავლილი, რომ მხარზე ხელის დადება ვიგრძენი და შევტრიალდი. ჩემ წინ უცნობი ბიჭი იდგა, რომელიც მანამდე არასდროს მენახა. ჩემზე მაღალი იყო. „კეპკა“ ეხურა, „ლაიკის“ მოდური ქურთუკი ეცვა და „მარლბოროს“ აბოლებდა. ამრეზით შემომხედა და დაყენებული ხმითა და ტონით მითხრა:

– შენ ვისზე თქვი, შიგ გაქვსო?

მისი სიტყვების აზრს ვერ ჩავწვდი. არც ვიცოდი, რას ნიშნავდა და ვუთხარი:

– რა შიგ გაქვსო? არ მესმის.

ბიჭმა საფეთქელბე მიიდო თითი და თქვა:

– აი, ასე ვის უჩვენე?

– აი, იმათ, „ბირჟისკენ“ გავიშვირე ხელი, საიდანაც „კოდალა“ ჩვენკენ მოდიოდა.

– მეც მაგათთან ვიდექი და ესე იგი, მეც? – დამიძაბა უცნობმა.

– თუ დამცინოდი, მაშინ შენც, – არ დავაყოვნე პასუხი.

ამის თქმა იყო და უცნობმა ჩემთვის მოულოდნელად თავი დამარტყა ცხვირში. წავიქეცი. ჭადრაკის დაფა ხელიდან გამივარდა და ფიგურები ხმაურით გაიფანტა მიწაზე. წამოვხტი, მართალია, ცხვირ-პირი და თავი ძალიან მტკიოდა, მაგრამ უცნობ ბიჭს ქურთუკში ჩავავლე ხელი და დარტყმა დავაპირე. მან კი მეორე თავური მითავაზა და მართალია, აღარ წავქცეულვარ, მაგრამ ქურთუკიდან გამაშვებინა ხელები. ისეთი გამწარებული ვიყავი, რომ უცნობს კბილებით ყელს გამოვღადრავდი, მაგრამ „კოდალა“ შუაში ჩაგვიდგა. ერთ-ერთმა ბიჭმა ფიგურები აკრიფა, ყუთში ჩააწყო და მომცა. დანარჩენებმა დამამშვიდეს. იქვე პატარა სკვერში სკამზე დამსვეს და ქურთუკიც კი გამიწმინდეს. უცნობმა შორიდან მითხრა:

– „ვასკა ვაკელი“ ვარ და თუ რამე პრეტენზია გაქვს, მნახე!

– როცა საჭირო იქნება, გნახავ, – ვუპასუხე „ვასკა ვაკელს“. მან კი ტაქსი გააჩერა და წავიდა.

მეც სახლში წავედი. თუმცა, საშინელი ბოღმა მახრჩობდა და ბოლომდე ვერ გამერკვია, რაში იყო საქმე. საქმე კი ის იყო, რომ ჩემზე ორი წლით უფროსს, 16 წლის „ვასკა ვაკელს“ ქეთი უყვარდა, როგორც მაშინ იტყოდნენ – „ევასებოდა“ და სწორედ იმ სკვერთან, სადაც გავილახე, ის ბიჭი იმის გამო იყო ამოსული უბანში, რომ „კაი ბიჭებისთვის“ ეთქვა – ქეთი ჩემი საცოლეა და „მევასებაო“. თურმე, ქეთის მთელი ეს სცენა თავიდან ბოლომდე უნახავს. ქეთი ჩემი პარალელური კლასელი იყო, ძალიან ლამაზი გოგო და მეც მომწონდა. სხვათა შორის, თურმე, არც ქეთი ყოფილა ჩემდამი გულგრილი. მისი მამიდა „ვასკა ვაკელის“ მეზობელი იყო. ქეთი მას თავისი მამიდაშვილის დაბადების დღეზე უნახავს, „დავასებია“ და საცოლედ გამოაცხადა. თავად „ვასკა ვაკელი“ კი ცნობილი „ცეხავიკის“, ჟოჟო ჯეირანაშვილის ვაჟი იყო და მამიკოს ფული თავში ჰქონდა ავარდნილი.

სახლში რომ მივედი, ცხვირ-პირი ბუკივით მქონდა გასიებული. ბებიას გულზე შემოეყარა, მაგრამ თავი მოთოკა, არ შეუცხადებია და მკითხა:

– რა დაგემართა?

– ვიჩხუბე.

– ეგ არაფერი. ხდება ხოლმე. გაგივლის. თუ სხვა გამოსავალი არაა, რა გაეწყობა. თუმცა, ჯობია, რომ კონფლიქტები სიტყვით მოაგვარო.

– კარგი, ბებო. მასე მოვიქცევი, – ვთქვი მე. თუმცა, „ვასკა ვაკელის“ ცოცხლად შეჭმის სურვილი უფრო გამიძლიერდა.

ამ ჩხუბის შემდეგ უბანში არც სხვაგან აღარავის დაუცინია ჩემთვის. „ბირჟებს“ რომ ჩავუვლიდი ხოლმე, ვამჩნევდი, რომ „მობირჟავეები“ თვალს მარიდებდნენ. იმ ამბის გამო უხერხულობას გრძნობდნენ. მე კი ხელს ავუწევდი მისალმების ნიშნად და ისინიც იმავე ჟესტით მპასუხობდნენ. ამ კონფლიქტმა „უბნური პრობლემები“ მომიგვარა. თუმცა, „ვასკა ვაკელის“ „ზუბი“ კვლავ გულში მედო. „აბაროტზე“ ვფიქრობდი. თანაც, ხომ შეიძლებოდა, სხვა კონფლიქტიც მომსვლოდა და რომ არავის დავეჩაგრე, კრივში ვარჯიში დავიწყე. ჭადრაკსა და სწავლას დავამატე და ასაკის მომატებასთან ერთად, ფიზიკურადაც გავძლიერდი. ამასობაში ორი წელი გავიდა. სკოლას ვამთავრებდი, ოქროს მედალი უნდა ამეღო. ჭადრაკში კი სპორტის ოსტატი გავხდი და საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა შორის პირველობა მოვიპოვე. ამასთან ერთად, ისიც მახარებდა, რომ ქეთის დავუახლოვდი. ვამჩნევდი, რომ მოვწონდი და ცდილობდა, ჩემ გვერდით დიდი დრო გაეტარებინა. რამდენიმეჯერ კინოშიც ვიყავით ერთად. ასეთი რამ კი იმ ეპოქისთვის ბევრს ნიშნავდა და ამ ყველაფრის კულმინაცია ის იყო, რომ სკოლის გამოსაშვებ საღამოზე ქეთის სიყვარულში გამოვუტყდი.

სკოლაში მეორე გამოცდა რომ ჩავაბარეთ, ქეთის ორი ბილეთი ვაჩვენე და ვუთხარი:

– რუსთაველის თეატრში „საბრალდებო დასკვნა“ გადის. რვა საათზე იწყება და წავიდეთ, თუ, რა თქმა უნდა, გცალია.

– მცალია. წავიდეთ.

– მაშინ, ექვს საათზე ვაკეში მომაკითხე, მამიდაჩემთან. ჩემი მამიდაშვილი უნდა ვამეცადინო და იქიდან წავიდეთ, – მითხრა ქეთიმ და წავიდა.

ვაკის „ვოიაჟი“ ჩემთვის საბედისწერო აღმოჩნდა. როდესაც ქეთის მივაკითხე და თეატრისკენ დავიძარით, უნივერსიტეტთან „ვასკა ვაკელს“ გადავეყარეთ. მას უტიფრად ჰყავდა გაჩერებული ტროტუარზე „მამიკოს“ „ვოლგა“. ტყავებში „ჩასმულ“ „სიძენიაზე“ ფეხი ჰქონდა შემოდებული და აშკარა იყო, რომ „გვისადკავებდა“. მანქანაში ორი „პიჟონიც“ იჯდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი დამცირების მიზნით, იმ კრეტინმა ქეთის გასეირნება შესთავაზა. უარი რომ მიიღო, აქცენტი ჩემზე გადმოიტანა, ვითომ იმ წამს შემამჩნია და მითხრა:

– ვა, „შახმატისტ“! „სინიაკებმა“ გაგიარა? გინდა, კიდევ დაგადო „ფანარები“.

ერთი კი ვუთხარი, – გაგვეცალე-მეთქი, მაგრამ, როდესაც ქეთის მაჯაში ჩაავლო ხელი და „ვოლგაში“ შეგდებას უპირებდა, ისეთი „ბაკავოი“ „ვხიე“ მარჯვენა ყბაში, რომ იქვე მიითიშა. დანარჩენი ორიც იქვე მივთიშე და რუსთაველის თეატრისკენ გავაგრძელეთ გზა. მაგრამ სასტუმრო „საქართველოსთან“ სამძებროს „ბიჭებმა“ დამაკავეს და „კალინინის რაიონის მილიციაში წამიყვანეს, ძნელაძის ქუჩაზე. „საბრალდებო დასკვნას“ ვერ დავესწარით, მაგრამ საბრალდებო დასკვნა ციხეში ჩამაბარეს. ოთხწლიანი სასჯელი მქონდა გამოტანილი, „ვასკა ვაკელისთვის“ ყბის მოტეხვისა და ტვინის მძიმე შერყევისთვის და მისი ამფსონებისთვის ტვინის შერყევისთვის. ჟოჟომ ქვეყნის ფული ჩაყარა, რომ მაქსიმალური „სროკი“ მოეცათ ჩემთვის, თუმცა დამნაშავე არ ვყოფილვარ და მაქსიმუმ, პირობითი სასჯელი თუ მეკუთვნოდა. არ გაჭრა, არც ჩემმა „ოქროს მედალმა“, რომლის აღებაც არ მეღირსა, არც ჩემმა სპორტის ოსტატობამ და საკავშირო ჩემპიონობამ, არც ქეთის ჩვენებამ, არც ცნობილი ადამიანების თავდებამ. ეგ კი არადა, მექრთამე მოსამართლემ ეს უკანონო 4 წელიც დამამადლა და მითხრა: არასრულწლოვნებამ გადაგარჩინა, თორემ 10 წელიწადზე ნაკლები არ გეკუთვნოდაო.

ციხეში ვიჯექი. „მალალეტკების ზონაში“ გადაყვანას ველოდებოდი, როდესაც კორპუსის ზედამხედველმა, რომელიც ჩემთან შედარებით კარგად იყო, საკნიდან გამიყვანა და მითხრა:

– მაზეგ ეტაპია ავჭალის „მალალეტკებში“ და ცუდ რაღაცას გიმზადებენ და გაფრთხილდი.

მართალია, სულ რაღაც 16 წლის ვიყავი, მაგრამ ციხეში ჯდომის ბოლო სამმა თვემ ცხოვრებისეული გამოცდილება შემძინა და ბევრი რამ მასწავლა. სულიერად გამაძლიერა. შინაგანად ვგრძნობდი, რომ მართალი კაცი არ გავიწირებოდი.

საკანში რომ დავბრუნდი, ბიჭებს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. ჩემგან განსხვავებით, მათ კარგად იცოდნენ, თუ რა საშინელ ატმოსფეროში უნდა მოვხვედრილიყავი. მით უმეტეს, როდესაც ჩემს გაფუჭებაში დიდი ფული იყო გადახდილი. ამიტომ, ზოგი რას მთავაზობდა და ზოგი რას.

რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ახლოვდებოდა ჩემი „მალალეტკებში“ ეტაპირების დრო. საღამოს 6 საათი იყო. ეტაპირება დილის 9 საათზე ხდებოდა და ჯოჯოხეთის გზის დასაწყისამდე 15 საათი მრჩებოდა. ამ დროს საკნის კარი გაიღო და ზედამხედველმა გარეთ გამიხმო. მას არაფერი უთქვამს. უხმოდ მივდიოდით და მხოლოდ ჟესტებით მანიშნებდა, რა გამეკეთებინა. ათიოდე წუთის შემდეგ უკვე ციხის სხვა კორპუსში ვიმყოფებოდით. ერთ-ერთ საკანთან შევჩერდით და ზედამხედველმა მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა და მითხრა:

– შედი. გელოდებიან.

– გამიღე და შევალ, – ვთქვი მე. მას კი გაეღიმა და მითხრა:

– შედი, ღიაა.

საკნის კარი ფრთხილად შევაღე. ნელი ნაბიჯით შევედი და ზღურბლზე ერთი ნაბიჯი რომ გადავდგი, შევჩერდი. იქაურობა შევათვალიერე და მივხვდი, რომ ქურდულ „კამერაში“ ვიმყოფებოდი. საკანში დიდი, საზღვარგარეთული ფერადი ტელევიზორი იდგა. ციხისთვის უჩეულო სისუფთავე სუფევდა. სუფრაზე სხვადასხვა ძვირფასი პროდუქტი ელაგა და შავი ფერის ციხის მაგიდა ქურდული ვარსკვლავებით იყო კუსტარულად ინკრუსტირებული. საკანში ძვირფასი ამერიკული სიგარეტების არომატი იდგა. სიღრმიდან კი რვა წყვილი თვალი ცნობისმოყვარეობით მადევნებდა თვალს. ციხეში ყოფნის მეოთხე თვეს ვასრულებდი. ასეთმა კონტრასტმა, ცოტა არ იყოს, მომნუსხა და გაუნძრევლად ვიდექი. მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე, როდესაც ზედამხედველმა საკნის კარი მიხურა.

– შემოდი. რა კართან დგახარ, – მომესმა ბოხი ხმა. საკნის სიღრმიდან შუა ხნის მამაკაცი გამოვიდა და მაგიდას მიუჯდა.

ადგილიდან დავიძარი. მაგიდასთან შევჩერდი და ვთქვი:

– გამარჯობა!

„ნარებზე“ მსხდომთაგან ზოგმა „პრივეტი“ მითხრა, ზოგმა – სალამი, ზოგმა – გამარჯობა და ზოგმაც ხელი ამიწია. მაგიდასთან მჯდომმა კი, რომელმაც ქართული გამარჯობით მიპასუხა, ხელი სკამისკენ მიმითითა და დაამატა:

– დაჯექი.

დავჯექი. მაგიდასთან მჯდომმა შემათვალიერა და მითხრა:

– ესე იგი, შენ ხარ კოტე ჩადუნელი?

– დიახ. მე ვარ, – ვუპასუხე. მან კი ხელი გამომიწოდა და თქვა:

– ვიცნობდეთ ერთმანეთს, მე ლადო გორგილაძე ვარ.

ლადო გორგილაძე, იგივე „ლადიკა“ ცნობილი კანონიერი ქურდი იყო და ციხის მაყურებლის სტატუსი ჰქონდა. მას მე ხელი ჩამოვართვი და ვუთხარი:

– სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ძია ლადო.

– აბა, ერთი მოგვიყევი, რის გამო მოხვდი აქ.

„ლადიკას“ ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და არც პრეისტორია გამომრჩენია. ბოლოს კი ზედამხედველის ნათქვამიც ვუთხარი და ასე დავამთავრე:

– ხვალ, დილის ცხრა საათზე ავჭალის „მალალეტკებში“ მიშვებენ ეტაპით.

– მერე, რას აპირებ, ზონაზე რომ შეხვალ? – მკითხა ლადიკამ.

– ზუსტად არ ვიცი – ახლა მომისმინე, ძმაო, აქ იმიტომ დაგიძახეთ, რომ შენს ამბავზე გელაპარაკოთ. „მალალეტკებში“ რომ შეგიყვანენ, ტყუილად ვერავინ ვერაფერს გეტყვის და ამის გარანტიას მე გაძლევ. ოღონდ, ერთი პირობით, კაცურად უნდა იჯდე იქ და არაფერი შეგეშალოს. ჭკვიანი და ზრდილობიანი ბიჭი ჩანხარ და იმედია, ყველაფერს მალევე აუღებ ალღოს. აი, ძმაო, სულ ესაა. დანარჩენი კი შენ იცი. მშვიდობიან გზასა და ბედს გისურვებ. ახლა კი შეგიძლია, წახვიდე. ნახვამდის!

– გმადლობთ, ნახვამდის! – ვთქვი და საკნიდან გავედი. საკანში რომ დავბრუნდი, ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს და არც მე მითქვამს არაფერი. დილით კი ყველას გამოვემშვიდობე და საბადრაგო მანქანამ ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში წამიყვანა.

როგორც ლადიკა შემპირდა, „მალალეტკებში“ ჩემი ძალადობით „გაფუჭების“ უმცირესი მცდელობაც კი არ ყოფილა. კოლონიის უფროსი კი სამჯერ პირისპირ მესაუბრა და მნიშვნელოვანი შეღავათების სანაცვლოდ თანამშრომლობა და აქტივისტობა შემომთავაზა, მაგრამ სამივეჯერ უარი მიიღო და მეოთხედ აღარც კი უცდია. ავჭალის კოლონიაში წელიწად-ნახევარი გავატარე და ამ ხნის განმავლობაში არც პატიმრებისთვის და არც კოლონიის თანამშრომლებისთვის მცირედი საბაბიც არ მიმიცია საპრეტენზიოდ. აქტივისტებთან და დაშვებულებთან არ ვურთიერთობდი და ისინი ცალკე ცხოვრობდნენ. დანარჩენებს კი მშვენივრად ვეწყობოდი და უმეტეს მათგანს ჭადრაკის თამაში ვასწავლე. ზონის ჩემპიონატიც კი ჩავატარე და შემდგომში ეს ტრადიციადაც დამკვიდრდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი