რომანი და დეტექტივი

მეორე გონგი

№50

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 25.12, 2022 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #46-49 (1145)

– მაგრამ რამდენიმე კვირის წინათ ანდერძში დამატება შეიტანა. დიანა ზემოთ ნახსენებ წილს კვლავაც მიიღებს, ოღონდ იმ პირობით, თუ მისტერ ბარლინგს გაჰყვება ცოლად. თუკი სხვას აირჩევს, ყველაფერი ჰარი დეილჰაუსს, ჰუბერტის დისშვილს დარჩება...

– და თქვენმა ქმარმა ეს დამატება რამდენიმე კვირის წინათ შეიტანა. შესაძლოა, მადმუაზელმა არც იცოდა, – ჩაილაპარაკა პუარომ და ნაბიჯი წინ გადადგა, – მადმუაზელ დიანა, გინდათ კაპიტან მარშალს გაჰყვეთ ცოლად?

დიანამ ოთახი გადაჭრა და მარშალის ღონიერ ხელს ზემოდან თავისი დაადო.

– განაგრძეთ, – თქვა მან.

– მადმუაზელ, ახლა მე ბრალს წაგიყენებთ. თქვენ კაპიტანი მარშალი გიყვარდათ. იმავდროულად, ფულიც გიყვარდათ. თქვენი მამობილი არასოდეს დაგთანხმდებოდათ, რომ კაპიტან მარშალს გაჰყოლოდით ცოლად, მაგრამ თუ ის მოკვდებოდა, დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერს მიიღებდით. თქვენ სახლიდან გახვედით და ყვავილნარის გავლით გაღებულ ფანჯარასთან მიხვედით. თან გქონდათ მამობილის საწერი მაგიდის უჯრიდან წინასწარ აღებული პისტოლეტი. კაბინეტში ფანჯრიდან შეხვედით და მოხუცს თავაზიანი საუბარი გაუბით. შემდეგ ესროლეთ, პისტოლეტი გაწმინდეთ, მის ტარზე მოკლულის თითები მიაჭირეთ და იარაღი იატაკზე დააგდეთ, უკან გადაძვერით და ფანჯარა მანამ აჯანჯღარეთ, სანამ ურდული არ ჩამოვარდა. ბოლოს სახლში შეხვედით. ასე მოხდა? გეკითხებით, მადმუაზელ, ასე მოხდა?

– არა! – შესძახა დიანამ, – არა... არა!

პუარომ ქალიშვილს შეხედა და გაიღიმა.

– არა, – თქვა მან, – ასე არ მომხდარა. შესაძლოა მომხდარიყო... შესაძლოა, თუმცა ორი მიზეზით ვერ მოხდებოდა. პირველი მიზეზი ის არის, რომ ასტრები შვიდ საათზე დაკრიფეთ, მეორე კი მადმუაზელმა მიკარნახა, – პუარო ჯოანასკენ მიტრიალდა, რომელიც გაოცებით მისჩერებოდა და გასამხნევებლად თავი დაუქნია.

– დიახ, მადმუაზელ. თქვენ თქვით, რომ ქვევით მიიჩქაროდით, ვინაიდან გეგონათ, რომ მეორე გონგის ხმა გაიგონეთ, მაშასადამე, პირველი მანამდე გაისმა.

პუარომ სწრაფად მოავლო თვალი ოთახში მყოფთ.

– ნუთუ ვერ ხვდებით, რას ნიშნავს ეს? – იკითხა მან, – ვერ ხვდებით? შეხედეთ! შეხედეთ! – ის სავარძელთან მივიდა, რომელშიც საღამოს მისტერ ლიჩემ როში იჯდა, – გახსოვთ გვამის მდებარეობა? სერ ჰუბერტი მაგიდის გვერდით იჯდა, სახით ფანჯრისკენ. დაჯდება კი ასე ადამიანი, რომელსაც თავის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი?

ის მაგიდას მიუჯდებოდა, დაწერდა ბოლო სიტყვას: „მაპატიე“, დაიხრებოდა, უჯრას გამოსწევდა, პისტოლეტს ამოიღებდა, საფეთქელზე მიიბჯენდა და გაისროდა. ასე იკლავენ თავს! ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ეს თვითმკვლელობა არაა. ლიჩემ როში მაგიდასთან ზის, მკვლელი მის გვერდით დგას, ისინი საუბრობენ. მკვლელი ისვრის. სად მიფრინავს ტყვია ამ შემთხვევაში? – პუარო წამით გაჩუმდა, – ის ლიჩემ როშის თავს გაივლის, გაღებულ კარში გავა და პირდაპირ გონგს მოხვდება. ახლა თუ ხვდებით? სწორედ ეს იყო პირველი დარტყმა, რომელიც მხოლოდ მადმუაზელმა გაიგონა, ვინაიდან მისი ოთახი კიბესთან ყველაზე ახლოსაა. რას აკეთებს მკვლელი? კეტავს კარს, გასაღებს მოკლულის ჯიბეში დებს, სავარძელს შეატრიალებს და სრული სურათის შესაქმნელად სარკეს ამტვრევს, სხვაგვარად რომ ვთქვათ,

თვითმკვლელობის ინსცენირებას აწყობს. შემდეგ ფანჯრიდან გადადის, კეტავს და მიდის, ოღონდ არა ბალახის გავლით, რომელზეც შესაძლოა კვალი დარჩეს, არამედ ყვავილნარზე. ცხრის თორმეტ წუთზე სახლში სასტუმრო ოთახის ფანჯრიდან ბრუნდება, სადაც არავინაა, რევოლვერს ბაღში ჰაერში ისვრის და ჰოლში გადის. თქვენ ხომ სწორედ ასე მოიქეცით, მისტერ ჯეფრი კინ?

მდივანი მონუსხულივით შეჰყურებდა ბრალმდებელს. უეცრად გაუგებარი ბგერები აღმოხდა და უგონოდ დაეცა იატაკზე.

– ვფიქრობ, ყველაფერზე გიპასუხეთ, – თქვა პუარომ.

– კაპიტანო მარშალ, პოლიციაში ხომ არ დარეკავთ?

– ჯეფრი კინი?! – ჩაილაპარაკა დიანამ, – მაგრამ რა მოტივი ჰქონდა?

– როგორც მდივანს, სავარაუდოდ, ხელი მიუწვდებოდა ანგარიშებსა და ჩეკებზე. რაღაც მომენტში მისტერ ლიჩემ როშს ეჭვი გაუჩნდა მასზე და მე მიხმო.

– რატომ თქვენ და არა პოლიცია?

– ვფიქრობ, მადმუაზელ, თვითონაც შეგიძლიათ პასუხის გაცემა ამ შეკითხვაზე. მესიემ დაასკვნა, რომ თქვენსა და ამ ახალგაზრდა კაცს შორის სერიოზული ურთიერთობა ყალიბდებოდა. თქვენ ხომ ხაზგასმით ეკეკლუცებოდით მისტერ კინს კაპიტან მარშალისგან ყურადღების გადასატანად. დიახ, ამის უარყოფა არც სცადოთ! მისტერ კინმა შეიტყო, რომ უნდა ჩამოვსულიყავი და იძულებული გახდა, სწრაფად ემოქმედა. მისი გეგმით, საქმე ისე უნდა წარმოეჩინა, თითქოს დანაშაული 8:12-ზე მოხდა, ანუ იმ მომენტში, როცა ალიბი ჰქონდა. ერთადერთი სამხილი ტყვია თუ იქნებოდა, რომელიც იატაკზე ეგდო გონგთან, ვინაიდან დრო არ ჰქონდა მის მოსაძებნად. მისტერ კინმა ტყვია მაშინ აიღო, როდესაც ჩვენ კაბინეტისკენ გავემართეთ – ყველანი ძალზე ვღელავდით და ეგონა, ვერ შევამჩნევდით, როგორ დაიხრებოდა. მაგრამ მე შევამჩნიე! ერკიულ პუარო ყველაფერს ამჩნევს. მოგვიანებით შევეკითხე, რა აიღე-მეთქი. ცდილობდა თავი დაეძვრინა. მიპასუხა, რომ თქვენი ვარდის ასაღებად დაიხარა, ვითომ შეყვარებული იყო და სატრფოს დაცვა სურდა. ჭკვიანურად მოიქცა. თქვენ რომ არ გეთქვათ, ასტრები დავკრიფეო...

– ვერ ვხვდები, რა შუაშია ასტრები.

– მართლა? მომისმინეთ! ღამით ყვავილნარზე თქვენი ფეხსაცმლის ოთხი ნაკვალევი აღმოვაჩინე, არადა, რადგან ყვავილებს აგროვებდით, მეტი უნდა ყოფილიყო. მაშასადამე, ვიღაცამ მიწა მოასწორა მას შემდეგ, რაც ასტრები დაკრიფეთ, ოღონდ მანამ, სანამ ვარდის მოსაწყვეტად დაბრუნდებოდით. ცხადია, ეს მებაღე ვერ იქნებოდა – არც ერთი მებაღე არ მუშაობს შვიდი საათის შემდეგ. არა, მიწა ვიღაც სხვამ მოასწორა, მან, ვისაც საკუთარი ნაკვალევის წაშლა სურდა. ეს მკვლელმა გააკეთა, რომელმაც დანაშაული მანამ ჩაიდინა, სანამ მეორე გასროლა გაისმა.

– მაგრამ რატომ ვერავინ გაიგონა პირველი გასროლა?

– იკითხა ჰარიმ.

– მაყუჩი. მასაც მიაგნებენ და რევოლვერსაც, რომლებიც მკვლელმა ბუჩქებში გადააგდო.

– ეს ხომ დიდი რისკი იყო!

– რატომ იყო რისკი? ყველანი მაღლა ავიდნენ სადილობისთვის ტანსაცმლის გამოსაცვლელად. ამაზე კარგ მომენტს ვერც ინატრებდა. ერთადერთი სირთულე ტყვიის დროულად თავიდან მოშორება იყო და მან, მისი აზრით, ეს პრობლემაც მოაგვარა. სარკის ქვეშ დააგდო, სანამ მე და მისტერ დეილჰაუსი ფანჯარას ვათვალიერებდით.

– ოჰ! – შესძახა დიანამ და მარშალს მიუბრუნდა, – დავქორწინდეთ, ჯონ, და აქედან წამიყვანე.

ბარლინგმა ჩაახველა.

– ძვირფასო დიანა, ჩემი მეგობრის ანდერძის თანახმად...

– ეს არ მადარდებს! – შესძახა ქალიშვილმა, – თუ დაგვჭირდა, ტროტუარებს მოვხატავთ ცარცით.

– ამის გაკეთება არ დაგჭირდებათ, – უთხრა ჰარიმ, – ყველაფერს შუაზე გავიყოფთ. არ მინდა იმით ვისარგებლო, რომ ბიძაჩემს თავში ყველაფერი რიგზე არ ჰქონდა.

მოულოდნელად მისის ლიჩემ როშმა შეჰყვირა და წამოხტა.

– მესიე პუარო... სარკე...სარკის გატეხას უბედურება მოაქვს!

– დიახ, და მისტერ ჯეფრი კინს მან უბედურება მოუტანა კიდეც.

თარგმნა ნინო წულუკიძემ


მსგავსი სიახლეები

დეტექტივი
მეორე გონგი

20:00 04.12, 2022 წელი

დეტექტივი
მეორე გონგი

20:00 11.12, 2022 წელი

დეტექტივი
მეორე გონგი

20:00 18.12, 2022 წელი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი