რომანი და დეტექტივი

ბედნიერების ფორმულა

№7

ავტორი: ბაია თაბაგარი 20:00 26.02, 2021 წელი

ბედნიერების ფორმულა
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #5-6(1050)

ერთხელაც, სარკეში რომ ჩაიხედა და საფეთქელთან რამდენიმე ღერი ჭაღარა დაინახა (სხვათა შორის, სწორედ იმ დღეს შეუსრულდა 37 წელი), უცებ ყველა იმედი გადაეწურა და გადაწყვიტა, ერთი ნახვით სიყვარულის ძებნისთვის თავი დაენებებინა. ჩემი ხნის ქვა აღარ დაგორავს და რაღა დროს გოგოს ძებნააო. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ზუსტად ორი დღის შემდეგ ბავშვობის მეგობარმა, თომამ დაპატიჟა დაბადების დღეზე:

– ამ საღამოს ჩემთან მოდი, ერთად ვივახშმოთ.

– სახლში? – გაუკვირდა დემნას.

– ჰო. რესტორნის ნერვი არ მაქვს. ჩვენიანად სულ ათნი ვიქნებით. ჩავუსხდეთ, გავერთოთ, ვისიამოვნოთ ძველებურად, ყოველგვარი დამკვრელებისა და მეზობელ სუფრებზე გადაპატიჟებების გარეშე.

– გოგოები იქნებიან?

თომას ეშმაკურად გაეღიმა:

– იქნებიან. სამნი ან ოთხნი, სულ ჩვენები, ერთის გარდა. ის ერთი ჩემს გასაცნობად უნდა მოიყვანონ რუსამ და ქეთამ, ანუ, ვიღაცას მირიგებენ. ბევრი ვიფიქრე და დავთანხმდი. რატომაც არა?! ხომ მოხვალ? არ გაინტერესებს, ვის გამაცნობენ? თუ მომეწონა, იცოდე, მეჯვარე შენ იქნები.

– რა თქმა უნდა, მაინტერესებს და მოვალ კიდეც. შენ მაინც ეწიე ბედს.

– არ დაიგვიანო, იცოდე. პატარა ბიჭივით ვნერვიულობ და გვერდით მინდა, მყავდე.

– კარგი.

– არა, ერთი საათით ადრე მოდი, ასე მირჩევნია.

– კარგი.

⚛⚛⚛

დემნამ ერთი საათით ადრე მისვლის ნაცვლად ორი საათით დააგვიანა. თომამ რეკვით აიკლო მისი მობილური, მაგრამ დემნას დაუგეგმავი ოპერაციის გაკეთება მოუწია და ვერაფრით ვერ მოახერხა დროულად მისვლა.

თომამ კარი რომ გაუღო, დემნამ ხელში საჩუქარი მიაჩეჩა, სტანდარტული ტექსტით მიულოცა და ინტერესით შეიჭყიტა ოთახში, სადაც სტუმრები უკვე დაწყვილებულები ცეკვავდნენ იმპროვიზებულ როკენროლს. სიგარეტის კვამლში სახეები ვერ გაარჩია და ღიმილით ჰკითხა მასპინძელს:

– მოგიყვანეს საცოლე?

– ჰო.

– მერე, როგორაა საქმე?

– რა ვიცი, ბიჭო, ცუდი გოგო არ არის, მაგრამ, ასე ერთი შეხედვით რა უნდა გადავწყვიტო. ჯერ წესიერად უნდა გავიცნო. მერე, თუ დამევასა, პაემნები, კაფე, რესტორანი, თან საუბრები, ოჯახების გაცნობა, რამე... მერე კი მოვიფიქრებ. მოკლედ, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, რა!

– თვითონ თუ მოეწონე?

– აზრზე არა ვარ. ისე, ძალიან თავაზიანად ეჭირა თავი, კონკრეტულად კი არაფერი უგრძნობინებია.

– ესე იგი, არ გამოვიდა გარიგება.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ამდენს მსჯელობ.

– ხო, რა ვიცი, არ გავგიჟებულვარ.

ოთახში სულ ოთხი გოგო ცეკვავდა, რომელთაგან დემნა სამს იცნობდა, ამიტომ იმ მეოთხეს, უცნობს შეხედა უინტერესოდ. მაგრამ, დაინახა თუ არა მისი სახე (ანუ სანამ პირადად გაიცნობდა), გული გაუჩერდა, მთელი სხეული გაუქვავდა და ნაბიჯი ვეღარ გადადგა. აღარ ახსოვს, რამდენ ხანს იყო ასე, მერე უცებ გამოერკვა და თომას არეულ-დარეულად უთხრა:

– შენ ეს გოგო არ მოგწონს, არც მას მოსწონხარ და მასზე ნუღარ იფიქრებ. ის შენ არ გამოგადგება.

– რატომ? – მართლა ძალიან გაუკვირდა თომას, თუმცა ამ გოგოსთან დაკავშირებით დიდი გეგმები ნამდვილად არ ჰქონია.

– იმიტომ, რომ მე მას მთელი ცხოვრება ვეძებდი. მაქსიმუმ ორ დღეში ის ჩემი ცოლი გახდება და ჩვენს ქორწილში შენ იქნები მეჯვარე. თანახმა ხარ? ხომ არ გეწყინება?

– კი ბატონო... – ამოილუღლუღა დაბნეულმა თომამ, მხრები აიჩეჩა და გაიფიქრა: ერთი ჩვეულებრივი გოგოა. გასაგებია, რომ სიმპათიურია და კარგად ცეკვავს, მაგრამ ეს ბიჭი ასე რამ გადარია! ჰყავდეს, თუკი მართლა მოეწონაო. მერე კი დემნას მიუბრუნდა და, ცოტა არ იყოს, გაოცებულმა უთხრა: – წამოდი, გაგაცნობ.

მაგრამ დემნა უკვე გოგოსკენ მიემართებოდა. მივიდა, ხელი ჩაჰკიდა, უცერემონიოდ მიიყვანა ფანჯარასთან (რითაც გაოგნებული დატოვა გოგოსთან მოცეკვავე თავისივე ძმაკაცი სანდრო) და პირდაპირ უთხრა:

– მე დემნა ვარ. მთელი ცხოვრება შენ გეძებ. მიყვარხარ. გამომყევი ცოლად!

ამ სიტყვების თქმისას დემნა ისეთი თამამი და გულწრფელი იყო, თან ისეთი ხმამაღალი, რომ ცოტათი თვითონაც გაუკვირდა, იქ მყოფთაგან კი აბსოლუტურად ყველამ პირი დააღო. მათ ჯერ გაოცებით შეხედეს, მერე კი იფიქრეს, ეს ჩვენი მეგობარი, ეტყობა, მაგარი მთვრალიაო და შემწყნარებლურად გაიცინეს. მხოლოდ სანდრო მივიდა დემნასთან ახლოს და ყურში ჩასჩურჩულა:

– შენ ახლა მთვრალი ხარ და მოუკრეფავში გადახვედი, ამიტომაც არავინ არაფერს გეტყვის, მაგრამ იცოდე, ეს გოგო სპეციალურად მოვიყვანეთ თომასთან...

– ვიცი, თომასთან საქმე უკვე მოვაგვარე, – არცთუ ჩუმად უპასუხა დემნამ, რითაც კიდევ უფრო მეტად გააოცა სტუმრები. მერე სანდრო მსუბუქი ბიძგით მოიშორა, ისევ უცნობ გოგოს მიუბრუნდა და დაძაბული სახით გაუმეორა კითხვა:

– გამომყები ცოლად?

გაოგნებულმა გოგომ დემნა აათვალიერ-ჩაათვალიერა და, და თვალებში რომ შეხედა, რაღაც ისეთი თბილი და ახლობელი დაინახა, მთელი ცხოვრება რომ ელოდა. უცნობი ბიჭისგან (თუმცა რაღა ბიჭია 37 წლის კაცი და, სხვათა შორის, არც თვითონ იყო „მალალეტკა“) ასე მოულოდნელად, უცერემონიოდ და, უნდა ითქვას, ორიგინალურად სიყვარულის ახსნამ და ხელის თხოვნამ (თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ არცთუ ორიგინალური სიტყვებით) გოგოზე მართლაც მოახდინა ეფექტი. ანთებულმა თვალებმა, გულწრფელმა ტონმა და კაცის მთელ ჰაბიტუსში თავისიანის შეცნობამ წამში გადააწყვეტინა პასუხი, უფრო სწორად, კითხვა, რომელიც შემდგომ პასუხით დაგვირგვინდა:

– ახლავე? – ჰკითხა თვალებგაფართოებულმა.

– ჰო, ამწამსვე.

– კარგი, გავხდები შენი ცოლი. მგონი, მეც უკვე მიყვარხარ.

– მაშინ, ახლავე წავიდეთ ჩემთან.

– წავიდეთ.

მერე მათ ხელი ჩაჰკიდეს ერთმანეთს და მართლაც წავიდნენ.

რამდენიმეკაციანმა საზოგადოებამ, რომელიც მათ გარშემო იყო შეგროვილი და მდუმარე აქციასავით ხმის ამოუღებლად ადევნებდა თვალს ახალგაზრდა ქალსა და მამაკაცს და ყურს უგდებდა მათ ხანმოკლე დიალოგს, ამ დიალოგის მოულოდნელი დასასრულის გაგონებისას ერთმანეთს ნელა, ზუსტად ისე, როგორც კინოფილმებში აჩვენებენ ხოლმე შენელებულ კადრებს, ერთმანეთს შეხედეს და მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ, როცა მიხვდნენ, რაც მოხდა, ზოგმა ოთახის კარში მდგარ თომას გახედა, ზოგმა დაუსტვინა, ზოგმა ამოიქშინა, ზოგმაც შორისდებულების ვარიაციები ამოუშვა პირიდან, ბოლოს კი ყველამ ერთად დაუკრა ტაში. ვიღაცამ შამპანურის ახალი ბოთლი გახსნა, ფუჟერები შეავსო და ნეფე-პატარძალი წინასწარ ადღეგრძელა. ყველას უკვირდა, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებით აქტიურობდა თომა, რომელიც, მეგობრების ჩანაფიქრის მიხედვით, იმ საღამოს ის უნდა გამხდარიყო პოტენციური ნეფე. თუმცა, ნათქვამია, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო.

⚛⚛⚛

ასე მოულოდნელად გამხდარმა საცოლემ და საქმრომ მთელი გზა თითქმის ჩუმად გალიეს. მიდიოდნენ ხან ჩახუტებულები, ერთმანეთზე მთელი სხეულით აკრულები, ხან კი პატარა ბავშვებივით ხელჩაკიდებულები, დროდადრო შედგებოდნენ, თვალებში შეხედავდნენ ერთმანეთს, რამდენიმე წუთს ასე იდგნენ, მერე კაცი ქალს ბედნიერებისგან მინაბულ თვალებზე ჰკოცნიდა ფრთხილად, ძალიან ფრთხილად, თითქოს ეშინია, არ გამოვაფხიზლოო, თმაზე ხელს გადაუსვამდა; მერე ორივე ხელს მხრებზე მოჰხვევდა და ძალიან-ძალიან იკრავდა გულში. ბოლოს კი ისევ ხელიხელჩაკიდებულები განაგრძობდნენ გზას.

ბიჭის სახლს რომ მიუახლოვდნენ, გოგომ მისი ხელები ლოყებზე მიიდო, ისევ თვალებში შეხედა და უთხრა:

– იცი, ახლა, სანამ მოვდიოდით, რას მივხვდი?

– რომ გიყვარვარ? – გაეღიმა დემნას.

– მაგის გარდა. მივხვდი, რომ ადამიანის სხეულის მთავარი ნაწილები თვალები და ხელებია: თვალებით აბსოლუტურად ყველაფერს გააგებინებ, ეტყვი, აგრძნობინებ მეორე ადამიანს, ხელები კი არის შენი შინაგანი განწყობის, ენერგეტიკის გამტარი და გადამცემი.

– მაგალითად?

– მაგალითად, შენ ამ მოკლე გზის გამოვლის განმავლობაში, იმდენჯერ ამიხსენი სიყვარული თვალებით და იმდენჯერ ამავსე შენი სითბოთი ხელებით, რომ, ალბათ, მთელი სიცოცხლე მეყოფა.

მათ ისევ ძალიან ფრთხილად აკოცეს ერთმანეთს და მერე დემნამ უთხრა:

– ახლა კი ჩვენს სახლში უნდა მიგიყვანო.

– ჩვენს სახლში?

– ჰო.

მათ ერთმანეთს ხელი მაგრად ჩაჰკიდეს და კიბეებს აუყვნენ. ბინის კართან შეჩერდნენ, ერთმანეთს ღიმილით შეხედეს, ღრმად ჩაისუნთქ-ამოისუნთქეს და დემნამ სამჯერ დარეკა ზარი. კარი დედამისმა გააღო, ქალბატონმა თინათინმა. მის უკან ჭაღარა, სათვალიანი მამაკაცი იდგა, დემნას მამა, ბატონი ერეკლე – როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა კარის გაღება, მაგრამ ცოლმა დაასწრო, რის გამოც სახეზე ცოტა უკმაყოფილო გამომეტყველება ჰქონდა აღბეჭდილი.

თინათინმა კარი რომ გააღო და შვილი დაინახა, თვალები გაუბრწყინდა, თეატრალურად შემოჰკრა ტაში და გახარებულმა წამოიყვირა:

– დიდება შენს გამოჩენას! კიდევ კარგი, გაგახსენდა, სახლი რომ გაქვს და მშობლები გელოდებიან!

მამას არაფერი უთქვამს, უბრალოდ, მაშინვე დაეტყო სახეზე, რომ შვილის დანახვა გაუხარდა, მაგრამ დემნას გვერდით უცებ უცხო ადამიანი შენიშნა და ცოლს მალულად გაჰკრა მუჯლუგუნი – ემოციები დაიოკეო. ქალიც მაშინვე გაჩუმდა და მოვლენების განვითარებას დაელოდა.

დემნამ ისარგებლა ამ წამიერი დუმილით, ჯერ თვითონ შევიდა სახლში, მერე ხელჩაკიდებული გოგო შეიყვანა და მშობლების წინ ყურებამდე გაღიმებული გაჩერდა.

„ასე ბავშვობაში იცოდა ხოლმე, როცა რამე სიურპრიზს გვიკეთებდა. ამხელა კაცია, ცნობილი ქირურგი, კათედრის გამგე, პროფესორობას აღარაფერი უკლია და ისევ პატარა ბავშვივით იქცევა“, – გულში ჩაეღიმა მამას და თითქოს რაღაცას მიხვდა.

– უი, დედიკო, სტუმარი მოიყვანე? – თინათინმა სახეზე თავაზიანი მასპინძლის ღიმილი დაიფინა, – მერე, რატომ არ დამირეკე? რამე განსაკუთრებულს მოვამზადებდი! – დედას აშკარად გაუხარდა, რომ შვილის გვერდით სიმპათიური გოგო დაინახა.

– დედა, მამა, გაიცანით ჩემი საცოლე!

– მე მელანო ვარ, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, – და გოგომ ჯერ სადედამთილოს გაუწოდა ხელი, მერე კი სამამამთილოს.

დემნამ, უცებ ხელი ჩამოართვა მელანოს, ფეხი ფეხს მიადგა და ოფიციალურად გაეცნო, თან ამ ყველაფერს ხუმრობის სახე მისცა: – მე დემნა ჩიქოვანი ვარ, ქირურგი, ამ ორი გადასარევი ადამიანის ერთადერთი იმედი და თვალის ჩინი. დანარჩენს კი: ჩემს რეგალიებს, ჩვენს წინაპრებს და ჩვენი ოჯახისა და გვარის ისტორიასა და ღირსებებს ბატონი ერეკლე გაგაცნობს. რაც შეეხება შენს გვარს, ოჯახს, პროფესიასა და ყველაფერ დანარჩენს, ისე დაწვრილებით გაამბობინებს ქალბატონი თინათინი, თავადვე გაგიკვირდება. შესაბამისად, ჩემი ცოდნაც გამდიდრდება შენ შესახებ ინფორმაციით, რადგან შენზე საერთოდ არაფერი ვიცი, თუმცა, სიმართლე რომ გითხრა, დიდად არც მაინტერესებს, იმ გაგებით, რომ ჩემთვის აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა არც შენს გვარს, არც წარმომავლობას, არც პროფესიას, არც მშობლების სტატუსს, არც შენს პირად წარსულს, არც სიმდიდრესა თუ სიღარიბეს, არც წრეს – ერთი სიტყვით, არაფერს, გარდა ერთისა: მე შენ გიპოვე ამდენი წლის ძებნის შემდეგ, შენ საკუთარი სურვილით დამთანხმდი ცოლობაზე, ახლა ჩემს ოჯახში, ჩემ გვერდით დგახარ და ასე მაგრად გაქვს ჩემთვის ხელი ჩაკიდებული, – მერე დედ-მამას შეხედა და ღიმილით შეახსენა: – კიდევ დიდხანს ვიდგებით შემოსასვლელში?

– უი, როგორ დავიბენით ორივე! შემოდით, შვილებო, შემოდით! – თინათინმა და ერეკლემ ახალგაზრდები სასტუმრო ოთახში შეიყვანეს და მაშინვე შეთანხმებულებივით შეუდგნენ სუფრის გაშლას.

– დედა, ჩვენ თომას დაბადების დღიდან მოვდივართ, ამიტომ, ჩაი და ნამცხვარი საკმარისია. უბრალოდ, დავსხდეთ და ვისაუბროთ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი