რომანი და დეტექტივი

ბ ა ნ დ ა

№14

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 17.04, 2021 წელი

ბანდა
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #12-13(1057)

კოტე ორჯონიკიძე გაიოზ ბერიანიძის მარჯვენა ხელი იყო და პარტიის ძალოვანი ფრთა ებარა. მას, ეგრეთ წოდებული, „მებრძოლი რელიგიოსნების“ რაზმი ჰყავდა, რომელიც ფაქტობრივად, უსიტყვო მორჩილებაში იყვნენ და ნებისმიერ მის ბრძანებას ასრულებდნენ.

„რელიგიოსნებს“ საკუთარი, საკმაოდ მოზრდილი და ღობით შემოსაზღვრული ტერიტორია ჰქონდათ. იქ ისინი წვრთნასა და რელიგიერ წრთობას გადიოდნენ. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ამ ტერიტორიაზე ერთი დიდი შენობა იდგა, რომელსაც სალოცავს უწოდებდნენ. ეს იყო უბრალო შენობა და ცალკეული რელიგიური საკულტო ნაგებობისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ გააჩნდა არც გარეთ და არც შიგნით. რელიგია და რელიგიურობა ამ ორგანიზაციაში, რა თქმა უნდა, შირმა იყო და მთავარ პრინციპს უსიტყვო მორჩილება და მკაცრი იერარქიულობა წარმოადგენდა.

აქვე კულტივირებული იყო „წრიული თავდებობის“ პრინციპი და ყველა სადავო საკითხი ორგანიზაციის შიგნით ირჩეოდა. რიგით წევრებს კი უმკაცრესად ეკრძალებოდათ ძალოვან სტრუქტურებთან თანამშრომლობა და ზემდგომების ნებართვის გარეშე პრესასთან ურთიერთობა. აგრეთვე ორგანიზაციის ამბების გატანა გარეთ და მათზე მსჯელობა. ერთი სიტყვით, „რელიგიოსნები“ საკმაოდ დახურული ორგანიზაცია იყო და ორჯონიკიძე საკმაოდ კარგად უძღვებოდა მინდობილ საქმეს. მას კი ამაში უშანგი გოგია ეხმარებოდა, რომელიც მისი მოადგილე და მარჯვენა ხელი იყო.

„რელიგიოსნებს“ საკმაოდ კარგი დაფინანსებაც ჰქონდათ და მათი ფარული სპონსორები საქართველოში მოქმედი როგორც ტრადიციული, ასევე არატრადიციული რელიგიური კონფესიები, აგრეთვე, კრიმინალური, „შავი სამყაროს“ მმართველები იყვნენ. ოფიციალურად კი „რელიგიურ პარტიას“ რელიგიურ კონფესიებთან და კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ბიზნესების წარმომადგენლები აფინანსებდნენ. ერთი სიტყვით, „რელიგიოსნებს“ მთლიანად კრიმინალური ფინანსები ასაზრდოებდათ და ამასთანავე, პარტიაში თეთრდებოდა სხვადასხვა კრიმინალურ საქმიანობაში მოპოვებული მსხვილი თანხები.

პარტიის თავმჯდომარე გაიოზ ბერიანიძე მხოლოდ და მხოლოდ პარტიის სპონსორების ნების აღმსრულებელი იყო და მთავარი სიტყვა არ ეთქმოდა, თანაც, მაინცდამაინც ნათელი გონებითა და განათლებით არ გამოირჩეოდა. მასზე მეტი გავლენა ძალაუფლება პარტიაში – ორჯონიკიძეს ჰქონდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა და წინა პლანზე ბერიანიძე იყო წამოწეული.

„რელიგიოსნები“ საკმაოდ ორგანიზებული, მზარდი ძალა იყო და მომავალ არჩევნებში მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას გეგმავდნენ. ამიტომ მათ დამატებით პიარი სჭირდებოდათ, ცნობილი და პატიოსანი ადამიანების მიმხრობას ცდილობდნენ და ბერიანიძემ გელა ჯიბუტი, სწორედ, ამ მიზნით მიიწვია თავისთან. თუმცა – ორჯონიკიძემ წინასწარ გააფრთხილა გაიოზი, რომ ჯიბუტს ვერ გადაიბირებდა და მისი სიტყვები ასი პროცენტით გამართლდა.

– არ უნდა და დედაც მო... დაილია ამ ქვეყნად პროფესორები? – შეიგინა ბერიანიძემ. ხელი ჩაიქნია და ორჯონიკიძეს უთხრა:

– არ გშია? მოდი, ვჭამოთ.

– ვჭამოთ, რა, – მიუგო კოტემ გაიოზს – რესტორანში წავიდეთ?

– არა. დავრეკავ და შევუკვეთავ, – თქვა ბერიანიძემ და ტელეფონი მოიმარჯვა, რომ სადილი შეეკვეთა.

ამ დროს ორჯონიკიძის მობილური აწკრიალდა და კოტემ უპასუხა.

– გისმენთ.

– კოტე, შუაღამეს ჩემთან გელოდები, – გაისმა ტელეფონში კუზმიჩის ხმა.

– კარგი, ლოლა, გავიგე, – თქვა ორჯონიკიძემ, ტელეფონი გათიშა და გაიოზს უთხრა.

– ბიცოლაჩემი იყო და მითხრა: ბიძაშენის დაბადების დღეზე აუცილებლად მოდიო.

– რამდენის გახდა? – ჰკითხა ბერიანიძემ.

– ოთხმოცის, – მიუგო – კოტემ და აწკრიალებულ ტელეფონს დახედა, რომელზეც ისევ ამოუცნობი ნომერი რეკავდა.

– ისევ ლოლაა. ალბათ, დაავიწყდა, რომ დამირეკა. სკლეროზი აქვს, – უთხრა – კოტემ ბერიანიძეს. ტელეფონი გათიშა და დაამატა, – ტუალეტში გავალ და მოვალ.

– მალე ქენი. საჭმელი უკვე გზაშია! – დააწია კარში გამავალ კოტეს ბერიანიძემ.

◼️◼️◼️

გამომძიებელი ბორის მენაბდე დეპარტამენტის უფროსს ეახლა და უთხრა:

– მიბარებდით, ბატონო პოლკოვნიკო?

– რომ არ დამეძახა, შენ არ უნდა მოსულიყავი, ბორია? უკვე ხუთი დღე გავიდა, რაც ოპერატიულ განყოფილებასთან ერთად მუშაობ და ჩემთვის არაფერი მოგიხსენებია, – უსაყვედურა პოლკოვნიკმა ხელქვეითს.

– ბოდიშს გიხდით. ძალიან ბევრი სამუშაოა და თქვენამდე ვერ მოვაღწიე, – თქვა მენაბდემ და დაამატა, – ორჯონიკიძის სახლში ბიჭებმა ისე ოსტატურად დააყენეს ვიდეოკამერები და „ჟუკები“, რომ ყველა კუთხე-კუნჭულს ვხედავთ და ბუზის გაფრენის ხმაც კი გვესმის. თანაც მისი ორი ურჩხული ნაგაზი ისე მოთვინიერდა, რომ ჩვენს დანახვაზე სიყვარულით დნებიან. თუმცა, საგულისხმო ჯერჯერობით არაფერია. რაც ორჯონიკიძის სახლს ვუთვალთვალებთ, ანუ ხუთი დღის განმავლობაში, მან მხოლოდ ერთხელ გაათენა იქ ღამე. დანარჩენ დროს კი პარტიულ ბაზაზე ატარებს. მისი ბინის ფარული დათვალიერების შედეგად იქ საიდუმლო სეიფი აღმოვაჩინეთ. სეიფი ცარიელია. აღსანიშნავია, რომ ამ სეიფს უკან საიდუმლო კარი აქვს და მასთან მიდგომა მხოლოდ მოძრავი კედლის საშუალებითაა შესაძლებელი.

– უცნაურია, – მხრები აიჩეჩა პოლკოვნიკმა, – საიდუმლო სეიფს უკან საიდუმლო კარი აქვს, რომელიც მოძრავ კედელშია ჩამონტაჟებული... მაინც, რა საჭიროა ეს?

მენაბდეს გაეცინა და პოლკოვნიკს უთხრა:

– როგორც ეტყობა, ბატონო პოლკოვნიკი, ნაძარცვს ბანდიტები, სწორედ, ამ სეიფში ინახავენ. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სეიფს ათციფრიანი კოდი აქვს და სავარაუდოდ, თითო ციფრს ერთი ბოროტმოქმედი აყენებს, რომ სრული კომბინაცია არავინ იცოდეს. ასეთი რამ ბანდიტებში ჩვეულებრივი წესია.

– საიდუმლო კარი კი, ალბათ, იმიტომ აქვს, რომ იმ სეიფიდან შიგთავსი „პაძელნიკების“ გარეშე გამოიღოს. და თუკი ახლა ის სეიფი ცარიელია, გამოდის, რომ ორჯონიკიძე გაქცევას აპირებს, – დაამატა პოლკოვნიკმა. მენაბდემ კი თავი გააქნია და უთხრა:

– ჩემი აზრით, აქ უფრო რთულად უნდა იყოს საქმე, ბატონო პოლკოვნიკო.

– თუ, რა თქმა უნდა, ორჯონიკიძემ წინასწარ არ გადაგზავნა შიგთავსი სხვაგან ან სულაც სამალავი არ შეცვალა, რაც ნაკლებად სავარაუდოა, მაშინ სეიფი ვიღაცას დაუცარიელებია.

– დიახ, ბატონო პოლკოვნიკო. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა დახურული ნომრიდან წარმოებული საუბრის ჩანაწერი. უფრო სწორად, ჩვენ ჩავიწერეთ, რადგან მას ვუსმენთ. მოკლედ, ორჯონიკიძეს ეკითხება უცნობი, რა მოიფიქრეო. ის კი პასუხობს, ვფიქრობო. უცნობი კი ეუბნება, – ან ჩვენ მითითებებს შეასრულებ და შენსას დაიბრუნებ და შენს გზაზე წახვალ, ან კრისობისთვის განადგურდებიო. აი, სწორედ, ამიტომ მგონია, რომ მას შიგთავსი მოჰპარეს, აშანტაჟებენ და რაღაცისთვის უნდათ, გამოიყენონ, – თქვა მენაბდემ.

– დახურული ნომრის მფლობელი დაადგინეთ? – იკითხა პოლკოვნიკმა.

– სიმბარათი მეტროშია ნაყიდი, ხმა კი შეცვლილია და ჯერჯერობით პიროვნებას ვერ ვადგენთ, – თქვა მენაბდემ.

– სულ ესაა? – იკითხა პოლკოვნიკმა.

– კიდევ ერთ საინტერესო დეტალზე გავედით, – თქვა მენაბდემ და დაამატა, ორჯონიკიძეს ვინმე აკაკი ლოლაძემ დაურეკა და მასთან შეხვედრა დღეს შუაღამეს აქვს. ისინი ყოველ 5-6 დღეში ეკონტაქტებიან ხოლმე ერთმანეთს. ზარების ჩანაწერები მოვიპოვეთ და იქიდან ვიცით. საინტერესოა ის, რომ ლოლაძე ორჯონიკიძეს კოსტიათი მიმართავს, ორჯონიკიძე კი მას კუზმიჩს უწოდებს. ეს ყველაფერი კი ძალიან ჩამოჰგავს დაშიფრულ საუბარს. ლოლაძე ოქროყანაში ცხოვრობს, ძიუდოს მწვრთნელია. მასზე თითქმის არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება, რაც ძალიან საეჭვოა. თითქმის არავისთან ურთიერთობს, გარდა სამსახურისა. გამორიცხული არაა, რომ ჯაშუშობასთან გვქონდეს საქმე და ვფიქრობ, კონტრაზვერვის ჩართვა გახდება საჭირო.

– ხომ არ აზვიადებ, ბორის? – იკითხა პოლკოვნიკმა. მენაბდემ კი მხრები აიჩეჩა და უპასუხა:

– მე მგონი, არა, ბატონო პოლკოვნიკო. ამაღამ რომ ერთმანეთს შეხვდებიან, ვფიქრობ, რაღაც-რაღაცებს კიდევ გავარკვევთ.

– როგორ გაარკვევთ? ლოლაძის სახლშიც გაქვთ მოსასმენ-სათვალთვალო აპარატურა დამონტაჟებული? – ჰკითხა პოლკოვნიკმა.

– სათვალთვალო არა, მაგრამ მათ საუბარს ორჯონიკიძის ტელეფონის მეშვეობით მოვისმენთ. მთავარია, მას თან ჰქონდეს ტელეფონი, თუნდაც გამორთული. მასში პროგრამაა ჩატვირთული და მისი მეშვეობით მოვუსმენთ, – თქვა მენაბდემ, თან დააყოლა, – ისე ყოჩაღ ჩვენი ექსპერტ-კრიმინალისტები, თორემ ვერც ვერაფერს გავიგებდით.

ბორის მენაბდე აბსოლუტურად მართალი იყო. რომ არა ექსპერტ-კრიმინალისტის, ზურაბ კახიანის მაღალი პროფესიონალიზმი, რაც კრიმინალისტიკის ღრმა ცოდნის გარდა ფართო ერუდიციაშიც გამოიხატება, გამოძიება მოუხელთებელი მძარცველების კვალზე ვერ გავიდოდა. საქმე კი ის იყო, რომ ჯიბუტის სახლის ძარცვაზე მოკვლევა ზურაბ კახიანმა მისთვის ჩვეული გულმოდგინებით ჩაატარა და როგორც მისი დონის პროფესიონალს შეეფერება, ისეთ ფაქტებს მიაქცია ყურადღება, რასაც სხვა კრიმინალისტი ვერც კი შენიშნავდა: ზურაბმა კარის ზღურბლზე თმის ღერი და მცირე ზომის მიწის ნაწილაკი აღმოაჩინა. კვლევამ ცხადყო, რომ მიწის ნაწილაკი იმ თიხოვანი ნიადაგიდან იყო, სადაც „რელიგიური პარტიის“ ბაზა მდებარეობდა. ოპერატიული ღონისძიებების ჩატარების შედეგად გამომძიებელი მძარცველების კვალს დაადგა. თუმცა მხოლოდ ეს არ იყო საკმარისი და „რელიგიოსნების“ მეთაურს გამუდმებით იმიტომ უთვალთვალებდნენ, რომ ბანდა ფაქტზე აეყვანათ და ბოროტმოქმედები გამოეაშკარავებინათ.

◼️◼️◼️

უშიშროების მინისტრმა თათბირის ბოლო მონაწილესაც მოუსმინა. შემდეგ უხმოდ შეათვალიერა მრგვალ მაგიდასთან მსხდომნი და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ღელავდა, დინჯად თქვა:

– ყველაფერი გულდასმით გავიარეთ და ოპერაციის გეგმას წუნი არ აქვს. თუმცა ყოველთვის შეიძლება, ნებისმიერ საქმეში შემთხვევა ჩაერიოს და სწორედ, ეს უნდა გამორიცხოთ. გახსოვდეთ, რომ ოპერაციას ერთი მსხვერპლიც არ უნდა ჰყავდეს.

მინისტრის კაბინეტი თათბირის მონაწილეებმა ორგანიზებულად დატოვეს და ხუთიოდე წუთიც არ იყო გასუილ, რომ რამდენიმე საგანგებო-ოპერატიული ჯგუფი თბილისის ცენტრისკენ კერძო მანქანებით გაემართნენ. ეგრეთ წოდებული, სამინისტროს სპეცნაზელები რომ არ გაშიფრულიყვნენ, ნახევრად სპორტულ სამოსში იყვნენ გამოწყობილები. მინისტრმა კი მომცრო ოთახში გადაინაცვლა, სადაც კედელზე უზარმაზარი ტელევიზორი ეკიდა და მასზე ონლაინ რეჟიმში მიდიოდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის კადრები. საგანგებო ოპერებიც, სწორედ, იქით გაემართნენ, რათა სპონტანურად მოპოვებული ინფორმაციის შედეგად დაგეგმილი ოპერაცია ჩაეტარებინათ. საქმე კი ის იყო, რომ კუზმიჩის მითითებით კოტიკს შესაბამისი ნიშნის მიღების შემდეგ აფეთქება უნდა განეხორციელებინა.

მიტინგი საღამოს 6 საათზე უნდა დაწყებულიყო და აფეთქება, სავარაუდოდ, 6-დან 7 საათამდე მოხდებოდა, თუმცა ექვსს სულ რაღაც ოთხი წუთი რომ გადასცდა, საგანგებო ოპერებმა ხალხის მასაში „რელიგიოსანი“ აიყვანეს და იქაურობას მოაშორეს. თითქმის ერთდროულად დააპატიმრეს კოტიკიც და კუზმიჩიც. ორჯონიკიძე ქაშუეთის ეკლესიასთან იყო, როდესაც მას კუზმიჩმა დაურეკა და აფეთქების ნიშანი მისცა, თუმცა, აფეთქება, რა თქმა უნდა, არ განხორციელდა – ოპერებმა კოტიკს ხელები გადაუგრიხეს და მანქანისკენ წაიყვანეს. კუზმიჩი კი ორი წუთის შემდეგ, იქვე, პირველი სკოლის ბაღში დააპატიმრეს.

იმავე საღამოს აიყვანეს უშანგი გოგიაც. ორჯონიკიძის მარჯვენა ხელმა აღიარა, რომ კოტიკს ანონიმურად ურეკავდა და გაიოზ ბერიანიძის მოკვლას ავალებდა.

– ეს პონტისთვის, ყურადღების გადასატანად გავაკეთე, – თქვა გოგიამ და დაამატა, – სინამდვილეში კი დრო მინდოდა მომეგო, რომ ნაძარცვი ძვირფასეულობით საზღვარგარეთ გავქცეულიყავი.

საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამე გაგრძელდა და უშანგი გოგიას ბინიდან ამოღებული ნაძარცვი ნივთები მხოლოდ გამთენიისას მიიტანეს სამინისტროში. ბორის მენაბდემ ზარდახშიდან ლალის ჯვარი ამოიღო, გელა ჯიბუტი სამინისტროში დაიბარა და როდესაც ის კაბინეტში შევიდა, მენაბდემ ნივთი მიაწოდა და უთხრა:

– აი, ინებეთ, ბატონო პროფესორო, კათალიკოს მელქისედეკის ეს საკრალური ნივთი...

ჯიბუტმა ჯვარს სინათლის შუქზე გახედა. ეამბორა მას და თქვა:

– დიდება უფალს! სამართალმა იზეიმა და ჯვარი სულ მალე კუთვნილ ადგილს დაუბრუნდება. აი, ნახეთ, თუ ქვეყნის ჩარხი წაღმა არ დატრიალდეს!

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი