მედიცინა

წყალი და ჯანმრთელობა

№25

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 02.07, 2022 წელი

წყალი
დაკოპირებულია

წყალი ჩვენი ორგანიზმის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის ზრდასრული ადამიანის სხეულის საერთო მასის 60-65 პროცენტს შეადგენს. ზრდასრულ ორგანიზმს დღე-ღამეში 2-2,5 ლიტრი წყალი სჭირდება. ეს ყველამ კარგად იცის, თუმცა მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი არ იღებს ორგანიზმისთვის საჭირო წყლის რაოდენობას.

წყლის მნიშვნელოვანი ფუნქციებია:

👉ხსნის მინერალებს, მონაწილეობს სითბოს გაცემასა და ნივთიერებათა ცვლის პროდუქტთა გამოყოფაში;

👉 საჭიროა სისხლისა და ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაციისათვის. წყლის დეფიციტის დროს ადამიანს აღენიშნება ანემია და საჭმლის მონელების დარღვევა;

👉აუცილებელია სახსრების ჯანმრთელობისათვის, ძვალთა შეერთებისას ერთგვარი საცხის როლს ასრულებს, ამცირებს ტკივილს სახსრებში და იცავს მათ ცვეთისაგან;

👉წყლის დეფიციტი უარყოფითად აისახება აზროვნების ფუნქციაზეც – კოგნიტური ფუნქციები და უნარ-შესაძლებლობები რამდენადმე ქვეითდება, სისხლი სქელდება და გულს სულ უფრო მეტად უჭირს მისი გადატუმბვა;

👉წყლის გარეშე ადამიანმა შეიძლება მხოლოდ რამდენიმე დღე-ღამე გაძლოს.

თუმცა გაითვალისწინეთ:

1) ჭარბი სითხე იწვევს გულისა და თირკმელების ფუნქციურ გადატვირთვას, გამორეცხავს ქსოვილებიდან საჭირო მინერალებსა და ვიტამინებს, ხელს უწყობს შეშუპების განვითარებას. სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვა კი – ღებინება, დიარეა, კი ორგანიზმის გაუწყლოებას იწვევს.

2) მავნებელია დიდი რაოდენობით ცივი წყლის დალევა – იწვევს კუჭის ძლიერ და სწრაფ გადაცივებას, უარყოფითად მოქმედებს კუჭის ლორწოვან გარსზე. ცივი წყალი განსაკუთრებით მავნებელია რევმატიზმის, პოდაგრის, ნერვული სისტემის პათოლოგიების, სხვადასხვა სახის სიმსივნის, დამბლის დროს.

3) გასტროენტეროლოგთა რჩევით, სასურველია, დილით, უზმოზე, ცხელი წყლის (30-40 გრადუსის) ყლუპ-ყლუპად დალევა. კარგი იქნება, თუ მას ლიმონის წვენის რამდენიმე წვეთს დაამატებთ. ცხელი წყალი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის „ამუშავებას“ უზრუნველყოფს, გამოდევნის ორგანიზმიდან იმ ტოქსინებსა და წიდებს, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსს ღამის განმავლობაში დაეფინა. უზმოზე ცხელი წყლის მიღებას ზოგჯერ საფაღარათო ეფექტიც აქვს. პროცედურიდან რამდენიმე დღეში საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები ქრება, კანი იწმინდება.

სპეციალისტთა ნაწილი უშუალოდ ჭამის დროს წყლის დალევას არასასურველად მიიჩნევს, რადგან წყალი კუჭის წვენის განზავებას იწვევს და ხელს უშლის საჭმლის მონელების პროცესს. თუმცა არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც. მისი მომხრეები ამტკიცებენ, რომ წყალი მაშინ უნდა დავლიოთ, როცა მოგვინდება – ჭამის პროცესშიც და ჭამის შემდეგაც. კუჭი არ არის უბრალო ტომარა, რომელშიც საკვები გროვდება და შემდეგ განყოფილებაში გადადის. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მიმდინარე მონელების პროცესი გაცილებით უფრო რთულია. ჭამის პროცესში მიღებული წყალი კუჭის მოგრძო ნაკეცების კვალად გადაადგილდება და თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის ისე, რომ კუჭის წვენს საერთოდ არ ერევა. მთავარია, ყურადღება მივაქციოთ მიღებული წყლის ტემპერატურას. სასარგებლოა და აუცილებელი ოთახის ტემპერატურის წყლის დალევა. ცივი წყლის დალევა მეტად მავნებელია. საკვები, თუ მას ცივ წყალს მივაყოლებთ, კუჭს ძალიან სწრაფად, დაახლოებით 15-20 წუთში ტოვებს, იმის ნაცვლად, რომ მასში საათს ან მეტხანს დაყოვნდეს. ამის გამო ცილები ვერ ასწრებს დაშლას ამინომჟავებად და ორგანიზმი ვერ ახერხებს მათ შეთვისებას. მოუნელებელი ცილები კი ნაწლავებში ხვდება და იქ ლპობას განიცდის. ყოველივე ეს, საბოლოოდ, ნაწლავების ანთებით პროცესებს განაპირობებს: ვითარდება კოლიტი, ენტერიტი, დისბაქტერიოზი. გარდა ამისა, ადამიანს დანაყრების შეგრძნების პროცესიც ერღვევა და მალევე იღვიძებს შიმშილის გრძნობა.

დღის განმავლობაში მისაღები წყლის აუცილებელი რაოდენობა წლის ცივ პერიოდში შეადგენს 1 კილოგრამ წონაზე 30 მილილიტრს, ხოლო ზაფხულში – 40 მილილიტრს 1 კილოგრამ წონაზე.

ეს გათვლილია, ძირითადად, მჯდომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის. მათ კი, ვინც სპორტით არის დაკავებული, ყოველსაათიანი ვარჯიშის შემდეგ, დამატებით, 200 მილილიტრი წყალი უნდა მიიღონ. უაზრობაა ორგანიზმის დღიური მოთხოვნილების უზრუნველსაყოფად ერთ ჯერზე დიდი რაოდენობით წყლის დალევა.

წყალი აუცილებელია ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. ამასათან, ის ჭარბ წონასთან საბრძოლველი საშუალებაცაა, რადგანაც ასტიმულირებს სიმპათიკურ ნერვულ სისტემას. ეს უკანასკნელი კი მეტაბოლიზმის რეგულირებას უწყობს ხელს. მეტაბოლიზმის დაჩქარება ხომ ყველაზე კომფორტული და სასარგებლო გასახდომი საშუალებაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი