მედიცინა

როგორ მოვიქცეთ საყლაპავის დამწვრობის დროს

№11

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 22.03

საყლაპავის დამწვრობა
დაკოპირებულია

საყლაპავის დამწვრობა შეიძლება, ვიეჭვოთ, თუ ბავშვი ტირის, აღებინებს, ტუჩებზე ქაფი უგროვდება ან უხვად სდის ნერწყვი, მისი გადაყლაპვა კი უჭირს. დამწვრობიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ბავშვს სხეულის ტემპერატურა, როგორც წესი, მომატებული აქვს. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, მანამდე კი დაათვალიერეთ ოთახი და იპოვეთ ბოთლი, საიდანაც პატარამ სითხე მოსვა. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმის ცოდნას, რა და რამდენი დალია.

ყველაზე მძიმე დამწვრობას კონცენტრირებული მჟავები, მათ შორის, 70%-იანი ძმრის ესენცია, იწვევს. არანაკლებ აგრესიულია ტუტე სითხეები, მაგალითად, კაუსტიკური სოდა და ზოგიერთი წებო. სახიფათოა ზოგიერთი მარილის კრისტალით განპირობებული დამწვრობა.

ყველა ტოქსიკური ნივთიერება უგემურია და ბავშვი მის გადმოფურთხებას შეეცდება, მაგრამ სითხის ნაწილი ასეთ შემთხვევაშიც კი ხვდება საყლაპავსა და კუჭში, რაც საკმარისია დამწვრობისა და ინტოქსიკაციისთვის.

სასურველია, ბავშვს კუჭი ტოქსიკური ნივთიერების დალევისთანავე ამოურეცხოთ, მაგრამ თუ ეს მაშინვე ვერ შეძელით, უმჯობესია უახლოესი ექვსი საათის განმავლობაში მაინც მოახერხოთ.

* ძმრის ესენციის დალევის შემთხვევაში კუჭის გამორეცხვა ანადუღარი გაგრილებული წყლით არის საჭირო;

* ტუტის შემთხვევაში გამოიყენეთ 0,1%-იანი მარილმჟავა, რომლის შეძენაც ნებისმიერ აფთიაქში შეიძლება;

* ტექნიკური მჟავების: გოგირდის, აზოტისა და კონცენტრირებული მარილმჟავას გადაყლაპვის შემთხვევაში დაგეხმარებათ საჭმელი სოდის 2-3%-იანი ხსნარი: ერთი ჩაის კოვზი სოდა ერთ ჭიქა წყალზე.

თუ წყლის ადუღებისთვის დროის დაკარგვა არ გინდათ და არც სხვა გამანეიტრალებელი ნივთიერება გაქვთ ხელთ, შეგიძლიათ, პატარას კუჭი რძით ამოურეცხოთ.

კუჭის ამოსარეცხად ბავშვს იმდენი სითხე დაალევინეთ, რამდენიც კუჭში ჩაეტევა. 6 თვიდან წლამდე ასაკის პატარებისთვის სითხის მისაღები ოდენობა 200 მილილიტრია, წლიდან 3 წლამდე 300-400 მილილიტრი, 4-7 წლის ასაკში – 600-800 მილილიტრი, ხოლო 10 წლის შემდეგ 1 ლიტრამდე.

მას შემდეგ, რაც ბავშვს სითხეს დაალევინებთ, გამოიწვიეთ ღებინება – ენის ძირზე კოვზის ტარი ან ორი თითი 3-5-ჯერ დააჭირეთ.

ძმრის ესენციის დალევის შემდეგ ბავშვს კუჭი რამდენიმეჯერ ამოურეცხეთ, ვიდრე პირიდან ძმრის სუნი არ გაუქრება. კუჭის ამორეცხვის შემდეგ დაალევინეთ ერთი ჭიქა კისელი, რძე ან გადააყლაპეთ ორი ცალი უმი კვერცხი. ამ პროდუქტებს შემომგარსველი ეფექტი აქვთ და ლორწოვან გარსს დააამებენ. ტკივილს შეასუსტებს 1 ჩაის კოვზი ზეთის, ალმაგელის ან ფოსფოლუგელის მიღებაც.

თუ ბავშვმა კალიუმის პერმანგანატის კრისტალები გადაყლაპა, მეოთხედ ჭიქა ადუღებულ წყალში რამდენიმე ტაბლეტი C ვიტამინი გახსენით, ხსნარში სუფთა ბამბის ფთილა დაასველეთ და პატარას პირის ღრუ გამოუწმინდეთ, რათა ლორწოვანზე მიკრული კრისტალები მოაცილოთ, შემდეგ კი კუჭი ანადუღარი წყლით ამოურეცხეთ.

კუჭის ამორეცხვის შემდეგ ბავშვს სპეციალისტის დახმარება დასჭირდება, თუმცა ხშირად ამორეცხვასაც ექიმი აკეთებს. ამის შემდეგ ბავშვი საავადმყოფოში უნდა დააწვინოთ. შინ მის დატოვებას არ გირჩევთ, რადგან ტოქსიკური ნივთიერება, გარდა საყლაპავისა, ხშირად ხორხსაც აზიანებს. დამწვრობის შემდეგ კი დაზიანებული ქსოვილები შეშუპებას იწყებს. შესაძლოა, ხორხის შეშუპების გამო პატარას სუნთქვა გაუძნელდეს.

ყველაზე რთული პერიოდი საყლაპავის დამწვრობის მიღებიდან პირველი 6-10 დღეა. ერთი კვირის შემდეგ ბავშვი შედარებით უკეთ იგრძნობს თავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი