მედიცინა

რა მოვიმოქმედოთ თვალის ქიმიური დამწვრობის დროს

№29

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 31.07, 2021 წელი

თვალი
დაკოპირებულია

ქიმიურ დამწვრობას ტუტეები და მჟავები იწვევენ.

მჟავა ცილების შეწებებას იწვევს, ამიტომ პირველ საათებში ჩნდება ფუფხი, რომელიც ქვემოთ მდებარე კანს შემდგომი დაზიანებისგან იცავს.

მჟავათი გამოწვეული დამწვრობის დროს დაშავებული უჩივის ტკივილს, სინათლის შიშს, ცრემლდენას, მხედველობის დაქვეითებას. ქუთუთოები შეწითლებული და შეშუპებულია, კონიუნქტივა – ჰიპერემიული და შეშუპებული. შუპდება რქოვანა გარსიც და იღებს მორუხო ელფერს, მძიმე შემთხვევაში კი – რძისფერს.

ტუტეებით გამოწვეული დამწვრობა უფრო რთულია. ტუტე ხსნარი შლის ცილას და იოლად აღწევს ქსოვილის შიგნით. დამაზიანებელი მოქმედება გრძელდება რამდენიმე საათს და დღესაც კი. ზიანდება არა მარტო კანი, არამედ კონიუნქტივა და რქოვანა გარსიც. შესაძლოა, დაზიანდეს ფერადი გარსი, ბროლი და თვალის სხვა ქსოვილები. ტუტე ხსნარით დამწვრობის დროს ზედაპირზე შესამჩნევი ფუფხი არ წარმოიქმნება, ამიტომ პირველ საათებში თვალი მძიმედ დაშავებულის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. გარდა ამისა, შეგრძნებები არც ისე მძაფრია, ვინაიდან ტუტე ნერვულ დაბოლოებებსაც აზიანებს. ტუტე ხსნარით გამოწვეული დამწვრობის საბოლოო შეფასება მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შეიძლება. ტუტე ნივთიერებებში შედის კაუსტიკური სოდა, რომელსაც მილების საწმენდი მრავალი სითხე შეიცავს.

ქიმიური დამწვრობა შეიძლება გამოიწვიოს სითხის თვალებში შესხმამ ან, უფრო იშვიათად, ფხვნილის შეფრქვევამ.

თვალის წინ მდებარე გამჭვირვალე გუმბათის (რქოვანას) მძიმე ქიმიურმა დამწვრობებმა, განსაკუთრებით კი ტუტე ნივთიერებებით გამოწვეულმა, შესაძლოა ნაწიბურის წარმოქმნა, თვალის მთლიანობის დარღვევა და სიბრმავე გამოიწვიოს.

თვალის დამწვრობა ძალიან მტკივნეულია და ამის გამო, ადამიანს თვალები დახუჭული აქვს. დახურული ქუთუთოების ქვეშ კი მავნე ნივთიერება კიდევ უფრო დიდხანს ჩერდება თვალის ზედაპირზე, რაც აუარესებს დაზიანებას.

თვალის ქიმიური დამწვრობის მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, მანამ, სანამ სასწრაფო დახმარება მოვიდოდეს. ადამიანმა თვალი უნდა გაახილოს და გამოირეცხოს ჩვეულებრივი ან მარილიანი წყლით. ძლიერი მჟავებით, ტუტეებით ან ძლიერი კაუსტიკური ნივთიერებებით გამოწვეული დამწვრობისას თვალი უწყვეტად, 30-120 წუთის განმავლობაში უნდა გამოირეცხოს.

ეს პროცესი უნდა გარძელდეს სასწრაფო დახმარების მანქანაშიც და საავადმყოფოშიც. ტკივილის გამო დაზარალებულს შესაძლოა, გაუჭირდეს დაზიანებული თვალის გახელა, ამიტომ გამორეცხვისას ქუთუთო მეორე ადამიანმა უნდა დაიჭიროს. თუ შესაძლებელია, წყალი ან მარილწყალი ოთახის ტემპერატურისა უნდა იყოს. ექიმი ან სხვა სამედიცინო სპეციალისტი თვალში საანესთეზიო საშუალებას ჩააწვეთებს ადამიანს, რაც ბევრად აადვილებს თვალის გახელას.

გამორეცხვის შემდეგ ექიმი თვალისა და ქუთუთოების შიგნითა ზედაპირს ათვალიერებს, აშორებს ქსოვილებში ჯერ კიდევ დარჩენილ ნივთიერებას. ქუთუთოს შიგნითა ზედაპირიც იწმინდება, რათა მოშორდეს ნებისმიერი მცირე ნაწილაკი, რაც არ ჩანს.

მძიმე დამწვრობებს ოფთალმოლოგმა 24 საათის განმავლობაში უნდა უმკურნალოს, რათა მხედველობა შენარჩუნდეს და თავიდან ავიცილოთ სერიოზული გართულებები, როგორიცაა რქოვანასა და ირისის დაზიანება, თვალის მთლიანობის დარღვევა და ქუთუთოს დეფორმაცია.

ქიმიური დამწვრობების თავიდან ასაცილებლად პოტენციურად სახიფათო ნივთიერებებთან მუშაობისას აუცილებელია დამცავი სათვალის ან სახის ფარის ტარება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი