მედიცინა

ნესვის სასარგებლო თვისებები

№27

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 17.07, 2021 წელი

ნესვი
დაკოპირებულია

ნესვი, გარდა იმისა, რომ არომატული და გემრიელია, ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკრებსაც შეიცავს. მისი რბილობის 95% წყალია, დანარჩენი – შაქარი, კალციუმი, რკინა, თუთია, ცხიმი, A, B, C და P ვიტამინები, კაჟი. კაჟი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, თავის ტვინის ქერქის, ნერვებისა და შინაგანი ორგანოების მუშაობას.

🍈ნესვი საკვების მიღებიდან 2-3 საათში უნდა მიირთვათ, რადგან ის შეუთავსებელია ბევრ პროდუქტთან. ერთდროულად ნესვის დიდი რაოდენობის მიღება არასასურველია (ნაწლავების გადატვირთვას იწვევს და შესაძლოა, ნაწლავური კოლიტის პროვოცირებაც მოახდინოს)

🍈ნესვი ორგანიზმიდან ოფლისა და წიდების გამოყოფას აჩქარებს. თავის ტკივილი აუცილებლად გაგივლით, თუ 200 გრამ ნესვს ნება-ნება მიირთმევთ

🍈რკინის უხვი შემცველობის გამო ნესვი სასარგებლოა მათთვის, ვისაც ანემია აქვს. შეუცვლელია ქალის ორგანიზმისთვის კრიტიკულ დღეებში

🍈ნესვზე უარი უნდა თქვან დიაბეტით დაავადებულებმა და მსუქნებმა, რადგან მასში დიდი რაოდენობით არის „მძიმე“ შაქარი. სამ ნაჭერზე მეტის ჭამას კი არც დანარჩენებს ვურჩევთ – ნაწლავებს ავნებს

🍈ნესვის რბილობი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია, გამოიმუშაოს სეროტონინი – „ბედნიერების ჰორმონი”. ასე რომ, თუ მოწყენილი ხართ, მიირთვით ნესვი, შეისუნთქეთ მისი არომატი და გუნება მაშინვე გამოგიკეთდებათ.

🍈ნესვის შემადგენლობაში არსებული კალციუმი აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და ნივთიერებათა ცვლას. ფოლიუმის მჟავა და რკინა მაღლა სწევენ ჰემოგლობინის დონეს. ნესვი ახალგაზრდობასა და ჯანმრთელობას გაგიხანგრძლივებთ. ის შესანიშნავად წმენდს ნაწლავებს, რაც მაშინვე აისახება კანის ფერსა და მდგომარეობაზე

🍈თუ ნესვის რბილობის საფენს ჭრილობაზე დაიდებთ, მალე მოგიშუშდებათ. არ გადაყაროთ ნესვის თესლი – ის ძალიან მდიდარია თუთიით, რაც იმას ნიშნავს, რომ თმასა და კანს მოუხდება. საკმარისია, მიირთვათ დღეში 2-5 გრამი ახალი თესლი – უბრალოდ დაღეჭოთ, შეიძლება, თაფლთან ერთადაც, რომ გარეგნობას უმალვე დაეტყობა.

🍈ნესვი გახდომაშიც დაგეხმარებათ. ზოგიერთ დიეტოლოგს მიაჩნია, რომ მათ, ვისაც სიმსუქნისკენ აქვს მიდრეკილება, ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე უნდა მიირთვან 5 ულუფად გაყოფილი 2 კილოგრამი ნესვის რბილობი. ის აღადგენს ნივთიერებათა ცვლას, წმენდს ნაწლავებს და ორგანიზმიდან ჭარბი სითხე გამოაქვს

ნესვის დიეტა

🍈 მიირთვით ნესვი სადილის ან ვახშმის ნაცვლად (სხეულის ყოველ 30 კილოგრამზე 1 კილოგრამი). ამგვარად საკმარისი რაოდენობით მიიღებთ აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს, არ შეგაწუხებთ შიმშილი და სისუსტე. ამ დიეტის დროს რაციონიდან უნდა ამოიღოთ კარტოფილი, პური, მაკარონი და ტკბილეული. რეკომენდებულია მოხარშული ბრინჯი უმარილოდ, ბოსტნეულის სალათა, უცხიმო ხაჭო. დღეგამოშვებით შეგიძლიათ, მიიღოთ მოხარშული თევზი ან კვერცხი; ან 150 გრამი მოხარშული ქათამი, უშაქრო მწვანე ჩაი. ნესვის მთელი დღის ნორმა უნდა გაიყოს 5 ულუფად. ერთი მეხუთედი შუადღისას მიირთვით, დანარჩენი ოთხი კი – ყოველ ორ საათში ერთხელ, ოღონდ სადილის შემდეგ. ნესვის დიეტა არ შეიძლება მათთვის, ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.

🍈 ნესვის ვიტამინები სასარგებლოა ქალისა და მამაკაცის სექსუალური ჯანმრთელობისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ფოლიუმის მჟავა მნიშვნელოვანია ორსულობის დროს. ის აუმჯობესებს ნაყოფის განვითარებას და ამცირებს გართულებების რისკს. ნესვი მდიდარია ამ მჟავით, ასე რომ, მისი რეგულარულად მიღება ძალიან სასარგებლოა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი