მედიცინა

ლევან კალმახელიძე – თავისა და კისრის ონკოლოგიურ დაავადებებსა და მათი ეფექტური მკურნალობის მეთოდებზე

ავტორი: მაკა ჯიქია 13:00 19.07, 2021 წელი

ლევან კალმახელიძე
დაკოპირებულია

ონკოლოგმა, თავისა და კისრის ონკოლოგიურ დაავადებათა სპეციალისტმა, მედიცინის დოქტორმა ლევან კალმახელიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ პირველად ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში ექთნის პოზიციიდან დაიწყო მოღვაწეობა, მალევე ამავე ცენტრში თავ-კისრის ონკოლოგიურ სნეულებათა განყოფილების ექიმი გახდა, 2011 წლიდან კოტე მარდალეიშვილის მიერ ახლადჩამოყალიბებული ონკოლოგიის ცენტრის გუნდის წევრია დღეს კი – მარდალეიშვილის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი.

ლევან კალმახელიძე: ვარ ონკოქირურგი, კერძოდ ჩემი სპეციალობა თავისა და კისრის სიმსივნეებია, რაც ძალიან ბევრ პათოლოგიას აერთიანებს, კისრისა და თავის არეში მდებარე ორგანოები თავისა და კისრის ონკოქირურგიის კომპეტენციაა.

– ბატონო ლევან, სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოში მკვეთრად მოიმატა სიმსივნეების შემთხვევებმა, რომელი ორგანოს სიმსივნეებს ხვდებით თქვენს მიმართულებაში ყველაზე ხშირად?

– სამწუხაროდ სტატისტიკური მაჩვენებელი, მართლაც, მკვეთრად გაზრდილია, მაგრამ ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა, შემთხვევების მომატება ყველა ასაკობრივ ჯგუფზე აისახება, მათ შორის, ახალგაზრდებზეც, განსაკუთრებით ეს ეხება ფარისებრი ჯირკვლის მაღალდიფერენცირებულ სიმსივნეებს, თუმცა, მინდა, დაგამშვიდოთ და გითხრათ რომ, მიუხედავად იმისა რომ ეს დაავადება ავთვსიებიან სიმსივნეებს განეკუთვნება, რადიკალურად განსხვავდება სხვა ავთვისებიანი სიმსივნეებისგან – ის ძალიან კარგად ემორჩილება მკურნალობას.

– ხშირად ქართველი პაციენტები ონკოლოგიური პრობლემების სამკურნალოდ უცხოეთში, მაგალითად, თურქეთში მიდიან, რით არის გამოწვეული ქართველი მედპერსონალის მიმართ უნდობლობა?

– ვერ ვიტყვი, რომ ეს ქართველი ექიმების მიმართ უნდობლობითაა გამოწვეული, ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი კარგი პროფესიონალები საქართველოში და ამ ეტაპზე, უმრავლეს შემთხვევაში, სამკურნალოდ უცხოეთში წასვლის პრინციპული აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა არის პათოლოგიები, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის მცირე პოპულაციიდან გამომდინარე წლის განმავლობაში სულ ორჯერ შეიძლება შეგვხვდეს, ბუნებრივია, ასეთი იშვიათი პათოლოგიებზე მუშაობის არც ბევრი გამოცდილება გვაქვს, არც ტექნოლოგიურადაც ვართ განვითარებული და ვერც განვვითარდებით, ისევ და ისევ, ამ შემთხვევების სიმცირის გამო. ჩვენთან არსებული ერთეული შემთხვევებისგან განსხვავებით, პოპულაციის სიდიდიდან გამომდინარე, გაცილებით მეტი გამოცდილება აქვთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ამიტომ ბუნებრივია, რომ პაციენტი მიიღებს უცხოეთში წასვლისა და გამოცდილ გარემოში მკურნალობის გადაწყვეტილებას, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, აბსოლუტურად ლოგიკურია ეს გადაწყვეტილება.

– მრავალი წელია მარდალეიშვილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის გუნდის წევრი ხართ, როგორ დაახასიათებდით ამ ცენტრს და განსაკუთრებით რა მიმართულებებს გამოყოფდით სიძლიერის თვალსაზრისით?

– ჩემი მიმართულებიდან გამომდინარე/ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი კლინიკა თავისა და კისრის ონკოლოგიური მკურნალობის სრულ სპექტრს მოიცავს, ყველანაირი საშუალებაა იმისთვის, რომ ჩატარდეს კომპლექსური მკურნალობა, გვაქვს როგორც ქირურგიული, ისე სხივური თერაპია და გვყავს ქიმიოთერაპევტების ძალიან ძლიერი გუნდი. გარდა თავისა და კისრის ქირურგიისა, ჩვენთან ძალიან მაღალ დონეზეა აბდომინალური ქირურგია, ურთულესი ოპერაციები კეთდება ენდოსკოპიური მეთოდით მუცლის ღრუს ონკოლოგიაში, იმავე თორაკალურ ქირურგიაში, გინეკოლოგიურ ონკოლოგიაში, გარდა ამისა, ჩვენთან არის ღეროვანი უჯრედების ბანკი, რაც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლაში, გვაქვს საშუალება, რომ გავაკეთოთ, ეგრეთ წოდებული, ლაკთერაპია, რაც გამოიყენება როგორც ონკოლოგიური დაავადებების იმუნოლოგიური მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი.

– რა არის ყველაზე კარგი საშუალება ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის?

– ნებისმიერი დაავადების განვითარების რისკის თავიდან ასაცილებლად პრევენციის ყველაზე კარგი საშუალება ექიმთან ხშირი ვიზიტია, სამწუხაროდ, პაციენტები ხშირად უკიდურეს მდგომარეობაში მოდიან და შესაბამისად, ასე დროს შედეგის მიღების შანსი ძალიან დაბალია. წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გამოვნახოთ დრო ექიმთან მისასვლელად და კვლევების ჩასატარებლად, რაც შემდგომში მეტ დროსა და ფინანსების დაგვიზოგავს. ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი პრობლემა სრულად გამოჯანმრთელების მეტ შანსს გვაძლევს.

– ონკოპაციენტების მკურნალობა საკმაოდ სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული. ამ მიმართულებით რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დაფინანსება?

– რამდენიმე თვეა, სახელმწიფოს მხრიდან, პრაქტიკულად, სრულად ფინანსდება ქიმიო და სხივური თერაპია, ნაწილობრივ ფინანსდება ქირურგიული ჩარევაც, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანი შეღავათია ჩვენი პაციენტებისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი