მედიცინა

დაამარცხეთ სინუსიტი

№36

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 16.09, 2021 წელი

სინუსიტი
დაკოპირებულია

მწვავე სინუსიტის მიზეზი ყველაზე ხშირად რესპირატორული ვირუსული ინფექცია, ანუ, ჩვეულებრივი გაციებაა.

ვირუსს უნარი შესწევს, შეაღწიოს სინუსებში და გამოიწვიოს მათი ანთება. ყველა წიაღი იხსნება ცხვირის ღრუში და მათი ბუნებრივი სავალი ემსახურება წიაღებიდან ჰაერისა და ლორწოს თავისუფალ გამოდევნას, ამიტომ ნებისმიერი ინფექცია, იმუნური თუ ალერგიული რეაქცია ცხვირის ღრუში ლორწოვანი გარსის შეშუპებას, წიაღების ბუნებრივი სავალის დახშობასა და სინუსების ანთებას იწვევს. სინუსიტისთვის დამახასიათებელია თავის ტკივილი, ცხვირიდან ლორწოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი, რომელიც ხშირად ცხვირ-ხახაში გადადის. ანთების დროს ჰაერი, ჩირქი და ანთებითი ექსუდატი აწვება სინუსების კედლებს, რასაც ძლიერი ტკივილი ახლავს.

ჰაიმორიტისთვის დამახასიათებელია ტკივილი ლოყისა და ყვრიმალის არეში, ეთმოიდიტისთვის – ქუთუთოებისა და თვალბუდის ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების შეშუპება, ტკივილი თვალებს შორის. ცხვირის ფრთები მცირედი შეხების მიმართაც კი მგრძნობიარე ხდება, ხშირად აღინიშნება ყნოსვის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა, ცხვირით სუნთქვის გაძნელება.

ფრონტიტის წამყვანი სიმპტომია სიმძიმის შეგრძნება სინუსის ლოკალიზაციის ადგილას, ძლიერი თავის ტკივილი, განსაკუთრებით - შუბლის მიდამოში. სფენოიდიტი შედარებით იშვიათია და მიმდინარეობს ყურების, კისრისა და თავის ზედა ნაწილის ტკივილით.

მწვავე სინუსიტის დანარჩენი სიმპტომები გაციების ნიშნებს ჰგავს: ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ღამის ხველა, ცხვირის გაჭედვა... ცხვირ-ხახაში ჩირქის, ლორწოსა და ექსუდატის გადასვლამ შესაძლოა ხახის ანთებითი პროცესი გამოიწვიოს. არცთუ იშვიათად სინუსიტს ქალასშიგა გართულებები მოჰყვება და გამორიცხული არ არის, განსაკუთრებით ხშირად მოავადმყოფე ბავშვებში, საქმე ტვინის ინფექციამდეც მივიდეს.

ძლიერი იმუნიტეტი მკვეთრად ამცირებს მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიხშირეს და ხელს უშლის მათ გაქრონიკულებას. თუ მწვავე რესპირატორული ინფექციის არსებობაში დავრწმუნდით, ხშირად უნდა გავანიავოთ ოთახი, სადაც ავადმყოფი იმყოფება.

რეკომენდებულია👇

👇ვერიდოთ ცივი და ნესტიანი ჰაერის ხანგრძლივად სუნთქვას;

👇არ ვიბანაოთ ქლორირებულ აუზში, რადგან ქლორი აღიზიანებს ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსს;

👇ვერიდოთ მტვრისა და სიგარეტის კვამლის ჩასუნთქვას, განსაკუთრებით- ალერგიის არსებობის დროს;

👇ცხვირით სუნთქვის გაძნელებისას, განურჩევლად მიზეზისა, აუცილებელია დროულად აღდგეს ჰაერის გამავლობა. ამისთვისაც ცხვირის წვეთები უნდა გამოვიყენოთ;

👇თუ ქრონიკული სინუსიტი გვაქვს და, ამავე დროს, ხშირად გვიწევს ფრენა, უარყოფითი წნევის გაზრდამ შესაძლოა წიაღებში დისკომფორტი და ტკივილიც კი გამოიწიოს. ამის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია, აფრენამდე ცხვირში ჩავიწვეთოთ სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთები ან შევიფრქვიოთ აეროზოლი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი