ბელადები

როგორ შემოუნახა ბერიამ ოქროს საბადოები საქართველოს

№10

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 17.03

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ბერია მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო და აბსოლუტურად ყველაფრის ძალიან სწრაფად და ხარისხიანად ათვისების უნარი ჰქონდა. იმავდროულად, ის ტოტალიტარული მმართველის ყველა თვისებითაც იყო შემკობილი და ვაი მას, ვინც ამ ადამიანს ცუდად გადაეკვეთებოდა კარიერულ გზაზე.

პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „ბერია სტალინური სახელმწიფოს უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი იყო. ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ ტოტალიტარიზმისკენ ჰქონოდა მიდრეკილება, თუმცა მტკნარი სიცრუეა ის, რომ თითქოს ბერიამ ინტრიგნობით მიაღწია პოლიტიკურ ოლიმპოს. ბერია ყველაზე ახალგაზრდა იყო სტალინის გარემოცვაში და ამ ადამიანმა თავბრუდამხვევი კარიერა თავისი შრომისუნარიანობითა და ნიჭით გაიკეთა და არა პრიმიტიული ეშმაკობით. ცდება ის, ვისაც მიაჩნია, რომ ძალაუფლების მოყვარული ბერია ხელაღებით, უხეში მეთოდებით იცილებდა თავიდან კონკურენტებს. არავითარ შემთხვევაში... ბერია ყოველთვის არგუმენტირებულად, ფაქტების გამოყენებით მოქმედებდა და რომ იტყვიან, ათიანში არტყამდა. ამის მაგალითად ისიც გამოდგება, როგორ გაუსწორდა ბერია სტალინის ქვისლს, ბერზინს. ბერზინი თავად მტრობდა ბერიას, ავიწროებდა და მისი მოშორება უნდოდა. თუმცა, ბერიამ ბერზინის გარყვნილობისა და პროფესიული უვიცობის დამადასტურებელი, მამხილებელი ფაქტები სტალინს მოსკოვში გაუგზავნა და ბელადმა თავისი ქვისლი საქართველოს მოაშორა. მოგვიანებით კი ბერზინი დახვრიტეს და ამაში თავისი წვლილი, უკვე მოსკოვში მოღვაწე ბერიამაც შეიტანა. თუმცა, ფაქტები უკვე თავად ბერზინს დაუდო... ამგვარად, ლავრენტი ბერია, ერთი მხრივ, კოლოსალურ და მრავალპლანიან საქმეებს აკეთებდა და მისი ავტორიტეტი სტალინის თვალში ყოველდღიურად იზრდებოდა, მეორე მხრივ კი, კომპრომატებს აგროვებდა აშკარა და პოტენციურ მეტოქეებზე და საჭირო მომენტში ძალიან სარფიანად იყენებდა. სტალინს, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვია ბერიას ასეთი უნარები. მიიჩნია, რომ მისთვის უფრო დიდი საქმე უნდა ჩაებარებინა. ამიტომ მოსკოვში გადაიყვანა და დაიახლოვა...“

ბერია ის ადამიანი იყო, ვისაც სტალინზე გარკვეული გავლენა ჰქონდა. და, ასევე, ის ადამიანი, ვინც არც თუ ისე იშვიათად სტალინისგან დამოუკიდებლადაც მოქმედებდა, ზოგჯერ ბელადის ნების გარეშეც, იმ პერიოდში კი ასეთი რამ სიკვდილის ტოლფასი იყო. ესე იგი, ბერია სასიკვდილო რისკის ფასად მოქმედებდა ხოლმე და საინტერესოა ის, თუ რატომ აკეთებდა ამას. 1930 წელს სტალინის მითითებით გამოვიდა საკავშირო დადგენილება მთელი ქვეყნის მასშტაბით ოქროს საბადოების აღმოჩენისა და მათი გამოყენების შესახებ. ამ დარგის სპეციალისტებისგან შემდგარი ჯგუფები ყველა რესპუბლიკაში ჩადიოდნენ, საბადოებს ზვერავდნენ და სპეციალურ დასკვნას ადგენდნენ ამ საბადოების გამოყენების თაობაზე. ასეთი ჯგუფი საქართველოსაც ეწვია. მისი ხელმძღვანელი იყო გეოლოგიის პროფესორი ვსევოლოდ იუსუპოვი. ეს ადამიანი ჯერ კიდევ საქართველოს გასაბჭოებამდე მოღვაწეობდა საქართველოში. კარგად იცნობდა ადგილობრივ სტრუქტურას და კაზრეთის ოქროს საბადოს გარდა, განზრახული ჰქონდა, შროშის საბადოს გამოკვლევა და ამუშავება. თუმცა, ბოლშევიკურმა რევოლუციამ მას ეს გეგმები ჩაუშალა. იმავდროულად, იუსუპოვი მწვავე ანტიკომუნისტი იყო და 20-იან წლებში ანტიბოლშევიკურ მოძრაობაშიც კი იყო ჩართული. 1921 წელს კი ორი თვე ციხეშიც კი იჯდა. თუმცა, როგორც მაღალი დონის სპეციალისტი, ციხიდან გამოუშვეს. შემდგომ კი ის მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. პოლიტიკას ჩამოშორდა და მეცნიერული მოღვაწეობის გარდა, არაფერი აინტერესებდა. ბერიამ იუსუპოვის მაკომპრომეტირებელი საბუთები „ჩეკას“ არქივიდან ამოიღო. ხოლო, როდესაც პროფესორი თბილისში ჩამოვიდა, პირადად შეხვდა მას და შესთავაზა, რომ ხელი აეღო თავის საქმიანობაზე. უფრო სწორად კი დასკვნაში დაეწერა, რომ საქართველოში არსებული კარიერი (ლაპარაკია კაზრეთზე) არ იძლევა იმის საშუალებას, რომ იქ ამოღებულმა ოქრომ მოპოვების ხარჯები დაფაროსო. შროშა და სხვა საბადოები კი დასკვნაში საერთოდ არ იყო ნახსენები... იუსუპოვმა საქართველოში ერთი თვე დაჰყო, ვითომ სამუშაო მიზნით, სინამდვილეში კი ბერიას მიერ მიჩენილმა „ჩეკისტებმა“ პროფესორს მთელი საქართველო შემოატარეს. კარგად გაუმასპინძლდნენ; „აგულავეს“, თან ამ ყველაფერს ყოველი შემთხვევისთვის, ფარულად იღებდნენ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებდნენ კიდეც, თუმცა, პროფესორი იუსუპოვი ჭკვიანი კაცი აღმოჩნდა და არც კი უფიქრია, ბერიას ნების წინააღმდეგ წასულიყო.

ბორის სოკოლოვი: „გენერალმა სერგო გოგლიძემ ერთ-ერთ დაკითხვაზე გენერალურ პროკურორს, რომან რუდენკოს უპასუხა, – თქვენ მკითხეთ, თუ რატომ აიძულა ბერიამ იუსუპოვი, რომ მას ასეთი ცინიკური დასკვნა დაეწერა. გპასუხობთ, მე ეს დანამდვილებით არ ვიცი. თუმცა, ვადასტურებ იმას, რაც ბერიამ მითხრა ამის შესახებ. მან თქვა: იყოს ეს საბადოები ხელუხლებელი. მოვა დრო და დაგვჭირდებაო. ბერიას საბოტაჟის ბრალდებაც ჰქონდა წარდგენილი და მის საქმეში ეს ეპიზოდიც იყო ჩართული. აშკარაა, რომ ბერიამ ეს საბადოები საქართველოს შემოუნახა. თუმცა, რა დროს გულისხმობდა, ეს უცნობია.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი