ბელადები

როგორ შეაქმნევინა ბერიამ ისტორიკოსებს საქართველოს ისტორიის თორმეტტომეული

№27

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 18.07, 2021 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიასთვის წარდგენილი ბრალდებების ნუსხაში მისი ნაციონალისტობის შესახებ შეთხზული საქმეების საკმაოდ გრძელი ჩამონათვალია. შესაძლოა, ბერია იყო კიდეც (ალბათ, იყო) ნაციონალისტი, მაგრამ ამით არც სახელმწიფოსთვის უღალატია და არც რაიმე დაუშავებია. პირიქით, ბევრი კარგი, სასარგებლო საქმე გააკეთა და ასი თავით სჯობდა იმ მავნებლებს, ვინც ის სიცოცხლეს გამოასალმა. ისტორიკოსი პეტრე სტარუხინი წერს: „ნაციონალიზმი, ჩემი აზრით, სულაც არაა ცუდი რამ, თუკი ის ქსენოფობიაში ან სხვა საზიზღრობაში, მაგალითად, რასობრივ სიძულვილში არაა განზავებული. დიახაც, ჩემი აზრით, ბერია იყო ნაციონალისტი და ბევრი კარგი რამ გააკეთა თავისი სამშობლოსთვის (საქართველოსთვის), ხოლო რუსეთი და მთლიანად საბჭოეთი კი ბერიას (რა თქმა უნდა, სტალინის) ენერგიასა და სიძლიერეზე იდგა. გენერალი პავლე სუდოპლატოვი ჰყვებოდა: „ბერია რომ მოკლეს და მტრად გამოაცხადეს, ცოტა ხანში მეც დამაპატიმრეს. სხვადასხვა კითხვასთან ერთად, აინტერესებდათ, ბერიას მიერ ორგანიზებული წიგნების თორმეტტომეულის – „საქართველო ქრისტიანობამდე და ქრისტიანობის შემდგომ“ – ისტორია. ამ წიგნში დაწვრილებით იყო ასახული საქართველოს მთელი ისტორია. უკვე მილიონიან ტირაჟად დაბეჭდილი იყო რუსულენოვანი და ქართულენოვანი გამოცემები და მზადდებოდა ინგლისურენოვანი ვარიანტი. ბერიას დაპატიმრებამდე ერთი კვირით ადრე მოსკოვში გასაყიდად გამოიტანეს რუსულ ენაზე დაბეჭდილი ამ თორმეტტომეულის 10 ათასი ეგზემპლარი, რომელიც ერთ დღეში გაიყიდა...“

გენერალი სუდოპლატოვი, ბერიას მითითებით, ჩართული იყო ამ თორმეტტომეულის მომზადება-გამოცემაში და მას ამიტომ ეკითხებოდნენ ამ წიგნების შესახებ. ნიშანდობლივია ის, რომ როგორც კი ბერია დააპატიმრეს და მოკლეს, ამ თორმეტტომეულის ყველა მზა წიგნი უზარმაზარ ღუმელში დაწვეს. ხოლო ინგლისური ვარიანტის მატრიცები კი დაპრესეს და გადაადნეს... სასაცილოა ის, რომ ამ საქმის შემოქმედთ, ერთი მხრივ, არ უნდოდათ საქართველოს ისტორიის ფართოდ, დაწვრილებით ტირაჟირება, მეორე მხრივ კი, ბერიას ეს ნაბიჯი უკიდურესი ნაციონალიზმის გამოვლინებად მიიჩნიეს და ეს სისულელე რუდენკოსეულ (გენერალური პროკურორი) საბრალდებო დასკვნაშიც ასახეს. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი ქართველი ისტორიკოსი ნიკო ბერძენიშვილი თავის მეგობრებს უყვებოდა: „მე არაერთი წიგნი მაქვს დაწერილი და მრავალ კოლექტიურ ნაშრომზე მუშაობაშიც მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ „საქართველო ქრისტიანობამდე და ქრისტიანობის შემდგომ“ ყველაზე გრანდიოზული და სრულყოფილი ქმნილებაა, რაზედაც მე მიღვაწია. ეს თორმეტტომეული საფუძვლიანად და, რაც მთავარია, მართლად ასახავდა ჩვენი ქვეყნის სრულ ისტორიას. ამ ნაშრომზე ვმუშაობდით უზარმაზარი კოლექტივი.

მათ შორის ჩვენი რუსი, აზერბაიჯანელი და სომეხი კოლეგები. მიუხედავად იმისა, რომ 1949-1952 წლები სამუშაოდ ყველა პირობა გვქონდა შექმნილი და ყველა არქივის კარი ღია იყო, ამ საქმეს თითქმის ოთხი წელი მოვანდომეთ. 1953 წლის დასაწყისისთვის კი ნაშრომი უკვე შემოწმებული, კორექტირებული და გამოსაცემად გამზადებული იყო. 1953 წლის ივნისის შუა რიცხვებში რუსული და ქართული გამოცემის სასიგნალო ეგზემპლარები (12–12 ტომი) ხელთ გვქონდა და გასაყიდადაც გამოიტანეს...“ სულ მალე მთელ შემოქმედებით კოლექტივს ეს სასიგნალო ეგზემპლარები ჩამოართვეს და ხელნაწერებთან ერთად გაანადგურეს. ხოლო გაყიდული 10 ათასი ცალიდან თითქმის 9 ათასი მყიდველებს უკან ჩააბარებინეს. უშიშროება ხმებს ავრცელებდა: ვისაც ამ კრებულის თუნდაც ერთ ტომს აღმოუჩენენ, დახვრეტენო. ხალხი კი ისე იყო დაშინებული, რომ წიგნები უკან მიიტანეს.

დაახლოებით, ათასი კრებული მყიდველებს დარჩათ და დღეს ეს თორმეტტომეული ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. ნიკო ბერძენიშვილი: „ერთ დღეს, როდესაც ჩემს კაბინეტში ვიყავი, ტელეფონმა დარეკა. რომ ვუპასუხე მამაკაცის ხმამ მითხრა: ლავრენტი ბერია ვარ, ბატონო ნიკო, მოსკოვიდან გირეკავთ და თუ ძალიან დაკავებული არ ხართ, მოსკოვში ჩამობრძანდით, ჩემი თვითმფრინავით გადმოგაფრენენო. იმავე საღამოს მოსკოვში ბერიას შევხვდი. მან ამიხსნა, რომ საჭირო იყო საქართველოს სრული ისტორიის წიგნებად გამოცემა და მთხოვა, ისტორიკოს-მეცნიერთა ჯგუფი შემეკრიბა. ორ კვირაში ყველაფერი მზად იყო და მუშაობას შევუდექით. ბერია კი ყურადღებას არ გვაკლებდა და ყოველმხრივ გვეხმარებოდა...“

საბჭოთა კავშირში ასეთი პროექტი მაშინ დიდ დანაშაულად მიიჩნიეს. ბერიას ნაციონალისტობის ბრალდებას მიაკერეს და „სამხილები“ კი – გამზადებული წიგნები, უმოწყალოდ გაანადგურეს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი