ბელადები

როგორ მართავდა ლავრენტი ბერია „რუსულ მაფიას“ ამერიკის შეერთებულ შტატებში

№34

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 04.09, 2022 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია მრავალმხრივი გაქანების ადამიანი იყო და თანაბრად წარმატებულად მოქმედებდა როგორც აშკარა, ასევე ფარული პროექტების განხორციელებისას. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბერიას სტიქია საიდუმლო პროექტები იყო და ამ საქმეში ისე გრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში.

იაკობ კედმი: „მსოფლიოში ისე არავის შეეძლო საიდუმლო საქმიანობა, როგორც ლავრენტი პავლეს ძე ბერიას. ის ისე ოსტატურად ნიღბავდა ყველაფერს, რომ თვით ეშმაკიც ვერ მიუხვდებოდა ამას. ის კი არადა, თავად ბერიას უწოდებდნენ „ეშმაკის მოციქულს“ და ეს არც თუ ისე შორს იყო ჭეშმარიტებისგან, რადგან სახელმწიფო ერთგვარი გაგებით სატანური წარმონაქმნია, ბერია კი სახელმწიფო მოღვაწე იყო და უპირველესი მოხელე სტალინის გუნდში. ხოლო შედარებები რომ გვერდით გადავდოთ, ვიტყვი: ლავრენტი ბერიას (ისევე, როგორც სტალინს) ჰიტლერის დამარცხების შემდეგ საბჭოთა კავშირის მთავარ მოწინააღმდეგე ძალად ამერიკის შეერთებული შტატები მიაჩნდა და სწორედ ამ სახელმწიფოს დაუპირისპირა მთელი თავისი ცოდნა, გამოცდილება და ყველა შესაძლებლობა. რამეთუ მან იცოდა, რომ ამ დაპირისპირებაში მოდუნება სიკვდილის ტოლფასი იყო და ის ვერ დაუშვებდა ამას. ამიტომ, რა თქმა უნდა, სტალინის მითითებით, ბერიამ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე დაიწყო შეერთებულ შტატებში ისეთი სტრუქტურის მშენებლობა, რომელიც საბჭოთა კავშირის წისქვილზე დაასხამდა წყალს და ამ უძლიერესი ქვეყნის შუაგულში ეყოლებოდა ძალიან მძლავრი დამრტყმელი ძალა. ამ ძალას დღესაც „რუსული მაფია“ ეწოდება...“

ამბავს იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დანაშაულებრივი სინდიკატი – „რუსულ მაფიად“ წოდებული ორგანიზაცია – საბჭოთა უშიშროებამ შექმნა, საბჭოთა ისტორიოგრაფია საგულდაგულოდ მალავდა და არც დღევანდელი რუსეთის ოფიციოზს ეპიტნავება ამის აღიარება. თუმცა, ზოგიერთი მნიშვნელოვანი საბუთი მაინც ნახულობს ხოლმე დღის სინათლეს და სწორედ მათი მეშვეობით იკვეთება აშკარა კავშირი საბჭოურ (დღესდღეობით რუსეთის) მთავრობასა და „რუსულ მაფიას“ შორის. 1939 წლის დასაწყისში კი შეერთებულ შტატებში გადასროლილმა „ენკავედეს“ კარგად მომზადებულმა და დაფინანსებულმა აგენტებმა დაიწყეს ამ ორგანიზაციის შექმნა და თანდათან დიდი ძალაუფლებაც მოიპოვეს. შემთხვევითი არ იყო, რომ ნიუ-იორკში, ეგრეთ წოდებულ, ბრაიტონ-ბიჩში, კანტიკუნტად ჩასახლებული რუსულენოვანი მოსახლეობა ძალიან სწრაფად მომრავლდა. მრავალრიცხოვან დასახლებად გადაიქცა და ასევე კალეიდოსკოპური სისწრაფით იკრებდა ძალებს...

იაკობ კედმი: „მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე შეერთებულ შტატებს „გამოძიების ფედერალური ბიურო“ ჰყავდა, რომელიც დიდი წარმატებით მოღვაწეობდა დანაშაულთან ბრძოლაში, მათ საგრძნობლად უჭირდათ რუსულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან გამკლავება და ედგარ გუვერი (ბიუროს დირექტორი) ხაზგასმით აღნიშნავდა ამ ფაქტს თავის საიდუმლო პატაკებში. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან სწორედ ამ ორგანიზაციას უწევდა ბერიას მიერ დამუშავებული და გამოგზავნილი კადრების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს კადრები კი ორი თავით სჯობდნენ მის ხელქვეითებს. ხოლო ბერიასა და გუვერის ერთმანეთთან შედარებაც კი სასაცილოა. მე სულაც არ ვაკნინებ ამ ლეგენდარული ადამიანის პროფესიონალიზმს, რომელიც 30 წელი ხელმძღვანელობდა ბიუროს, მაგრამ ბერია სხვა „სიმაღლის ფრინველი“ იყო და გუვერი მასთან ახლოც კი ვერ მიდიოდა. მარტო ის რად ღირს, რომ ფედერალებმა „რუსულ მაფიაში“ ერთი თავისი აგენტიც კი ვერ ჩანერგეს და ერთი კაციც ვერ გადაიბირეს. ყველა ასეთი მცდელობა კრახით, მოღალატისა და აგენტის ლიკვიდაციით სრულდებოდა – „ბერიას ბიჭები“ ყველაფერში დომინირებდნენ...“

„რუსული მაფიის“ ჩამოყალიბების პირველ ტალღას მეორე ტალღა მოჰყვა. ომის დასრულების მერე აშკარად გამოიკვეთა ამერიკის შეერთებული შტატების აგრესიული დამოკიდებულება საბჭოეთის მიმართ და ომისშემდგომმა ემიგრაციისა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად შეღწეულთა რაოდენობამ და სიძლიერემ ბევრი თავის ტკივილი გაუჩინა ამერიკელ ძალოვნებს. 1950 წლისთვის უკვე მთელი ბრაიტონ-ბიჩი რუსული იყო. ათეულ ათასობით იქაური მცხოვრებლების 90 პროცენტი პირდაპირ თუ ირიბად იყვნენ ინტეგრირებული და სტრუქტურებში. მათ უკვე დიდი კაპიტალი ჰქონდათ, დიდძალი ცეცხლსასროლი იარაღი და რაც მთავარია, ეს იყო ყველაზე დახურული, საიდუმლო–დანაშაულებრივი სინდიკატი მსოფლიოში. ყველა ძაფი კი ბერიასთან მიდიოდა. უკუკავშირიც შესანიშნავად იყო აწყობილი. ამ ხალხს კი ნებისმიერი ბრძანების შესრულება ხელეწიფებოდა. სხვათა შორის, ამ ადამიანებმა დიდი წვლილი შეიტანეს ატომური ტექნოლოგიების მოპარვის საქმეში და ეს ყოველივე ბერიას მიერ ოსტატურად შედგენილი გეგმის შედეგი იყო. ერთ-ერთ თავის ბოლო ინტერვიუში გენერალი პავლე სუდოპლატოვი გამოტყდა ამაში და თქვა: „ბერია იყო სანიმუშო მმართველი და თუკი საბჭოეთში თავის ხელქვეითებს მტკიცე ხელით მართავდა და საჭირო მიმართულებებს აძლევდა, ეს არც ამერიკის შეერთებულ შტატებში უჭირდა, რადგან „რუსული მაფია“ მისი პირმშო იყო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი