ბელადები

როგორ ქმნიდა რეფორმატორი ბერია კონკურენტუნარიან სახელმწიფოს

№2

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 21.01, 2023 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია ძალიან ეშმაკი იყო და ერთი შეხედვით, ისე ჩანს მისი ბიოგრაფიიდან, რომ მისი მოტყუება შეუძლებელი გახლდათ, თუმცა ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს...

მწერალი ბორის სოკოლოვი: „ბერია მოატყუეს და თანაც, საბედისწეროდ. ჩემი გამოკვლევებით, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ბერია მოტყუვდა და მას ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. თუმცა ამისკენ ბერია წლების განმავლობაში მიდიოდა და ეს მომენტი მის ცხოვრებაში აუცილებლად უნდა დამდგარიყო. მაგრამ, სწორედაც რომ ბედის ირონიაა, რომ ისეთმა გონებანათელმა ანალიტიკოსმა, როგორიც ბერია იყო, ვერ გათვალა ეს წინასწარ და მასზე დაბალი ინტელექტის ჯოგს თავი დააღუპინა.

როგორც ამ ბოლო დროს გამომზეურებული საბუთებიდან ირკვევა, ბერიას ლიკვიდაცია აწყობდა როგორც შიდა შეთქმულებს (ხრუშჩოვი და კამპანია) ასევე დასავლეთს (აშშ, დიდი ბრიტანეთი). ანუ, განხორციელდა ინტერესთა თანხვედრა და შეიძლება ეს ორი მხარე უშუალო კონტაქტში არ ყოფილა ერთმანეთთან (რაც არაა გამორიცხული), მაგრამ ერთმანეთს გულშემატკივრობდნენ (უფრო ზუსტად კი დასავლეთი გულშემატკივრობდა შეთქმულებს).

სპეცსამსახურების ცნობილი ექსპერტი იაკობ კედმი მშვენივრად ხსნის ამ სქემას. ის ამბობს: „აშკარა ფაქტია, რომ ანგლოსაქსებს, უპირველესად, სტალინის თავიდან მოშორება აწყობდათ და ეს განახორციელეს. ხოლო მეორე ეტაპი კი ბერიას ლიკვიდაცია იყო და ესეც განხორციელდა... მოდი, ახლა განვიხილოთ, თუ რატომ აწყობდათ ბერიას თავიდან მოშორება. ეს აწყობდათ იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლაში მას (ბერიას) მათთვის ხელი არ შეეშალა. ერთი შეხედვით, ბერიას რეფორმატორული მოღვაწეობა და ტოტალიტარული ქვეყნის გადაყვანა დემოკრატიულ რელსებზე, სწორედ დასავლეთის წისქვილზე ასხამდა წყალს. თუმცა, სინამდვილეში, ეს სულაც არ იყო ასე. სიმართლე ისაა, რომ ბერია პარტიის ჰეგემონიას და მრავალპარტიულობის შემოღებას აპირებდა. ეს ყველაფერი კი ახალი კონსტიტუციის პროექტში იყო ასახული. ეს პროექტი ბერიამ დააწერინა, სხვათა შორის, ქართველ იურისტებს, კონსტიტუციონალისტებს... მაგრამ, ბერია იმავდროულად, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდას გეგმავდა. წინ წამოსწია უახლესი ტექნოლოგიები, მის ხელში იყო სუპერსპეცსამსახური და ქვეყანას ჰყავდა მსოფლიოში ერთ-ერთი უპირველესი სამხედრო არმია. ძალა, რომელმაც ჰიტლერი დაამარცხა. მოვლენათა ასეთი განვითარების პირობებში საბჭოეთი არა მარტო შეერთებულ შტატებს, არამედ მთელ ერთად აღებულ დასავლეთს აჯობებდა ეკონომიურ-ტექნოლოგიური განვითარებით და ძაღლის თავიც სწორედ აქ იყო დამარხული.“

თუკი დასავლეთმა სტალინის მოსაშორებლად ერთი მოტივი გამოიყენა, ბერიას წინააღმდეგ სხვა მოტივაცია მოძებნა. თუმცა მოქმედების გეგმა ძალიან მარტივი იყო - შინაურების გამოყენება... ანუ, ხრუშჩოვსა და მის თანამოაზრეებს თვალნათლივ დაანახვეს, რომ ბერიას რეფორმები მათ (პოლიტბიუროს ჯოგს) თბილ ადგილებსა და უზომო პრივილეგიებს, რა თქმა უნდა, ძალაუფლებასაც დააკარგვინებდა და ბერია დაუნდობლად გაწირეს...

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „დასავლეთის ანტიბერიული ოპერაცია, რასაც შემდგომში საბჭოთა კავშირის დაშლა მოჰყვა, მათ (დასავლეთმა) ბრწყინვალედ განახორციელეს. მათმა სპეცსამსახურებმა უზადოდ გათვალეს საბჭოთა, უმაღლესი პარტიული მაღალჩინოსნების ღორული ბუნება. ამ ხალხის (შეთქმულების) მდაბიო ინსტინქტები მაქსიმალურად აუმუშავეს და შედეგმაც არ დააყოვნა. რეფორმატორი და ქვეყნის აღმშენებელი ბერია ძალიან მალე და სასტიკად მოკლეს, თავად კი ძალაუფლება გაიმყარეს და შემდგომი წლების განმავლობაში, მონოლითურ ქვეყანას ისე გამოუთხარეს ძირი, რომ ის წამში დაიშალა“.

რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის დაშლა დასავლეთის დიდი გამარჯვება იყო და მათ მოახერხეს „ბოროტების იმპერიის“ ლიკვიდაცია. ამის საჭიროებას თავად ბერიაც ხედავდა. თუმცა ის ამ ქვეყნის სამართლებრივ რელსებზე გადაყვანას ცდილობდა და დასავლეთს რომ მისთვის ეცლია, სავარაუდოდ, დღევანდელი სამყარო ბევრად უფრო მშვიდობიანი, განვითარებული და აყვავებული იქნებოდა. თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი