ბელადები

როგორ გამოიყენა სტალინმა ესპანეთის სამოქალაქო ომი

№33

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 25.08, 2022 წელი

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი გლობალური მასშტაბის პოლიტიკოსი იყო და მსოფლიო მნიშვნელობის საკითხებს წყვეტდა. მაგრამ მისი პოლიტიკა ყოველთვის საბჭოთა კავშირის ინტერესებზე იყო დაფუძნებული და ამ ინტერესებს არასდროს ღალატობდა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ეგრეთ წოდებული, „ესპანური საკითხი“ სტალინის გადაწყვეტილებით დღემდე ყბადაღებული თემაა. სტალინს სუვერენული ესპანეთის საქმეებში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებენ. სინამდვილეში კი ეს თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა – სტალინი ამ ომში ესპანეთის ლეგიტიმური მთავრობის დაჟინებული მოთხოვნით ჩაება. მანამდე კი ცდილობდა, ეს კონფლიქტი აღეკვეთა. კომუნიკაციები ჰქონდა როგორც აჯანყებულებთან, ისევე მათ მხარდამჭერ ფაშისტურ გერმანიასთან და იტალიასთან, აგრეთვე, დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან. თუმცა, ყური არავინ ათხოვა და სამოქალაქო ომიც უფრო და უფრო მეტად ჩაღდებოდა. გავიდა გარკვეული დრო და საბჭოთა ბელადმა დააკმაყოფილა რესპუბლიკური მთავრობის დაჟინებული თხოვნა – ესპანეთის მთავრობას დახმარების ხელი გაუწოდა და ეს დახმარება მართლაც მნიშვნელოვანი იყო. მეორე მხრივ კი, აქედან ხეირი თავად საბჭოეთმაც ნახა“.

ვოლკოგონოვის ეს პუბლიკაცია ჯერ კიდევ იმ პერიოდშია დაწერილი, როდესაც მსგავსი მოვლენების ამსახველი ოფიციალური საბუთები მკაცრად იყო ტაბუირებული. ამიტომ პუბლიკაციაში გენერალი მინიშნებით საუბრობს და ბოლომდე არ „ამხელს“ თუ რა ხეირი ნახა საბჭოთა კავშირმა ესპანეთის სამოქალაქო ომიდან. სარგებელი კი მრავალმხრივი და მნიშვნელოვანი იყო.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ჩვენ საკმაოდ ვიხეირეთ. პირველ რიგში, სწორედ ამ ომის წყალობით შევძელით უმძლავრესი სადაზვერვო-აგენტურული ქსელის შექმნა როგორც ცენტრალურ და პერიფერიულ ევროპაში, ასევე ოკეანის გაღმა. ჩვენმა მებრძოლებმა უდიდესი გამოცდილება მიიღეს ამ ომში და მომავალში, როცა სამამულო ომში ფაშისტურ გერმანიასთან და იტალიასთან მოგვიწია შეტაკება, მათ შესანიშნავად ვუმკლავდებოდით. გამოიცადა, აგრეთვე, საბჭოთა სამხედრო შეიარაღება და ტექნიკა. და ბოლოს, საბჭოეთმა მიიღო ესპანეთის სახელმწიფოს ოქროს მარაგის დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, რესპუბლიკური მთავრობის ნებით და აქ არანაირი კრიმინალი არ ყოფილა. უბრალოდ, დასავლელ პუბლიცისტებს სურთ ეს ამბავი ასე წარმოაჩინონ. სხვათა შორის, ლევ ტროცკის ლიკვიდატორიც ესპანეთში აღმოვაჩინეთ და სწორედ მან მოაშორა ჩვენს სამშობლოს დიდი ჭირი, რისთვისაც მერკადერს (ტროცკის მკვლელი) საბჭოთა კავშირის გმირობის წოდება მიენიჭა“.

სტალინი შორსმხედველი პოლიტიკოსი იყო. შესანიშნავად იცოდა, რა მოხდებოდა და ესპანური კამპანია ოსტატურად გამოიყენა თავისი ქვეყნისთვის. ხოლო, რაც შეეხება ოქროსთან დაკავშირებულ საკითხს, საბჭოთა ბელადი აქაც მართალია. საქმე ისაა, რომ ნაწილი იარაღი მან აჩუქა რესპუბლიკელებს, ნაწილი კი მიჰყიდა და გაყიდული იარაღის თანხამ ზუსტად იმდენი შეადგინა, რა რაოდენობის ოქროც წამოიღეს ესპანეთიდან, რა თქმა უნდა, მთავრობის ნებართვითა და დოკუმენტური დადასტურებით. სხვათა შორის, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ესპანეთის დიქტატორმა ფრანსისკო ფრანკომ ჩერჩილისა და ტრუმენის მეშვეობით, სტალინს ესპანეთის ოქროს მარაგის დაბრუნება მოსთხოვა. საბჭოთა ბელადმა კი კოლეგებს იმ საბუთების ასლები გაუგზავნა, რომელსაც რესპუბლიკური მმართველობის ლეგიტიმური ჩინოსნები აწერდნენ ხელს. სტალინმა ამ საბუთებს პატარა ბარათიც მიაყოლა, რომელშიც ეწერა: „ეს ოქრო საზღაურია იმისა, რითაც ჩვენი ქვეყანა უანგაროდ ეხმარებოდა ლეგიტიმურ რესპუბლიკურ მთავრობას და ყველაზე მინიმალურ ფასებში აწვდიდა უახლეს შეიარაღებას. ჩვენ მიერ მიწოდებული მთელი იარაღის ღირებულება რომ საშუალო ევროპულ ფასებში გადავიყვანოთ, მაშინ ანაზღაურება იმ ოქროს სამმაგი რაოდენობა უნდა იყოს, რაც ლეგიტიმურმა მთავრობამ გადმოგვცა. ჩემ მიერ ჩამოთვლილი უტყუარი ფაქტები რომ გვერდზე გადავდოთ და ვირწმუნოთ თქვენი პრეტენზია, რომ ეს ოქრო ჩვენთან შესანახად ყოფილა გადმოცემული და უკანაა დასაბრუნებელი, მაშინ ლეგიტიმური მთავრობის ერთი წევრი მაინც მოგვიყვანეთ, რომელიც თქვენს პოზიციას დაადასტურებს და მთელ ოქროს გაგატანთ. სტალინი“

საბჭოთა ბელადი სრულად იყო ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ იმ საბუთზე ხელისმომწერი მაღალჩინოსნები ფრანკისტებმა დახოცეს. მაგრამ, ასეც რომ არ ყოფილიყო, ესპანური ოქრო მართლაც სრულიად კანონიერად ჩამოიტანეს მოსკოვში და არანაირ კრიმინალს არ ჰქონია ადგილი. აღსანიშნავია ის, რომ ამ ოქროს საერთო ღირებულების ლომის წილი საბჭოთა ატომურ პროექტს მოხმარდა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი